დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 25/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.19.012.016029 |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №9
2012 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით (ვებგვერდი 10.02.2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს შემდეგი მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) მოქალაქეობა;
გ) პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი და პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი.“.
3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტია: შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი (პირადობის მოწმობა).“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით
1. პორტალებიდან მიღებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური (შესაბამისი სტრუქტურული ერთეული) ანგარიშგების ფორმებისა და სხვა სახით აწვდის სამსახურს.
2. სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ან ამ მიზნებისათვის შექმნილი სპეციალური სტრუქტურული ერთეულის მიერ ანგარიშგების ფორმების შევსებასა და ელექტრონულად გაგზავნას (წარდგენას) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ნაბეჭდი ფორმით ანგარიშგების ფორმა სამსახურს ეგზავნება ამ დებულებით დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით მისი გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში. ანგარიშგების ფორმა გაგზავნილი უნდა იქნეს ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. თუ ფიზიკური პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან თუ არსებობს ვარაუდი ან წინასწარი ინფორმაცია, რომ ფიზიკური პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან მის მიერ გადაადგილებული ნაღდი ფული ან/და ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – ანგარიშგების ფორმა გაგზავნილ, (ან წარდგენილი) უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი, ასევე, უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
4. ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნა ხდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსითა და/ან თანმხლები ვებსერვისის გამოყენებით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს შემოსავლების სამსახურის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ანგარიშგების ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის გაგზავნა (წარდგენა) ხდება დაბეჭდილი კონვერტით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის საშუალებით ან შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს გამომგზავნის მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0108, საქართველო, თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. №6 და გრიფით „კონფიდენციალური“ .
6. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. შემოსავლების სამსახური ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი (ან წარდგენილი) ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა.
7. სამსახურს ამ მუხლით დადგენილი წესით ეგზავნება ასევე ინფორმაცია იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომელმაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაიტანა ან გადმოიტანა მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფული და/ან ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება
1. ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანისა და გატანის მონიტორინგის თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად შექმნილი მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა. აღრიცხვის ფორმის წარდგენა ხდება სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის მეშვეობით შესაბამისი ვებგარსით. აღნიშნული წესით აღრიცხვის ფორმის წარმოდგენის ტექნიკურად შეუძლებლობისას აღრიცხვის ფორმა სამსახურს წარედგინება დოკუმენტურად.
2. აღრიცხვის ფორმაში დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის) შეცვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სამსახურს მიაწოდოს განახლებული აღრიცხვის ფორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.“.
6. დებულების დანართი №1 და №2 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები