დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016278 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №12/ნ
2012 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში (სსმ III, 05.02.2010 №14 მუხ. 165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.“;
გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი“;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის იქმნება ცენტრის ელექტრონული პორტალი (შემდგომში – ელექტრონული პორტალი), რომელზეც აისახება დაწესებულებების მიერ მობილობისათვის რეგისტრირებული ადგილები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, მობილობის მსურველთა მონაცემები და ქვეყნდება დაწესებულებაში მობილობის წესით ჩარიცხვის კანდიდატთა სია.“;
ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად;“;
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაწესებულება უფლებამოსილია დაარეგისტრიროს მობილობის ადგილები, საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ელექტრონულ პორტალზე.“;
დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მობილობის მსურველთა რეგისტრაციის პროცედურა
1. მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით. რეგისტრაციის მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემდეგ. ამ საფასურის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი ვერ მოიპოვებს მობილობის მსურველის სტატუსს.
2. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა ან საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულსა ან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.“;
ე) მე-7 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.“;
ე.ბ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მობილობის მსურველი მოიპოვებს შესაბამისი დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.
4. იმ პირთა ერთიანი სია, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი დაწესებულების შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე, ქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე, რის შემდეგაც მობილობის მსურველი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას თან ერთვის საგანმანათლებლო დოკუმენტის, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ასლების მიღებაში ხელის შეშლა.
5. მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
დანართი №2
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასური
მუხლი 1. საფასურის ოდენობა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში – მობილობა) საფასური შეადგენს - 50 ლარს.
მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. საფასური გადაიხდება მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონულ პორტალზე (შემდგომში – ელექტრონული პორტალი) რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ დაინტერესებული პირი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ პორტალზე.
3. თუ საფასური გადახდილია ამ დანართით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დანართით დადგენილ განაკვეთს შორის.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია;
ბ) ოჯახი, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები