დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1027 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 01/08/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.030.110.05.001.000.971 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 1996 წ.) საქართველოს კანონის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მდივანსა და წევრებს (შემდგომში – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი) სამისდღეშიო პენსია მათი ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით ენიშნებათ, თუ:
ა) დაუმთავრდათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესების სულ ცოტა 5 წლის შემდეგ გადადგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობიდან და აქვთ 20 წლის სამუშაო სტაჟი მაინც.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას მის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს ან/და შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე ერთობლივად ენიშნებათ პენსია გარდაცვლილის ფულადი გასამრჯელოს (პენსიის) სრული ოდენობით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას მის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს ან/და შვილებს ერთობლივად ეძლევათ ან ერთჯერადი ფულადი დახმარება მისი ათი წლის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, ან ერთობლივად ენიშნებათ პენსია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის ფულადი გასამრჯელოს ან პენსიის სრული ოდენობით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ გარემოებებში ეძლევა დახმარება:
ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის პენსიის ოდენობა იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის ფულადი გასამრჯელოს ცვლილებათა შესაბამისად.
6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი მუშაობს, მას პენსია და ახალი სამუშაოს ფულადი გასამრჯელო სრულად ეძლევა.
7. ამ მუხლით დადგენილი პენსიები და დახმარება გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შედის საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯების ნუსხაში და გასცემს საკონსტიტუციო სასამართლო.
8. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე გამწესებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი.
№1027–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები