დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და სურსათის სამინისტროს შორის აგრო-სამრეწველო სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016071 |
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა
და
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და სურსათის სამინისტროს შორის აგროსამრეწველო სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და სურსათის სამინისტრო, შემდგომში მემორანდუმის „მხარეებად” წოდებულნი:
გამოთქვამენ რა, ორ მხარეს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების სურვილს,
აღიარებენ რა, ორივე ქვეყნისთვის აგროსამრეწველო სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პროგრესის სარგებლიანობას,
ითვალისწინებენ რა, აგროსამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ორმხრივად სასარგებლო პირობების საფუძველზე,
მიაღწიეს შემდეგ ურთიერთგაგებას:
მუხლი 1
მხარეებს შორის აგროსამრეწველო სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა განხორციელდება ორმხრივი ურთიერთგაგების საფუძველზე ორივე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2
თანამშრომლობა განვითარდება პერსპექტიული მიმართულებებით შემდეგ სფეროებში:
– სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების ხელშეწყობა;
– მეცხოველეობის განვითარება, მათ შორის, სანაშენე საქმიანობა;
– მემცენარეობა;
– საკვები და სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა;
– თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციალისტების ტრენინგის სფეროში;
– მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისათვის თანამედროვე საშუალებებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაში გამოცდილების გაზიარება;
– მხარეების სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება და აგროსამრეწველო სექტორში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების განვითარება;
– კოოპერატივიზმის სფეროსა და კოოპერატივიზმის კუთხით საჯარო პოლიტიკაში თანამშრომლობა;
– სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკისა და საკვების მდგრად წარმოებაში ცოდნის გაცვლა და თანამშრომლობა.
მუხლი 3
მხარეები მათი კომპეტენციის ფარგლებში და მათ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის და მათ სახელმწიფოთა შორის მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად წაახალისებენ და დაეხმარებიან საქმიანი წრეების წარმომადგენლებს აგრო-სამრეწველო სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
მუხლი 4
მხარეები რეგულარულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარეობის შესახებ, ოფიციალურ შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართება რომელიმე მხარის ტერიტორიაზე ურთიერთშეთანხმებული ფორმით და ურთიერთშეთანხმებულ დროს.
მუხლი 5
ამ ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და რომელსაც ხელი მოეწერება ორივე მხარის მიერ.
აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 6
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც განსაზღვრულია სხვა სავაჭრო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილენიც არიან მხარეები.
მუხლი 7
ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისა და ინტერპრეტაციის დროს წარმოშობილი დავები გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკების გზით დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 8
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი უნდა განხორციელდეს კანონმდებლობისა და ნორმების, ისევე როგორც თავიანთი შესაბამის ქვეყნებს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.
მუხლი 9
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ფორმდება 5 წლის ვადით მისი ძალაში შესვლის დღიდან და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით, თუ რომელიმე მხარე, ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე, სულ ცოტა 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
წინამდებარე მემორანდუმის შეწყვეტა ან ვადის გასვლა არ აისახება მხარეთა შორის შეთანხმებულ პროექტებსა და შეთანხმებების გაგრძელებასა და ვადებზე, თუკი აღნიშნულთან დაკავშირებით სხვაგვარი შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
შესრულებულია 2011 წლის 24 ოქტომბერს, ქ ბრაზილიაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ვარგისია. წინამდებარე მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტებების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით
ხელმოწერილია | ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და სურსათის სამინისტროს სახელით ხელმოწერილია |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები