დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1074 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016082 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1074
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში (სსმ III, 01.02 2010 წ., №12, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თანდართული სახით დამტკიცდეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და პირობები (დანართი №4).“
2. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების“ (დანართი №1) მე–4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) დაკავებული პირის გასეირნების, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის და საჩივრების წარდგენის უფლების უზრუნველყოფა.“
3. ამოღებულ იქნეს ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი მოთავსების იზოლატორის საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის (დანართი №3) მე-9 მუხლი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
ი. მერაბიშვილი
დანართი №4
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და პირობები
მუხლი 1. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი
1. პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, პატიმრობას იხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში.
2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.
3. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირი ინარჩუნებს თავის კონსტიტუციურ სტატუსს, სამართალსუბიექტურობას. მას აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება, ადმინისტრაციული პატიმრობა არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა ადმინისტრაციული პატიმრობის თაობაზე სასამართლოს დადგენილების აღსასრულებლად.
მუხლი 2. ადმინისტრაციული პატიმრობის პირობები
1. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის ადგილას არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური და საერთო პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის ღირსეულ არსებობას, მისი პატივისა და ღირსების პატივისცემას, პიროვნების ხელშეუხებლობას, პირადი ცხოვრების პატივისცემის ინტერესებს.
2. 1 ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირზე საცხოვრებელი ფართის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები . მამაკაცები თავსდებიან ქალებისაგან განცალკევებით; ხოლო არასრულწლოვნები – მოზრდილებისაგან განცალკევებით;
3. ადმინისტრაციული პატიმარობის ადგილს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას, ასევე ვენტილაციას. ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილი უნდა თბებოდეს სეზონის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ადმინისტრაციულ პატიმარობაშეფარდებული პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისა და ნორმალური საძილე პირობების მოთხოვნების შესაბამისი საწოლით, ლეიბით, საბნით და თეთრეულით.
5. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს საკუთარი სახსრებით დადგენილი წესის დაცვით მიიღოს ამანათი, საკვები და ტანსაცმელი. ნებადართული და აკრძალული საგნების ნუსხა განისაზღვრება ამ ბრძანების №2 დანართით.
6. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირისათვის მიწოდებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.
7. პირი, რომლის მიმართ სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღე-ღამეზე (ხოლო არსარულწლოვნის შემთხვევაში ერთ დღე–ღამეზე) მეტი ვადით, კვირაში ორჯერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის მიღების შესაძლებლობით.
8. დაკავებულ პირებს უნდა ჰქონდეთ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით ბუნებრივი საჭიროების დაკმაყოფილების შესაძლებლობა და პატიმრობაშეფარდებულ პირს დღე-ღამის განმავლობაში მიუწვდებოდეს მასზე ხელი. საპირფარეშო აღჭურვილი უნდა იყოს სანიტარული დანამატებით.
9. არანაკლებ 30 დღეზე მეტი ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირი მისი მოთხოვნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საპარიკმახერო მომსახურებით. ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილის ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს თმების მთლიანად გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
მუხლი 3. გასეირნების უფლება
1. სუფთა ჰაერზე გასეირნება ტარდება მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღე-ღამეზე (ხოლო არსარულწლოვნის შემთხვევაში ერთ დღე-ღამეზე) მეტი ვადით. გასეირნება არ გამოიყენება იმ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირების მიმართ, რომლებიც ავადმყოფობენ და ექიმის დასკვნით არ არის რეკომენდებული.
2. გასასეირნებლად გაყვანა ხორციელდება დღისით 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, იზოლატორის უფროსის მიერ შედგენილი გრაფიკით. გასეირნების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 1 საათით.
3. გასასეირნებლად ერთდროულად გაიყვანება არა უმეტეს 3 დაკავებული პირი, რომლებიც ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენისთვის არ იხდიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
4. იზოლატორის ტერიტორიაზე გასეირნების ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური გასასეირნებელი ეზოები. იზოლატორში მყოფი დაკავებული პირების გასასეირნებლად გაყვანა-არ-გაყვანაზე კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი, ხოლო ვიზუალურ კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი იზოლატორის თანამშრომელი.
5. იზოლატორში, სადაც არ არის მოწყობილი სპეციალური გასასეირნებელი ეზო, გასეირნება ხორციელდება საქართველოს შს ორგანოს ადმინისტრაციულ შენობასთან ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც წესი, ბადრაგის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლის თანხლების გარეშე. აღნიშნულ ტერიტორიაზე გასეირნებისას, დაკავებულ პირზე შენარჩუნებულ უნდა იქნეს ვიზუალური მეთვალყურეობა. გასეირნებამდე, იზოლატორის უფროსი წერილობით აფრთხილებს დაკავებულ პირს, რომ მას გაქცევის შემთხვევაში დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს არცერთ თანამშრომელს, ზემოაღნიშნული ინციდენტების შემთხვევაში რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
6. დაკავებულ პირებს გასეირნების დროს ეკრძალებათ სხვა გარეშე პირებთან საუბარი, არაეთიკური ქცევა, რაიმეს საგნების და ნივთების მიღება ან გაცემა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისას დაკავებულ პირს, მისი პატიმრობისას ვადის ამოწურვამდე შეეზღუდება გასეირნების უფლება.
7. არაკეთილსასურველი მეტეოროლოგიური პირობების, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს, იზოლატორის უფროსის განკარგულებით გასიერნება შეიძლება გაუქმდეს ან შეიკვეცოს.
მუხლი 4. გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლება
1. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს პირისპირ შეხვედრათა რაოდენობისა და მათი ხანგრძლივობის განუსაზღვრელად შეხვდეს თავის ადვოკატს.
2. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ დაწესებულებებთან და საკონსულოებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში დიპლომატიური დაწესებულებები და საკონსულოები არ გააჩნიათ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ დაწესებულებებთან და საკონსულოებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
3. პირს, რომლის მიმართაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად გამოიყენა ადმინისტრაციულ პატიმრობა 30 დღეზე (ხოლო არსარულწლოვნის შემთხვევაში 15 დღეზე) მეტი ვადით, აქვს ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილას მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში) შეხვედრის უფლება თვეში ორჯერ. შეხვედრის შესახებ არანაკლებ 2 დღით ადრე წერილობით უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილის დაწესებულების ხელმძღვანელს. შეხვედრის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ერთ საათზე ნაკლები. შეხვედრა შესაძლოა წარმოებდეს ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადმინისტრაციის ვიზუალური დაკვირვების პირობებში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან შეხვედრაზე უარი უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოების ინტერესებს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან შეხვედრის უფლება ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის წერილობითი თხოვნის საფუძველზე შესაძლოა შეიცვალოს სატელეფონო საუბრით. სატელეფონო საუბარი ხორციელდება ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის ხარჯით.
6. პირს, რომლის მიმართაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღეზე (ხოლო არსარულწლოვნის შემთხვევაში 15 დღეზე ) მეტი ვადით, უფლება აქვს თვეში ერთხელ საქართველოს ფარგლებში განახორციელოს სატელეფონო საუბარი 10 წუთის ოდენობით.
7. ადმინისტრაციულ პატიმარობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით გამოიწეროს ან/და მიიღოს გონივრული ოდენობის სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ- გაზეთები.
მუხლი 5. საჩივრები და კორესპოდენციები
1. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილის დაწესებულების ნებისმიერი ქმედება და გადაწყვეტილებები ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს უფლება აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით დაფუძნებულ ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო უფლებადამცველ ინსტიტუტებს. განცხადებების, საჩივრების და სხვა სახის მიმართვების შესადგენად იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს მოთხოვნის შემთხვევაში მიცეს საწერი კალამი და ფურცელი.
2. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები. ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირის კორესპოდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას კორესპოდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების დაწესებულება უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
3. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
4. ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების დაწესებულებას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის განცხადება და საჩივარი.
მუხლი 6. სამედიცინო მომსახურება
1. დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება.
2. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირი უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადმყოფობის აშკარა ნიშნები, ადმინიტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილის დაწესებულების პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიძახოს ექიმი ან სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მიიღოს დასკვნა ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ან მკურნალობის კურსის ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილას ჩატარების შესაძლებლობის შესახებ.
3. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირი გადაჰყავთ ჯანდაცვის ორგანოების სამედიცინო დაწესებულებაში, თუკი საჭიროებს ისეთ სამედიცინო მკურნალობას, რისი აღმოჩენაც შეუძლებელია ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილას. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის გადაყვანა ფორმდება ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, რასაც თან უნდა ერთვოდეს ექიმის დასკვნა ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის თაობაზე. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება ბადრაგის თანხლებით. ბადრაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული პირის ჯანდაცვის ორგანოს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს სასამართლოს მიერ დანიშნული ადმინისტრაციული პატიმრობის ვადისა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირი მკურნალი ექიმის დასკვნით ბრუნდება ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილას. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის ვადაში.
4. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება.
5. იმ ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს, რომლებიც გადიან მედიკამენტოზურ მკურნალობას, უფლება აქვთ საკუთარი სახსრებით შეიძინონ და პატიმრობის ყოფნის ადგილას იქონიონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. პატიმრობის აღსრულების ადგილის დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მედიკამენტების განსაზღვრული მარაგი.
6. ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილის დაწესებულება ვალდებულია აანაზღაუროს ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირის მკურნალობის ხარჯები, თუკი ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია შესაბამისი დაწესებულების ბრალეული ქმედებით.
მუხლი 7. განათლების უფლება
1. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს აქვს უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დარეგისტრირდეს აბიტურიენტად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.
2. გამოცდების დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი აბიტურიენტი ბადრაგის თანხლებით უნდა იქნეს გადაყვანილი შესაბამის საგამოცდო ცენტრში.
3. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირს უნდა შეექმნას ყველა პირობები იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს ზოგადი განათლების პროგრამას. დაუშვებელია პატიმრისათვის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების მიღების შეზღუდვა, თუ არ არსებობს დაწესებულების უსაფრთხოებისა ან/და შინაგანაწესის დაცვის გადაუდებელი ინტერესი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები