დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111229013, 29/12/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016017 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №16
2011 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებით (,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“, № 5, 24.02.2005წ., მუხლი 15) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგს;“.
2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პოლიტიკის, ასევე, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ე1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე1) მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი:
ე.ა) ანალიტიკური სამსახური;“.
4. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,51. მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის ანალიზი, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის, მათი საქმიანობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ამ პროგრამების შესრულების კონტროლი;
დ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელთა მიერ მთავრობის თავმჯდომარისათვის დაწესებულების საქმიანობის შესახებ წარდგენილი ანგარიშების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მთავრობისათვის, მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;
ე) ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ვ) კონტროლის პალატის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმებების შედეგად მომზადებული რეკომენდაციებისა და მითითებების შესრულების მონიტორინგი;
ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულების ანალიზი, აღნიშნულის თაობაზე მთავრობის თავმჯდომარისათვის მოხსენების, ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის – შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა;
თ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან მიმართებაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი;
კ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის გამოთხოვა;
ლ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.
51.1. ანალიტიკური სამსახურის ფუნქციებია:
ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობის ანალიზი, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის, მათი საქმიანობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელთა მიერ მთავრობის თავმჯდომარისათვის დაწესებულების საქმიანობის შესახებ წარდგენილი ანგარიშების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მთავრობის თავმჯდომარისათვის წარდგენა;
გ) ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება.
5. დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის ,,7.3.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.3. შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება
შიდა აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“. შიდა აუდიტის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს ფართო, ყოვლისმომცველი აუდიტის პროგრამა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას და საკონსულტაციო მომსახურებას აპარატში.“.
6. დებულებას დაემატოს ,,მუხლი 8.“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 4 იანვრიდან.
მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები