დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 632 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228026, 29/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016286 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №632
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11.) დამტკიცებული ინსტრუქციის 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-12 პუნქტი:
,,12. თუ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებზე - შენობებსა და ნაგებობებზე (შემდგომში – ნაგებობა) გააჩნია მონაცემი ყველა ნაგებობის ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დაკარგვის ან/და განადგურების გამო (გარდა თავდაპირველად ამ ძირითადი საშუალების შესყიდვის, წარმოების, კაპიტალში შენატანის სახით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტისა) ვერ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნას, აღნიშნული პირი უფლებამოსილია 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თითოეული ნაგებობა აღრიცხოს ცალკე ჯგუფად და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი მეთოდის გამოყენებით:
2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეფარდებული ნაგებობების ჯამურ ნარჩენ საბალანსო ღირებულებასთან და გამრავლებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გაანგარიშებულ ჯგუფის ჯამურ ღირებულებით ბალანსზე.
მაგალითი: 12
პირი, 1997 წლიდან დღემდე მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებს – შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში – ნაგებობა) აღრიცხავდა ერთ ჯგუფად. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პირს სურს შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნა, თუმცა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია და მას გააჩნია ინფორმაცია მხოლოდ ჯგუფში შემავალი ნაგებობების (ჯგუფი მოიცავს ექვს ნაგებობას) ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე, რაც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 20 000 ლარს.
ამასთან, პირს თითოეულ ნაგებობაზე გააჩნია მონაცემები ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულების თაობაზე 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, კერძოდ:
ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს, მათ შორის:
პირველი ნაგებობა – 12000 ლარს;
მე-2 ნაგებობა – 10000 ლარს;
მე-3 ნაგებობა – 11000 ლარს;
მე-4 ნაგებობა – 4000 ლარს;
მე-5 ნაგებობა – 2000 ლარს;
მე-6 ნაგებობა – 1000 ლარს.
მოცემულ პირობებში:
პირი უფლებამოსილია თითოეული ნაგებობა აღრიცხოს (მისი ღირებულებითი ბალანსი დაადგინოს) ცალკ-ცალკე ჯგუფად 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი წესით:
პირველი ნაგებობა 12000/40000X20000 = 6000 ლარი;
მე-2 ნაგებობა 10000/40000X20000 = 5000 ლარი;
მე-3 ნაგებობა: 11000/40000X20000 =5500 ლარი;
მე-4 ნაგებობა: 4000/40000X20000 = 2000 ლარი;
მე-5 ნაგებობა: 2000/40000X20000 = 1000 ლარი;
მე-6 ნაგებობა: 1000/40000X20000 = 500 ლარი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები