საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 925
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 28/06/2001
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.000.932
  • Word
925
08/06/2001
სსმ, 18, 28/06/2001
030.000.000.05.001.000.932
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წ., მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1თავი:

„თავი VII1

ადმინისტრაციული სამართალწარმოება მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით

    მუხლი 211. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე

ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფელის მიხედვით.

    მუხლი 212. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა

1. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მოსამართლეს წარედგინება მეწარმის შემოწმების დაწყებამდე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოს ანდა ამას მოითხოვს მეწარმე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს. შუამდგომლობის წარდგენისას მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობდა შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა.

3. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ უნდა შეიცავდეს საკმარის საფუძველს ბრძანების გასაცემად. შუამდგომლობაში მიეთითება იმ მეწარმის ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები. შუამდგომლობას დაერთვის აგრეთვე მაკონტროლებელი ორგანოს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ცნობის ასლი.

    მუხლი 213. მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი

1. მოსამართლე გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში.

2. მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად ღია სასამართლო სხდომაზე. სასამართლო სხდომაში მონაწილეობს მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი და ის მეწარმე ან მისი წარმომადგენელი, რომლის საქმიანობის შემოწმებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო.

3. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, მისცეს წინადადება შუამდგომლობის შემტან მაკონტროლებელ ორგანოს და მეწარმეს წარმოადგინონ შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი.

4. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და მეწარმის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის შეკითხვებს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

5. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს მეწარმე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, მას ეძლევა შესაძლებლობა მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საწინააღმდეგო მოსაზრებები.

6. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე. თუ არ არსებობს მეწარმის საქმიანობის შემოწმების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, დადგენილებაში მიეთითება შემოწმების შეწყვეტისა და მეწარმისათვის მიყენებული ზიანის (თუ ზიანი დადგა მაკონტროლებელი ორგანოს ბრალეული ქმედების შედეგად) ანაზღაურების შესახებ.

7. მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, მისი არსი და მეწარმე, რომლის შემოწმებაც ხდება;

ე) ბრძანების მოქმედებისა და მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს;

ვ) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება:

ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) მაკონტროლებელი ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს;

დ) განკარგულება მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით და მეწარმე, რომლის შემოწმებაზედაც ითქვა უარი;

ე) თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება;

ვ) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება ან დადგენილება დგება სამ ცალად, აქედან ერთი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ მაკონტროლებელ ორგანოს, მეორე–შესაბამის მეწარმეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. მეწარმე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანებითაც ხორციელდება მეწარმის საქმიანობის შემოწმება. შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

11. მოსამართლის მიერ მეწარმის საქმიანობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანისას მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მეწარმის საქმიანობის შემოწმების შუამდგომლობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა დამატებითი გარემოება, რომელიც დადგენილების გამოტანისას მოსამართლისათვის ცნობილი არ იყო და რომელიც მოითხოვს მეწარმის საქმიანობის შემოწმებას.

12. მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

13. შუამდგომლობის შემტანი უფლებამოსილია სასამართლოში შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს იგი. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.

14. მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში.".

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№925_IIს