დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111104007, 10/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016067 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. ქარელი
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში (სსმ V, №32, 30.09.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით;“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება
სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას, ორგანიზებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას, ორგანიზებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას, ორგანიზებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ი) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით და მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავებას;
კ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას.“.
2. ბათილად იქნეს ცნობილი „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ოქტომბრის №35 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები