დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031016, 01/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010090000.35.134.016048 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 28 ოქტომბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქედის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
ა) ქედის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა თანახმად №1 დანართისა;
ბ) ქედის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 2
ქედის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3
ქედის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე
დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტის გერბი
![]() |
ქედის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. I ნაწილი – მეწამული ველის თავში მოთავსებულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, მის ქვემოთ ოქროს ხიდი, რომლის კიდეები ეხება ველის მარჯვენა და მარცხენა კიდეებს, ხიდის ქვემოთ სამი შემცირებული ოქროს სარტყელი. II ნაწილი – ზურმუხტოვან ველზე ოქროს ვაზი ფესვებით, სამი ნაყოფით (ყურძნის მტევნით) და სამი ფოთოლით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის ) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაბთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ქედა“.
დანართი №2
ქედის მუნიციპალიტეტის დროშა
![]() |
ქედის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი მეწამულ და მწვანე ველებად. მეწამული ველის ზედა ნაწილში გამოსახულია ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 2/7-ია და ზედა კიდეს დაშორებულია 1/7-ით.
დროშის პროპორციაა 2:3.
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები