შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111031010, 03/11/2011
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057
  • Word
0
28/03/2011
ვებგვერდი, 111031010, 03/11/2011
480610000.03.030.016057
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა

 საქართველოს მთავრობასა

და

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

 საჰაერო ტრანსპორტის სფეროში

საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი;

წარმოადგენენ რა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის წევრებს, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს;

სურთ რა, განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები სამოქალაქო ავიაციის სფეროში და გააფორმონ შეთანხმება საავიაციო მომსახურების ჩამოყალიბების მიზნით საკუთარ ტერიტორიებს შორის და მათ მიღმა;

თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1

განსაზღვრებანი

1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად ითვალისწინებს:

a) ტერმინი „კონვენცია” ნიშნავს კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს, და მოიცავს ამ კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს და 90-ე და 94-ე მუხლის შესაბამისად, დანართების და კონვენციის ნებისმიერ ცვლილებას, თუ ეს დანართი და შესწორება მოცემულ მომენტში ძალაშია ხელშემკვრელ მხარეთათვის;

b) ტერმინებს „ტერიტორია“, „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიაკომპანია“ და „შეჩერება არაკომერციული მიზნებისათვის“ აქვთ კონვენციის მე-2 და 96-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრული მნიშვნელობა;

c) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში, თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, ნიშნავს ტრანსპორტის მინისტრს, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის გენერალურ დირექტორატს, ან, ორივე შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელისუფლებების პასუხისმგებლობაში შემავალი ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად უფლებამოსილ ნებისმიერ პირს ან უწყებას;

d) ტერმინი „დანიშნული ავიაკომპანია“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ნებისმიერ ავიაკომპანიას;

e)  ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების შემთხვევაში ტერმინი ,,ავიაკომპანია” ნიშნავს ავიაგადამზიდველს, რომელიც ფლობს ექსპლოატაციის მოქმედ ლიცენზიას, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად გაცემულ იქნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური სალიცენზიო ორგანოს მიერ;

f) ტერმინი „ტევადობა“ ნიშნავს საზოგადოებისათვის შეთავაზებულ სიხშირეთა რაოდენობას დაგეგმილი საჰაერო მომსახურების განსაზღვრული პერიოდისათვის;

g) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს ფასებს, რომლებსაც მგზავრები უხდიან ავიაგადამზიდველებს ან მათ აგენტებს ან ბილეთის სხვა გამყიდველებს მგზავრების საჰაერო გადაყვანისათვის და ნებისმიერ პირობას, რომლის შესაბამისადაც გამოიყენება აღნიშნული ფასები, სააგენტოსა და სხვა დამხმარე მომსახურებისათვის შეთავაზებული ანაზღაურებისა და პირობების ჩათვლით; რაც არ მოიცავს/გულისხმობს ფოსტის გადაზიდვის ანაზღაურებას ან პირობებს;

h) ტერმინი „საფასური“ ნიშნავს ევროში ან ეროვნულ ვალუტაში გამოხატულ ფასებს, რომელთა გადახდა უნდა მოხდეს ტვირთის გადაზიდვისათვის და პირობებს, რომელთა შესაბამისადაც გამოიყენება აღნიშნული ფასები, სააგენტოსა და სხვა დამხმარე მომსახურებისათვის შეთავაზებული ანაზღაურებისა და პირობების ჩათვლით;

i)   ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიაგადამზიდველისათვის დაწესებული მათი აეროპორტის ქონებით, საშუალებებით, სააერნაოსნო საშუალებებით ან საავიაციო უშიშროების საშუალებებით ან მომსახურებით უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის, მათი ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგის, ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს;

j)   ტერმინი „ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს იმ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი;

k) წინამდებარე შეთანხმებაში ხსენებული ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქე აღქმულ უნდა იქნეს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე;

l)   წინამდებარე შეთანხმებაში ხსენებული ,,ევროკავშირის ხელშეკრულებები” აღქმულ უნდა იქნეს, როგორც ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულება და ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ;

m) ტერმინი „ეს შეთანხმება“ მოიცავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ დანართისა ან შეთანხმების ნებისმიერ შესწორებას.

2. წინამდებარე შეთანხმების დანართი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და შეთანხმების ხსენებისას მისი აღქმა უნდა მოხდეს დანართთან ერთად, თუ სხვანაირად არ არის განსაზღვრებული.

მუხლი 2

მიმოსვლის უფლებათა მინიჭება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნულ უფლებებს საერთაშორისო საავიაციო მომსახურების განხორციელების მიზნით დანართში გაწერილი მარშრუტების განრიგში განსაზღვრულ მარშრუტებზე. ასეთ მომსახურებას და მარშრუტებს შემდგომში შესაბამისად ეწოდება „შეთანხმებული მომსახურება“ და „განსაზღვრული მარშრუტები“.

2. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაკომპანიები სარგებლობენ შემდეგი უფლებებით:

a) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება, დაფრენის გარეშე;

b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით დაფრენის უფლება; და

c) განსაზღვრულ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის უფლება, ისევე როგორც საერთაშორისო მიმოსვლის დროს, ცალ-ცალკე ან შერეულად, მგზავრების ჩასხმა/გადმოსხმის, ტვირთის, ბარგის ან ფოსტის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უფლება.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიაკომპანიები, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნული ავიაკომპანიების გარდა, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის 2(a) და (b) პუნქტებში აღნიშნული უფლებებით.

4. წინამდებარე შეთანხმება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, გასამრჯელოს საფასურად ან ქირით, ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი, ბარგი ან ფოსტა, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.

5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას.

მუხლი 3

ავიაგადამზიდველის დანიშვნა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ექნება უფლება დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიაგადამზიდველი დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. ერთი ხელშემკვრელი მხარე წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი დანიშვნების შესახებ.

2. აღნიშნული დანიშვნის ან დანიშნული ავიაგადამზიდველის განაცხადის მიღებისას, რომელიც შეესაბამება საექსპლოატაციო უფლებამოსილების და ტექნიკური ნებართვის ფორმას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, მინიმალური პროცედურული შეფერხებით, გასცემს შესაბამის უფლებამოსილებებსა და ტექნიკურ ნებართვებს იმის გათვალისწინებით, რომ:  

a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში:

(i) ავიაგადამზიდველი დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე და გააჩნია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტის მოქმედი სერტიფიკატი;

(ii) ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს საქართველო; და

(iii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით და მის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს საქართველო.

b) ბულგარეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში:

(i) ავიაგადამზიდველი დაფუძნებულია ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულების შესაბამისად და გააჩნია ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად გაცემული ექსპლატაციის მოქმედი ლიცენზია; და

(ii) ავიაგადამზიდველის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ხოლო შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში.

(iii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით, და მის ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ წევრი სახელმწიფოები და/ან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც მოცემულია მე-2 დანართში და/ან ამ სხვა სახელმწიფოების მოქალაქენი.

 

c) დანიშნული ავიაგადამზიდველი აკმაყოფილებს დანიშვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის, კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული კანონებისა და წესების სხვა პირობებს.

3. როდესაც ავიაგადამზიდველი ამგვარადაა დანიშნული და უფლებამოსილი, მას შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელება იმ პირობით, რომ ავიაგადამზიდველი აკმაყოფილებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

მუხლი 4

ექსპლუატაციის უფლებამოსილების გაუქმება ან მოქმედების შეჩერება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს უარი უთხრას წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების გაცემაზე და გაუუქმოს, შეუჩეროს, დროებით ან მუდმივად, შესთავაზოს ან დაუწესოს პირობები მსგავსი უფლებამოსილების გაცემაზე, როდესაც:

a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში:

(i) ავიაგადამზიდველი არ არის დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიაზე და არ გააჩნია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტის მოქმედი სერტიფიკატი;

(ii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით და მის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო; ან

(iii) ავიაგადამზიდველის მფლობელობას, პირდაპირ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით, და/ან მის ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო.

(b) ბულგარეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის შემთხვევაში:

(i) ავიაგადამზიდველი არ არის დაფუძნებული ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროკავშირის ხელშეკრულებების შესაბამისად და/ან არ გააჩნია ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად გაცემული ექსპლუატაციის მოქმედი ლიცენზია; ან

(ii) ავიაგადამზიდველის ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს ან მხარს არ უჭერს ექსპლუატანტის სერთიფიკატის გაცემაზე პასუხისმგებელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ხოლო შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არ არის აღნიშნული დანიშვნის დოკუმენტში.

c) დანიშნული ავიაგადამზიდველი არ აკმაყოფილებს დანიშვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის, კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული კანონებისა და წესების სხვა პირობებს.

 d) ავიაგადამზიდველი ვერ ახორციელებს ექსპლოატაციას წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული სხვა პირობების შესაბამისად;

e) მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე შეთანხმების მე-11 (საავიაციო უსაფრთხოება) და მე-12 (საავიაციო უშიშროება) მუხლების პირობებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული კანონებისა და წესების დარღვევის აღსაკვეთად დაუყოვნებლივი მოქმედება არ არის საჭირო ან უსაფრთხოება და უშიშროება მოითხოვს ქმედებას მე-11 მუხლის (საავიაციო უსაფრთხოება) და მე-12 მუხლის (საავიაციო უშიშროება) დებულებათა შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში გაწერილი უფლებები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ, წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის (კონსულტაციები) შესაბამისად.

3. მე-11 მუხლით (საავიაციო უსაფრთხოება) განსაზღვრული უსაფრთხოების პირობების შემთხვევაში, მე-11 მუხლის (საავიაციო უსაფრთხოება) მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების დებულებები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონსულტაციების მოთხოვნებს.

მუხლი 5

ტევადობა

1.  განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლოატაციისას ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს უნდა ჰქონდეთ კონკურენციის სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები.

2.  ხელშემკვრელი მხარეები თითოეულ დანიშნულ ავიაგადამზიდველს აძლევენ უფლებას განსაზღვრონ შეთავაზებული საერთაშოირისო საჰაერო მიმოსვლის ტევადობა. ამ უფლების შესაბამისად, არცერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის სიხშირეს ან ხომალდის ტიპს ან ტიპებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას შეიძლება მოითხოვდეს კონვენციის მე-15 მუხლში განსაზღვრული საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი ერთგვაროვანი პირობები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის მოთხოვნის უფლებას, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი მიიჩნევს, რომ განსაზღვრულ მარშრუტზე ან მარშრუტებზე მის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი სერიოზულ ზიანს განიცდის მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ტევადობის გაზრდის შედეგად.

3.  არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუწესებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ტევადობასთან ან მიმოსვლასთან დაკავშირებულ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.

4.  არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს, რომ მის მიერ დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა სხვა ავიაგადამზიდველთან ერთად, ან ცალკე, უხეშად გამოიყენონ საბაზრო ძალაუფლება, რაც გამოიწვევს კონკურენტის საგრძნობლად დასუსტებას ან მის განდევნას მარშრუტიდან.  

მუხლი 6

კოდის ერთობლივი გაზიარება/ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები

1. კონკურენციის მარეგულირებელი კანონებისა და წესების შესაბამისად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა, ნებისმიერ სხვა ავიაგადამზიდველთან, განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების მიზნით, შეიძლება გააფორმოს ურთიერთთანამშრომლობის მარკეტინგული შეთანხმებები, როგორიცაა ერთობლივი საწარმოს, ბლოკ ადგილებისა ან ზიარი კოდის შეთანხმებები იმის გათვალისწინებით, რომ:

(a) შეთანხმებით გათვალისწინებულ თითოეულ ფრენას ახორციელებს ავიაგადამზიდველი, რომელიც აღჭურვილია აღნიშნული ფრენის უფლებამოსილებით;

(b)     თითოეული ავიაბილეთის გაყიდვისას, მყიდველს, გაყიდვის პუნქტში, მიეწოდება ინფორმაცია, რომელი ავიაგადამზიდველი ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას თითოეულ მონაკვეთზე; და

(c) ზიარი კოდის შეთანხმების ძალაში შესვლამდე, იგი წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად;

(d)     ყველა ავიაკომპანია, რომელიც არის ზიარი კოდის შთანხმების მონაწილე, ექნება ამ მარშრუტის ექსპლოატაციის უფლებამოსილება.

2.  ეს მუხლი არ ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიმოსვლის უფლებების გარდა, მიმოსვლის დამატებითი უფლების მინიჭებას, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

მუხლი 7

განრიგების დამტკიცება

1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა დაგეგმილი ფრენის განრიგი დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეთანხმებული მომსახურების განხორციელების დაწყებამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. ნებისმიერი დამატებითი ცვლილება საჭიროებს მსგავს პროცედურას. აღნიშნულ განრიგში განსაზღვრული იქნება ექსპლუატაციის სიხშირე, დრო, საჰაერო ხომალდის ტიპი, კონფიგურაცია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობა.

2.  დამატებითი ფრენებისათვის, დამტკიცებული განრიგის გარდა, რომელთა განხორციელება სურს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს, ამ ავიაგადამზიდველმა თხოვნით უნდა მიმართოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შესაბამისი ნებართვის მისაღებად. ასეთი მოთხოვნები წარდგენილ უნდა იქნეს მსგავსი ფრენების დაწყებამდე სულ მცირე ორი (2) სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 8

ტარიფები

1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველი თავად დაადგენს საჰაერო მიმოსვლის ტარიფს არსებულ საბაზრო მონაცემებზე დაყრდნობით. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს მათი ავიაკომპანიის სხვა ავიაკომპანიებთან კონსულტაციას იმ ტარიფებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი აწესებენ ან სთავაზობენ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მიმოსვლაზ.

2.  თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, შეიძლება მოსთხოვოს მის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ან ავიაგადამზიდველებს დაწესებული ტარიფების წარმოდგენა. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოსთხოვს მეორე ხელშემკვრელ მხარს მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ტარიფების წარდგენას. ტარიფები ძალაში შეიძლება დარჩეს, თუ ეს ქვემორე მე-3 და მე-4 პუნქტებით არ არის დაუშვებელი.

3.  თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ცალმხრივად უთხრას უარი მის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს ნებისმიერ დაწესებულ ტარიფზე. მიუხედავად ამისა, ამგვარი ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება თვლის, რომ დაწესებული ან შეთავაზებული ტარიფი ქვემორე მე-4 პუნქტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

4. ხელშემკვრელი მხარის ჩარევა შემოიფარგლება:

a)  ბაზარზე დომინანტის პოზიციის ბოროტად გამოყენების შედეგად, გაუმართლებლად მაღალი ტარიფებისაგან მომხმარებლების დაცვით;

b) ისეთი ტარიფების აღკვეთით, რომლის გამოყენებაც წარმოშობს ანტიკონკურენტულ მოქმედებას, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს ან აშკარად გამიზნულია კონკურენციის აღკვეთაზე, შეზღუდვაზე ან მოშლაზე ან კონკურენტის მარშრუტიდან გაძევებაზე ეფექტის მოხდენაზე.

5.  არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ გაატარებს ცალმხრივ ღონისძიებებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ტარიფის დადგენის ან ტარიფის შეთავაზების აღკვეთის მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე დარწმუნებულია, რომ ამგვარი ტარიფი შეუთავსებადია ზემოაღნიშნულ მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებასთან, ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინებს საკუთარი უკმაყოფილების მიზეზების შესახებ. ასეთი კონსულტაციები გაიმართება შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. ტარიფი შევა ძალაში ან განაგრძობს მოქმედებას ორმხრივი შეთანხმების მიღწევის გარეშე.

6.  მიუხედავად ამ მუხლის დებულებებისა, ევროკავშირის ფარგლებში გადაზიდვაზე საქართველოს დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.

მუხლი 9

მოქმედი წესები და კანონები და

სერტიფიკატებისა და ლიცენზიების აღიარება

1.  საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული საჰაერო ხომალდის საკუთარ ტერიტორიაზე შესვლასა და მის დატოვებასთან ან მისი ტერიტორიის ფარგლებში სააერნაოსნო მომსახურებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხელშემკვრელი მხარის წესები და კანონები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველთან მიმართებაშიც.

2.  მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა და დატოვების, ისევე როგორც საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარიულ ზომებთან დაკავშირებული კანონები და წესები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილ მგზავრებთან, ეკიპაჟთან, გადაზიდულ ტვირთთან და ფოსტასთან მიმართებაში, სანამ ისინი იმყოფებიან აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში.

3.  წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მისი წესებისა და კანონების შესაბამისად გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი ვარგისობის სერტიფიკატები, კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, ბულგარეთის რესპუბლიკის შემთხვევაში ამჟამად მოქმედი ევროკავშირის წესები და კანონები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იქნება ვარგისად აღიარებული იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების მიმართ წაყენებული მოთხოვნები უტოლდება როგორც მინიმუმ კონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულ მინიმალურ სტანდარტებს.

4.  მიუხედავად ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს ვარგისად მის ტერიტორიაზე რეისის შესრულებისათვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ თავის მოქალაქეებზე გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები.

მუხლი 10

საავიაციო შემთხვევების გამოძიება

1.  ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იძულებითი დაფრენის ან საავიაციო შემთხვევისას, იმ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა იძულებითი დაფრენა ან მოხდა საავიაციო შემთხვევა, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას აღნიშნულის თაობაზე, გაატარებს სასწრაფო ზომებს ეკიპაჟისა და მგზავრების დასახმარებლად, ისევე როგორც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდისა და ბორტზე არსებული ფოსტის, ბარგისა და ტვირთის უსაფრთხოებას. ამასთან, გაატარებს იძულებითი დაფრენისა და საავიაციო შემთხვევის დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების მოკვლევას.

2.  იძულებითი დაფრენისა და საავიაციო შემთხვევის დეტალებისა და გამომწვევი მიზეზების მოკვლევის განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს აცნობებენ მოკვლევის ჩატარების თაობაზე და მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს მიენიჭებათ მოკვლევაში მონაწილეობის სრული უფლებამოსილება. მოკვლევის განმახორციელებელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები, მოკვლევის ანგარიშს მიაწვდიან მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს მისი ხელმისაწვდომობისთანავე.

მუხლი 11

საავიაციო უსაფრთხოება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს მოითხოვონ კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ამგვარი თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო, ხოლო მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიების გატარება. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი (15) დღის ან შესაძლო მეტი ვადის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველი.

3. მიუხედავად კონვენციის 33-ე მუხლში ჩამოყალიბებული ვალდებულებებისა, ორივე ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველის ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიიდან, ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას ბორტზე და საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდის რეალური მდგომარეობისა და მისი მოწყობილობების შემოწმების მიზნით (ამ მუხლში მოხსენებულია, როგორც „ბაქანზე შემოწმება”), იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის გაუმართლებელ დაყოვნებას. ამგვარი ბაქანზე შემოწმების მიზანია: საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის არსებობისა და მოქმედების ვადის, ეკიპაჟის შემადგენლობისა და კვალიფიკაციის, საექსპლუატაციო დოკუმენტაციის, კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო სააერნაოსნო საშუალებების არსებობისა და მდგომარეობის, ისევე როგორც საჰაერო ხომალდისა და მისი აღჭურვილობის შემოწმება.

4. თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს:

a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან

b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის შესაბამისად იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურ წარმართვასა და შენარჩუნებაში,

ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის განხორციელების მიზნით, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან მოქმედებს საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟთა მოწმობები და ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ შეესაბამება ან არ აღემატება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველის წარმომადგენლების მიერ უარყოფილი იქნება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ბაქანზე შემოწმების უფლება, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შესაძლოა გამოიტანოს წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები.

6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან ბაქანზე მთელი რიგი შემოწმებების, კონსულტაციების ან სხვა შემთხვევების შედეგად დაასკვნის, რომ ავიაგადამზიდველის ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.

7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველთან მიმართებაში ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად, როგორც კი აღარ იარსებებს ამ ქმედების საფუძველი.

8. როდესაც ბულგარეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ნორმატიული კონტროლი ხორციელდება ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ, მეორე ხელშემკვრელ მხარეს, წინამდებარე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ამ სხვა სახელმწიფოსგან ეძლევა თანაბარი უფლება გამოიყენოს უსაფრთხოების სტანდარტები და აღნიშნული ავიაგადამზიდველის საექსპლუატაციო უფლებამოსილება.

მუხლი 12

საავიაციო უშიშროება

1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი კონვენციების დებულებებით, კერძოდ: ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბრის ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1991 წლის            1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლების მიზნით”, ისევე როგორც საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი კონვენცია და ოქმი, რომელსაც მიერთებულია ორივე ხელშემკვრელი მხარე.

3.  ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული და კონვენციის დანართებად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება; მოსთხოვენ მათ რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე, ან ბულგარეთის რესპუბლიკასთან მიმართებით, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომლებიც დაარსებულია საკუთარ ტერიტორიაზე ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად და გააჩნიათ საჰაერო ექსპლუატანტის მოქმედი სერტიფიკატი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რათა იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად.

4.  მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.

5.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მისი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის დატოვებისას ან ტერიტორიაზე ყოფნისას შეიძლება მოეთხოვოს ამ მეორე სახელმწიფოს საავიაციო უშიშროების მოქმედი დებულებების დაცვა, რაც ბულგარეთის რესპუბლიკის შემთხვევაში გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობას.

6.  სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ.

7.  როდესაც ხელშემკვრელ მხარეს აქვს საფუძველი იმისა, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს ამ მუხლში მოცემულ საავიაციო უშიშრების პირობებს, მაშინ ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. თუ ამგვარი მოთხოვნიდან თხუთმეტი (15) დღის გამავლობაში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, ეს შეიძლება გახდეს იმ მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საექსპლუატაციო უფლებამოსილების და ტექნიკური ნებართვების გაუქმების, შეჩერების, შეზღუდვის ან პირობების წაყენების საფუძველი. თუ საგანგებო სიტუაცია მოითხოვს, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები თხუთმეტი (15) დღის ვადის ამოწურვამდე.

8.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მისი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ტერიტორიის დატოვებისას ან ტერიტორიაზე ყოფნისას შეიძლება მოეთხოვოს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო უშიშროების მოქმედი დებულებების დაცვა, რაც ბულგარეთის რესპუბლიკის შემთხვევაში გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობას.

 

მუხლი 13

სახმელეთო მომსახურება

თითოეული ხელშემკვრელი მხარის წესებისა და კანონების შესაბამისად, რაც ბულაგრეთის რესპუბლიკის შემთხვევაში მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობას, თითოეულ დანიშნულ ავიაგადამზიდველს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექნება უფლება განახორციელოს საკუთარი სახმელეთო მომსახურება (თვითმომსახურება) ან საკუთარი არჩევანის შესაბამისად, სახმელეთო მომსახურების კონკურენტ მომწოდებლებს შორის შეარჩიოს სახმელთო მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ განხორციელების მიზნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი წესებითა და კანონებით  შეზღუდულია ან შეუძლებელია თვითმომსახურების განხორციელება ან როდესაც სახმელეთო მომსახურების მიმწოდებლებს შორის არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, თითოეული დანიშნული ავიაგადამზიდველი, არადისკრიმინაციულ საფუძველზე, უზრუნველყოფილ იქნება თვითმომსახურებასთან ხელმისაწვდომობისა და სახმელეთო მომსახურების განმახორციელებელი მიმწოდებლის ან მიმწოდებლების მომსახურებასთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობით.

მუხლი 14

მომხმარებლის გადასახდელები

1.  ხელშემკვრელი მხარე არ დაუწესებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველს და არ დაუშვებს დაუწესდეს მას იმაზე მაღალი მომხმარებლის გადასახდელი, რომელიც დაწესებულია ამავე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი საკუთარ ავიაგადამზიდველზე.

2.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს საკუთარი მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ ხელისუფლებებსა და ამ მომსახურების გადასახდელების დამწესებელი ხელისუფლებების მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე ავიაგადამზიდველებს ან ამ ავიაგადამზიდველების წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების გამართვას მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს, მომხმარებლის გადასახდელებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ გონივრული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს, რათა მათ მიეცეთ საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ცვლილებების შეტანამდე. შემდგომში თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ ხელისუფლებებსა და ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს შორის მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას.

მუხლი 15

საბაჟო გადასახდელები და პროცედურები

1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მეორე მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს ამ ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალურად გაანთავისუფლებს ყოველგვარი საბაჟო გადასახდელებისაგან, შემოწმების საფასურის და სხვა მოსაკრებლებისაგან და გადასახადებისაგან, გარდა იმ მომსახურების გადასახდელისა, რომელიც დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის, საწვავის, საცხებ-საპოხი მასალის, სათადარიგო ნაწილების, საჰაერო ხომალდის აღჭურვილობის, საჰაერო ხომალდის მარაგის (საკვები, სასმელი და თამბაქო) და დანიშნული ავიაგადმზიდველის ემბლემის მატარებელი იმ ოფიციალური დოკუმენტების მომსახურებასთან, როგორიცაა ბარგის საჭდეები, ავიაბილეთები, ზედდებული, ჩასხდომის ბარათები, განრიგები, სარეკლამო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია გამოყენებისათვის ან გამოყენებულია შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი ამ მეორე მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ან მომსახურებისათვის.

2.  გადასახდელისგან გათავისუფლება, რომელიც ამ მუხლითაა მინიჭებული, ეხება პირველ პუნქტში ხსენებულ საგნებს, რომლებიც:

a) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოდგენილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ან მისი სახელით;

b) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის დატოვებისას რჩება ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე;

c) ატანილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დროს გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული საგნები სრულად იქნება თუ არა გამოყენებული ან მოხმარებული ამგვარი გათავისუფლებიმიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი საგნების ფლობაზე უფლების გადაცემა არ მოხდება ხსენებული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3.  მუდმივი საბორტო აღჭურვილობა, ისევე როგორც საშუალებები და მარაგი, რომელიც რჩება ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლებების ნებართვით. ამ შემთხვევაში, მათი განთავსება უნდა მოხდეს ხსენებული ხელისუფლებების მეთვალყურეობის ქვეშ, საბაჟო პროცედურების შესაბამისად მათ რეექსპორტამდე ან სხვაგვარად განთავსებამდე.

4.  ნებისმიერ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირ ტრანზიტად გამავალი მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა, რომლებიც არ ტოვებენ ამ მიზნითვის განკუთვნილ აეროპორტის ტერიტორიას, ექვემდებარება გამარტივებულ კონტროლს, გარდა ძალადობის, საჰაერო მეკობრეობის და ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ მიმართული უშიშროების ღონისძიებებისა. პირდაპირი ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო და სხვა შესაბამისი მოსაკრებლებისგან.

5.  წინამდებარე შეთანხმება ვერ შეზღუდავს ბულგარეთის რესპუბლიკას არადისკრიმინაციულ საფუძველზე დააწესოს გადასახადები, საფასური, მოსაკრებლები ან გადასახდელები მის ტერიტორიაზე მიწოდებულ იმ საწვავზე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდისათვის, რომელიც ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ პუნქტსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მეორე პუნქტს შორის ან ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ პუნქტსა და ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიას შორის.

მუხლი 16

ავიაგადამზიდველის წარმომადგენლობა და გაყიდვები

თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველს შეუძლია:

a)  მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ცხოვრებისა და დასაქმების შესახებ წესებისა და კანონების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეიყვანოს და დაასაქმოს მისი საკუთარი მმართველი, ტექნიკური, საექსპლუატაციო პერსონალი და სხვა სპეციალისტები, რომლებსაც ავიაგადამზიდველი აუცილებლად მიიჩნევს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის;

b)      ისარგებლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიაგადამზიდველის მომსახურება ან პერსონალის მომსახურებით;

c)   მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დააფუძნოს ოფისები;

d) პირდაპირ, აგენტების ან ავიაგადამზიდველის მიერ შერჩეული შუამავლების მეშვეობით ჩაერთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო გადაზიდვების გაყიდვებსა და მარკეტინგში. ავიაგადამზიდველს შეუძლია გაყიდოს, და ნებისმიერ პიროვნებას უფლება აქვს თავისუფლად შეიძინოს ამგვარი გადაყვანა/გადაზიდვა ადგილობრივ ვალუტასა ან სხვა ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ადგილობრივი მოქმედი სავალუტო კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 17

თანხების გადარიცხვა

1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველს ანიჭებს უფლებას, თავის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო მიმოსვლის შედეგად მიღებული შემოსავლის კონვერტირების განხორციელებისა და აღნიშნული ავიაგადამზიდველის სათა ოფისში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადარიცხვის უფლებას, ვალუტის გადარიცხვის კონტროლთან დაკავშირებული წესებისა და კანონების შესაბამისად. კონვერტირება და გადარიცხვა არ ექვემდებარება რაიმე სახის დაბეგვრას, გარდა იმ გადასახდელებისა, რომლებიც ამგვარ კონვერტირებასა და გადარიცხვაზე ჩვეულებრივ წესდება ბანკების მიერ.

2.  წინამდებარე შეთანხმება არ შეზღუდავს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის უფლებას დაბეგროს შემოსავალი ან კაპიტალი, დაბეგვრასთან დაკავშირებული თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 18

სტატისტიკის მიწოდება

1.  ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, მოთხოვნის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას წარუდგენს სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გონივრულად იქნ მოთხოვნილი შემდეგი მიზნებისათვის:

a) დადგინდეს შეთანხმებული საჰაერო მიმოსვლის შედეგად ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვების ოდენობა; და

b) განხილულ იქნ ამგვარ საჰაერო მიმოსვლისას შეთავაზებული ტევადობა.

2.  ამგვარი ინფორმაცია შეძლებისდაგვარად უნდა შეიცავდეს განხორციელებული გადაყვანა-გადაზიდვების საწყისი პუნქტებისა და საბოლოო დანიშნულების პუნქტების დეტალებს.

მუხლი 19

კონსულტაციები

1.  ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები დროდადრო კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ წიმნამდებარე შეთანხმების განხორციელება და დებულებებთან შესაბამისობა.

2.  ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლიათ მოითხოვონ კონსულტაციების გამართვა, დიალოგის ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელიც დაიწყება მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორივე საავიაციო ხელისუფლება შეთანხმდება ვადის გახანგრძლივებაზე.

მუხლი 20

სადა საკითხების მოგვარება

1. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე დავა წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე, ხელშემკვრელი მხარები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ მოაგვარებენ დავას მოლაპარაკების გზით, ისინი შესაძლოა შეთანხმდნენ მიმართონ ერთობლივად შეთანხმებულ პიროვნებას ან ორგანიზაციას, ან დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შედგება სამი არბიტრისაგან და რომელიც იქმნება ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის შემდეგი წესით:

a) დიპლომატიური არხების მეშვეობით დავის საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას;

b) იმ შემთხვევში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან მოახდინოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას მოახდენს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის მოქალაქე.

3. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო ორგანო თვითონ გადაწყვეტს თავისი იურისდიქციის ფარგლებს და დააწესებს საკუთარ პროცედურას. საარბიტრაჟო სასამართლოს განკარგულებით, ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არა უგვიანეს 15 დღის განმავლობაში ჩატარდება სხდომა საარბიტრაჟო სასამართლოში განსახილველი საკითხებისა და შემდგომი კონკრეტული პროცედურების დასაზუსტებლად.

4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ, ან თუ საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააწესა სხვაგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გაეცემა პასუხი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მემორანდუმის წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში. საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, პასუხის გაცემის სათანადო თარიღიდან 15 დღის განმავლობაში.

5. საარბიტრაჟო სასამართლო ეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმვლობაში ან, თუ საქმის მოსმენა არ შედგა, ორივე პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.

6. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და ეს განმარტება მიცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან 15 დღის განმავლობაში.

7. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშემკვრელი მხარეებისათვის სავალდებულოა.

8.    თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაფარავს მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს. საარბიტრაჟო სასამართლოს სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეთა შორის, მათ შორის, ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც გაწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ან ვიცე პრეზიდენტი ამ მუხლის (2)() პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას.

9. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ ასრულებს ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დამრღვევ მხარეს ან დამრღვევ დანიშნულ ავიაგადამზიდველს შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მის მიერ მინიჭებული ნებისმიერი უფლება ან პრივილეგია.

მუხლი 21

ინტერმოდალური გადაყვანა-გადაზიდვები

თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველები უფლებამოსილნი არიან საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებთან დაკავშირებით განახორციელონ ნებისმიერი ინტერმოდალური გადაყვანა-გადაზიდვა, ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ პუნქტს ან მესამე სახელმწიფოს შორის. ავიაგადამზიდველებს შეუძლიათ აირჩიონ საკუთარი ინტერმოდალური გადაყვანა-გადაზიდვა ან განახორციელონ იგი სხვა გადაყვანა-გადამზიდავთან შეთანხმების შესაბამისად, მათ შორის, კოდის ერთობლივი გამოყენებით. ამგვარი ინტერმოდალური მომსახურება შეიძლება შეთავაზებულ იქნ როგორც სრული მომსახურება, შერეული საჰაერო და ინტერმოდალური გადაყვანა-გადაზიდვის ერთიანი ღირებულებით, იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრები და ტვირთგამგზავნები ინფორმირებულნი არიან გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებლების თაობაზე.

 

მუხლი 22

ცვლილება

1.  თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის საჭიროდ შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების რაიმე დებულება, მათ შორის დანართი, მან შეიძლება დიალოგის ან წერილობითი სახით თხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეთავაზებული ცვლილებების თაობაზე კონსულტაციების გამართვა. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში.

2.  წინამდებარე შეთანხმებაში ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვილება გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 25- მუხლში (ძალაში შესვლა) მოცემული წესის შესაბამისად.

3.  თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე გახდება მრავალმხრივი შეთანხმების, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების (CAAA) ან კონვენციის წევრი, რომელიც მოიცავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებს, აუცილებლობის შემთხვევაში, მრავალმხრივ შეთანხმებასთან, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (CAAA) ან კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ამ მუხლის თანახმად წინამდებარე შეთანხმებაში შეტანილ იქნება ცვლილებები.

მუხლი 23

ICAO-სა და UN-ში რეგისტრაცია

წინამდებარე შეთანხმება და მისი ნებისმიერი ცვლილება დარეგისტრირდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

მუხლი 24

შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება

1  თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით გაუგზავნოს შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა.

2.  იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.

მუხლი 25

ძალაში შესვლა

1.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.

2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ” 1995 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმება.

რის დასტურადაც, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელისმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2011 წლის 28 მარტს, ორ დედნად, თითოეული ბულგარულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. მხარეთა მიერ, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

 

ხელმოწერილია

ბულგარეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

 

ხელმოწერილია

 

 

 

 

 

 

 

    

დანართი I

ფრენების განრიგები

განრიგი 1

საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების მიერ განხორციელებული მარშრუტები:

 

საქართველოდან

 

შუალედური პუნქტები

 

ბულგარეთში

საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

 

შენიშვნა:

შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი რეისის შესრულებისას, იმ პირობით, რომ შეთანხმებული მომსახურება იწყება ან წყდება საქართველოს ტერიტორიაზე.

 

განრიგი 2

ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების მიერ განხორციელებული მარშრუტები:

 

ბულგარეთიდან

 

შუალედური პუნქტები

საქართველოში

საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი

 

შენიშვნა:

შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი რეისის შესრულებისას, იმ პირობით, რომ შეთანხმებული მომსახურება იწყება ან წყდება ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

ჰაერის მეხუთე თავისუფლება

ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ ჰაერის მეხუთე თავისუფლების განხორციელების უფლება წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საგანს.

 

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები

ორივე დელეგაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელონ ნებისმიერი ოდენობის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები საკუთარ ტერიტორიებს შორის.

 

 

 

 

 

 

 

დანართი II

ამ შეთანხმების 3 და 4 მუხლებში აღნიშნული სხვა ქვეყნები

1. ისლანდიის რესპუბლიკა (შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ);

2. ლიხტენშტაინის სამთავრო (შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ);

3. ნორვეგიის სამეფო (შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ);

4. შვეიცარიის კონფედერაცია (ევროგაერთიანებასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად).