განჩინება - „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“

  • Word
განჩინება - „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 25091/07
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 26/04/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111025001, 31/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
25091/07
26/04/2011
ვებგვერდი, 111025001, 31/10/2011
განჩინება - „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მეორე სექცია

საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”

(განაცხადი №25091/07)

განჩინება

 

სტრასბურგი

2011 წლის 26 აპრილი

 

საბოლოო გახდა

26/07/2011

 

წინამდებარე განჩინება შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ გადასინჯვას.

 

საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

ფრანსუაზ ტულკენსი, თავმჯდომარე

ირენე კაბრიალ ბარეტო

ბლადიმირო ზაგრებელსკი

დანუტე იოჩიენე

დრაგოლიუბ პოპოვიჩი

ანდრაშ შაიო, მოსამართლეები

ირაკლი ადეიშვილი, მოწვეული მოსამართლე

სტენლი ნაისმითი, სექციის რეგისტრატორი

 

2010 წლის 27 აპრილსა და 2011 წლის 22 მარტს გამართული დახურული თათბირის შემდეგ, ბოლო დღეს გამოიტანა შემდეგი განჩინება:

 

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო განაცხადი (№25091/07) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქის – ქ-ნი ირინა ენუქიძისა და ბ-ნი გურამ გირგვლიანის („განმცხადებლები“) მიერ წარედგინა 2007 წლის 11 ივნისს და 2008 წლის 17 მარტს. 2007 წლის 24 აგვისტოს ქ-ნი ირინა ენუქიძე („პირველი განმცხადებელი“) გარდაიცვალა. 2008 წლის 17 მარტს მისმა მეუღლემ, ბ-ნ გურამ გირგვლიანმა („მეორე განმცხადებელი“), სასამართლოს აცნობა გადაწყვეტილების შესახებ პროცესი საკუთარი და გარდაცვლილი მეუღლის სახელით გაეგრძელებინა. კითხვადობისა და სხვა პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო ორივე განმცხადებელს ახლანდელ დროში მოიხსენიებს.

2. განმცხადებლებს თბილისში მოღვაწე იურისტები – ბ-ნი შალვა შავგულიძე და ბ-ნი დავით ჯანდიერი წარმოადგენდნენ. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) სახელმწიფო წარმომადგენელი ბ-ნი ლევან მესხორაძე წარმოადგენდა.

3. განმცხადებლები აცხადებენ, რომ მათი ვაჟიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ იყო მოკლული, ვინაიდან მან ამ სამინისტროს მაღალჩინოსნები, ასევე მინისტრის მეუღლე გაანაწყენა და რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიება ეფექტური არ იყო.

4. 2008 წლის 24 ივნისს სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-13 მუხლის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიის საქართველოს მთავრობისთვის კომუნიკაციის თაობაზე (სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის §2 (ბ) მიხედვით) გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ასევე განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვა გადაწყვიტა (კონვენციის 29 §3 მუხლი). იმავე დღეს სასამართლომ მთავრობას განმცხადებლების ვაჟის მკვლელობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალის ასლის წარდგენა თხოვა როგორც ქაღალდმატარებლებზე, ასევე ელექტრონული სახით, რომელსაც თან თოთხმეტი მტკიცებულება (იხ. §159 ქვემოთ), ასევე ლ.ბ.-ძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 371-ე მუხლის საფუძველზე აღძრული საქმის მასალები (იხ. §194 ქვემოთ) უნდა ჰქონოდა დართული.

5. 2008 წლის 22 დეკემბერს მთავრობამ განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის ერთდროულად განხილვასთან დაკავშირებულ მოსაზრებებთან ერთად მხოლოდ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალის რვა ტომი წარადგინა. მე-8 ტომიდან ჩანს, რომ ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, თოთხმეტი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმის ნაწილი იყო. თუმცა ჩაბარებულ მასალებს შორის აღნიშნული მტკიცებებულებები არ იყო. რაც შეეხება ლ.ბ.-ძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს, მთავრობას არ მოუწოდებია არც ერთი მტკიცებულება და მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებით შემოიფარგლა, რომ რამდენიმე მოწმის დაკითხვის შემდეგ შესაბამისმა ადგილობრივმა ორგანოებმა მოცემული საქმე დახურეს.

6. განმცხადებლებმა საკუთარი მოსაზრებები პასუხის სახით საკუთარ სარჩელთან ერთად დაკმაყოფილების მიზნით 2009 წლის 24 მაისსა და 9 ივლისს წარმოადგინეს. მთავრობამ განმცხადებლების სარჩელს 2009 წლის 14 ივლისს უპასუხა.

7. 2009 წლის 6 ოქტომბერს სასამართლომ საქმის განაცხადის დასაშვებობისა და არსებითი მხარის განხილვა გადაწყვიტა.

8. 2009 წლის 9 ნოემბერს სასამართლომ მთავრობის ყურადღება მიაპყრო მათ მიერ თოთხმეტი მტკიცებულებისა და სხვა ვიდეომასალების წარდგენაზე, რომელიც მკვლელობის საქმის ნაწილია, ასევე ლ.ბ.-ძის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების შესახებ და ამ პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე. კონვენციის 38-ე მუხლის მიხედვით მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ პრეცენდენტულ სამართლზე (მედოვა რუსეთის წინააღმდეგ, №25385/04, §§76-80, ECHR 2009 ... (ამონაწერები)) დაყრდნობით სასამართლომ მთავრობას კიდევ ერთხელ მოსთხოვა აღნიშნული მასალების წარდგენა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მასალები სასამართლოს არა უგვიანეს 2009 წლის 1 დეკემბერს უნდა ჩაბარებოდა.

9. 2009 წლის 1-ლ დეკემბერს ფაქსით მიღებული წერილით, რომელსაც შესაბამისი საფოსტო გზავნილის ქვითარი თან არ ახლდა, მთავრობა სასამართლოს ატყობინებდა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ჩვეულებრივი ფოსტით იქნა გაგზავნილი.

10. 2009 წლის 14 დეკემბერს მტკიცებულებებთან დაკავშირებული მოთხოვნის ხელახლა გამეორებასთან ერთად სასამართლომ მთავრობას მომავალი მოსმენის მიზნით დამატებითი დოკუმენტების წარდგენაც მოსთხოვა – საიდუმლო შიდა წერილი, რომელიც დ.ა.-აიამ შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნა (იხ. §49 ქვემოთ) და დოკუმენტები, რომელიც 2008 წლის 24 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ შეწყალებისათვის მზადდებოდა, ასევე, 2009 წლის 5 სექტემბერს ოთხი მსჯავრდებულის პირობით შეწყალების ამსახველი დოკუმენტები (იხ. §204-205 ქვემოთ).

11. 2009 წლის 15 დეკემბერს სასამართლომ საბოლოოდ მიიღო მთავრობის მიერ 1 დეკემბერს გამოგზავნილი ნივთმტკიცებები (იხ. §9 ზემოთ). ეს გზავნილი შედგებოდა მკვლელობის საქმის თოთხმეტი ნივმთმტკიცებისა და ლ.ბ-ძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის მიხედვით აღძრული საქმის ზოგიერთი მასალისაგან. სასამართლოს მიერ 2009 წლის 14 დეკემბერს მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტები (იხ. წინა აბზაცი) მთავრობამ 2010 წლის 12 იანვარს წარადგინა.

12. 2010 წლის 26 აპრილს მთავრობამ დამატებითი წერილობითი კომენტარები წარმოადგინა განაცხადის დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით. ეს კომენტარები სასამართლოს არ მოუთხოვია, ვინაიდან მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება ზეპირი პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლოს რეგლამენტის 38§1 მუხლის მიხედვით ეს კომენტარები მაინც დაერთო საქმის მასალებს და იმავე დღეს გადაეგზავნა განმცხადებლებს.

13. საჯარო მოსმენა 2010 წლის 27 აპრილს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში გაიმართა (მუხლი 59§3). იმავე დღეს სასამართლომ მხარეებს აცნობა, რომ დაპირისპირების წერილობითი პროცედურა საბოლოოდ დაიხურა და ამის შემდეგ რაიმე სარჩელის განხილვა აღარ მოხდებოდა.  

 

სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:

(ა)   მთავრობის სახელით:

ქ-ნი თ. ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

ბ-ნი ლ. მესხორაძე, სახელმწიფო წარმომადგენელი

(ბ)   განმცხადებლების სახელით:

ბ-ნი შ. შავგულიძე და ბ-ნი დ. ჯანდიერი, იურისტები

ბ-ნი გ. გირგვლიანი, განმცხადებელი

ბ-ნი კ. კვანტალიანი, მრჩეველი.

 

სასამართლომ მოისმინა ქ-ნი თ. ბურჯალიანისა და ბ-ნი ჯანდიერის მიმართვები.

 

ფაქტები

 

1. საქმის გარემოებები

 

14. პირველი განმცხადებელი დაიბადა 1956 წელს. იგი 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. მეორე განმცხადებელი დაიბადა 1950 წელს და თბილისში ცხოვრობს.

 

1. ინფორმაცია საქმის შესახებ

15. 2006 წლის 27 იანვარს, დაახლოებით საღამოს 11 საათისათვის, მეგობრების ჯგუფი თბილისში, კაფე „შარდენში” შეხვდა ერთმანეთს. ამ ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ: თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე, დ.ა.-აია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე ო.მ.-ოვი, ვ.ს.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გ.დ.-ძე, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი და მინისტრის სპიკერი და ა.კ.-ძე, თ.ს.-აიას მეგობარი. მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ქალი, თ.მ.-ძე, ა.კ.-ს მეგობარი.

16. ბ-ნი სანდრო გირგვლიანი, განმცხადებლის 28 წლის ერთადერთი შვილი და მისი მეგობარი, ლ.ბ.-ძე იმავე ოთახში, მეზობელ მაგიდასთან ისხდნენ.

17. განმცხადებლების თქმით, დ.ა.-აია, ო.მ.-ოვი, ვ.ს.-ოძე და გ.დ.-ძე საქართველოში კარგად ცნობილი პირები არიან, რომლებიც ვ.მ.-შვილთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „ვარდების რევოლუციაში”, რომელსაც შედეგად 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ე. შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა (იხ. საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ, №9103/04, §§ 11-13, 2008 წლის 8 ივლისი). განმცხადებლების თქმით, ეს ნდობით აღჭურვილი პირები მთავრობის საყრდენ ძალას წარმოადგენენ.

18. განმცხადებლების თქმით, იმ საღამოს, ახალგაზრდა ბანკირები – სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე, კაფე „შარდენში” აღნიშნულ ჯგუფზე უფრო გვიან მივიდნენ. განმცხადებლების ვაჟი იმედოვნებდა თ.მ.-ძის ნახვას, რომელიც მას თურმე მოსწონდა. კაფეში შესვლისას, იგი მივიდა მაგიდასთან, სადაც თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი მეგობრები ისხდნენ, რათა თ.მ.-ძეს მისალმებოდა. თ.მ.-ძესთან გადაკოცნით მისალმების შემდეგ, იგი ლ.ბ.-ძესთან ერთად ახლომახლო მაგიდასთან დაჯდა. რაღაც მომენტში, მან თ.მ.-ძეს ანიშნა, მათ მაგიდასთან გადმომჯდარიყო და თ.მ.-ძემაც შეიცვალა ადგილი. სანდო გირგვლიანსა და თ.მ-ძეს შორის საუბარი, რომელიც დაახლოებით 20-30 წუთი გრძელდებოდა, საკმაოდ ინტენსიური იყო, რასაც თან მკვეთრი ჟესტები ახლდა და მათ შორის რაღაცაზე შეუთანხმებლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამის გამო, ა.კ.-ძე თ.მ.-ძესთან ორჯერ მივიდა, რათა ეკითხა, ყველაფერი კარგად იყო თუ არა და ხომ არ სჭირდებოდა დახმარება. თ.მ.-ძემ თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო და ის მალე დაუბრუნდებოდა ა.კ.-ძის მაგიდას. როცა ის პირველ მაგიდას დაუბრუნდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ჰკითხა, რამე პრობლემა ხომ არ იყო. თ.მ.-ძემ თქვა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ის ესაუბრებოდა, მისი მეგობარი იყო და პრობლემა არ არსებობდა.

19. 2006 წლის 26 იანვარს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა სამმა მეგობარმა, ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით, თბილისის გარეუბანში, ოქროყანაში, სასაფლაოსთან იპოვა, რომელიც კაფე „შარდენიდან” 6.3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

20. 2006 წლის 28 იანვარს, სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შემდეგ, მომზადებული დასკვნის და თანდართული ფოტომასალის მიხედვით, სანდო გირგვლიანის წელს ზემოთ შიშველი გვამი სასაფლაოსთან ახლოს მდებარე ტყეში, თოვლში იპოვეს. სხეულის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მარცხენა იდაყვსა და მხარზე არაერთი პარალელური ხაზისებრი ჭრილობა აღმოჩნდა, სამი 8 სმ-იანი ჭრილობა კისერზე აღინიშნებოდა, მსგავსი ჭრილობა იყო ყელზე და უამრავი ჩალურჯება და დაზიანება, ამათგან ზოგი ღრმა, მკერდამდე. მსხვერპლის შარვლის ჯიბეში ნაპოვნი იქნა ჯიბის დანა.

21. ეროვნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2006 წლის 28 იანვარს ჩატარებული გვამის გაკვეთის მიხედვით, მსხვერპლს ყელზე მჭრელი ნივთით მიყენებული 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა ჰქონდა, ხოლო ერთი დაზიანება მარცხენა მხარზე აღენიშნებოდა. ყელზე მიყენებული სამი ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო კუნთების დასაზიანებლად. ერთ-ერთი მათგანი 0.5 სანტიმეტრის დიამეტრის იყო და ხახამდე აღწევდა. სახელმწიფო ექსპერტის მიხედვით, რომელმაც ყელიდან აღებული კანის ნიმუში გასინჯა, ჭრილობები მჭრელი, წვეტიანი და სახელურიანი საგნით, სავარაუდოდ, დანით იყო მიყენებული. მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლსა და წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ ასევე აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობის ჭრილობები – 4-15 სანტიმეტრის სიგრძის. ანალიზმა სისხლში ალკოჰოლის შემცველობა აჩვენა, მაგრამ ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი არ ყოფილა. ექსპერტების მიხედვით სიკვდილის მომეტში მსხვერპლის სხეულში ალკოჰოლის შემცველობა უმნიშვნელო (0.35%) იყო.

22. ანგარიშში ნათქვამია, რომ სიკვდილი ხახაზე მიყენებული ორი ჭრილობის გამო დადგა. მსხვერპლი ასფიქსიით გარდაიცვალა, როცა ჭრილობიდან ხახაში გადასროლილი სისხლი სასულე გზებში გადაიღვარა. ეს სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა იყო.

 

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ნაწილი

23. 2006 წლის 28 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 108§2 მუხლი) სისხლის სამართლის აქმე აღძრა. იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა (სსკ-ის 143§2) და დანაშაულებრივი დაჯგუფების (სსკ-ის 179§2 მუხლი) ბრალდებით აღიძრა. იმავე დღეს ეს ორი საქმე გაერთიანდა.

24. 2006 წლის 28 იანვარს ლ.ბ.-ძე მოწმის სახით დაიკითხა. მან ახსნა, რომ 2006 წლის 27 იანვარს დაახლოებით საღამოს 8 საათზე სანდრო გირგვლიანი, თავად ლ.ბ.-ძე და მათი რამდენიმე კოლეგა „კაიზერ ინში” წავიდნენ. მათ სხვადასხვა საჭმელები, ლუდი და არაყი შეუკვეთეს. „კაიზერი” დაახლოებით ღამის 1-ლ საათზე დატოვეს. განმცხადებლების შვილი და ლ.ბ.-ძე ერთი ტაქსით გაემგზავრნენ, ხოლო მათი კოლეგები კი მეორეთი. გზაში გირგვლიანმა კაფე „შარდენში” ყავაზე გაჩერება შესთავაზა. ლ.ბ.-ძის თქმით მათ კაფეში რამდენიმე ნაცნობი შეხვდათ და დაახლოებით ღამის 2 საათამდე იყვნენ იქ. როცა კაფედან გამოვიდნენ და ლესელიძის ქუჩას ქვემოთ დაუყვნენ, გვერდით ვერცხლისფერი მერსედესი ML გაჩერდა. გადმოვიდა ორი კაცი, რომლებმაც ლ.ბ.-ძეს კისერში წაავლეს ხელი და მისი მანქანაში შეგდება დააპირეს. ერთ-ერთმა მათგანმა განმცხადებლების შვილი შეაგდო მანქანაში და ხელებს ზურგსუკან უკავებდა.

25. ლ.ბ.-ძემ თავდამსხმელებს ჰკითხა, რა უნდოდათ. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ თავდაპირველად აინტერესებდათ, რა ჰქონდათ ჯიბეებში. ლ.ბ.-ძემ და სანდო გირგვლიანმა მათ მობილური ტელეფონები აჩვენეს, რომელიც კაცმა ჩამოართვა და სალონის პატარა საბარგულში შეაწყო. იგივე კაცმა მათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვა. ლ.ბ.-ძემ მას სამსახურის მოწმობა მისცა, რომელიც კაცმა ასევე ჩამოართვა. ლ.ბ-ძესა და გირგვლიანს ეს კაცები პოლიციელები ეგონათ, მაგრამ როცა მანქანა თბილისიდან გასასვლელი გზის აღმართს შეუყვა, განმცხადებლების შვილმა იკითხა, სად მიდიოდნენ, ვინაიდან ამ მიმართულებით პოლიციის რამე განყოფილება არ იყო. პასუხის მაგივრად გვერდით მჯდომმა კაცმა მას იდაყვი ჩაარტყა ნეკნებში. ლ.ბ.-ძემაც იგივე კითხვა დასვა, მაგრამ უშედეგოდ. გირგვლიანმა თავდამსხმელებს პოლიციის მოწმობების ჩვენება მოსთხოვა, რის პასუხადაც ისევ იდაყვით ნეკნებში ცემა მიიღო. მძღოლის გვერდით მჯდომმა კაცმა საბოლოოდ უპასუხა, რომ ისინი მალე ნახავდნენ, სადაც მიდიოდნენ და გაიგებდნენ რა მოხდებოდა, როცა „ზემოთ” ავიდოდნენ. ამის შემდეგ წამიერად ყველა გაჩუმდა. თბილისიდან გასვლის დროს მძღოლმა ვიღაცას მობილური ტელეფონით დაურეკა და უთხრა: „უკვე ამოვდივართ. გზა კარგია; შეგიძლია შენი მანქანით ამოხვიდე”. მათ მანქანა ოქროყანის სასაფლაოსთან გააჩერეს, ლ.ბ.-ძე და განმცხადებლების შვილი მანქანიდან გადმოიყვანეს და სასაფლაოსკენ უბიძგეს. ლ.ბ.-ს მძღოლი და წინა სავარძელზე მჯდომი კაცი მიათრევდნენ. უცებ მან კისერში ძლიერი დარტყმა იგრძნო და შეტორტმანდა. მისი დამკავებლები ურტყამდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი კი თავთან იარაღს აბჯენდა. ამ დროს სანდო გირგვლიანს მესამე კაცი ურტყამდა.

26. ცოტა ხანში ლ.ბ.-ძემ მეოთხე კაცი დაინახა, რომელიც მათთან ერთად მანქანაში არ ყოფილა. კაცი მოუახლოვდა, მას იარაღი მიუშვირა და უთხრა, რომ მხოლოდ იმას იღებდა, რაც დაიმსახურა. შემდეგ სახეში დაარტყა, ჰაერში გაისროლა, სანდრო გირგვლიანთან მივიდა და ახლა მისი ცემა დაიწყო.

27. რაღაც მომენტში ორი კაცი, რომელიც სანდო გირგვლიანს სცემდა ლ.ბ.-ძესთან მოვიდა და თქვეს: „მეორე ძაღლიშვილი გაგვექცა”. მათ ლ.ბ.-ძე აიძულეს ტანზე გაეხადა, კიდევ სცემეს და იქ დატოვეს.

28. ლ.ბ.-ძემ წვალებით მოახერხა ადგომა და გზაზე გავიდა. გზაზე სადგურამდე იარა, სადაც დარაჯი გააღვიძა. მან მეთვალყურესთან დილამდე იცადა და შემდეგ გამვლელს მისი მობილურის გამოყენება თხოვა, რომ პოლიციაში დარეკვა შეძლებოდა. დაკითხვის დროს დარაჯმა ლ.ბ.-ძის ნათქვამი დაადასტურა.

29. ამ დაკითხვის ბოლოს ლ.ბ-ძემ თქვა, რომ ის ჯერ კიდევ შოკში იყო და ამ დროს სხვა დეტალებს ვერ იხსენებდა.

30. 2006 წლის 28 იანვარს ლ.ბ.-ძეს სამოქალაქო მხარის სტატუსი მიენიჭა და ამ როლშიც კიდევ ერთხელ დაიკითხა. მან წინა განცხადება დაადასტურა და დაამატა, რომ მას თავში პისტოლეტით სცემეს.

31. 2006 წლის 28 იანვარს დაიკითხა ყველა კოლეგა, რომელთან ერთადაც სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე დაახლოებით დილის 12:20-12:30-მდე იმყოფებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ განმცხადებლების შვილი და ლ.ბ.-ძე ტაქსით გაემგზავრნენ. მათ მომხდარის და სანდრო გირგვლიანის სიკვდილის შესახებ მომდევნო დღემდე არ იცოდნენ.

32. 2006 წლის 29 იანვარს ლ.ბ.-ძე დააკავეს და მის წინააღმდეგ მკვლელობის დაფარვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

33. 2006 წელს დაიკითხნენ კაფე “შარდენის” ოფიციანტები, მენეჯერი და ბუღალტერი. მათ თქვეს, რომ პარასკევს და შაბათს კაფეში პერკუსიონისტი უკრავდა ბარაბნებზე და მუსიკას დიჯეი არჩევდა. ერთ-ერთმა ოფიციანტმა თქვა, რომ №5 მაგიდასთან გ.დ.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი 6-7 სხვა ადამიანთან ერთად იჯდა. მისი თქმით გ.დ.-ძე და მისი მეგობრები კაფედან დაახლოებით დილის 2:40 საათზე წავიდნენ. მას იმ საღამოს რაიმე პრობლემა ან ჩხუბი არ შეუმჩნევია. თუმცა, მას არ შეეძლო კლიენტებს შორის რაიმე უსიამოვნო სიტყვიერი გადაძახილების გარჩევა, ვინაიდან მუსიკა საღამოს 10 საათიდან დილის 1-ლ საათამდე უკრავდა. ოფიციანტი, რომელიც განმცხადებლების შვილის მაგიდას ემსახურებოდა, აღნიშნა, რომ გირგვლიანს შემოუერთდა მეგობარი, რომელიც შემდეგ ტუალეტში გავიდა. ამ ორმა მხოლოდ ყავა შეუკვეთა და დაახლოებით 20 წუთში დატოვეს კაფე.

34. 2006 წლის 30 იანვარს საგამოძიოებო ორგანომ თბილისის ყველა პოლიციის განყოფილებას მათ უბნებში ვერცხლისფერი მერსედეს ML-ის მარკის ავტომობილების მოძებნა, მფლობელების ჩამონათვალის, მათი ფოტოსურათებისა და მობილური თუ ქალაქის სატელეფონო ნომრების მოძიება დაავალა პროფესიული კონტაქტების, მეგობრების, ოჯახებისა და რაიმე დანაშაულებრივი კავშირების ჩათვლით. ამ ძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს ეტაპობრივად ეცნობოდა 2006 წლის 1 მარტამდე, პროცესის დასრულებამდე.

35. 2006 წლის 30 იანვარს ეჭვმიტანილად დაკითხვის დროს ლ.ბ.-ძემ ახალი ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ კაფე „შარდენში” მათ მაგიდასთან გადმოჯდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც იგი არ იცნობდა. განმცხადებლების შვილი მას თბილად შეეგება. ამ დროს ლ.ბ.-ზე ნაცნობს ესაუბრებოდა. მიუხედავად ამისა, შენიშნა, რომ ქალბატონსა და განმცხადებლების შვილს შორის დისკუსია გამძაფრდა. მას არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ, ვინაიდან სანდრო გირგვლიანი და ახალგაზრდა ქალი ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ, ხოლო მუსიკა ხმამაღლა უკრავდა. ათი წუთის შემდეგ ქალი ადგა, გაბრაზებული, და თავდაპირველ მაგიდას დაუბრუნდა, სადაც სხვა ქალები და დაკუნთული მამაკაცები ისხდნენ. სანდრო გირგვლიანს ლ.ბ.-ძისათვის არ უთქვამს, ვინ იყო ეს ქალი. კაფეში სანდროსთან უკმაყოფილება არავის ჰქონია. სასაფლაოზე, როცა განმცხადებლების შვილს ურტყამდნენ, ლ.ბ.-ძე მას ვერ ხედავდა, მაგრამ მისი ყვირილი ესმოდა. თავდამსხმელებს მოგვიანებით მეოთხე კაცი შემოუერთდა. მას იარაღი ჰქონდა. ლ.ბ.-ძის თქმით ადვილი შესაძლებელი იყო მას თან სხვაც ხლებოდა, ვინაიდან გირგვლიანი ძლიერი კაცი იყო და ისეთი წამების დროს, რომელზეც მის სხეულზე აღმოჩენილი კვალი მეტყველებდა, ადვილი არ იქნებოდა მისი გაკავება. ამ კაცის მოსვლის შემდეგ გაისმა განმცხადებლების შვილის განწირული ყვირილი. ამ კაცმა რაღაც მომენტში მიატოვა გირგვლიანი და ლ.ბ.-ძის საცემად გადმოინაცვლა. იმის გამო, რომ ლ.ბ.-ძეს სახეში სცემდნენ, მას სახის დაფარვა უხდებოდა და კარგად ვერ ხედავდა რა მდგომარეობაში იყო მისი მეგობარი ან რამდენი კაცი ურტყამდა მას.

36. ლ.ბ.-ძე 2006 წლის 30 იანვარს გაათავისუფლეს, ვინაიდან მის წინააღმდეგ რაიმე სამხილი არ არსებობდა.

37. 2006 წლის 30 იანვარს დაიკითხა კაფე „შარდენის” რამდენიმე კლიენტი, რომლებიც სანდრო გირგვლიანს იცნობდნენ. მათ თქვეს, რომ კაფეში რაიმე არეულობას ადგილი არ ჰქონია.

38. დაუდგენელ დღეს საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა მობილური ტელეფონების ოპერატორებს ყველა იმ ნომრის ჩამონათვალი მოსთხოვა, რომელიც თბილისის კონკრეტული ანტენებიდან 2006 წლის 28 იანვარს შუაღამის 12 საათიდან დილის 2 საათამდე გაკეთდა და ზოგიერთი ანტენიდან ღამის 1 და 3:30 საათამდე გაკეთდა. 2006 წლის 31 იანვარსა და 16 თებერვალს ორმა ოპერატორმა აღნიშნული ინფორმაცია ცხრილის სახით წარადგინა.

39. 2006 წლის 30 იანვარს გამომძიებელმა დაადგინა, რომ დანაშაული ლ.ბ.-ძის მიმართ პირადი მოტივებით იყო განპირობებული, ვინაიდან მან პირველი მეუღლე სხვა ქალის გამო მიატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამის შემდეგ ლ.ბ.-ძის ყოფილი და ახლანდელი მეუღლეების სატელეფონო ზარების მონიტორინგის ორდერი გასცა 2006 წლის 31 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით.

40. 2006 წლის 31 იანვარს გამომძიებელმა მოითხოვა და ერთ-ერთი მობილური ოპერატორისგან მიიღო ყველა სატელეფონო ზარის ჩამონათვალი, რომელიც გ.ა.-იას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ტელეფონით გაკეთდა 2006 წლის 10-31 იანვარს.

41. 2006 წლის 31 იანვარს, დაკითხვის დროს სანდრო გირგვლიანის ამხანაგმა ქალმა, თ.მ.-ძემ იგივე განაცხადი გააკეთა, რაც 2006 წლის 13 მარტს (იხ. §98-108 ქვემოთ), მაგრამ იმ გამონაკლისით, რომ მან არ ახსენა სანდრო გირგვლიანის მიერ გ.დ.-ძის შეურაცხყოფის ფაქტი.

42. 2006 წლის 31 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის ანგარიშის მიხედვით ლ.ბ.-ძეს არაერთი დალურჯება ჰქონდა სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. ეს დაზიანებები მსუბუქ დაზიანებებად იქნა მიჩნეული, რასაც მის შრომისუნარიანობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

43. 2006 წლის 6 თებერვალს პირველ განმცხადებელს სამოქალაქო მხარის სტატუსი მიენიჭა.

44. 2006 წლის 16 თებერვალს დაკითხვის დროს ა.კ.-ძემ აღნიშნა, რომ გირგვლიანსა და თ.მ.-ს შორის განხილვა წყნარად მიმდინარეობდა და მას არ დაუნახავს, როდის გავიდა ო.მ.-ოვი კაფედან სიგარეტის მოსატანად. მისი დანარჩენი ჩვენება იგივენაირია, როგორიც 2006 წლის 13 მარტს მიცემული ჩვენება (იხ. §§ 111-112 ქვემოთ).

45. 2006 წლის 16 თებერვალს ასევე დაიკითხნენ დ.ა.-აია. ვ.ს.-ძე, გ.დ.-ძე და თ.ს.-ია. მათ მიერ მიცემული ჩვენებები ძირითადად იგივე იყო, რაც მოგვიანებით 12 მარტს და 20 ივნისს მიცემული ჩვენებები (იხ. §113-123 ქვემოთ). თუმცა, თ.ს.-აიას, მინისტრის მეუღლეს, არაფერი უთქვამს თ.მ.-ძისათვის „ხომ ყველაფერი კარგად არის” კითხვის თაობაზე მას შემდეგ, რაც იგი მაგიდას დაუბრუნდა სანდროსთან საუბრის მერე.

46. 2006 წლის 16 თებერვალს დაკითხვის დროს ო.მ.-ოვმა აღნიშნა, რომ 2006 წლის 27 იანვარს იგი მის მეგობარ და იერარქიულ ზედამხედველთან, დ.ა.-აიასთან ერთად კაფე „შარდენში” მივიდა. მან დალია. მას არ ახსოვს თ.მ.-ძის მიერ სხვა მაგიდასთან გადაჯდომის ფაქტი. რაიმე ინციდენტს ან არეულობას ადგილი არ ჰქონია. მან თქვა, რომ მან მალე იპოვა მინისტრის მეუღლის მიერ მოთხოვნილი სიგარეტი ბ. სუპერმარკეტთან არსებულ გამყიდველთან. დაახლოებით 3 საათისათვის ყველა სახლში წავიდა კარგ ხასიათზე. გარდა ამისა, ო.მ.-ოვმა იგივე ჩვენება მისცა 2006 წლის 22 ივნისს (იხ. §199 ქვემოთ).

47. 2006 წლის თებერვლის თვეში დაიკითხა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გამყიდველები, ღამის მოვაჭრეები და მზრუნველობის დაწესებულებების თანამშრომლები. არც ერთ მათგანს აღნიშნულის მსგავსი რაიმე ფაქტი არ შეუმჩნევია.

48. 2006 წლის 28 თებერვალს ოქროყანაში შეძლებული ბიზნესმენის სახლში განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები მაცხოვრებლის უსაფრთხოების სამსახურის მა ამოიღო, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამსახურის თანამშრომელიცაა. ჩანაწერები 2006 წლის 28 იანვარს დილის 2-3 საათამდე პერიოდს მოიცავს.

49. 2006 წლის 5 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 24 თებერვლის ორდერის საფუძველზე გადაწყვიტა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩამოერთმია და თბილისის პროკურატურისათვის გადაეცა.

50. სასამართლოსათვის წარდგენილი სისხლის სამართლის საქმეში ზემოთ აღნიშნული ორდერი დ.ა.-აია-ს მიერ შინაგან საქმეთა მინისტრისათვის გაგზავნილი შიდა საიდუმლო დოკუმენტის სახით იყო თანდართული. სხვა ფაქტებთან ერთად ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ დ.ა.-აია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქმის მნიშვნელოვანი ასპექტების გამოკვლევაზე იყო პასუხისმგებელი. წერილის პირველ ნაწილში დ.ა.-აია მინისტრს იგივე ფაქტებს ატყობინებდა, რომელიც ლ.ბ.-ძემ მის ჩვენებაში აღწერა მოტაცებასთან და სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამომწვევ თავდასხმასთან დაკავშირებით (იხ. §§ 25-28 ზემოთ). იგი ასევე ხსნიდა, რომ იმ კონკრეტულ ღამეს იგი რამდენიმე მეგობართან ერთად კაფე „შარდენში” დილის 3:30 საათამდე იმყოფებოდა, სადაც ვ.ს.-ძის დაბადების დღეს ზეიმობდნენ. აქ მოწვეული იყო გ.ა.-იაც. დ.ა.-აიას თქმით კაფე „შარდენში” ყოფნის დროს იგი გ.ა.-იას ტელეფონით რამდენიმეჯერ ესაუბრა, რათა დაედგინა, აპირებდა თუ არა მოსვლას. გ.ა.-იამ ჯერ თქვა, რომ მოსვლას აპირებდა, მაგრამ 3 საათზე აცნობა, რომ ვეღარ ახერხებდა მოსვლას.

51. იმავე წერილით დ.ა.-აია მინისტრს ატყობინებდა, რომ 2006 წლის 2 თებერვალს მისი განყოფილების რეგიონალურმა მენეჯერმა აცნობა, რომ ქუთაისში სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მერსედესი ML დააკავეს. დ.ა.-აია დაინტერესდა ამ ავტომანქანით და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ეს ვერცხლისფერი ავტომობილი იყო, ამის შესახებ სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაკითხვა გადაწყვიტა. ამგვარად მან დაადგინა, რომ 2006 წლის 28 იანვარს დაახლოებით დილის 1:30 საათზე მანქანამ სამინისტროს ეზო დატოვა, სადაც გ.ა.-აიასთან ერთად სამინისტროს კიდევ ორი თანამშრომელი, ა.ა.-ური და ა.ღ.-ავა ისხდნენ. მობილური სატელეფონო ოპერატორისგან ინფორმაციის მიღების შედეგ დ.ა.-აიამ შეძლო გ.ა.-იას მოძრაობის დადგენა და დაასკვნა, რომ იმ კონკრეტულ ღამეს იგი ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ტელეფონით ესაუბრა მ.ბ.-ძეს, სამინისტროს კიდევ ერთ თანამშრომელს.

52. და ბოლოს, იგივე წერილში დ.ა.-აია მინისტრს აცნობებდა, რომ მან ჰკითხა გ.ა.-იას იმყოფებოდა თუ არა იგი დანაშაულის ადგილას მისი ჩადენის დროს. გ.ა.-იამ დაბნეულად უარყო.

53. დ.ა.-აიას თქმით ეს აჩვენებდა, რომ გ.ა.-ია, ა.ა.-ური, ა.ღ.-ავა და მ.ბ.-ძე შესაძლოა კავშირში იყვნენ მოცემულ დანაშაულთან. იგი მინისტრს თხოვდა ერჩია როგორ მოქცეულიყო.

 

3. თბილისის პროკურატურის მიერ განხორციელებული გამოძიების ნაწილი

54. 2006 წლის 6 მარტს თბილისის საქალაქო პროკურატურამ შეცვალა გადაწყვეტილება, რომელიც პირველ განმცხადებელს სამოქალაქო მხარის სტატუსს ანიჭებდა და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო მხარის სტატუსის მინიჭება მხოლოდ დანაშაულის უშუალო მსხვერპლის, ანუ განმცხადებლის შვილისათვის იყო შესაძლებელი. იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში უშუალო მსხვერპლი გარდაცვლილი იყო, მხოლოდ ერთ-ერთ მშობელს შეეძლო მისი უფლებამონაცვლეობა.

55. 2006 წლის 6 მარტს ლ.ბ.-ძემ, როგორც სამოქალაქო მხარემ განცხადება წარუდგინა საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას ამ საქმეში ადვოკატის დახმარება არ ესაჭიროებოდა და უარი თქვა ორი მიმაგრებული ადვოკატის მომსახურებაზე.

56. იმავე დღეს ლ.ბ.-ძეს სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობაში დახმარება თხოვეს, ადვოკატის გარეშე.

57. ლ.ბ.-ძემ „ეჭვგარეშე” ამოიცნო გ.ა.-ია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, როგორც ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მოტაცებასა და ოქროყანაში თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა.

58. ლ.ბ.-ძემ ამოიცნო ა.ღ.-ავა, გ.ა.-იას ქვემდგომი, რომელიც „შესაძლოა” მერსედეს ML–ის მძღოლი ყოფილიყო, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო.

59. ლ.ბ.-ძემ ასევე აღნიშნა, რომ ა.ა.-ური, გ.ა.-იას ქვემდგომი ასევე „სავარაუდოდ” იყო ის კაცი, რომელიც სანდრო გირგვლიანის გვერდით იჯდა მანქანაში. როცა პროკურორმა ჰკითხა, არის თუ არა 100%-ით დარწმუნებული, ლ.ბ.-ძემ უპასუხა, რომ იგი 100% დარწმუნებული არ არის, მაგრამ ა.ა.-ური ნამდვილად ჰგავდა ამ კაცს.

60. დაბოლოს, როცა მას ოთხი უცნობი მამაკაცი წარმოუდგინეს, რომელთა შორის მ.ბ.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეც იყო, ლ.ბ.-ძემ თქვა, რომ მ.ბ.-ძის გვერდით მდგომი კაცი შესაძლოა ყოფილიყო თავდასხმის მონაწილე, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ იყო. ამ კაცის სახე და აღნაგობა წააგავდა იმ კაცისას, რომელიც სანდროს სცემდა და ლ.ბ.-ძეს მასთან ყველაზე ნაკლები შეხება ჰქონდა.

61. 2006 წლის 6 მარტს დაკავებულები იქნენ გ.ა.-ია. ა.ღ.-ავა და ა.ა.-ური, ასევე მ.ბ.-ძე.

62. 2006 წლის 6 მარტს ლ.ბ.-ძე სამოქალაქო მხარის როლში დაიკითხა.

63. დაკითხვის ვიდეო ჩანაწერის მიხედვით გამომძიებელმა ლ.ბ.-ს ჰკითხა, ხომ არ სურდა ადვოკატის დასწრება. ლ.ბ.-მ განაცხადა, რომ არ სურდა. მან შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა პირვანდელი ჩვენება და დაამატა, რომ სანამ სანდრო გირგვლიანი მას კაფე „შარდენში” შევლას შესთავაზებდა, სანდრო ტაქსიდან ვიღაცას ესაუბრა. როცა კაფეში შევიდნენ, ლ.ბ.-ძე საჭირო ოთახში გავიდა და შემდეგ ისევ შემოუერთდა გირგვლიანს მაგიდასთან. როცა მათ მაგიდასთან თ.მ.-ძე გადმოჯდა, მუსიკა უკვე უკრავდა. თ.მ.-ძე და განმცხადებლების შვილი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს ისხდნენ, ამიტომ შეუძლებელი იყო მას გაეგონა რაზე საუბრობდნენ. ლ.ბ.-ძესთან მოვიდა მეგობარი, რომელიც იქვე 2-5 წუთი ჩამოჯდა. ეს ბოლო წინადადება საქმის მასალებთან ერთად წარმოდგენილ ჩანაწერში არ ჩანს. ლ.ბ.-ძის თქმით თ.მ.-ძესა და სანდო გირგვლიანს არ უჩხუბიათ, მაგრამ მათ შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი მიდიოდა.

64. ლ.ბ.-ძემ დაამატა, რომ მას თავად კაფეში ვინმესთან რაიმე უსიამოვნება არ მოსვლია. მან არ იცოდა ჰქონდა თუ არა უსიამოვნება სანდრო გირგვლიანს სანამ ის საჭირო ოთახში იყო გასული.

65. ლ.ბ.-ძემ აღნიშნა, რომ, როცა კაფედან გამოდიოდნენ, მას და სანდროს ოთახი ერთად არ გადაუკვეთავდთ, მაგრამ ქუჩაში ერთად გამოვიდნენ. ეს განაცხადი დაკითხვის ვიდეო- ჩანაწერში არ არის. თუმცა, ვიდეოჩანაწერი არჩვენებს, რომ, როცა ლ.ბ.-ძემ ეს თქვა, გამომძიებელმა ამისი ჩანაწერში ჩართვა ურჩია, რაც თავად უკარნახა: „მე არ მახსოვს სანდრო და მე კაფის კარებში ერთად გავედით თუ არა. (...) შესაძლებელია, რომ მე ცოტათი მის უკან ვიყავი.” ლ.ბ.-ძემ შემდეგ თავად დაამატა, რომ თუ სწორად ახსოვდა, კაფედან გამოსვლამდე ის კიდევ ერთხელ შევიდა საჭირო ოთახში. გამომძიებელმა თხოვა ჩანაწერში ეს ფაქტიც ეხსენებინა.

66. გამომძიებლის კითხვაზე, კაფედან ვინმე ხომ არ გამოჰყოლიათ, ლ.ბ.-ძემ უპასუხა, რომ ის ასე არ ფიქრობს.

67. დაბოლოს, გამომძიებელმა ჰკითხა ლ.ბ.-ძეს, ხომ არ თვლიდა, რომ თავდამსხმელებს მისი სანდროსთან ერთად მოკვლაც უნდოდათ. ლ.ბ.-ძემ თქვა, რომ ალბათ არა, ვინაიდან მათ ის კი არ მოკლეს, არამედ ჯერ კიდევ ცოცხალი დატოვეს.

68. 2006 წლის 6 მარტს ლ.ბ.-ძე კიდევ ერთხელ დაიკითხა ადვოკატის გარეშე, იმ მეოთხე ადამიანის შესახებ, რომელიც შემთხვევის ადგილას მოგვიანებით მივიდა.

69. ლ.ბ.-ძემ აღნიშნა, რომ ის ვერ გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანს თან კიდევ ვიღაც ახლდა. სწორედ ამ კაცმა გაისროლა ჰაერში. გამომძიებლის კითხვაზე ლ.ბ.-ძემ უპასუხა, რომ ის ნამდვილად მიიწვია პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მის კაბინეტში, რათა სურათი ენახა და ამოეცნო ეს კაცი. ლ.ბ.-ძემ თქვა, რომ დარწმუნებული არ იყო, მაგრამ ფიქრობდა, რომ სურათზე აღბეჭდილი კაცი „ძალიან ჰგავდა” მეოთხე კაცს, რომელიც მათ სასაფლაოზე მოგვიანებით შეუერთდა. პარლამენტის წევრმა ეს პროცესი ლ.ბ.-ძის თანხმობით ჩაიწერა და ვინაიდან ამ ფოტოზე აღბეჭდილი კაცი ო.მ.-ოვი იყო, ეს ჩანაწერი საჯარო გახდა. გამომძიებელს ლ.ბ.-ძემ უთხრა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი კაცი ძალიან ჰგავდა „მეოთხე კაცს”, მაგრამ იგი შეიძლება ცდებოდა კიდეც.

70. 2006 წლის 6 მარტს დაკითხვის დროს გ.ა.-იამ თქვა, რომ 2006 წლის 27 იანვარს იგი გვიანობამდე იყო სამსახურში. სახლში წასვლამდე მან კაფე “შარდენში” შევლა გადაწყვიტა ა.ა.-ურთან და ა.ღ.-ვასთან ერთად ვ.ს.-სათვის დაბადების დღის მისალოცად. როგორც ახსნა, ისიც დაპატიჟებული იყო. იმისათვის, რომ კაფემდე მისულიყო, მან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაყადაღებული და სამინისტროს ეზოში დაყენებული მერსედეს „ML” წაიყვანა. გ.ა.-იამ ახსნა, რომ მან ა.ა.-ურს მანქანაზე მისამაგრებლად სახელმწიფო ნომრები WAW-293 მისცა.

71. სამმა კაცმა მანქანა ლესელიძის ქუჩაზე კაფესთან გააჩერა. მანქანიდან მხოლოდ გ.ა.-ია გადმოვიდა. კაფეს შესასვლელთან მან ვიღაც უცნობი (სანდრო გირგვლიანი) დაინახა, რომელიც გ.დ.-ძეს დედას აგინებდა. ამის გაგონებაზე გ.ა.-იამ იკითხა, რაში იყო საქმე. ამის გაგონებაზე გირგვლიანმა მასაც შეაგინა და წავიდა. გ.ა.-იამ გადაწყვიტა უკან გაჰყოლოდა და გაერკვია, „რატომ იგინებოდა ეს ადამიანი”. იგი მანქანასთან დაბრუნდა და საჭესთან მჯდარ ა.ა.-ურს ამ კაცისათვის უკან გაყოლა თხოვა. მან კოლეგებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა თან იარაღი, ვინაიდან შესაძლოა დაპატიმრების საჭიროება დამდგარიყო. როცა თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ იარაღი თან არ ჰქონდათ, გ.ა.-იამ ტელეფონზე დაურეკა მ.ბ.-ძეს, თხოვა მოსულიყო მოსახმარებლად და თან მისი იარაღიც წამოეღო.

72. ა.ა.-ურმა მანქანა სანდრო გირგვლიანისა და ლ.ბ.-ძის გვერდით გააჩერა. გ.ა.-ია გადმოვიდა მანქანიდან და თხოვა პირადობის დამადასტურებელი საბუთები ეჩვენებინათ. გირგვლიანმა ძალიან აგდებულად ჰკითხა ვინ იყო. გ.ა.-იამ უთხრა, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვა საბუთების ჩვენება. სანდრო გირგვლიანმა და ლ.ბ.-ძემ კიდევ ერთხელ შეაგინეს. დისკუსია უფრო გამწვავდა, ა.ა.-ური გადმოვიდა მანქანიდან და თხოვა დაწყნარებულიყვნენ. სანდრო გირგვლიანმა მას ხელი ჰკრა და ა.ა.-ური წაიქცა. გ.ა.-იას თქმით გირგვლიანმა და ლ.ბ.-ძემ დანარჩენებს უთხრეს, რომ სადაც უნდა იქ წავიდოდნენ საქმის გასარჩევად. ყველამ ერთად გადაწყვიტა მანქანაში ჩასხდომა და სადმე სხვაგან წასვლა. მათ ორჯერ დაარტყეს წრე თბილისის მთავარ მოედანს, ხოლო გ.ა.-ია ცდილობდა გამოერკვია, რატომ აგინებდა სანდრო გირგვლიანი გ.დ.-ძეს. ამის შემდეგ მათ მანქანა გააჩერეს და სანდრო გირგვლიანს და მის მეგობარს უთხრეს გადასულიყვნენ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, ვინაიდან ამბობდნენ, რომ ეს სალაპარაკო ადგილი არ იყო და სხვაგან უნდა წასულიყვნენ. აქედან გამომდინარე, წავიდნენ ოქროყანაში და მანქანა სასაფლაოსთან ახლოს გააჩერეს. ყველა გადმოვიდა მანქანიდან და მუშტი-კრივი გამართეს. ღამე ნათელი იყო და მხედველობაც საკმაოდ კარგი.

73. კოლეგების დასახმარებლად მალე მოვიდა მ.ბ.-ძე. იგი ძირითადად სანდროს უსწორდებოდა. როცა სანდრო გირგვლიანი გაიქცა, გ.ა.-იამ თქვა, რომ მის დევნაზე ნუ შეწუხდებოდნენ. არეულობა დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა და მათ ოქროყანა დაახლოებით დილის 2 საათზე დატოვეს.

74. გ.ა.-იამ ასევე განაცხადა, რომ ოქროყანიდან დაბრუნებისას მას ისევ დაურეკეს დ.ა.-აიამ და გ.დ.-ძემ და ეკითხებოდნენ, მოდიოდა თუ არა ის ვ.ს.-ძის დაბადების დღეზე (იხ. §154 ქვემოთ).

75. 2006 წლის 6 მარტს დაკითხვის დროს მ.ბ.-ძემ განაცხადა, რომ დილის 1:30 სთ-ზე მისი ის, გ.ა.-იას ზარის მიღების შემდეგ იარაღი აიღო და შინაგან საქმეთა სამინისტროში წავიდა ოფიციალური ავტომანქანის ასაყვანად, ვინაიდან, ფიქრობდა, რომ ვიღაცის დაპატიმრება იყო საჭირო. როცა ლესელიძის ქუჩაზე მივიდა მიხვდა, რომ მისი კოლეგები უკვე წასულები იყვნენ და ამიტომ დაურეკა გ.ა-იას, რომელმაც უთხრა, რომ უკვე ოქროყანაში მიდიოდნენ. გზაში მიმავალმა დაინახა მერსედესი ML „რომელსაც, მისი აზრით, მისი კოლეგები იყენებდნენ”. იგი სასაფლაოსაკენ გაემართა, საიდანაც ხმაური ისმოდა. მან დაინახა, რომ სანდრო გირგვლიანი მიწაზე იწვა და ლ.ბ.-ძე ჩხუბობდა. შესაბამისად, მისი კოლეგები ძირითადად ლ.ბ.-ძისკენ იყვნენ მიმართულები. სანდრო გირგვლიანი ისევ ადგა და მას თავზე დაესხა. დაიწყეს ჭიდაობა. გირგვლიანის ტანისამოსი ჭიდაობის დროს დაიხა. რაღაც მომენტში მ.ბ.-ძემ იფიქრა, რომ დანა დაინახა სანდრო გირგვლიანის ხელში. მან ამოიღო იარაღი და ჰაერში გაისროლა. სწორედ ამ დროს გირგვლიანმა დრო იხელთა და გაიქცა. ჩხუბი არა უმეტეს 15 წუთისა გრძელდებოდა.

76. მ.ბ.-ძემ განაცხადა, რომ არც მას, არც მის რომელიმე კოლეგას მჭრელი იარაღები არ გამოუყენებიათ და მხოლოდ ვარაუდობს, რომ გაქცევის შემდეგ სანდრო გირგვლიანმა თავად დაიზიანა თავი სასაფლაოს ღობეებსა თუ ბუჩქებზე.

77. 2006 წლის 6 მარტს დაკითხვის დროს ა.ღ.-ავამ დაადასტურა გ.ა.-იას მონათხრობი. მან ასევე თქვა, რომ მან და მისმა კოლეგებმა სანდო გირგვლიანსა და ლ.ბ.-ძეს თავი წარუდგინეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. მან აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე ავტომანქანაში საკუთარი სურვილით ჩასხდნენ. ა.ღ.-ავამ მ.ბ.-ს მსგავსად დაადასტურა, რომ ღამე ნათელი იყო და არც მას და არც მის რომელიმე კოლეგას დანა ან რამე მჭრელი საგანი თან არ ჰქონია.

78. 2006 წლის 7 მარტს დაკითხვის დროს ა.ა.-ურმა ზუსტად იგივე ჩვენება მისცა, როგორც გ.ა.-იამ, ა.ღ.-ავამ და მ.ბ.-ძემ. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის ჭრილობებს, ა.ა.-ურმა სწორედ იგივე ვარაუდი გამოთქვა, რაც მ.ბ.-ძემ.

79. 2006 წლის 7 მარტს თბილისის საქალაქო პროკურატურის პროკურორმა გ.ა.-იას, ა.ღ.-ავას, ა.ა.-ურისა და მ.ბ.-ძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სიცოცხლის მოსპობის გამომწვევი სხეულის განზრახ დაზიანების (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 119-ე მუხლით) და დაჯგუფების მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის (სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ა), (გ) და (თ) პუნქტები) ბრალდებით. 2006 წლის 8 მარტს ისინი დააკავეს.

80. 2006 წლის 8 მარტს ლ.ბ.-ძეს ადვოკატის გარეშე თხოვეს ამოეცნო „მეოთხე კაცი”, რომელიც სასაფლაოზე ყველაზე ბოლოს მივიდა. ამ საგამოძიებო ხერხის ვიდეოჩანაწერის მიხედვით ლ.ბ.-ძისათვის წარდგენილი ოთხი კაციდან ო.მ.-ოვი მარცხნიდან მესამე იდგა. ამის შემდეგ პროკურორმა ოთახში ლ.ბ.-ძე მოიხმო და თხოვა ყურადღებით დაკვირვებოდა ამ ოთხ ადამიანს. ლ.ბ.-ძე შეყოყმანდა და მერე თქვა: „100%-ით დარწმუნებული არ ვარ... ის კაცი უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ვიცი..., ვერ ვცნობ, ვთქვათ, სახით..., შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მარცხნიდან მეორე ან მარცხნიდან მესამე კაცი“. პროკურორმა უპასუხა: „ანუ, თქვენ დაზუსტებით ვერც ერთს ვერ ცნობთ, მაგრამ ორი კაცი, რომელიც ამოირჩიეთ, წააგავს თავდამსხმელს, რომელიც სასაფლაოზე მოვიდა”. ამის შემდეგ პროკურორმა ლ.ბ.-ძე ანგარიშის დასაწერად მიიწვია, სადაც წინადადებები თავად უკარნახა: „ჩემთვის წარდგენილ ოთხ ადამიანში ვერ ამოვიცანი ვერც ერთი, რომელმაც 2006 წლის 28 იანვარს ჩემი და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა”. ამის შემდეგ პროკურორმა ლ.ბ.-ძეს ახალი აბზაცის დაწყება თხოვა და ლ.ბ.-ძემაც შეასრულა. პროცესის ჩანაწერში ლ.ბ.-ძის მიერ გამოთქმული ეჭვები და მიმსგავსება არ არის აღნიშნული, რაც კიდევ ერთ შეცდომაზე მიუთითებს: ჩანაწერის მიხედვით ო.მ.-ოვი მარჯვნიდან მესამე ადგილას იდგა და არა მარცხნიდან მესამეზე, როგორც ეს ვიდეოჩანაწერშია ნაჩვენები.

81. 2006 წლის 8 მარტს დაკითხვის დროს კაფე „შარდენის” ბარმენმა თქვა, რომ მუსიკოსები იქამდე უკრავნენ, სანამ კაფეში კლიენტები არიან. ოფიციანტმა, რ.ა.-მ განაცხადა, რომ პერკუსიონისტი ბონგო დოლებზე პარასკევობით და შაბათ-კვირაობით უკრავდა, საღამოს 10 საათიდან დილის 2 საათამდე. იმ საღამოს რ.ა.-მ გ.დ.-ძე და ო.მ.-ოვი კაფეში შემოსვლისთანავე იცნო, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე დაძაბულობის გაგონება შეუძლებელი იქნებოდა ამ ხმაურში, რ.ა. დარწმუნებით ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანისა თუ გ.დ.-ძისა, ო.მ.-ოვის და მათი მეგობრების მაგიდასთან რაიმე ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. გ.დ.-ძის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომლის სახელსაც ის ვერ იხსენებს, ჰკითხა, რომელი ბრენდის სიგარეტები იყიდება კაფეში. იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ამ პირისათვის სასურველი სიგარეტი, ეს ადამიანი გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაძებნად.

82. 2006 წლის 8 მარტს დაიკითხნენ კაფის ბუღალტერი, ოფიციანტი ლ.მ., ოფიციანტი და კაფის სამი მეპატრონე. მათ თქვეს, რომ იმ საღამოს რაიმე ჩხუბი არ მომხდარა. ლ.მ.-მ განაცხადა, რომ მათ შესახედავად იცნეს გ.დ.-ძე, რომელიც მე-5 მაგიდასთან მეგობრებთან ერთად იჯდა. ისინი ჯერ კიდევ კაფეში იყვნენ, როცა მან სამუშაო 3:30 სთ-ზე დაასრულა. ლ.მ.-ს თქმით კაფეში მუსიკა საღამოს 10 საათიდან დილის 2 საათამდე უკრავდა.

83 მიუხედავად იმისა, თუ რა არის ნათქვამი შესაბამის ანგარიშებში, ზემოთ ხსენებული ინტერვიუების ვიდეოჩანაწერები სასამართლოსათვის წარდგენილ სისხლის სამართლის საქმეს თან არ ერთვის.

84. 2006 წლის 9 მარტს დანაშაულის ადგილას რეკონსტრუქციის დროს ლ.ბ.-ძემ თქვა, რომ ორი კაცი, რომელმაც ის მანქანიდან გადმოიყვანა და სცემდა, მასთან ბოლომდე დარჩნენ. სადღაც შორს ის ხედავდა სანდრო გირგვლიანს, რომელიც მიწაზე იწვა და სახეს ხელებით იფარავდა, ხოლო კაცი, რომელიც მას მანქანაში იდაყვით სცემდა, თავზე ადგა გასაჩუმებლად. ლ.ბ.-ძემ თქვა, რომ მეოთხე თავდამსხმელი სასაფლაოზე მათი მისვლიდან დაახლოებით ათ წუთში მოვიდა. სანამ სანდრო გირგვლიანი გაიქცეოდა, ლ.ბ.-ძემ განწირული ყვირილი და ჰაერში გასროლის ხმა გაიგონა. ამ საგამოძიებო ხერხის ვიდეო- ჩანაწერის მიხედვით ლ.ბ.-ძემ თქვა, რომ, როცა ადგომა ისევ მოახერხა, დაიწყო სანდრო გირგვლიანის სახელის ყვირილი იმ იმედით, რომ იპოვიდა. როცა გზას მიუახლოვდა, იგი კვლავ აგრძელებდა ყვირილს, მაგრამ უშედეგოდ. როცა პასუხი ვერ მიიღო, გააგრძელა სიარული. ეცადა მანქანების გაჩერებას, მაგრამ არავინ უჩერებდა მის მდგომარეობაში მყოფ ნახევრად შიშველ კაცს.

85. 2006 წლის 10 მარტს ლ.ბ.-ძე კიდევ ერთხელ დაიკითხა ადვოკატის თანდასწრების გარეშე, სადაც პროკურორმა მარტივად აუხსნა, რომ სანამ კითხვებს პასუხს გასცემდა, უფლება ჰქონდა დამცველი მოეძიებინა. სხვა საკითხებთან შორის მისი დაკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენებებსა და ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებებს შორის წინააღმდეგობას ეხებოდა იმ მომენტის შესახებ, როცა მათ კაფე დატოვეს. ტელევიზიით მან თქვა, რომ კაფეს დატოვების მომენტში სანდრო გირგვლიანს გ.ა.-იასთან შეხება არ ჰქონია.

86. ლ.ბ.-ძემ ახსნა, რომ უპირველეს ყოვლისა თავად კაფეში რაიმე დაძაბულობის ან არეულობის მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ იგი არ გამორიცხავდა „მოგვიანებითი კონფლიქტის” არსებობის შესაძლებლობას მის მეგობარსა და კაფეში მყოფ სხვა ადამიანებს შორის. გარდა ამისა, კაფეს გარეთ, როცა ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, რაიმე ინციდენტი ან უსიამოვნება არ მომხდარა. თუმცა, ის არ გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ მის მეგობარს შესაძლოა კაფედან გამოსვლის დროს ვინმეს მიმართ გაბრაზება გამოეხატა, მაგრამ ეს მას არ შეუმჩნევია. პროკურორმა შეახსენა, რომ ის საჭირო ოთახში გავიდა მაშინ, როცა სანდრო გირგვლიანმა კაფედან გამოსვლა დაიწყო და რომ ის სანდროს შემდეგ გამოვიდა, მაგრამ მის გვერდით არ ყოფილა. ლ.ბ.-ძე დაეთანხმა, რომ მის მეგობარს შესაძლოა რაიმე შემთხვეოდა და ეს მას ვერ შეემჩნია. პროკურორმა ჩანაწერისათვის შემდეგი ფრაზები უკარნახა: „მე არ მახსოვს იყო თუ არა რაიმე პრობლემა როცა კაფეს ვტოვებდი, ვინაიდან, თუ სწორად მახსოვს, საჭირო ოთახში გავედი. შესაბამისად, ვერ ვიტყვი ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე ინციდენტს ამ ადგილას”. პროკურორმა აუხსნა, რომ „ინციდენტში” ის სიტყვების მიმოცვლას გულისხმობდა. ლ.ბ.-ძე დათანხმდა.

87. პროკურორი განსაკუთრებით აპელირებდა იმ საკითხზე, რომ ინცინდენტი შესაძლოა კაფედან გამოსვლის მომენტში მომხდარიყო და ლ.ბ.-ძეს ჰკითხა, შეეძლო თუ არა დანამდვილებით ეთქვა, რომ ბრალდებული გ.ა.-ია მათი კაფედან გამოსვლის მომენტში იქ არ იყო. ლ.ბ.-ძემ ვერ თქვა იყო თუ არა ეს ადამიანი იქ.

88. ამის შემდეგ პროკურორმა ლ.ბ.-ძეს ტელევიზიით გაკეთებულ მის კომენტართან დაკავშირებით ჰკითხა, რომლის მიხედვითაც ო.მ.-ოვი შესაძლოა ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ყოფილიყო, რომელიც მას სასაფლაოზე სცემდა. პროკურორმა მას შეახსენა, რომ 2006 წლის 8 მარტს მან ვერ შეძლო ო.მ.-ოვის იდენტიფიკაცია და სთხოვა ახსნა-განმარტება. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით ლ.ბ.-ძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ შეძლო ო.მ.-ოვის იდენტიფიცირება, ის ვერ გამორიცხავდა მისი სასაფლაოზე ყოფნის შესაძლებლობას. როცა ჰკითხეს, მართლა იყო თუ არა იქ ო.მ.-ოვი, ლ.ბ.-ძემ თქვა, რომ ვერ იტყოდა, რომ ის აქ არ იყო. ამ პასუხების ჩანაწერში ჩართვის მიზნით პროკურორმა ლ.ბ.-ძეს შემდეგი უკარნახა: „მე ვერ ვიტყვი, რომ ო.მ-ოვი სასაფლაოზე მყოფ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი არ იყო... მე ვერ შევძელი ო.მ.-ოვის ამოცნობა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ მან ან სხვა ადამიანმა ამ დანაშაულში მიიღეს მონაწილეობა.”

89. 2006 წლის 10 მარტს პროკურორს მეორე განმცხადებელმა აცნობა, რომ იგი თანახმაა მის მეუღლეს, პირველ განმცხადებელს მიენიჭოს სამოქალაქო მხარის სტატუსი, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ერთდროულად ორივეს არ შეეძლო სამოქალაქო მხარის სტატუსის მიღება. პირველ განმცხადებელს სტატუსი იმავე დღეს მიენიჭა.

90. 2006 წლის 11 მარტს ბ.ე.-ს მიერ 2006 წლის 2 მარტს მიცემული ჩვენება დანაშაულის ადგილზე შემოწმდა. ოქროყანის მაცხოვრებელი ეს ახალგაზრდა კაცი სანდრო გირგვლიანის მეგობრებს მისი გვამის ტყეში მოძებნაში დაეხმარა. ბ.ე.-მ აჩვენა ადგილი, სადაც სასაფლაოს გვერდით ხეობა ჩადის. მან პირველად სისხლის კვალი დაინახა, რომელიც თოვლზე იყო დარჩენილი. სანდრო გირგვლიანის მეგობრებთან ერთად სისხლის ნიშნებს მისდია. ახალგაზრდა კაცმა დაადასტურა, რომ მხოლოდ ერთი დაჭრილი ადამიანის ნაკვალევი ჩანდა.

91. 2006 წლის 13 მარტს შემოწმებამ აჩვენა, რომ დამნაშავეებს 17 წუთი და 33 წამი დასჭირდებოდათ კაფე „შარდენიდან” ოქროყანის სასაფლაომდე მანქანით მისასვლელად, რომელიც 6.3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ო.მ.-ოვს 18 წუთი და 20 წამი დასჭირდებოდა კაფედან 5.5 კმ-ით დაშორებულ ბ. სუპერმარკეტამდე მისასვლელად.

92. 2006 წლის 14 მარტს კაფე „შარდენის” მენეჯმენტიდან მიღებული წერილის მიხედვით მათი სამეთვალყურეო კამერა მხოლოდ ბარის ტერიტორიას აკონტროლებდა და სურათებს არ იწერდა.

93. 2006 წლის 15 მაისს დაკითხვის დროს კაფეს დაცვის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ისინი შესასვლელთან, ორ კარებს შორის იდგნენ. მუსიკა ძალიან ხმამაღლა უკრავდა და ხალხს ხმამაღლა საუბარი უწევდა, რათა მათი ხმა სხვებსაც გაეგონათ. მათ განაცხადეს, რომ შიგნით კაფეში რაიმე აურზაურს ადგილი არ ჰქონია. ისინი გარეთ გამართულ ჩხუბს ვერ გაიგონებდნენ ხმამაღალი მუსიკის გამო. მათ ქუჩის დანახვა დიდი ფანჯრების მეშვეობით შეეძლოთ, მაგრამ შემთხვევას ვერ დაინახავდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იყვნენ თვალ-ყური ედევნებინათ არა ქუჩაში მიმდინარე მოვლენებისათვის, არამედ შიგნით კაფესა და შესასვლელში არსებული სიტუაციისათვის.

94. 2006 წლის 13 მარტს პირველმა განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან ტელევიზიით თ.მ.-ძის ინტერვიუ იხილა, სადაც თ.მ.-ძემ თქვა, რომ თ.ს-აიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მძღოლმა, ლ.ჩ.-შვილმა იმ საღამოს ორი კოლოფი სიგარეტი მოუტანა. იმის გათვალისწინებით, რომ თ.ს.-აიასათვის ორი კოლოფი სიგარეტის მოსაწევად ორი საათი საკმარისი არ იყო, პირველმა განმცხადებელმა მოითხოვა, რომ იქ მყოფი ადამიანებისათვის ეკითხათ, რატომ გავიდა ო.მ.-ოვი კაფედან იგივე დროს, როცა მისი შვილი და ლ.ბ.-ძე. მან ასევე მოითხოვა, რომ ო.მ.-ოვისათვის ეკითხათ, თუ როგორ მოხდა, რომ ბ. სუპერმარკეტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერები აჩვენებს, რომ იგი იმ საღამოს იქ არ ყოფილა.

95. მან ასევე საგამოძიებო ზომებში მონაწილეობის მიღება მოითხოვა სსსკ-ის 69-ე მუხლის „ი” პუნქტის მიხედვით.

96. 2006 წლის 15 მარტს პირველი შუამდგომლობა მონაწილეობის თაობაზე პროკურორმა იმ მიზეზით არ დააკმაყოფილა, რომ მის მიერ დასმული საკითხები უკვე გამოძიებული იყო და ხელახალი გამოძიების საჭიროება არ არსებობდა.

97. თუმცა, განმცხადებელმა მოგვიანებით გაიგო, რომ მის მიერ 2006 წლის 13 მარტს დაყენებული საკითხების გამოსარკვევად პროკურორმა დაკითხა ა.კ.-ძე და თ.მ.-ძე 2006 წლის 13 მარტს და დ.ა.-აია, ვ.ს.-ძე, თ.ს.-აია და გ.დ.-ზე 2006 წლის 20 ივნისს, მისი პროცესის შესახებ ინფორმირების ან მოწვევის გარეშე. 

      

 (ა) შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრების ჩვენებები

 

i. თ.მ.-ძე, სანდრო გირგვლიანის მეგობარი ქალი

98. 2006 წლის 13 მარტს დაკითხვის დროს თ.მ.-ძემ გაანცხადა, რომ 2006 წლის 27 იანვრის საღამოს დაახლოებით 10:30 საათზე გამოუარა მისმა მეგობარმა, ა.კ.-ძემ და წაიყვანა. მას თავისი სახლიდან მანქანამდე მისვლა გაუჭირდა, ვინაიდან თბილისის ქუჩები ამ დროს ყინულით იყო დაფარული. თ.მ.-ძემ დაინახა, რომ ა.კ.-ძე მანქანაში მარტო არ იყო. აქვე იჯდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე, თ.ს.-აია, რომელსაც კარგად იცნობდა და ვ.ს.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც ადრე არ შეხვედროდა. მანქანას ვ.ს.-ძის მძღოლი მართავდა. ისინი კაფე „შარდენში” წავიდნენ. კაფეში თავისუფალ მაგიდასთან დასხდნენ და შინაგან სქმეთა მინისტრის მეუღლემ ვ.ს.-ძის მძღოლს მისთვის კ-ბრენდის სიგარეტის მოტანა თხოვა. მძღოლი, ლ.ჭ.-შვილი გავიდა და ათ წუთში კ-ბრენდის სიგარეტის ორი კოლოფით დაბრუნდა. ამის შემდეგ ლ.ჭ.-შვილი კაფედან გავიდა და მანქანაში იცდიდა მთელი საღამოს განმავლობაში.

99. დაახლოებით შუაღამისას თ.მ.-ძეს სანდრომ დაურეკა. როგორც სჩანს, მათ უსიამოვნება ჰქონდათ და სანდროს შერიგება სურდა. თ.მ.-ძემ უარი განაცხადა მის ნახვაზე, მაგრამ სანდრო გირგვლიანი არ მოეშვა. მაშინ თ.მ.-ძემ მას ქალაქის სხვა ნაწილში მდებარე კაფეზე უთხრა და თქვა, რომ არ უნდოდა მისი ნახვა. ტელეფონზე სასაუბროდ იგი კაფეს შემოსასვლელში გავიდა, სადაც მუსიკა ისე ხმამაღლა არ ისმოდა.

100. სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლესა და მის მეგობრებს დ.ა.-აია და ო.მ.-ოვი შემოუერთდნენ. 5-10 წუთის შემდეგ გ.დ.-ძეც მოვიდა.

101. დაახლოებით დილის 1:15 ან 1:20 საათზე კაფეში სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე შემოვიდნენ. სანდრო თ.მ.-ძესთან მივიდა, გადაკოცნა და ჰკითხა, როგორ არის. შემდეგ ის ოთახში სხვა ნაცნობებთან მივიდა. 15-20 წუთის შემდეგ მან თ.მ.-ძეს ანიშნა, რომ წასვლას აპირებდა. როცა თ.მ.-ძემ ჰკითხა, სად მიდიოდა, სანდრო გირგვლიანმა უპასუხა, რომ ნასვამი იყო და სახლში უნდა წასულიყო. წასვლის მაგივრად იგი ლ.ბ.-ძესთან ერთად მეზობელ მაგიდასთან დაჯდა და ყავა შეუკვეთა. შემდეგ თ.მ.-ძეს ანიშნა მათთან გადმოსულიყო. რამდენიმე წუთის შემდეგ თ.მ.-ძემაც შეიცვალა მაგიდა. განმცხადებლების შვილმა მას ჰკითხა, ვინ არიან ის კაცები, რომელთან ერთადაც ის ამ საღამოს იყო. თ.მ.-ძემ უპასუხა, რომ ისინი მეგობრის მეგობრები არიან და კარგად თავადაც არ იცნობდა. სანდრო გირგვლიანმა ჰკითხა, რას აკეთებდა საღამოს უცხო პირების გარემოცვაში. თ.მ.-ძემ უპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და გაიკვირვა, რომ ის კაფე „შარდენში” ამხელა გზაზე მოვიდა, რათა მისთვის ასეთი კითხვა დაესვა. შემდეგ სანდრო გირგვლიანმა ჰკითხა, რას აკეთებდა „ამ პიდარასტთან” ერთად – გულისხმობდა გ.დ.-ძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროს სპიკერი გახლდათ. თ.მ.-ძის თქმით მათი საუბრის ტონი, რომელიც 15-20 წუთი გრძელდებოდა „უხამსი” იყო და სანდრო გირგვლიანი ხელებსაც ამოძრავებდა. რაღაც მომენტში ა.კ.-ძემ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი მეგობრები და თ.მ.-ძესთან მივიდა, რათა ეკითხა, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. თ.მ.-ძემ თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ა.კ.-ძე საჭირო ოთახში გავიდა და უკან დაბრუნებულმა ჰკითხა თ.მ.-ძეს რას აკეთებდა. თ.მ.-ძემ უთხრა, რომ მაგიდას მალევე დაუბრუნდებოდა. საუბრის ბოლოს სანდო გირგვლიანმა თ.მ.-ძეს კაფედან მასთან ერთად წასვლა შესთავაზა. თ.მ.-ძემ უთხრა, რომ მოგვიანებით შეუერთდებოდა და თხოვა ერთ საათში დაერეკა. ამის შემდეგ თ.მ.-ძე მის მაგიდას დაუბრუნდა. მინისტრის მეუღლემ ჰკითხა „ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა”. თ.მ.-ძემ უპასუხა, რომ ის კარგად იყო.

102. ათ წუთში სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე ადგნენ და კაფედან გავიდნენ. გირგვლიანმა დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია თ.მ.-ძეს, რომელმაც ასევე დაუქნია ხელი და უთხრა, რომ მოგვიანებით შეუერთდებოდა.

103. თ.მ.-ძემ თქვა, რომ სანამ იტყოდა „მოგვიანებით გნახავ” მან გაიგონა, მინისტრის მეუღლე როგორ თხოვდა ო.მ.-ოვს მისთვის სიგარეტი მოეტანა, ვინაიდან კოლოფში მხოლოდ 2-3 ღერი იყო დარჩენილი. თ.მ.-ძის გვერდით მჯდომი ო.მ.-ოვი წამოდგა და თ.მ.-ძის ხედვის არეალი დაფარა. თ.მ.-ძე გადაიხარა და ასე უთხრა სანდრო გირგვლიანს, რომ მოგვიანებით შეუერთდებოდა. ო.მ-ოვი გასასვლელისაკენ იგივე დროს გავიდა, როცა სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე გადიოდნენ. თ.მ.-ძე მისი ადგილიდან კარებს ვერ ხედავდა და შესაბამისად არ იცის პირველად ვინ გავიდა, ო.მ.-ოვი თუ სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი. თუმცა, ის ხედავდა საჭირო ოთახის კარებს და დარწმუნებულია, რომ ამ სამი კაციდან საჭირო ოთახში კაფედან გასვლამდე არც ერთი არ შესულა.

104. თ.მ.-ძე დაპირებისამებრ ელოდებოდა სანდრო გირგვლიანის ზარს და საათზე ხშირად იყურებოდა. სწორედ ამის გამო არის დარწმუნებული, რომ ო.მ.-ოვი, რომელიც სანდრო გირგვლიანსა და ლ.ბ.-ძესთან ერთად გავიდა კაფედან, დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში იყო წასული. როცა სანდრო გირგვლიანმა არ დაურეკა, თ.მ.-ძე გაბრაზდა და წასვლა დააპირა. ა.კ.-ძემ უთხრა, რომ მალე ისედაც ყველა აპირებდა წასვლას. თ.მ.-ძეს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ისინი ო.მ.-ოვის დაბრუნებას ელოდნენ, რათა კაფედან წასულიყვნენ.

105. ო.მ.-ოვი უკან 30-40 წუთის შემდეგ დაბრუნდა სიგარეტით ხელში. ჩანდა, რომ სციოდა. თ.მ.-ძემ ჰკითხა, სიცივე იყო თუ არა გარეთ. მან უპასუხა, რომ ძალიან სციოდა. მან ახსნა, რომ კ-ბრენდის სიგარეტები უახლოეს ტერიტორიაზე ვერ მოძებნა და ამისათვის „ბ. სუპერმარკეტში” წასვლა მოუწია.

106. დაახლოებით 2:50 საათზე საღამო დასრულდა, დაახლოებით დილის 3:00-ზე ყველა ადგა და აწვიდა. ვ.ს.-ს მძღოლმა თ.მ.-ძე და ა.კ.-ძე სახლში წაიყვანა. შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე კი სახლში დ.ა.-იამ წაიყვანა.

107. თ.მ.-ძე სახლში დილის 3:10 სთ-ზე მივიდა.

108. პროკურორის კითხვაზე პასუხად თ.მ.-ძემ თქვა, რომ მას სანდრო გირგვლიანთან ან „მის მეგობარ ლ.ბ.-ძესთან დაძაბული საუბარი არ ჰქონია. გარდა ერთ-ერთისათვის პიდარასტის” დაძახებისა გირგვლიანს სხვა ადამიანებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კითხვაზე პასუხად თ.მ.-ძემ განაცხადა, რომ 80% იყო შანსი, რომ სხვა ადამიანებს არ გაუგონიათ ეს სიტყვა, ვინაიდან სანდრო გირგვლიანი ჩვეულებრივ ხმაზე საუბრობდა და მუსიკა ძალიან ხმამაღლა უკრავდა. მან ასევე თქვა, რომ როცა მეგობრების მაგიდასთან დაბრუნდა, არ უთქვამს თუ რა უწოდა სანდრო გირგვლიანმა გ.დ.-ძეს. მან ასევე აღნიშნა, რომ განმცხადებლების შვილსა და მაგიდასთან მჯდარ ადამიანებს შორის რაიმე კონტრაქტი არ ყოფილა.

109. სატელევიზიო ინტერვიუს დროს თ.მ.-ძემ აღნიშნა, რომ ო.მ.-ოვი სანდრო გირგვლიანსა და ლ.ბ.-ძეს გაჰყვა კაფედან.

110. ბ. სუპერმარკეტის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების გადასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ო.მ.-ოვი იმ საღამოს იქ არ შესულა.

 

ii. ა.კ.-ძე, თ.მ.-ძის მეგობარი

111. მეორე დაკითხვის დროს, 2006 წლის 13 მარტს ა.კ.-ძემ განაცხადა, რომ მან და მისმა მეგობარმა თ.მ.-ძეს სახლთან დაახლოებით საღამოს 10:30 საათზე გაუარეს. მან თქვა, რომ არ შეუნიშნავს კონკრეტულად რა დროს მივიდა თ.მ.-ძე სანდრო გირგვლიანის მაგიდასთან. თუმცა, თ.მ.-ძესა და სანდრო გირგვლიანს შორის 5-10 წუთიანი საუბარი მშვიდი იყო და სანდროს მისი თანმხლები პირების შესახებ არც კი უსაუბრია. ა.კ.-ძე დარწმუნებულია, რომ მას არ გაუგონია სანდრო გირგვლიანის მიერ ვინმეს შეურაცხყოფა. როცა თ.მ.-ძე მაგიდასთან დაბრუნდა, ა.კ.-ძემ მას ჰკითხა, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ესაუბრებოდა. თ.მ.-ძემ უპასუხა, რომ ის მეგობარი იყო და უნდოდა რომ თ.მ.-ძე მასთან ერთად წასულიყო. ა.კ.-ძემ უპასუხა, თუ უნდოდა, შეეძლო წასულიყო. თ.მ.-ძე კარგ ხასიათზე იყო. ა.კ.-ძემ დაადასტურა, რომ ო.მ.-ოვი კაფედან რაღაც მომენტში გავიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლისათვის სიგარეტის საყიდლად. მისი აზრით ის დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში იყო წასული. მან დაადასტურა, რომ დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს ორი კოლოფი სიგარეტი ჰქონდა. ა.კ.-ძე არ ეწეოდა. მან კატეგორიულად უარყო თ.მ.-ძესთან მისვლა იმ დროს, როცა ის სანდროს ესაუბრებოდა და კითხვა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა.

112. ინტერვიუს ჩანაწერიდან გამომდინარე ინტერვიუ ფირზე იქნა აღწერილი, მაგრამ საქმის მასალებისგან განსხვავებით ეს ჩანაწერი სასამართლოსათვის წარდგენილ სისხლის სამართლის საქმეს თან არ ახლდა.

  

iii. დ.ა.-აია. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი

113. 2006 წლის 12 მარტს და 20 ივნისს დაიკითხვის დროს დ.ა.-აიამ ორივეჯერ გაიმეორა, რომ ის კაფეში ო.მ.-ოვთან ერთად დაახლოებით 11:30 საათზე მივიდა მისი ოფიციალური მანქანით. მან დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ო.მ.-ოვს კ-ბრენდის სიგარეტის მოტანა თხოვა. დ.ა.-აიამ ო.მ.-ოვს ანიშნა ისე მოქცეულიყო, როგორც თხოვეს და მისი სამსახურის მანქანის გასაღები მისცა. დ.ა.-აიამ მოგვიანებით შეიტყო, რომ კაფედან გასვლისას ო.მ.-ოვმა დ.ა.-აიას მძღოლს თხოვა მანქანა წაეყვანა და სიგარეტი მოეტანა. დ.ა.-აიას თქმით ო.მ.-ოვი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გასული და უკან სიგარეტის შეკვრით მოვიდა, რომელიც მან “ბ. სუპერმარკეტის ახლოს იყიდა”. დ.ა.-აიას თქმით, ო.მ.-ოვი წყნარად იყო.

114. დ.ა.-აიამ თქვა, რომ იმ საღამოს არ ეწეოდა. იგი ადასტურებს, რომ ტელეფონით რამდენიმეჯერ ესაუბრა გ.ა.-იას რათა გაეგო, მოდიოდა თუ არა. ის თავდაპირველად მოსვლას აპირებდა, მაგრამ დაახლოებით დილის 3 საათისათვის გ.ა.-იამ თქვა, რომ ვეღარ ახერხებდა მოსვლას. კაფეში მოსვლისას დ.ა.-იამ ო.მ.-ოვის მობილური ტელეფონი გამოიყენა თავისი სიმ ბარათით, ვინაიდან მისი ტელეფონის ბატარეა დაცლილი იყო.

115. დ.ა.-აია ამტკიცებს, რომ მისი ჯგუფის წევრებიდან არც ერთს ჰქონია რამე ინცინდენტი ან უსიამოვნება კაფეში მყოფ სხვა ადამიანებთან.

116. და ბოლოს, დ.ა.-აიამ ახსნა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ აცნობა მისი ერთ-ერთი დეპარტამენტის რეგიონალური დირექტორის მიერ 2006 წლის 2 თებერვალს მიწოდებული ინფორმაციის შესახებ (იხ. §§50-52 ზემოთ). მინისტრმა მას წერილობით გამოძიების გაგრძელება და საქმეზე სიმართლის დადგენა უბრძანა.

 

iv. ვ.ს.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი

117. 2006 წლის 12 მარტსა და 20 ივნისს დაკითხვის დროს ვ.ს.-ძემ დაადასტურა ის, რაც თ.მ.-ძემ თქვა მათი კაფეში მოსვლის შესახებ. მან დაამატა, რომ მისვლამდე დაურეკა დ.ა.-აიას და საერთო მეგობრის, გ.ა.-აიას წამოყვანაც თხოვა. დ.ა.-აიას თქმით გ.ა.-ია უნდა შეერთებოდა მათ, მაგრამ ბოლოს არ მოვიდა.

118. ვ.ს.-ძემ დაადასტურა, რომ რაღაც მომენტში თ.მ.-ძე მეორე მაგიდასთან მივიდა, ხოლო მეორე მომენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ო.მ.-ოვს სიგარეტის მოტანა თხოვა. ვ.ს.-ძის თქმით ო.მ.-ოვი 15-20 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ვ.ს.-ძე არ ეწეოდა. მან ასევე თქვა, რომ მის მეგობრებსა და კაფეში მყოფ სხვა ადამიანებს შორის რაიმე ინციდენტს ან დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

 

v. თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე

119. 2006 წლის 12 მარტსა და 20 ივნისს დაკითხვების დროს თ.ს.-აიამ აღნიშნა, რომ მას და ა.კ.-ს ვ.ს.-ძემ გამოუარა სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელსაც მძღოლი მართავდა. ისინი თ.მ.-ძის მოსაყვანად წავიდნენ და კაფეში დაახლოებით საღამოს 11 საათზე მივიდნენ. დ.ა.-აია და ო.მ.-ოვი დაახლოებით დილის 12:30 საათზე მოვიდნენ, ხოლო გ.დ.-ძე დაახლოებით 1:15 სთ-ზე შემოუერთდა. მოვლენების დანარჩენი აღწერა იმეორებს ვ.ს.-ძეს მიერ აღწერილ ვერსიას.

120. თ.ს.-აიამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც თ.მ.-ძე მაგიდასთან სანდროსთან საუბრის შემდეგ დაბრუნდა, მან ჰკითხა, „წესრიგში იყო ყველაფერი თუ არა”. თ.მ.-ძემ წყნარად უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. თ.ს.-აიამ დაადასტურა, რომ მოგვიანებით ო.მ.-ოვს კ-ბრენდის სიგარეტის მოტანა თხოვა. ო.მ.-ოვი 20-25 წუთში დაბრუნდა. თ.ს.-აიამ თქვა, რომ კაფეში მისვლიდან მალევე ვ.ს.-ს მძღოლმა მას სიგარეტის ორი კოლოფი მოუტანა, რომელიც ბ. სუპერმარკეტის ახლოს იყიდა. თ.ს.-აიამ ასევე აღნიშნა, რომ მის მეგობრებსა და კაფეში მყოფ სხვა პირებს შორის რაიმე დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. შუაღამის დადგომასთან ერთად ვ.ს.-ს ყველამ ერთად მიულოცა დაბადების დღე.

121. თ.ს.-აია სახლში დ.ა.-აიამ მიიყვანა სამსახურის მანქანით. მათთან ერთად მანქანაში ო.მ.-ოვი და გ.დ.-ძე ისხდნენ.

 

vi. გ.დ.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი და მინისტრის სპიკერი

122. 2006 წლის 20 ივნისს დაკითხვის დროს გ.დ.-მ ახსნა, რომ მისმა მეგობარმა, მინისტრის მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ კაფე „შარდენში” სადილობდა და მოიწვია შესახვედრად. გ.დ.-ძე კაფეში დაახლოებით ღამის 11:50 სთ-ზე მივიდა. პროკურორის კითხვაზე გ.დ.-ძემ უპასუხა, რომ ჩვეულებრივ არ ეწევა, მაგრამ იმ საღამოს მოსწია მაგიდაზე დადებული სიგარეტი. იგივე სიგარეტს ეწეოდა ყველა, გარდა დ.ა.-აიასა და ვ.ს.-ძისა. რაღაც მომენტში შენიშნა, რომ სიგარეტი აღარ იყო, მაგრამ მოგვიანებით ვიღაცამ ისევ მოიტანა. მას არ შეუნიშნავს, ვინ გავიდა სიგარეტის საყიდლად.

123. გ.დ.-ძემ არ იცოდა, რომ მისი კოლეგა, გ.ა.-იაც უნდა მოსულიყო კაფეში იმ საღამოს. მან არ იცის რაიმე ინცინდენტის შესახებ, რომელიც შესაძლოა მისი მეგობრებისა და კაფეში მყოფ სხვა ადამიანებს შორის მომხდარიყო და არ გაუგონია მის მიმართ რაიმე შეურაცხყოფა.

 

vii. ლ.ჭ.-შვილი, ვ.ს.-ძის მძღოლი

124. 2006 წლის 12 მარტს დაკითხვის დროს ვ.ს.-ძის მძღოლმა დაადასტურა, რომ საღამოს დასაწყისში მინისტრის მეუღლეს ორი კოლოფი სიგარეტი მოუტანა. მოგვიანებით, როცა წვეულების დასრულებას მანქანაში ელოდებოდა, ო.მ.-ოვმა დაუძახა და მიიყვანა ახლომდებარე პარკინგზე, სადაც დ.ა.-აიას მანქანა იდგა. ლ.ჭ.-შვილმა მისი მანქანა დაკეტა და ო.მ.-ოვისაკენ გაემართა. კაფე შარდენს რომ ჩაუარა, დაინახა გ.ა.-ია, რომელიც სწრაფად მოდიოდა. მიესალმა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. გ.ა.-ია მარტო იყო. პარკინგზე ო.მ.-ოვმა ლ.ჭ.-შვილს უთხრა, რომ ნასვამი იყო და არ უნდოდა დ.ა.-აიას სამსახურის მანქანის საჭესთან დაჯდომა სიგარეტის საყიდლად. მან საჭესთან დაჯდომა ლ.ჭ.-შვილს თხოვა. ისინი გავიდნენ სიგარეტის მოსაძებნად და იპოვეს ბ. სუპერმარკეტის ახლოს. უკან 30 წუთში დაბრუნდნენ.

 

(ბ) გამოძიების შემდგომი ეტაპები

125. 2006 წლის 22 მაისს სანდრო გირგვლიანის მეგობრის, რომელმაც მისი გვამი აღმოაჩინა, გ.გ.-ს ჩვენება დანაშაულის ადგილას შემოწმდა. მან ახსნა, რომ მის მისვლამდე პოლიცია უკვე ადგილზე იყო და სასაფლაოსთან თოვლში ბევრი ნაკვალევი ჩანდა. გ.გ.-მ აჩვენა ადგილი ხის ქვეშ, რომელიც მან დაინახა და სისხლიანი სახით დატოვებულ კვალს ჰგავდა. მეგობრებმა სასაფლაოს ტერიტორია და მდინარის ხეობები დაათვალიერეს. მათ სოფლის ახალგაზრდა მაცხოვრებელი დაინახეს, რომელიც ჩიტებზე ნადირობდა და დახმარება თხოვეს (იხ. §19 ზემოთ). ახალგაზრდამ მოშორებით სისხლის დიდი კვალი დაინახა. მათ შეხედეს, რომ ეს კვალი კიდევ სხვა კვალისაკენ მიდიოდა, რაც აჩვენებდა, რომ სანდრო გირგვლიანი ხშირად ჯდებოდა დასასვენებლად. რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ განმცხადებლების შვილი, ალბათ, ხის მორიდან გადავარდა და ისევ ასვლა სცადა. ტყის პირას იგი ბუჩქებში შევიდა და ეკალ-ბარდებში ჩავარდა.

126. 2006 წლის 23 მარტს პირველმა განმცხადებელმა საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელთან შუამდგომლობა დააყენა, რომ პატიმრობის შესახებ კანონის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით ოთხივე ეჭვმიტანილი თბილისის მე-7 საპყრობილეში ერთსა და იგივე საკანში იმყოფება. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო შეძლეს მათ თავიანთი ჩვენებების კოორდინირება და სიმართლის დაფარვა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის («სსსკ») 161-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მან პატიმრების დაცალკვება მოითხოვა.

127. იმავე დღეს პირველმა განმცხადებელმა იგივე შუამდგომლობა ბ.ა.-აიას, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსსა და მთავარ პროკურორს წარუდგინა.

128. 2006 წლის 30 მარტს პირველმა განმცხადებელმა პროკურატურაში დაიჩივლა, რომ მას 2006 წლის 23 მარტს შეტანილ საჩივარზე პასუხი არ მიუღია.

129. 2006 წლის 29 მარტს პირველმა განმცხადებელმა საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელთან იჩივლა, რომ ბ.ა.-აია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ასევე დ.ა.-აიას ძმაა, უზრუნველყოფდა ოთხი ეჭვმიტანილის კომფორტს ციხეში, მათთვის ალკოჰოლიცა და წამლებიც ხელმისაწვდომი იყო. მეზობელ საკნებში მყოფ პატიმრებს ხშირად ესმოდათ სიცილი და კარგი დროსტარება. პირველი განმცხადებელი ამბობდა, რომ ბ.ა.-აია მათ ასე კარგად იმიტომ ექცეოდა, რომ მათ ადგილას მისი ძმა, დ.ა.-აია არ მოხვედრილიყო. განმცხადებელი ხელისუფლებას, თხოვდა ამ პირებისათვის არ მიეწოდებინათ ალკოჰოლი და წამლები და 48 საათის განმავლობაში შეემოწმებინათ სისხლში ალკოჰოლისა თუ წამლის შემცველობის დასადგენად. იგი ამ პროცესში სამოქალაქო მხარის მემკვიდრის სახით მონაწილეობის უფლებამოსილებასაც ითხოვდა.

130. ამ საჩივარს რამე შედეგი არ მოჰყოლია.

131. 2006 წლის 27 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები 2006 წლის 8-23 მარტს მართლაც იმავე კამერაში იმყოფებოდნენ, ვინაიდან თბილისის მე-7 საპყრობილეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასამართლოსათვის მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეჭვმიტანილები იგივე საკანში იმყოფებოდნენ. საქმეში ასევე დევს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მე-7 საპყრობილეში ერთ-ერთი კომპანია სარემონტო სამუშაოებს 2006 წლის 21 თებერვლიდან 25 მარტამდე აწარმოებდა.

132. 2006 წლის 28 აპრილს ცვლილება შევიდა კანონში პატიმრობის შესახებ და 86-ე მუხლის მეორე ნაწილიდან წაიშალა სიტყვები: „ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე”.

133. პირველი განმცხადებლის აზრით, ის კომფორტი და კეთილგანწყობა, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ ოთხი ეჭვმიტანილის მიმართ აშკარად გამოიხატებოდა მათ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ბრალის დასაფარად ხდებოდა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ კაფე „შარდენში”. მან განაცხადა, რომ ფაქტობრივად გ.ა.-აია, ა.ა.-ური და ა.ღ.-ავა, სამი ბრალდებული კაფეში მას შემდეგ მივიდა, რაც მისი შვილის მიერ სამინისტროს სპიკერის შეურაცხყოფის გამო დასასჯელად ტელეფონით გამოიძახეს.  

134. 2006 წლის 25 აპრილს თბილისის საქალაქო პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, რომელსაც დ.ა.-აია ხელმძღვანელობდა იმ სისხლის სამართლის საქმის მასალები თხოვა, რომელშიც მერსედეს ML მკიცებულების სახით იქნა ამოღებული.

135. აღნიშული მასალებიდან ჩანს, რომ ავტომანქანა 2005 წლის 19 ოქტომბერს იქნა დაყადაღებული, როგორც დამნაშავეობრივი გზით შეძენილი. 2005 წლის 13 დეკემბერს, როცა მოცემული საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, მანქანის მფლობელმა საჩივარი წარადგინა გენერალურ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი ავტომანქანა 2005 წლის 6 დეკემბერს დაინახა თბილისის ქუჩებში ახალი ნომრებით (WAW 293). მან თქვა, რომ გაჰყვა ავტომანქანას და სურათები გადაუღო, ხოლო მძღოლს კი ჰკითხა, თუ რა უფლებით ატარებდა მანქანას, რომელიც დაყადაღებული იყო. პასუხად მას მძღოლი დაემუქრა. მანქანის მფლობელი ამბობდა, რომ შეუძლია მძღოლის ამოცნობა და მოითხოვა გამოძიების დაუყოვნებლივ ამოქმედება. 2005 წლის 13 დეემბერს გენერალურმა პროკურატურამ საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციურ უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაუგზავნა „სასწრაფო შემოწმებისათვის”. ამ საჩივარს რამე შედეგი არ მოჰყოლია. 2006 წლის 4 თებერვალს საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმა გ.ა.-იას გამოართვა მანქანის გასღები, რათა მანქანა ქუთაისში გაეგზავნა და აღმოაჩინა, რომ ლუქი გახსნილი იყო. მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა მის ზემდგომს ქუთაისში და თხოვა შესაბამისად ემოქმედა.

136. 2006 წლის 1 მაისს სანდრო გირგვლიანისა და ლ.ბ.-ძის საქმეზე პასუხისმგებელი გამომძიებლის თხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი ეჭვმიტანილის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

137. 2006 წლის 1 მაისს პირველმა განმცხადებელმა მოითხოვა, რომ მინისტრის მეუღლე, გ.დ.-ძე, დ.ა.-აია, ვ.ს.-ძე, ო.მ.-ოვი, ა.კ.-ძე და თ.მ.-ძე კიდევ ერთხელ დაკითხულიყვნენ მისი თანდასწრებით, ვინაიდან მის მიერ მოპოვებული ბ. სუპერმარკეტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერებში არ ჩანდა, რომ ო.მ.-ოვი იქ მოცემულ ღამეს შევიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შუამდგომლობა 2006 წლის 13 მარტსაც დააყენა და უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მის მიერ დასმული საკითხები უკვე გამოძიებული იყო. მან მოითხოვა ინფორმირება იმ საგამოძიებო ზომების შესახებ, რომელიც მის საჩივარში დასმული საკითხების გამოძიების მიზნით ჩატარდა, ასევე შესაბამისი დასკვნები.

138. 2006 წლის 9 მაისს მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან შესაბამისი ადამიანები უკვე რამდენიმეჯერ დაიკითხნენ, განმცხადებლის მოთხოვნაში დასმული საკითხების დაზუსტების მიზნით. მათი ჩვენებების შინაარსის გაცნობის მიზნით განმცხადებელს საქმის სასამართლოში გადაცემამდე უნდა მოეცადა, როცა მას სისხლის სამართლის საქმის ნახვის საშუალება მიეცემოდა.

139. 2006 წლის 3 მაისს გამომძიებელმა განმცხადებლები და პირველი განმცხადებლის მამა დასაკითხად მოიწვია განმცხადებლის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც მესამე მხარის მეშვეობით მოქმედმა პირმა ოჯახს დიდძალი თანხა შესთავაზა სიჩუმის სანაცვლოდ. 2006 წლის 4 მაისს განმცხადებლებმა და პირველი განმცხადებლის მამამ აღნიშნეს, რომ ისინი ამგვარ შემოთავაზების საიდუმლოებას ინახავენ, ვინაიდან სიმართლის გამჟღავნების შემთხვევაში ამბის მომტანი ადამიანის სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. მოცემულმა პირმა მათ უთხრა, რომ თუ ისინი ფულს არ აიღებდნენ და არ გაჩუმდებოდნენ, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნებოდა.  

140. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ 2006 წლის 3 მაისს პროკურატურის წარმომადგენლებმა ოთხ ეჭვმიტანილს ადვოკატების თანდასწრებით საპროცესო გარიგება შესთავაზეს. უფრო კონკრეტულად, მათ სასჯელის გაუქმება შესთავაზეს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანის ან სხვა პირის დასახელების სანაცვლოდ, რომელიც შესაძლოა ამ საქმეში ყოფილიყო ჩართული.

141. შესაბამისი ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ოთხმა ეჭვმიტანილმა უარყო ეს შემოთავაზება. ა.ა.-ურმა უპასუხა: „ყველა, ვინც იქ იყო, ახლა უკვე ციხეშია.” ა.ღ.-ავამ თქვა: „მე სახელებს არ ვასახელებ. როგორც პირველივე დაკითხვის დროს ვთქვი, არ ვიცი ვინ და რა იყო ჩარეული.” მ.ბ.-ძემ თქვა, რომ ამ საქმეში სხვა არავინ გარეული არ ყოფილა, მათ შორის არც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი მეგობრები. შემოთავაზების სრულად წაკითხვის შემდეგ მან თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ მისი თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია,” მას ამ შემოთავაზების მიღება არ შეეძლო. გ.ა.-იამ უპასუხა: „მე არ შემიძლია ამ საქმეში ჩართული მაღალჩინოსნების დასახელება.” პროკურორმა ახსნა თხოვა. გ.ა.-აიამ უპასუხა, რომ მას არ შეეძლო შემოთავაზების მიღება. პროკურორმა ისევ ჰკითხა: „თქვენ ამბობთ, რომ სხვა არავინ ჩართული არ ყოფილა? – ამას გულისხმობთ?” გ.ა.-ია დაეთანხმა. პროკურორისა და მისი ადვოკატის დახმარებით მან ჩანაწერში დააფიქსირა: „ამ დანაშაულში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სხვა რომელიმე წარმომადგენელი ან სხვა პირი ჩართული არ ყოფილა; მე არ შემიძლია ვინმეს დასახელება და, შესაბამისად, უარს ვამბობ შემოთავაზებაზე.”

142. 2006 წლის 18 მაისს მობილური ტეელფონის ერთ-ერთმა ოპერატორმა პროკურორს დისკი გადასცა, სადაც ჩამოთვლილი იყო ნომრები, რომელსაც გ.ა.-ია ესაუბრებოდა მოცემულ ღამეს და აჩვენებდა სხვადასხვა ანტენების განლაგებას, რომელიც კონკრეტულ ზარს უკავშირდებოდა. ეს ჩამონათვალი აჩვენებდა, რომ გ.ა.-ია კაფე „შარდენის” სიახლოვეს დილის 1:56 საათზე იმყოფებოდა და მოგვიანებით, 2:17 სთ-ზე და 2:35 სთ-ზე მან ორჯერ ისაუბრა ოქროყანას ანტენიდან. 2:54 სთ-ზე ის უკვე თბილისის ცენტრში იყო, მთავარ მოედანთან და კაფე „შარდენთან” ახლოს. დანარჩენი ნომრებისათვის აღნიშნული იყო ვის ესაუბრა გ.ა.-ია, მაგრამ არა ზემოთ აღნიშნული ორი ნომრისათვის. თუმცა, ამ ინფორმაციის საქმის მასალების სხვა ტომთან შედარებიდან ჩანს, რომ 2:17 სთ-სა და 2:35 სთ-ზე გ.ა.-იას ოქროყანაში ყოფნის დროს დ.ა.-აიამ დაურეკა.

143. 2006 წლის 16 მაისს ოთხმა ბრალდებულმა დანაშაულის ადგილას მათი ჩვენებების გადამოწმებაზე უარი თქვეს.

 

4. სასამართლო სხდომა

144. 2006 წლის 21 ივნისს წინასწარი გამოძიება დაიხურა. პირველ განმცხადებელსა და ლ.ბ.-ძეს გასაცნობად სისხლის სამართლის საქმის ხუთი ტომი გადაეცათ. 2006 წლის 22 ივნისს სანდრო გირგვლიანისა და ლ.ბ.-ძის მთლიანი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა განსახილველად.

145. 2006 წლის 20 ივნისს გ.ა.-იას. ა.ა.-ურს. ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძეს ბრალი წაეყენათ სიცოცხლის მოსპობის გამომწვევი სხეულის განზრახ დაზიანების, დაჯგუფების მიერ წინასწარ განზრახული თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სხვა პირების ქონებაზე ძალადობისა და დაზიანებისათვის (სსკ-ის 119-ე მუხლი, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, და „თ” ქვეპუნქტები და 187-ე მუხლის პირველი ნაწილი). გარდა ამისა, გ.ა.-იას სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ძალაუფლების გადამეტებისათვის იქნა ბრალდებული. საბრალდებო დასკვნას თან პროკურატურის წარმომადგენლების მიერ გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებების ნუსხაც ახლდა.

146. 2006 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო. იმის გამო, რომ პირველ განმცხადებელს სსსკ-ის 69-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის მიხედვით გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში საქმის მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდა, ხოლო საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ 2006 წლის 24 ივნისამდე ინფორმირებული არ იყო, მან განაცახდა, რომ კიდევ ხუთი დღე ესაჭიროებოდა სისხლის სამართლის საქმის გაცნობისა და მისი პოზიციის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო მხარისგან განსხვავებით წინასწარი გამოძიების დროს ეჭვმიტანილებს შეუზღუდავად შეეძლოთ საქმის მასალების გაცნობა, სსსკ-ის 76§3 მუხლის შესაბამისად.

147. 2006 წლის 27 ივნისს მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ პირველად განმცხადებელს და მის ადვოკატს სისხლისს სამართლის საქმეზე როგორც გამოძიების მიმდიანრეობის დროს, ასევე საქმის სასამართლოში გადაცემის დროს მიუწვდებოდათ ხელი და ამ უფლებით კვლავ შეეძლოთ ესარგებლათ პროცესის მიმდინარეობის დროს.

148. 2006 წლის 27 ივნისს სასამართლო მოსმენის დროს ლ.ბ.-ძემ სრულად გაიმეორა ყველა ჩვენება, რომელიც გამოძიების დროს მისცა. მან ახსნა, რომ ის და სანდრო გირგვლიანი კაფედან ერთად გამოვიდნენ. გ.ა.-აიაც შეიარაღებული იყო და ისიც და ა.ღ.-ავაც სცემდნენ მას. იარაღის მუქარით მას ტანისამოსის გახდა აიძულეს. თავდამსხმელებმა მისი ტანისამოსი თან წაიღეს და იგი შიდა საცვლისა და წინდების ამარა დატივეს. მან ბოლომდე ვერ ამოიცნო ო.მ.-ოვი, მაგრამ 70%-ით იყო დარწმუნებული, რომ ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი იყო (იხ. §80 ზემოთ).

149. 2006 წლის 29 ივნისს სასამართლო მოსმენის დროს თ.მ.-ძემ სრულად დაადასტურა გამოძიების დროს მიცემული მისი ჩვენებები. მისი აზრით, სანდრო გირგვლიანი მიხვდა, რომ ის კაფე „შარდენში” იმყოფებოდა, ვინაიდან სატელეფონო საუბრის დროს გაიგონა ბონგო დოლის ხმა (იხ. §99 ზემოთ). როცა ის სანდრო გირგვლიანს მის მაგიდასთან ესაუბრებოდა, მისი მეგობრებისკენ ზურგით იჯდა და ვერ დაინახა გაიგონა თუ არა გ.დ.-ძემ სანდრო გირგვლიანის მიერ მისი შეურაცხყოფა. თ.მ.-ძეს არ მოუწევია კ-ბრენდის სიგარეტი. მისი თქმით ამ სიგარეტს მხოლოდ მინისტრის მეუღლე ეწეოდა. მაგიდასთან არავის უკითხავს, უნდა მოსულიყო თუ არა გ.ა.-ია.

150. 2006 წლის 30 ივნისს დ.ა.-აიამ სრულად დაადასტურა გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები. მან გაიმეორა, რომ კაფეში მან ო.მ.-ოვის მობილურ ტელეფონში გადაიტანა საკუთარი სიმ ბარათი, ვინაიდან მისი ტელეფონის ბატარეა დაცლილი იყო. მან დაამატა, რომ კაფეში მყოფი სამინისტროს წარმომადგენლების სატელეფონო ამონაწერში ყველაზე ხშირად მოცემული ნომერი (877 798960) მისი კოლეგის, მ.-ელის ნომერი იყო.

151. თუმცა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოცემული იყო შესაბამისი მობილური ოპერატორის მიერ მიწოდებული 2006 წლის 2 მარტით დათარიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც ნომერი 877 79 89 60 შპს. „ფალკოს” წარმომადგენელ ვინმე კ.ნ.-ს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ზოგი პირის მიერ მიღებული და გაკეთებული სატელეფონო ზარების ჩანაწერები, რომელიც გამოძიებამ სხვადასხვა დროს ამოიღო და საქმეს დაურთო აჩვენებს, რომ ამ ნომერზე მოცემულ ღამეს უკავშირდებოდნენ:

-      გ.ა.-ია დილის 12:31, 1:04, 1:26, 1:46, 2:01 და 2:12 სთ-ზე

-      დ.ა.-ია დილის 1:28 სთ-ზე

-      გ.დ.-ძე დილის 1:32, 1:36, 1:45 სთ-ზე

-      ო.მ.-ოვი დილის 1:26 და 1:27 სთ-ზე.

გარდა ამისა, ეს ჩანაწერები აჩვენებს, რომ გ.დ.-ძე და ვ.ს.-ძე კიდევ ერთ სატელეფონო ნომერს, 877 76 76 90, რამდენიმეჯერ დაუკავშირდნენ დილის 1:50-1:55 საათებში და რომ დ.ა.-აიამ გ.დ.-ძეს 1:56 სთ-ზე დაურეკა.

152. 2006 წლის 30 ივნისს მინისტრის მეუღლემ, თ.ს.-აიამ სრულად დაადასტურა მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები. მან დაამატა, რომ არ იცოდა იყო თუ არა გ.ა.-ია მოწვეული. დ.ა.-აია ხშირად საუბრობდა ტელეფონით, მაგრამ ხმაურის გამო არ გაუგონია კერძოდ რაზე იყო საუბარი.

153. 2006 წლის 30 ივნისს ვ.ს.-ძემ სრულად დაადასტურა მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები. მან ახსნა, რომ დ.ა.-აიასგან გაიგო, რომ გ.ა.-ია მათ კაფეში უნდა შემოერთებოდა.

154. 2006 წლის 30 ივნისს გ.დ.-ძემ სრულად დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და დაამატა, რომ არ იცოდა უნდა შემოერთებოდათ თუ არა გ.ა.-ია (იხ. §74 ზემოთ). მან ასევე განაცხადა, რომ არ იყო გამორიცხული დ.ა.-აიას ან სხვა ვინმეს მისი ტელეფონი გამოეყენებინა, რომელიც მაგიდაზე იდო. რაღაც მომენტში მის ნომერზე ვიღაცამ დარეკა და დ.ა.-აიასთან საუბარი ითხოვა. გ.დ.-ძემ დაამატა, რომ კაფეში მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

155. 2006 წლის 39 ივნისს ჩვენების მიცემის დროს ო.მ.-ოვმა და ა.კ.-ძემ სრულად დაადასტურეს გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები. ო.მ.-ოვმა თქვა, რომ არ იცოდა კაფეში მყოფი ჯგუფის შესახებ და გ.ა.-აიას ელოდებოდა. ა.კ.-ძემ თქვა, რომ კარგად არ ახსოვს, მაგრამ შესაძლოა მივიდა კიდეც სანდრო გირგვლიანის მაგიდასთან და თ.მ.-ძეს რამე უთხრა.

156. 2006 წლის 3 ივლისს მოსმენის დროს ლ.ჭ.-შვილმა დაადასტურა მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება. მან დაამატა, რომ ო.მ.-ოვმა უცხო ნომრიდან დაურეკა.

157. 2006 წლის 3 ივლისს გ.ა.-იამ ასევე დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და დაამატა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს არ ესაჭიროებოდა ვინმეს მითითების მიღება იმ ადამიანის დასაკავებლად, რომელიც მის ცხვირწინ არღვევდა კანონს. თუმცა, მან აღიარა, რომ დროთა განმავლობაში საქმე მისი რუტინული სამუშაოს საზღვრებს გასცდა. სანდრო გირგვლიანმა შეურაცხყოფა მიაყენა გ.დ.-ძის დედას და კაფეში მყოფი „კაგებეშნიკების დედებს”. გ.ა.-იამ თქვა, რომ იმ საღამოს მას თან იარაღი არ ჰქონდა. ოქროყანისკენ მიმავალი გზიდან რამდენიმეჯერ დარეკა გ.დ.-ძის ნომერზე, რათა დ.ა.-აიასთან ესაუბრა, რომელსაც სხვაგვარად ვერ უკავშირდებოდა.

158. იგივე დღეს ა.ა.-ურმა, ა.ღ.-ავამ, და მ.ბ.-ძემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე და დუმილის უფლება აირჩიეს.

159. 2006 წლის 3 ივლისს პირველმა განმცხადებელმა სსსკ-ის 69-ე მუხლის „კ” პუნქტის, ასევე 439-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 440-3 მუხლის პირველი ნაწილისა და 485-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თხოვნით მტკიცებულებები გამოექვეყნებინა და მხარეების მონაწილეობით განეხილა („თოთხმეტი მტკიცებულება”):

1. ლ.ბ.-ძის ჩვენების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი, რომელიც 2006 წლის 9 მარტს დანაშაულის ადგილას გაკეთდა

2. გ.გ.-ს ჩვენების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი, რომელიც 2006 წლის 22 მარტს დანაშაულის ადგილას გაკეთდა

3. ბ.ე.-ს ჩვენების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი, რომელიც 2006 წლის 11 მარტს დანაშაულის ადგილას გაკეთდა

4.-7. 2006 წლის 6 მარტის ვიდეოჩანაწერები, რომელიც ლ.ბ.-ძის მიერ გ.ა.-იას, ა.ა.-ურის, ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძის ამოცნობას ასახავს.

8. 2006 წლის 8 მარტის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ლ.ბ.-ძის მიერ ო.მ.-ოვის ამოცნობას აჩვენებს

9. 2006 წლის 6 მარტის ლ.ბ.-ძის მეორე ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი

10. 2006 წლის 10 მარტის ლ.ბ.-ძის დამატებითი მოსმენის ვიდეოჩანაწერი

11. 2006 წლის 13 მარტის თ.მ.-ძის დამატებითი დაკითხვის ვიდეო ჩანაწერის ორი კასეტა.

12. კომპაქტ დისკი, რომელზეც თბილისიდან ოქროყანისაკენ მიმავალ გზაზე (თბილისი-კოჯორის მონაკვეთი) ბიზნესმენ ბ.პ.-ს სახლში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერიდან ამოღებული ჩანაწერებია დატანილი.

13. 2006 წლის 13 მარტის თ.მ.-ძის დამატებითი დაკითხვის მასალების შემცველი ოთხი კომპაქტ დისკი.

14. დანაშაულის ადგილას სანდრო გირგვლიანის სავარაუდო მოძრაობის ნახაზი.

160. 2006 წლის 3 ივლისს სასამართლომ ეს შუამდგომლობა მხოლოდ მე-3 და მე-7 მტკიცებულებებთან მიმართებით დააკმაყოფილა, მაგრამ ამ ვიდეოჩანაწერების მხოლოდ წერილობითი ჩანაწერის გამოქვეყნება დაადგინა. სასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომელთა ჩვენება კომპაქტ დისკებზე იყო მოცემული, უკვე წარსდგნენ სასამართლოს წინაშე. უფრო მეტიც, ამ გადაღებული საგამოძიებო ზომების ჩანაწერები საქმის მასალებში იყო მოცემული და განმცხადებელს ისინი ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია.

161. 2006 წლის 5 ივლისს პირველმა განმცხადებელმა მოითხოვა საქმის მასალების გამოქვეყნება და მისი მოსმენაზე განხილვა სსსკ-ის 484-ე მუხლის შესაბამისად.

162. სასამართლომ ეს მოთხოვნა იმავე დღეს უარყო იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებები უკვე გამოქვეყნდა და მისი ხელახლა განხილვა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა.

163. 2006 წლის 5 ივლისს ლ.ბ.-ძის ადვოკატმა მოითხოვა მობილური კავშირის ორი ოპერატორისათვის ეთხოვათ არამხოლოდ ოთხი ბრალდებულის მიერ გაკეთებული და მიღებული ზარების ამონაწერი, არამედ იმ შვიდივე ადამიანის ამონაწერი, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მაგიდასთან ისხდნენ. მის მოთხოვნას პირველი განმცხადებელიც შეუერთდა, რომელიც ამობდა, რომ საქმის მასალები არ მოიცავდა საჭირო ინფორმაციას იმ სატელეფონო ზარების შესახებ, რომელიც შესაძლოა ოთხ ბრალდებულსა და კაფეში მყოფ მათ მეგობრებს შორის გამართულიყო, ან ბრალდებულს, კაფეში მყოფ მეგობრებსა და ვ.ს.-ს მძღოლს შორის, რომელიც მანქანაში იცდიდა. იგი ამბობდა, რომ ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელი იყო გამორკვევა, მართლა ჰქონდა თუ არა ინცინდენტი გ.ა.-იასთან მის შვილს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო კაფეში მყოფ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურ პირებთან; ან მისი შვილის მიერ შეურაცხყოფის შემდეგ ამ თანამშრომლებმა დაურეკეს თუ არა გ.ა.-იას, რათა მოსულიყო სანდროს დასასჯელად.

164. ეს მოთხოვნა 2006 წლის 5 ივლისს უარყოფილ იქნა.

165. 2006 წლის 5 ივლისს ლ.ბ.-ძემ ხელახალი დაკითხვა მოითხოვა. მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ისევ ნახა ო.მ.-ოვი, მოუსმინა და დააკვირდა მას მოწმის სახით გამოსლის დროს, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ის ნამდვილად იყო კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც დანარჩენებს სასაფლაოზე შეუერთდა და განსაკუთრებული სისასტიკეს იჩენდა მისი და სანდროს მიმართ. ლ.ბ.-ძემ ასევე განაცხადა, რომ პროცესის დროს იგი მ.ბ.-ძესაც აკვირდებოდა და დარწმუნებულია, რომ იგი ოქროყანაში მომხდარის დროს არ იმყოფებოდა. ყველაფერი, რაც მან სასაფლაოზე სხვებზე გვიან მისული მეოთხე კაცის შესახებ თქვა, შესაბამისად ეხებოდა ო.მ.-ოვს და არა მ.ბ.-ძეს. ლ.ბ.-ძემ ახსნა, რომ გამოძიების დროს მას სჯეროდა, რომ ის და პროკურორი იგივე მხარეზე იყვნენ. მოგვიანებით კი მიხვდა, რომ პროკურორი სანდროსა და გ.ა.-აიას შორის კაფეს შესასვლელში მომხდარ უსიამოვნების ჰიპოთეზას უჭერდა მხარს. 2006 წლის 6 მარტს სხვადასხვა ამოცნობის ღონისძიებების დროს პროკურორმა მას ადვოკატის დახმარების გამოყენება ურჩია, ვინაიდან ეჭვმიტანილები ახლახანს დააკავეს და დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. პროკურორმა ალ.ბ.-ძეს ასევე ურჩია, რომ „უკეთესი” იქნებოდა, თუ ის ო.მ.-ოვს არ ამოიცნობდა.

166. 2006 წლის 5 ივლისს ლ.ბ.-ძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მის მიერ სიმართლის დადგენისათვის ხელის შეშლის მიზნით აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთების ბრალდებით (იხ. §§ 194-203).

167. 2006 წლის 5 ივლისს სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა მხარეებისათვის ერთი საათი მიეცა საბოლოო განცხადებების გაკეთების მიზნით. პირველმა განმცხადებელმა პროტესტი გამოხატა და ამისათვის ერთი კვირა მოითხოვა, რადგან მას საშუალება არ ჰქონია საქმის მასალებს საჭიროებისამებრ გაცნობოდა საქმის სასამართლოში გადაცემიდან პროცესის დაწყებამდე ან თავად პროცესის განმავლობაში, რომელიც მხოლოდ ცხრა დღე გრძელდებოდა. მას საკუთარი უფლებების დასაცავად ერთი კვირა ესაჭიროებოდა.

168. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

169. 2006 წლის 5 ივლისს ლ.ბ.-ძის ადვოკატმა, რომელიც გ.ა.-იას, დ.ა.-აიას, გ.დ.-ძისადა ო.მ.-ოვის მიერ მოცემულ ღამეს მიღებული და გაკეთებული ზარებით იყო დაინტერესებული, მოსამართლეს თხოვა ორი მობილური ოპერატორისათვის ეთხოვა გადმოეცათ 877 79 89 60, 877 48 48 45, 899 96 00 01 და 899 75 10 89 ტელეფონის ნომრების აბონენტთა ვინაობა (იხ. §§ 150-151 ზემოთ). პირველმა განმცხადებელმა ტრადიციულად ა.ა.-ურის, ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მაგიდასთან მყოფი მეგობრების სატელეფონო ზარების ჩანაწერები მოითხოვა. პროკურორმა მოთხოვნა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ მოცემულ ინფორმაციას ამ ბრალდებებთან რამე საერთო არ ჰქონდა.

170. მოსამართლემ ეს შუამდგომლობები იმავე დღეს არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ადვოკატები მოსამართლეს დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ თუ იგი საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღებას აუცილებლად არ ჩათვლიდა, მაშინ ეს მის მიკერძოებულობაზე მიუთითებდა და მას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლებოდა. მოსამართლემ იმთავითვე უარყო ეს დაპირისპირება.

171. 2006 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 28 აპრილს სსკ-ის 119-ე მუხლის გაუქმებასთან დაკავშირებით დარღვევას სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით მისცა კლასიფიკაცია. შესაბამისად მან გ.ა.-ია დამნაშავედ ცნო დაჯგუფების მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და სიცოცხლისთვის საშიშ ძალადობაში (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ”, და „თ” პუნქტებით), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით), თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით) და სხვა პირის ქონების დაზიანებაში (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით). ა.ა.-ური, ა.ღ.-ავა და მ.ბ.-ძე დამნაშავებად იქნენ ცნობილები დანაშაულისათვის, აღწერილი ზემოთ ხსენებული 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ”, და „თ” პუნქტებში, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილში და 187-ე მუხლის პირველ ნაწილში.

172. გ.ა.-იას მიესაჯა პატიმრობა ვადით 8 წელი (7 წელი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, “გ”, და „თ” პუნქტებით, 6 წელი 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 1 წელი 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1 წელი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით).

173. პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის ფარგლებშიც სასჯელის რვა და ცხრა წლამდე გაზრდას ითხოვდა. ამ შუამდგომლობას პირველი განმცხადებელიც შეუერთდა სსსკ-ის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. მან ამის შესახებ ცალკე მოთხოვნის წაყენება საჭიროდ არ ჩათვალა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო ამ მოთხოვნას მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაკონკრეტებული ბრალდებების მიმართ განიხილავდა (სსსკ-ის 450-ე მუხლი) და მისი სურვილისამებრ ვერ მოხერხდებოდა მისი ხელახალი კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობად (სსკ-ის 109-ე მუხლი) ან საქმეს დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება (სსსკ-ის 498-ე და 501-504-ე მუხლები).

174. 2006 წლის 18 ივლისს ბრალდებულები ავჭალის მე-10 საპყრობილეში გადაიყვანეს.

175. 2006 წლის 20 და 26 ივლისს, ასევე 11 სექტემბერს პირველმა განმცხადებელმა საქმის განხილვაზე პასუხისმგებელ პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო 2006 წლის 3 აგვისტოს იგივე სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას მიმართა და სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნამდე საქმეში არსებული თოთხმეტი მტკიცებულების ნახვა მოითხოვა (სსსკ-ის 69-ე მუხლის „თ” პუნქტი და 485-ე მუხლის მე-2 ნაწილი). 18 სექტემბერს მას აცნობეს, რომ სისხლის სამართლის საქმე და აღნიშნული მტკიცებულებები უკვე გადაეცა სააპელაციო სასამართლოს.

176. 2006 წლის 6, 17 და 30 ოქტომბერს, ასევე 24 ნოემბერსა და 8 დეკემბერს პირველმა განმცხადებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისთვის თოთხმეტი მტკიცებულების ნახვის უფლება თხოვა. მან აღნიშნა, რომ 2006 წლის 3 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა იგივე შუამდგომლობაზე და მისი 2006 წლის 20 და 26 ივლისის მიმართვა სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ უშედეგო იყო. იგი ამბობდა, რომ მოცემული მტკიცებულებების ნახვის გარეშე იგი სააპელაციო პროცესში საკუთარი უფლებების დაცვას შესაბამისად ვერ შეძლებდა.

177. ამ შუამგომლობებს რაიმე პასუხი არ მოჰყოლია, გარდა 2006 წლის 8 დეკემბრის შუამდგომლობისა, რომელიც იმავე დღეს იქნა უარყოფილი. განმცხადებელმა მოგვიანებით გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

178. 2006 წლის 8 დეკემბერს განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა შემდეგზე:

- ორი მობილური ოპერატორისათვის ეთხოვათ ოთხი ბრალდებულის, ასევე კაფეში თ.მ.-ძის მაგიდასთან მყოფი შვიდი ადამიანის, ასევე ლ.ჭ.-შვილის მიღებული და გასული სატელეფონო ზარების ჩანაწერები 2006 წლის 28 იანვრის ღამის 12 საათიდან დღის 12 საათამდე, სადაც შესაბამისი ანტენების ადგილმდებარეობებიც იქნებოდა განსაზღვრული.

- მისთვის საშუალება მიეცათ გაცნობოდა ოქროყანისაკენ მიმავალ გზაზე ბიზნესმენის სახლში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერებს, რომელიც 2006 წლის ღამის 12 საათიდან დილის 12 საათამდე მოვლენებს აფიქსირებდა. განმცხადებელმა ახსნა, რომ საქმის მასალებში მხოლოდ დილის 2-3 საათზე გაკეთებული ჩანაწერია მოთავსებული და არ აჩვენებდა მოძრაობას 2 საათამდე და 3 საათის შემდეგ.

- დაეკითხათ გ.დ.-ძე, თ.მ.-ძე. თ.ს.-აია და ა.კ.-ძე, რათა ამ ადამიანების მიერ მოცემულ ღამეს გამოყენებული სატელეფონო ნომრები გადამოწმებულიყო.

179. განმცხადებლის შუამდგომლობა 2006 წლის 8 დეკემბერს იქნა უარყოფილი.

180. 2006 წლის 8 დეკემბერს განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა მოეხმოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი გამომძიებელი, რომლებიც გამოძიებას 2006 წლის 5 მარტიდან უძღვებოდნენ და დაეკითხათ იმ ჩანაწერების შესახებ, რომლებიც მათ მობილური სატელეფონო კომპანიებისგან მიიღეს, მაგრამ საქმეს თან არ დაურთეს. მან სააპელაციო სასამართლოს ასევე სთხოვა ამ ჩანაწერების და სხვა ნებისმიერი მტკიცებულებების ამოღება, რომლებიც გამომძიებლებს შეეძლოთ მოეპოვებინათ, მაგრამ არ დაურთავთ საქმისათვის.

181. მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

182. 2006 წლის 11 დეკემბერს ოთხმა მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა და სააპელაციო სასამართლოს აცნობეს, რომ მათ ადვოკატი წარმოადგენდა.

183. იმავე დღეს, 2006 წლის 11 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მთლიანად უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ლ.ბ.-ძის მიერ ო.მ.-ოვის იდენტიფიკაცია სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მ.ბ.-ძემ უკვე აღიარა, რომ სწორედ იგი იყო მეოთხე თავდამსხმელი, რომელიც სასაფლაოზე ბოლო მივიდა. დაბოლოს, სააპელაციო სასამართლომ ახსნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ განიხილავდა ო.მ.-ოვის ჩართულობას, ვინაიდან სასამართლოსათვის გადაცემულ საქმეში ო.მ.-ოვი არ ფიგურურებდა (სსსკ-ის 450-ე მუხლი).

184. 2006 წლის 29 დეკემბერს და 2007 წლის 4 იანვარს პირველმა განმცხადებელმა შუამდგომლობა დააყენა სააპელაციო სასამართლოს წინაშე, რათა თოთხმეტი მტკიცებულების ნახვის შესაძლებლობა ჰქონოდა და კასაციის დროს საკუთარი უფლებების უკეთ დაცვა შეძლებოდა. ამ შუამდგომლობაზე პასუხი არ მიუღია.

185. 2006 წლის 21 დეკემბერს პირველმა განმცხადებელმა შუამდგომლობა დააყენა გენერალური პროკურორის წინაშე, რის მიხედვითაც მისი შვილის საქმეზე პასუხისმგებელი გამომძიებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების განადგურების გამო. უფრო კონკრეტულად იგი ამბობდა, რომ:

- დამნაშავეების მოქმედება გამიზნულად და არასწორად იყო კვალიფიცირებული, როგორც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელსაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა შედეგად, ვინაიდან სინამდვილეში მისი შვილი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, განზრახ მკვლელობის (ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით, ანგარებით ან შეკვეთით) მსხვერპლი გახლდათ;

- გამოძიების ორგანოებმა ვერ შეძლეს საქმის მასალებიდან გამომდინარე გარემოებების გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც დ.ა.-აია, ვ.ს.-ძე, გ.დ.-ძე, ო.მ.-ოვი, თ.ს.-აია, თ.მ.-ძე და ა.კ.-ძე ან რომელიმე მათგანი ასევე შესაძლოა ჩარეული ყოფილიყო დანაშაულში;

- გამოძიებაზე პასუხისმგებელმა შიგანან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოებმა 2006 წლის 28 იანვრიდან 5 მარტამდე გაანადგურეს მტკიცებულებები. უფრო კონკრეტულად, განმცხადებელი ამბობდა, რომ მას შემთხვევით ხელში ჩაუვარდა 2006 წლის 31 იანვრისა და 1 თებერვლის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოთხოვნა მობილური სატელეფონო კომპანიების მიერ ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძის ტელეფონებზე და ტელეფონებიდან 2006 წლის 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით განხორციელებული ზარების ჩანწერების წარდგენაზე. თუმცა, ამ ზარების ჩანაწერები, მათი ამოღების ჩანაწერები, გამომძიებლის მიმართვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ ამ ჩანაწერების ამოღების უფლებასთან დაკავშირებით და ზემოთ აღნიშნული ორი გადაწყვეტილება საქმის მასალებში მოცემული არ არის, რის გამოც სასამართლოს მისი განხილვის საშუალება არ მისცემია. იმის გამო, რომ ამგვარი ინფორმაცია საქმის მასალებში მოცემული არ იყო, განმცხადებელი ვარაუდობდა, რომ ეს მტკიცებულებები ან განადგურდა, ან დაიმალა. ამ მტკიცებულებების მაგივრად თბილისის პროკურატურის გამომძიებლებმა 2006 წლის 11 მაისს საქმის მასალებში იმავე სატელეფონო ნომრების შერჩეული ჩანაწერები ჩადეს, უფრო კონკრეტულად, 2006 წლის 28 იანვარს დილის 1:28 და 2:58 საათებს შორის მიღებული და გაკეთებული ზარები. ეს არასრული ინფორმაცია ეფექტური გამოძიების მიზნებს ვერ ემსახურებოდა.

186. მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურორმა შუამდგომლობაზე პასუხი არ გასცა, განმცხადებელმა 2007 წლის 16 თებერვალს მისი შუამდგომლობა ისევ დააყენა და დაუყოვნებლივ პასუხი მოითხოვა.

187. მთავარმა პროკურორმა ამჯერადაც არ გასცა პასუხი.

188. 2007 წლის 11 იანვარს პირველმა განმცხადებელმა საკასაციო სარჩელი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 11 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებისა და ყველა პროცედურული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სააპელაციო პროცესის დროს გაკეთდა, მათ შორის, 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება მისთვის სხვადასხვა მტკიცებულებების გაცნობის მოთხოვნის უარყოფის შესახებ. უფრო კონკრეტულად, მან საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა, პროცესის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა. განმცხადებელმა ხაზი გაუსვა, რომ მის მიზანს სრული და ამომწურავი გამოძიების ჩატარება წარმოადგენდა. ეს რომ ადრე განხორციელებულიყო, ოთხ მსჯავრდებულსა და კაფეში მყოფ მინისტრის მეუღლის მეგობრებს შორის კავშირი გამოჩნდებოდა.

189. 2007 წლის 16 თებერვალს პირველმა განმცხადებელმა საჩივრის განხილვის დროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა მისთვის თოთხმეტი მტკიცებულების გაცნობის საშუალების მიცემის მიზნით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მტკიცებულებების გაცნობის გარეშე იგი ვერ შეძლებდა მისი, როგორც სამოქალაქო მხარის, ინტერესების დაცვას (სსსკ-ის მე-15 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილები, 69-ე მუხლის “ლ” პუნქტი, 447-ე მუხლის პირველი ნაწილი და 485-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მისი შუამდგომლობა უპასუხოდ დარჩა.

190. ლ.ბ.-ძემ და ოთხმა მსჯავრდებულმა ასევე წარადგინეს საკასაციო საჩივარი.

191. 2007 წლის 27 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელიც გასაჩივრების უმაღლეს ინსტანციას წარმოადგენს, დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი მსჯავრდებული თანამშრომლის ბრალი სხვა პირის ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით (სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილი) შესაბამისად არ იყო დადასტურებული და ისინი ამ ბრალდებისგან გაათავისუფლა, პატიმრობის ვადები ექვსი თვით შეამცირა, მაგრამ დანარჩენი გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა.

192. რაც შეეხება საჩივარს მტკიცებულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა განხილული და მას შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება არ წარმოშობილა, რომელიც სსსკ-ის 553-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ სააპელაციო სარჩელი წარდგენილი არ ყოფილა. დაბოლოს, პირველი განმცხადებლის შუამდგომლობების მიზანი ოთხი მსჯავრდებულის გარდა სხვა პირების სამართალში მიცემაც იყო. თუმცა, სსსკ-ის მე-15 მუხლის მე-5 ნაწილისა და 439-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლო სამართლებრივი დევნის ორგანოს არ წარმოადგენს და მისი განსჯადობა ბრალდებით დადგენილი, სასჯელის ფარგლებს არ სცდება (450-ე მუხლი).

193. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებსა და სამოქალაქო მხარეს 2007 წლის 30 ივლისს ჩაბარდათ.

 

5. სისხლისსამართლებრივი პროცედურები ლ.ბ.-ძის მიმართ მართლმსაჯულებისათვის განზრახ ხელის შეშლის ბრალდებით

194. მას შემდეგ, რაც 2006 წლის 5 ივლისს ო.მ.-ოვს ბრალი დასდო, ლ.ბ.-ძეს არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისათვის განზრახ ხელის შეშლის ბრალდება წაუყენეს (სსკ-ის 371-ე მუხლი).

195. 2006 წლის 11 ივლისს იგი ამ კუთხით მისი ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხა. მან ახსნა, რომ 2006 წლის 6 მარტს სხვადასხვა ამოცნობის ღონისძიების დროს (იხ. §56 ზემოთ) მას თან არ ახლდა ადვოკატი, რომელსაც მისთვის შესაბამისი რჩევის მიცემა შეეძლო. გამომძიებელმა კი, თავის მხრივ, მასზე ზეგავლენა მოახდინა იმის თქმით, რომ “ძალიან სერიოზული იქნება, თუ ის არასწორ ადამიანს დაადებს ხელს და ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეს.” ლ.ბ.-ძემ გ.ა.-იას ამოცნობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეძლო. გამომძიებელმა უთხრა, რომ სხვა ეჭვმიტანილების შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა, თუ ის მათ შორის ფიზიკურ მსგავსებას აღნიშნავდა. ლ.ბ.-ძეს ახსოვდა, რომ პარლამენტის წევრის ოფისში მიწვევის დროს მან თქვა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი კაცი ჰგავდა მეოთხე ადამიანს, რომელიც სასაფლაოზე მოგვიანებით მივიდა, მაგრამ ვინაიდან დარწმუნებული არ იყო, გადაწყვიტა მისთვის ხელი არ დაედო. მას საკუთარი ეჭვების გამოთქმის საშუალება არ მისცემია, სანამ ო.მ.-ოვი სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს არ ნახა. მხოლოდ მაშინ, ო.მ.-ოვის საუბრისა და მოძრაობის მანერით დარწმუნდა, რომ იგი ნამდვილად მეოთხე თავდამსხმელი იყო. იმისათვის, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო, მან პირველი განმცხადებლისაგან ო.მ.-ოვის მიერ ჩვენების მიცემის ვიდეო ჩანაწერი ინათხოვრა, რომელიც, როგორც ჩანს, საიდუმლოდ კეთდებოდა. ამ ჩანაწერის რამდენიმეჯერ ნახვის შემდეგ ლ.ბ.-ძემ ო.მ.-ოვი დარწმუნებით ამოიცნო. მან გაიმეორა, რომ ის ვერ გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ სასაფლაოზე ოთხის გარდა კიდევ ყოფილიყო სხვა ადამიანიც, მაგრამ მან მხოლოდ ოთხი დაინახა. ლ.ბ.-ძემ აღნიშნა, რომ მან სასამართლოში რამდენიმეჯერ თქვა, რომ არ იცოდა ვინ იყო მ.ბ.-ძე. მან ასევე დააკონკრეტა, რომ 2006 წლის 6 მარტს მან ეს ადამიანი მეოთხე დამნაშავედ ვერ ამოიცნო (იხ. §60 ზემოთ). მეოთხე დამნაშავემ მას სახეში ჩაარტყა, თავზე და თვალთან აბჯენდა იარაღს, მოკვლით ემუქრებოდა და იარაღით სცემდა. ამის შემდეგ იგი სანდრო გირგვლიანთან წავიდა და შემდეგ ისევ ლ.ბ.-ძესთან მობრუნდა. ლ.ბ.-ძის თქმით, როცა ყველაფერი დამთავრდა და იგი მარტო იყო თავდამსხმელებთან, ო.მ.-ოვმა მეგობრებს შესთავაზა შიშველი და ჩალურჯებული მსხვერპლისათვის მობილური ტელეფონით სურათი გადაეღოთ.

196. ამ ინტერვიუს ჩანაწერის ბოლოს აღნიშნული იყო, რომ ადვოკატს ლ.ბ.-ძისათვის დამატებითი კითხვების დასმა უნოდა, მაგრამ გამომძიებელმა ამისი უფლება არ მისცა.

197. 2006 წლის 12 ივლისს ლ.ბ.-ძემ, როგორც ბრალდებულმა, მოითხოვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო ო.მ.-ოვის მიმართ, სადაც თავად სამოქალაქო მხარის სახით გამოვიდოდა. მან ასევე მოითხოვა სამედიცინო შემოწმება, რომელიც გამოავლენდა, რამდენად სერიოზული იყო მის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს განხორციელებული ძალადობის შედეგები.

198. 2006 წლის 13 ივლისს მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე მისი და არა ო.მ-ოვის მიმართ მიმდინარეობდა. მას აუხსნეს პროკურატურის ორგანოებში შუამდგომლობის დაყენების უფლების შესახებ.

199. 2006 წლის 22 ივლისს ამ საქმეზე ო.მ.-ოვი მოწმის სახით დაიკითხა. მან თქვა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, დაახლოებით შუაღამეს, მას საკუთარ კაბინეტში უხმო დ.ა.-აიამ და სამინისტროს ეზოში ჩასვლა სთხოვა, რათა სამსახურებრივი ავტომანქანით ერთად წასულიყვნენ. უკვე ქალაქში იყვნენ, როცა დ.ა.-აიამ მას უთხრა, რომ კაფე „შარდენში“ ვ.ს.-ძის დაბადების დღეზე მიდიოდა. ვინაიდან დ.ა.-აიას ტელეფონის ბატარეა დაცლილი იყო, ო.მ.-ოვმა მას საკუთარი ტელეფონი გადასცა და დ.ა.-აიამ შიგნით საკუთარი სიმ-ბარათი ჩადო. კაფეში ო.მ.-ოვმა ნახა მინისტრის მეუღლე, ადრე ნახსენები ახალგაზრდა ქალები და ვ.ს.-ძე. ო.მ.-ოვმა ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთა. კაფეში მისვლიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მინისტრის მეუღლემ მას კ-ბრენდის სიგარეტის მოტანა თხოვა, ვინაიდან ეს ბრენდი კაფეში არ იყიდებოდა. დ.ა.-აიამ მას მისი მანქანის გასაღები მისცა. ო.მ.-ოვი ნასვამი იყო და არ უნდოდა საჭესთან დაჯდომა. შესაბამისად, გ.დ-ძის მობილური ტელეფონით დაურეკა ვ.ს.-ძის მძღოლს და სთხოვა მისი წაყვანა. კაფედან გასვლამდე იგი საჭირო ოთახში შევიდა. გარეთ იგი ვ.ს.-ძის მძღოლს შეხვდა, რომელმაც დ.ა.-აიას მანქანით წაიყვანა სიგარეტის მოსაძებნად. მათ სიგარეტი ბ. სუპერმარკეტთან ღამის მოვაჭრისგან იყიდეს. ამის შემდეგ იგი კაფეში დაბრუნდა. იგი დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში იყო წასული. ო.მ.-ოვის თქმით, ლ.ბ.-ძის 2006 წლის 5 ივლისის განცხადება არასწორი და პირველი განმცხადებლისა და მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტების ზეწოლის შედეგი იყო.

200. 2006 წლის 6 ივლისს პირველმა განმცხადებელმა, გენერალური პროკურორის წინაშე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ო.მ.-ოვის დაუყოვნებლივ დაპატიმრებასა და გამოძიებაში მიცემას ითხოვდა ლ.ბ.-ძის 2006 წლის 5 ივლისის ჩვენებისა და სსსკ-ის 22-ე, 261-ე და 263-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხოლო მას თავად სამოქალაქო მხარის მემკვიდრის სტატუსი უნდა მიეღო. მან მოითხოვა, რომ საქმე ჩამორთმეოდა თბილისის საქალაქო პროკურატურას, რომელმაც ვერ მოახერხა გამოძიების სწორად წარმართვა და ო.მ.-ოვის საქმის გამოძიება გენერალურ პროკურატურას აეღო თავის თავზე.

201. 2006 წლის 11 ივლისს მისი მოთხოვნა თბილისის საქალაქო პროკურატურას გადაეცა, რომელმაც 2006 წლის 25 ივლისს პირველ განმცხადებელს აცნობა, რომ ლ.ბ.-ძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების ფარგლებში მის მიერ 2006 წლის 5 ივლისს გაკეთებული განცხადება გადამოწმდებოდა და “ობიექტური და კანონიერი” გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

202. 2006 წლის 3 აგვისტოს პირველმა განმცხადებელმა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ლ.ბ.-ძის წინააღმდეგ აღძრული საქმის თბილისის საქალაქო პროკურატურისათვის ჩამორთმევა და საქმის გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიება მოითხოვა. ეს მოთხოვნა უსაფუძვლობის მიზეზით 2006 წლის 4 აგვისტოს არ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის ერთ-ერთმა პროკურორმა.

203. ვერც პირველმა განმცხადებელმა, ვერც მისმა ადვოკატმა ვერ შეძლეს გაეგოთ, რა შედეგი მოჰყვა ლ.ბ.-ძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. განმცხადებელმა მთავრობის პასუხის მიღების დროს (იხ. §5 ზემოთ და §294 ქვემოთ) შეიტყო, რომ საქმე დახურულია. 

 

6. მსჯავრდებულების შეწყალება და პირობითი სასჯელით გათავისუფლება

204. 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სხვა 363 პატიმართან ერთად გ.ა.-იას, ა.ა.-ურის, ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძის მიმართ შეწყალება გამოიჩინა და მათი სასჯელები გაანახევრა.

205. იმის გამო, რომ ამ შეწყალების ზომიდან გამომდინარე, პატიმრობის პირობითი სასჯელით შეცვლის საშუალება ჩნდებოდა, ოთხმა მსჯავრდებულმა 2009 წლის 14 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. მათ თხოვნას თან საპყრობილის ადმინისტრაციის ცნობები ერთოდა, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები კარგი ქცევით გამოირჩეოდნენ (სიწყნარე, თავაზიანობა და ციხის ადმინისტრაციასთან კარგი დამოკიდებულება) და დაკავების პერიოდში არც ერთ მათგანს საყვედური არ მიუღია. 2009 წლის 21 აგვისტოს საბჭოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელმაც გ.ა.-იას, ა.ა.-ურის, ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებად” აღწერეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 5 სექტემბერს გადაწყვიტა ოთხი მსჯავრდებულის პირობით გათავისუფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პირებმა მათი სასჯელის ორი მესამედი უკვე მოიხადეს, ვინაიდან მათი პატიმრობის ხანგრძლივობა 2008 წლის 24 ნოემბერს შემცირდა (სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-8 ნაწილი) და მათი კარგი ქცევა გაითვალისწინა. სასამართლოს აზრით, მათი უფრო ხანგრძლივი ვადით დაკავება გამოსწორებისათვის საჭირო ზომას აღარ წარმოადგენდა.

 

 

7. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

206. 2009 წლის 6 ივლისს მეორე განმცხადებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა ოთხ მსჯავრდებულს მისთვის 200,000 ლარის, დაახლოებით 84,000 ევროს ოდენობის თანხა გადაეხადა მისთვის მიყენებული არამატერიალური სახის ზიანისათვის. მან განაცხადა, რომ მისი ერთადერთი შვილის მკვლელობა და სიკვდილამდე წამება იმ გაუსაძლისი ტკივილის წყარო იყო, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დატოვებდა.

207. ამ შუამდგომლობის განსახილველად მეორე განმცხადებელს 3,000 ლარის (დაახ. 1,262 ევროს) ოდენობის სახელმწიფო ბაჟი გადახდა.

208. 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის მიერ ამ ოთხ პირს ერთდროულად 40,000 ლარის (დაახ. 16,832 ევრო) გადახდა დაეკისრა განმცხადებლისათვის მიყენებული არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. ასევე გადაწყდა 600 ლარის (დაახ. 254 ევროს) ოდენობის სახელმწიფო გადასახადის ანაზღაურება, რომლის გადახდაც მეორე განმცხადებელს მოუწია.

209. 2010 წლის 23 დეკემბერს განმცხადებლებმა განაცხადეს და 2011 წლის 24 თებერვალს მთავრობამაც დაადასტურა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ამ დროისათვის უკვე საბოლო იყო და აღსრულებას ექვემდებარებოდა.

 

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა

 

ა. სისხლის სამართლის კოდექსი

210. 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 117-ე, 143-ე, 187-ე, 333-ე და 3711-ე მუხლებში შევიდა ცვლილებები.

კოდექსის შესაბამისი რეგულაციები შემდეგნაირად იკითხება:

 

მუხლი 59. §§1 და 4

(2006 წლის 29 დეკემბრის ცვლილებების შეტანამდე)

„დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის.

თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღმატებოდეს ოც წელს.”

 

მუხლი 59ნ. §1

(2006 წლის 29 დეკემბრის რედაქციით)

„დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ხდება მათი შეკრება”

სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები სეროზულ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, ხოლო 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული უფრო ნაკლებად სერიოზულ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება.

 

მუხლი 108. მკვლელობა

„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე”

 

მუხლი 109 (2006 წლის 28 აპრილის რედაქციით) – განზრახ მკვლელობა

“მკვლელობა (...);

(ვ) განსაკუთრებული სისასტიკით; (...)

(თ) პირთა ჯგუფის მიერ;

(ი) ანგარებით ან შეკვეთით;

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.”

 

მუხლი 117. (2006 წლის 28 აპრილის რედაქციით, რომელიც საქმეში დაუყოვნებლივ იქნა გამოყენებული) – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

„1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, (...), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (...) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. (...)

5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:

(ე) ჯგუფურად;

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.

7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:

(ა) ორი ან მეტი პირის მიმართ ;

(ბ) განსაკუთრებული სისასტიკით

(გ) ანგარებით ან შეკვეთით; (...)

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.”

 

მუხლი 119. (ამოღებული 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებით) – ჯანმრთელობის დაზიანება სასიკვდილო შედეგით

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.”

 

მუხლი 143. ნაწილი 2 და 3 (2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შეტანამდე) – თავისუფლების უკანონო აღკვეთა

2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

თ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით,-

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

(ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

(ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა (...);

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან 15 წლამდე.”.

 

მუხლი 187. ნაწილი 1 (2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შეტანამდე) – ნივთის დაზიანება ან განადგურება

“სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.”.

 

მუხლი 333. ნაწილი 1 (2006 წლის 28 აპრილის ცვლილებების შეტანამდე)O – სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება

მოხელის (...) მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით (...) ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების (...) ვადით სამ წლამდე.

 

მუხლი 3711. (2006 წლის 28 აპრილის რედაქციით) – მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა

„1. მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (სსსკ), რომელიც ძალაში მოცემულ დროს იყო

211. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი გამოძიება ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, ისეთი გამოძიება, სადაც სხვებთან ერთად პოლიციელები, გამომძიებლები, ი რანგის სამხედრო პირები ან სასჯელაღსრულების ორგანოების წარმომადგენლები არიან ჩარეულები, გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.

თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულს შედეგად მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სამოქალაქო მხარის სტატუსი მის ერთ-ერთ უახლოეს ნათესავს გადაეცემა. თუ გარდაცვლილ მსხვერპლს რამდენიმე თანაბარი უფლებამონაცვლე ჰყავს, მაშინ მემკვიდრეები ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ, თუ ვის უნდა მიენიჭოს სამოქალაქო მხარის სტატუსი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 347-ე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც ამოცნობაში მონაწილე დაზარალებულის ან მოწმის უფლებებია აღწერილი, არაფერს ამბობდა ამ საგამოძიებო ზომაში ადვოკატის მონაწილეობის აუცილებლობაზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე და 501-504-ე მუხლების მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ ის ბრალდება განიხილოს, რომელიც პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნაშია მოცემული და არსებული საქმის მასალებისა და საბრალდებო დასკვნის საფუძველზე გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. სასამართლოს არ შეუძლია საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება, თუ თავად პროკურორი პროცესის განმავლობაში არ მოითხოვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეცვლას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა რელევანტური რეგულაციებია:

 

მუხლი 25. §1

„დაზარალებულსა და მის წარმომდგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.”

 

მუხლი 69

დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს აქვს უფლება: (...)

ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

კ) წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გადაიღოს ასლები, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა; (...)

მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი; (...)

 

მუხლი 261

„დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში მომკვლევი, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე. (...)”

 

მუხლი 263. §1

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც მომკვლევს, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს მოქალაქემ, დაწესებულებამ, (...), ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ასევე უშუალოდ სამართალწარმოების ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, (...).”

 

მუხლი 439. §4

„სასამართლო უზრუნველყოფს მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარდგენისა და გამოკვლევისათვის საჭირო პირობებს, ამასთან, იცავს მიუკერძოებლობას (...).”

 

 

 

მუხლი 440. §§1 და 3

„საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მტკიცებულებების უშუალო გამოკვლევა (...) ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერების გზით, საჭიროების შემთხვევაში – საჯაროდ წაიკითხოს საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დოკუმენტები.

მოკვლევისა და წინასწარ გამოძიების მასალები შეიძლება სასამართლოში გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.”

 

მუხლი 450

„საქმის სასამართლო განხილვა ტარდება განსასჯელის მიმართ მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორმა ბრალდება შეცვალა განსასჯელის სასარგებლოდ.”

 

მუხლი 484. §§1 და 3

„მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლო სხდომის მდივანი საჯაროდ კითხულობს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ წერილობით მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ამასთან, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, მათი სანდოობის, შესახეობისა და დასაშვებობის შესახებ.

მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებს საჯაროდ კითხულობენ და ურთავენ საქმეს.”

 

მუხლი 485. §2              

„მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების დროს საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს, აგრეთვე უშუალოდ სასამართლო განხილვისას მხარეთა ან სხვა პირთა მიერ წარმოდგენილ საგანს სასამართლო ათვალიერებს სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით. (...)”

 

გ. განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის მიყენების პრაქტიკა, მხარეების ვერსიები

212. როგორც მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ გაცემული და საქმეზე თანდართული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, 2006 წელს სამ ადამიანს მიესაჯა სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რომელსაც შედეგად სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი) და ყოველი მათგანის სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ვადით რვა წლამდე ითვალისწინებდა შეწყალების უფლების გარეშე.

213. იმავე წელს 199 პირი იქნა დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისათვის (სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილი); აქედან 105 პირს პირობითი სასჯელი შეეფარდა. ამ სასჯელების ხანგრძლივობა ერთიდან რვა წლამდე მერყეობდა – 78 პირს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, 36 პირს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 44 პირს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 2007 წელს იმავე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის ვადა სამიდან შვიდ წლამდე მერყეობდა.

214. 2006 წელს 32 პირი იქნა მსჯავრდებული თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის (სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილი). აქედან 17 ადამიანს ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შეწყალების უფლების გარეშე, ხოლო 15 მათგანს პირობითი სასჯელი მიესაჯა. მხოლოდ ორ შემთხვევაში იყო აღნიშნული, რომ მოცემული პირებს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აღარ შეეძლოთ.

215. მთავრობამ ასევე წარადგინა არაერთი (30-ზე მეტი) განჩინება, რომელიც პირველი ინსტანციების სხვადასხვა სასამართლოების მიერ 2006 წლის იქნა გამოტანილი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის ზემოთ აღნიშული სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისთვისაც. თუმცა, ის ურიცხვი ინფორმაცია, რომელიც ამ განჩინებებში იყო მოცემული, არ იყო წარმოდგენილი ანალიტიკური და ერთიანი შეჯამების სახით და არც ის ჩანდა, გასაჩივრდა თუ არა ეს განჩინებები ზედა ინსტანციის სასამართლოებში, თუ პირვანდელი სახით შევიდა ძალაში.

216. მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საპასუხოდ განმცხადებლებმა ასევე წარადგინეს 2006-2008 წლების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მან დაბალი ინსტანციების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირა, მათ შორის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაულის შემთხვევაში. ამ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი რაიმე ანალიტიკური ან მოკლე შეჯამების სახით წარმოდგენილი არ იყო და თითქმის გაუგებარი იყო.

217. თუმცა, ამ გადაწყვეტილებებს შორის განმცხადებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ იყო გ.ზ.-ს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოში საკმაოდ გახმაურებულ საქმეს წარმოადგენდა. როგორც საქმის მასალები აჩვენებს, ქუჩაში უცხო ადამიანთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ 14 წლის ახალგაზრდამ ჯიბის დასაკეცი დანით მხარში დაჭრა უცხო პირი. შემდგომი სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაზიანება ზედაპირული ხასიათის იყო და რაიმე სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია. ეს ქმედება მკვლელობის მცდელობად იყო კვალიფიცირებული და ახალგაზრდას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა შეწყალების უფლების გარეშე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 ნოემბერს ძალაში დატოვა.

 

სამართალი

 

I. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

 

218. კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით განმცხადებლები ჩივიან, რომ მათი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ იქნა მოკლული, ხოლო შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიების ეფექტურად განხორციელება ვერ მოახერხეს. კონვენციის მე-2 მუხლში ნათქვამია:

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:

ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძაალდობისაგან;

ბ) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;

გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.”

219. იმის გამო, რომ განმცხადებლების საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის როგორც არსებით, ასევე პროცედურულ მხარეს ეხება, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირველად ამ რეგულაციის პროცედურული ნაწილის განხილვას.

 

ა. დასაშვებობა

220. სასამართლო აცხადებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის ირგვლივ შემოსული საჩივარი არ ეწინააღმდეგება კონვენციის 35-ე (§3) მუხლს. ის ასევე აცხადებს, რომ არ არსებობს დაუშვებლობის რაიმე სხვა საფუძველი. შესაბამისად, განაცხადი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.

 

ბ. არსებითი განხილვა

 

1. რამდენად ეფექტური იყო მკვლელობის გამოძიება

 

(ა) მთავრობის არგუმენტები

221. მთავრობა აცხადებს, რომ განმცხადებლების შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება სრულად აკმაყოფილებს კონვენციის მე-2 მუხლით მოთხოვნილი მიუკერძოებლობისა და სისრულის პრინციპს. ამ გამოძიების ჩატარება მხოლოდ ზომას წარმოადგენდა და არა მის შედეგს. მიუკერძოებლობის შესახებ მთავრობა ამბობს, რომ 2006 წლის 28 იანვრიდან 5 მარტის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინსიტრო გამოძიებას კომპეტენტურად უძღვებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით და ამ დროს საისტროს წარმომადგენლების მიმართ რაიმე ეჭვის საბაბი არ არსებობდა. ამგვარი ეჭვი მხოლოდ 2006 წლის 5 მარტს წარმოიშვა, რის შედეგადაც საქმე დაუყოვნებლივ გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

222. მთავრობის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოძიების წარმართვის დროსაც გამორიცხული იყო ამ საქმეზე პასუხისმგებელი გამომძიებლების მიკერძოებულობა. მაგალითად, საქმეში გარეული ავტომანქანის იდენტიფიკაციისათვის ყველა ზომა დროულად იქნა მიღებული, ხოლო როცა დ.ა.-აიამ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა მისი თანამშრომლებისაგან გაიგო მისი მოადგილის, გ.ა.-იას მიერ მოცემული ავტომანქანის, სხვა სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების სახით დაყადაღებული ვერცხლისფერი მერსედეს ML–ით დაინტერესების შესახებ, დირექტორმა მისი ყურადღება ამ ფაქტებს შორის ლოგიკური კავშირის გავლებითა და საქმის დაუყოვნებლივ შინაგან საქმეთა მინისტრისათვის შეტყობინებით დაადასტურა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გ.ა.-იამ, ა.ა.-ურმა და ა.ღ.-ავამ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2006 წლის 28 იანვარს დილს 1 საათზე ნამდვილად აღნიშნული მანქანით დატოვეს, ხოლო შესაბამისი სატელეფონო ზარების ამონაწერმა აჩვენა, რომ დილის 2 საათიდან 3 საათამდე გ.ა.-იას მობილური ტელეფონიდან კომუნიკაცია ოქროყანს სასაფლაოსთან ახლომდებარე მობილური სატელეფონო ანტენების მეშვეობით ხორციელდებოდა. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ ეცნობა, რომელმაც, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია გენერალურ პროკურორს გადასცა.

223. ის ფაქტი, რომ გამოძიების დროს მიღებული ყველა მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეს თან არ დაერთო, განსაკუთრებით კი მ.ბ.-ძისა და ა.ღ.-ავას მიერ გაკეთებული და მიღებული სატელეფონო ზარების ამონაწერი, რომელიც 2006 წლის 31 იანვრისა და 1 თებერვლის სასამართლო დადგენილებებით იქნა ამოღებული (იხ. §185 ზემოთ), მთავრობის აზრით გამოძიების მიუკერძოებლად და ამომწურავად წარმართვას ხელს არ უშლიდა. ამისი მიზეზი იყო ის, რომ უპირველეს ყოვლისა, მტკიცებულება საქმისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტს არ წარმოადგენდა და, ასევე, ამ ინფორმაციის ისევ მოძიება პრობლემა არ იქნებოდა, ვინაიდან შესაბამისი სატელეფონო ზარების ჩანაწერები მობილური სატელეფონო კომპანიების მონაცემთა ბაზაშია აღრიცხული.

224. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ ყველა ადამიანი, რომელთანაც ოთხ დამნაშავეს 2006 წლის 28 იანვარს ღამის 12 საათიდან დღის 15 საათამდე ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, სინამდვილეში შესაბამისად იყო გამოვლენილი და დაკითხული. თუმცა, ვინაიდან ეს ადამიანები დანაშაულში ჩართულები არ იყვნენ, დაკითვის ოქმები ცალკე, კონფიდენციალურ “საოპერაციო დოსიეში” იქნა შენახული, რომელიც შესაბამისი კონფიდენციალური მოსაზრებების გამო ვერ გამოქვეყნდებოდა.

225. მთავრობის აზრით ასევე უსაფუძვლოა განმცხადებლების შიში, რომ 2006 წლის 8 მარტიდან 23 მარტამდე ოთხი ბრალდებულის მე-7 საპყრობილეს იმავე საკანში ყოფნას გამოძიებაზე უარყოფითი შედეგის მოხდენა შეეძლო. მათი ერთ საკანში განთავსება სამშენებლო სამუშაოებით და საპყრობილეში მოცემულ დროს საკნების ნაკლებობით იყო განპირობებული. იმ პოლიტიკური სკანდალის გამო, რაც განმცხადებლების შვილის გარდაცვალებამ გამოიწვია ქვეყანაში, ამ პირების სხვა საპყრობილეში გადაყვანა არ შეიძლებოდა, ვინაიდან მხოლოდ მე-7 საპყრობილეს აქვს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო მკაცრი რეჟიმი. ამ ბრალდებულების სხვა საკნებში განთავსებაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამ საპყრობილეში მყოფი კრიმინალური დაჯგუფებების მეთაურები აშკარად საფრთხეს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისათვის. მთავრობამ განაცხადა, რომ ოთხივე ბრალდებული 2006 წლის 6 მარტს დაიკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ, 8 მარტს განათავსეს იმავე საკანში. შესაბამისად, შეუძლებელია ვარაუდი, რომ ბრალდებულებმა საკუთარი ვერსიები საკანში ყოფნის დროს შეათანხმეს, ვინაიდან პროცესის დროს ისინი დუმილის უფლებას იყენებდნენ.

226. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ განმცხადებლების ბრალდება დანაშაულში „ზოგიერთი სხვა” პირის ჩართულობის შესახებ საფუძველს მოკლებული იყო. ყველა ადამიანი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იყო დაკავშირებული ამ დანაშაულთან შესაბამისად გამოვლინდა და დაიკითხა; ამ პირების თანხვედრილი განაცხადები მტკიცებულებების გადასინჯვის შედეგად მიღებულ დასკვნებს შეესაბამება. მთავრობა ასევე ხაზს უსვამს, რომ შესაბამისმა ადგილობრივმა ორგანოებმა საჭიროზე მეტი გააკეთეს სიმართლის დადგენის მიზნით, რაც მათ მიერ სხვა ეჭვმიტანილების გამხელის სანაცვლოდ ოთხი ბრალდებულისათვის საპროცესო გარიგების შეთავაზებაში გამოიხატებოდა.

227. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ლ.ბ.-ძეს სხვადასხვა ამოცნობის ღონისძიების დროს ადვოკატი თან არ ახლდა, ვინაიდან მან თავად თქვა უარი ამ უფლებაზე და შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი) ორგანოებს არ ავალდებულებდა ადვოკატის სავალდებულო დასწრებას.

228. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში განმცხადებლებისათვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობისა და გამოძიების ზომებს, მთავრობამ დაასკვნა, რომ მათ, როგორც სამოქალაქო მხარეებს, ამგვარი უფლება გამოძიების ეტაპზე არ ჰქონდათ. თუმცა მთავრობამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თანასწორობის პრინციპი ამ სიტუაციაში არ მოქმედებდა, ვინაიდან ეს პრინციპი მხოლოდ დაცვასა და ბრალდებას ეხებოდა და არა სამოქალაქო მხარეს. როგორც მთავრობამ აღნიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო სისტემა „დაზარალებულის მიერ თავმდამსხმელის მიმართ განხორციელებულ რევანშს” არ უწყობს. თავდამსხმელები დაზარალებულის კი არა, მთელი საზოგადოების წინაშე არიან პასუხისმგებლები. შესაბამისად, დაზარალებულის ინტერესს სახალხო პროკურორი იცავდა, რომლის პროცესში მონაწილეობა კონვენციის მე-2 მუხლით ნაბოძები უფლების დაცვისათვის საკმარისი პირობა იყო.

229. აქედან გამომდინარე დაზარალებულს, სამოქალაქო მხარის სტატუსის მიღების შემდეგ ასევე შეეძლო გარკვეული პროცესუალური უფლებების მიღება, მაგალითად, გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე პროკურორის დახმარება სიმართლის დასადგენად. თუმცა სამოქალაქო მხარის უფლებები არ უნდა გაუთანაბრდეს ძირითადი მხარეების – ბრალდებულისა და პროკურორის უფლებებს. მთავრობის თქმით ამ შემთხვევაში პირველ განმცხადებელს სამოქალაქო მხარის სტატუსის მიმღების შემდეგ შეეძლო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, შეგროვებული მტკიცებულებების გადასინჯვაში მონაწილეობა, სხვადასხვა პროცედურული შუამდგომლობების წარდგენა, მათ შორის, გამოძიებიდან სხვადასხვა სახელმწიფო აგენტების დათხოვნა, მისი მოსაზრების გამოთქმა გამოძიებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე და ა.შ. მთავრობამ დაასკვნა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი გარდაცვლილის ნათესავებს საქმის მასალების შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას არ ითვალისწინებს და ის ფაქტი, რომ პირველ განმცხადებელს მასალების გაცნობის საშუალება სასამართლო პროცესის დროს მიეცა კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოძიების ეფექტურად წარმართვის ფაქტს.

230. მთავრობამ ასევე დაამატა, რომ განმცხადებლის მიერ თოთხმეტი მტკიცებულების გაუცნობლობა რეალურ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლო პროცესის დროს მათ ვიდეო ფირზე გადაღებული საგამოძიებო ზომების ყველა წერილობითი დოკუმენტის ნახვა შეეძლოთ.

231. და ბოლოს, მთავრობამ განაცხადა, რომ შეფარდებული სასჯელები თავისუფლების აღკვეთით ზუსტად შეესაბამებოდა დამნაშავეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო ეს პირები გათავისუფლებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ შეძლებდნენ საჯარო სამსახურში მუშაობას. მთავრობამ ასევე ახსნა, რომ 2006 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთმა პირმა ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და მას სასჯელად საჯარო სამსახურიდან დისკვალიფიკაცია შეეფარდა (იხ. § 214 ზემოთ).

 

 

 

(ბ) განმცხადებელთა არგუმენტები

232. განმცხადებლების აზრით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინსტროს გამოძიების საწყის ეტაპი არ უნდა ეწარმოებინა, ვინაიდან ამ საქმეში მათი მაღალჩინოსნების ჩარეულობის ეჭვი არსებობდა. საქმის გარემოებებიდან ვლინდება, რომ სამინისტრომ მისი რამდენიმე თანამშრომლის, უფრო კონკრეტულად კი, გ.ა.-იას, ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძის საქმეში მონაწილეობის შესახებ სულ მცირე 2006 წლის 31 იანვარს იცოდა. განმცხადებლებს სჯერათ, რომ გარდა საჭირო მიუკერძოებლობისა და ობიექტურობისა, ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ფაქტორების არსებობის გამო გამოძიება ამომწურავად არ ჩატარებულა.

233. განმცხადებლები ჩივიან, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა კაფე შარდენში” მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მეგობრების სატელეფონო საუბრების სრული ამონაწერი მოცემული ღამისათვის სრულად არ ამოიღეს. უფრო მეტიც, საქმეს მხოლოდ ოთხი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრების ნაწილობრივი ამონაწერი დაერთო და გამოძიებამ საჭიროდ არ ჩათვალა თბილისი-კოჯორის გზაზე დაყენებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერიდან სრული ჩანაწერის ამოღება, სადაც შესაძლოა ნაჩვენები ყოფილიყო, თუ რა მოხდა დილის 3 საათის შემდეგ. ამ დროის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების მოპოვება აუცილებელი იყო, რათა შემოწმებულიყო დაბრუნდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელი უკან მტკიცებულებების განადგურების მიზნით. განმცხადებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ იყო 877 79 89 60 ტელეფონის ნომრის მფლობელი, რომელსაც მოცემული ღამის განმავლობაში ხშირად ესაუბრებოდა არამხოლოდ ოთხი მსჯავრდებული, არამედ კაფეში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრების ჯგუფი. უფრო კონკრეტულად, ამ ნომერზე გ.ა.-იამ დილის 2:12 სთ-ზე დარეკა, ანუ სანდრო გირგვლიანისა და ლ.ბ.-ძის მოტაცებიდან მალევე.

234. განმცხადებლებმა სასამართლოს ყურადღება მიაქცევინეს იმ ფაქტზე, რომ კაფე „შარდენის” დაცვას რაიმე უსიამოვნების შემთხვევა არ დაუდასტურებიათ მათ შვილსა და გ.ა.-იას შორის კაფეს შესასვლელთან. უფრო მეტიც, ვინაიდან დადგინდა, რომ ო.მ.-ოვმა კაფე იმავე დროს დატოვა, როგორც სანდრომ, ასეთი ინცინდენტის არსებობის შემთხვევაში მას ეს უნდა დაენახა. ის ფაქტი, რომ ო.მ.-ოვი მინისტრის მეუღლისათვის სიგარეტის საყიდლად გავიდა, ასევე არ იყო დამაჯერებელი, ვინაიდან მინისტრის მეუღლეს საღამოს დასაწყისში სიგარეტის ორი კოლოფი ჰქონდა და ორ საათში ყველას მოწევას ვერ შეძლებდა.

235. განმცხადებლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს მათი საჩივარი იმის თაობაზე, რომ ოთხი მსჯავრდებული გამოძიების საწყის ეტაპზე იგივე საკანში იჯდა თხუმეტი დღის განმავლობაში. ამგვარი ზომა კანონს ეწინააღმდეგება და ბრალდებულებს ჩვენებების შეთანხმების საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, კომფორტი, რომლითაც ისინი ციხის ხელმძღვანელობის მხრიდან სარგებლობდნენ მათ მიერ სიმართლის დამალვის ხელშეწყობად შეიძლება იქნს განხილული.

236. განმცხადებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ო.მ.-ოვის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ლ.ბ.-ძემ რამდენიმეჯერ ამოიცნო ერთ-ერთი თავდამსხმელის სახით. პასუხისმგებელმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს მეორე ვერსიის გამოძიება, რომლის მიხედვითაც გ.ა.-იას განმცხადებლების შვილთან რაიმე დაძაბულობა არ ჰქონია და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრების მიერ იქნა გამოძახებული სანდროს დასასჯელად გ.დ.-ძის შეურაცხყოფის გამო. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ გამოძიებას ეს ძალიან სერიოზული ვერსია სათანადოდ არ გაუთვალისწინებია.

237. განმცხადებლებისათვის კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობის დროს თოთხმეტი მტკიცებულების გაცნობის საშუალებაზე უარის თქმა წარმოადგენს. ამ არაკანონიერმა მოქმედებამ (იხ. სსსკ-ის 69-ე მუხლის (კ) პუნქტი, 439-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 440-ე მუხლი და 485-ე მუხლის მე-2 ნაწილი) განმცხადებლებს არ მისცა შესაძლებლობა სხვადასხვა საგამოძიებო ზომების ვიდეო ჩანაწერებსა და წერილობით ოქმებს შორის განსხვავებები დაედგინათ. გარდა ამისა, ნათელია, რომ საქმეზე პასუხისმგებელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურეს. მაგალითად, ცნობილი იყო, რომ 2006 წლის 31 იანვარს გამომძიებლებმა ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძის მიერ 10-31 იანვრის ზარების ამონაწერი მოიძიეს, მაგრამ ეს ჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეში ჩართული არ ყოფილა. თუმცა ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი იყო განმცხადებლებისათვის, ვინაიდან მას გამოძიების ოფიციალური ვერსიის დისკრედიტაცია შეეძლო ამ ორი ადამიანის დანაშაულში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

238. მთავრობის არგუმენტის საპასუხოდ განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ბრალდების ორგანოების მიერ გამოძიების ჩატარების ძალაუფლება სამოქალაქო მხარისათვის მისი პროცედურული უფლებების განხორციელების კომპენსაციას არ წარმოადგენდა. უპირველეს ყოვლისა, ვერაფერი შეცვლიდა განმცხადებლებისათვის გამოძიების დროს საქმის მასალებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, რის შედეგადაც მათ საერთოდ არ იცოდნენ რა წარმატებით მიმდინარეობდა პროცესი და სასამართლოსათვის მომზადების საშუალება არ ჰქონიათ. სასამართლო განხილვის ეტაპზეც კი ადგილობრივმა სასამართლოებმა საკმარისი დრო არ მისცეს საქმის ბოლომდე შესასწვლად. უფრო მეტიც, ნათელი იყო, რომ სახელმწიფო ბრალდების ორგანო განმცხადებლების მხარეს არასოდეს ყოფილა, ვინაიდან მან დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებასა და განმცხადებლების საგამოძიებო ზომებში ჩართვის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. საქმის შესაბამისი გარემოებები ხშირად აჩვენებდა, რომ ბრალდების მხარე სამოქალაქო მხარის საწინააღმდეგოდ მსჯავრდებულებთან იყო შეკრული.

239. განმცხადებლები ასევე ჩივიან, რომ მათი შვილის მკვლელობა ადგილობრივი სასამართლოების მიერ განზრახ მკვლეობად (სსკ-ის 109-ე მუხლი) უნდა ყოფილიყო კვალიფიცირებული და არა სხეულის განზრახ მძიმე დაზინებად, რომელსაც შედეგად სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. სანდრო გირგვლიანის სხეულზე აღნიშნული ჭრილობები მიუთითებს, რომ თავდამსხმელი მის მოკვლას დანით ცდილობდა. მოკვლის სურვილს ისიც აჩვენებდა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მსხვერპლებს იარაღით აშინებდა და გაისროლა კიდეც პისტოლეტი. განმცხადებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2006 წლის 28 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა უდაოდ ოთხი მსჯავრდებულის მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურებოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებულებისათვის მისადაგებული სასჯელი მათი დანაშაულის სიმძიმეს არ ასახავს. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებს დამატებითი სასჯელის სახით საჯარო სამსახურიდან დისკვალიფიკაცია არ მიესაჯათ, განმცხადებლები თვლიან, რომ გამორიცხული არ არის ეს ადამიანები ერთ დღეს ისევ საჯარო სამსახურში მოგვევლინონ.

240. და ბოლოს, სისხლის სამართლის საქმეში მოცემული სხვადასხვა დოკუმენტებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვიდეო მასალებზე მითითებით განმცხადებლები ხაზს უსვამენ გამოძიების პროცესში არსებულ შეუსაბამობებს და აცხადებენ, რომ მოსმენა არათანაბარ პირობებში გაიმართა.

 

(გ) სასამართლოს შეფასება

 

i. ზოგადი პრინციპები

241. სასამართლო აცხადებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით სახელმწიფოს ვალდებულია სიცოცხლის უფლება უზრუნველყოს ეფექტური საკანონმდებლო რეგულაციების მიღებით, რომლის მიზანიც ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღმოფხვრაა, ხოლო ამ საკანონმდებლო რეგულაციების მხარდაჭერა რეგულაციების დარღვევის ფაქტების პრევენციის, ჩახშობისა და დასჯის მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ამგვარი გამოძიების ჩატარების ვალდებულება მკვლელობის ან სიკვდილის საეჭვო შემთხვევებში წარმოიშვებ, მიუხედავად იმისა, თავდამსხმელი კერძო პირი იყო, სახელმწიფო აგენტი, თუ უცნობი მხარე (იხ. ანგელოვა და ილიევი ბულგარეთის წინააღმდეგ, №55523/00, §92, ECHR 2007 IX და რანცევი კვიპროსის და რუსეთის წინააღმდეგ, №25965/04, §232, ECHR 2010 ... (ამონაწერები)).

242. გამოძიება წარმატებულად ჩაითვლება იმ თვალსაზრისით, თუ მას შესაბამისი ფაქტების დადგენასა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაციას შეძლებს. სახელმწიფომ ყველა შესაბამისი ზომა უნდა მიიღოს ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულების მისაღებად. გამოძიების დასკვნები ყველა შესაბამისი ელემენტის ამომწურავ, მიუკერძოებელ და ობიექტურ ანალიზს უნდა ეყრდნობოდეს. უფრო მეტიც, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნები ოფიციალური გამოძიების ფარგლებს სცილდება და ადგილობრივი სასამართლოების მიერ განხორციელებულ პროცედურებსაც ეხება: მთელი პროცესი, მათ შორის, სასამართლო მოსმენის ეტაპი კანონის მეშვეობით სიცოცხლის დაცვის დადებით ვალდებულებას უნდა აკმაყოფილებდეს. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო არ არის ყველა პროცესს შედეგად მჯავრის წაყენება ან კონკრეტული სასჯელი მოჰყვეს, გამოძიებაში არსებული ნებისმიერი დარღვევა ამცირებს საქმის გარემოებებისა თუ პასუხისმგებელი პირის დადგენის და, შესაბამისად, საქმის წარმატებით გამოძიების შესაძლებლობას. სასამართლოებმა არ უნდა დაუშვან სიცოცხლისათვის საშიში დანაშაულების დაუსჯელობა. (იხ. მოისეევი პოლონეთის წინააღმდეგ № 11818/02, §53, 24 მარტი 2009, და ესათ ბაირამი თურქეთის წინაააღმდეგ, № 75535/01, §47, 26 მაისი 2009).

243. იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს, გამოძიებაზე და მის წარმართვაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უნდა შეინარჩუნონ როგორც შესაბამისი კანონმდებლობის გამოყენებით, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ეს მომხდართან იერარქიული და ინსტიტუციური კავშირის არარსებობასა და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას გულისხმობს. მე-2 მუხლით მოთხოვნილი ეფექტური გამოძიება ნიშნავს ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეებში კანონის უზენაესობის შენარჩუნების რწმენის გაღვივებას არაკანონიერი ქმედების დაშვებისა თუ მათ მიმართ ტოლერანტობის აღმოფხვრით, ხოლო სახელმწიფო ორგანოებისა თუ პირების ჩართულობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ანგარიშვალდებულება მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის სიკვდილის დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცედურაში აუციელბლად უნდა იყოს ჩართული მსხვერპლის უფლებამონაცვლე, რაც მისი კანონიერი ინტერესების დაცვისთვისაა საჭირო (იხ. მაგ., რამსაჰაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ [GC], № 52391/99, §§ 321 332, ECHR 2007 ...; ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ № 18183/05, §§ 59-61, 8 ივნისი 2010; ტაშირ აკარი თურქეთის წინააღმდეგ [GC], № 26307/95, §§ 222 225, ECHR 2004 III და გულეჩი თურქეთის წინააღმდეგ 27 ივლისი 1998, § 82, განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ანგარიშები 1998-IV).

 

ii. ამ პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება

244. უდავოა, რომ განმცადებლების შვილის სიკვდილის გამოძიება ნამდვილად ჩატარდა. თუმცა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს სერიოზული ეჭვი აქვს ამ გამოძიების ეფექტურობასა და განუხრელობასთან დაკავშირებით, რაც მთავრობამ წერილობითი მასალების წარმოდგენის ან ზეპირი განცხადებების დროს ვერ აჩვენა.

 

(ά) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული გამოძიების ნაწილის შესახებ

245. სასამართლო ამბობს, რომ პირველი საგამოძიებო მოქმედების დროს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გვამის აღმოჩენის შემდეგ განახორციელა, ორი ფაქტი დადგინდა: გარდაცვლილისა და ლ.ბ.-ძის ყოფნა კაფე „შარდენში” შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლისა და მისი მეგობრების ყოფნას დაემთხვა და კაფედან გამოსვლისას ორ მსხვერპლს თავს უცნობი პირები დაესხნენ, რომლებიც პოლიციელების მსგავსად იქცეოდნენ (იხ. ლ.ბ.-ძისა და კაფეს თანამშრომლებისათვის გამომძიებლისათვის 2006 წლის 28, 29 და 30 იანვარს მიცემული ჩვენებები, §§ 24-30 და 35 ზემოთ). უფრო მეტიც, როგორც თ.მ.-ძის – სანდრიო გირგვლიანის მეგობრის და მისი და კაფეში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრების ჯგუფთან ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზის – ადრეული ჩვენებებიდან, ასევე გამომძიებლის მიერ 2006 წლის       31 იანვარს გ.ა.-იას მიერ მიღებული და გაკეთებული ზარების სატელეფონო ნომრების ამონაწერით უეცარი დაინტერესებიდან ჩანს, ამ დროს გამომძიებელმა უკვე იცოდა განმცხადებლების შვილისა და ზემოთ ნახსენებ ჯგუფს შორის არსებული კავშირის შესახებ და საკმარისი საფუძველი ჰქონდა ეჭვი გ.ა.-იაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილეზე მიეტანა (იხ. §§ 40-41). გარდა ამისა, როგორც განმცხადებლები ამბობენ და მთავრობამაც დაადასტურა, 2006 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს გამომძიებელმა ამოიღო იმ სატელეფონო ზარების ჩანაწერები, რომელთანაც კავშირში იმყოფებოდნენ ა.ღ.-ავა და მ.ბ.-ძე. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ გამომძიებელმა უკვე გარკვეული ეჭვი მიიტანა ამ ორ პირზეც (იხ. §§ 185 და 223).

246. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ადრეული ეტაპიდანვე ნათელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მონაწილეობა დანაშაულში, იგივე ორგანო გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირად მაინც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში – 2006 წლის 5 მარტამდე რჩებოდა (იხ. §49). ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ქმედება ჩაატარა, მაგალითად, შესაბამისი მოწმეების დაკითხვა, ინფორმაციის შეგროვება მობილური სატელეფონო ნომრების და შესაბამისი ანტენების შესახებ, რომლებიც მოცემულ დროს კომუნიკაციას ახორციელებდნენ და მოიცავს შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლების სატელეფონო კავშირებსაც; მან ამოიღო თბილისი-კოჯორის გზაზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც ო.მ.-ოვის ჩართულობის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა და ა.შ. (იხ. §§ 24-48).

247. ეს ინსტიტუციური კავშირი და იერარქიული სუბორდინაცია დანაშაულში ეჭვმიტანილ მაღალჩინოსნებსა და საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებლებს შორის უფრო შთამეჭდავი ხდება, როცა ირკვევა, რომ დ.ა.-აია, კაფეში მყოფი მინისტრის მეუღლის ჯგუფის წევრი და ამავდროულად გ.ა.-იას უშუალო ზედამხედველი, შემდგომში სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირი გახლდათ. სასამართლოს აზრით ასეთი ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ეს შემთხვევა დაფარული იყო საზოგადოებისგან: დ.ა.-აიას გამოძიებაში ჩართულობა სამინისტროს 2006 წლის 24 თებერვლის მხოლოდ ერთ წერილში გამოჩნდა, რომელიც იმ დროს შიდა საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა (იხ. §10 და §§ 50-52).

248. ამ წერილის შინაარსი ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2006 წლის 2 თებერვალს დ.ა.-აიამ უკვე იცოდა მისი კოლეგების დანაშაულში შესაძლო ჩართულობის შესახებ და მოცემული საქმე თავიდან მაინც არ აიცილა. უფრო მეტიც, თუ დ.ა.-აიას ნათქვამს დავეყრდნობით, სასამართლო გაოცებულია იმ ფაქტით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც შეიტყო საქმეზე, რომელშიც მისი ქვემდგომები და შესაძლოა მისი მეუღლეც ყოფილიყვნენ ჩარეულები, ეს საქმე დაუყოვნებლივ არ ააცილა სამინისტროს, რაც ამ შემთხვევაში ერთადერთი პროფესიონალური და კეთილგონივრული ქმედება იქნებოდა მისი მხრიდან. ამის საწინააღმდეგოდ მან დ.ა.-აიას გამოძიების გაგრძელება დაავალა (იხ. §116).

249. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აცხადებს, რომ გამოძიების ის ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე განახორციელა და რომლის დროსაც გამოძიებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ამოღება მოხდა, აშკარად არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ამ პროცედურული ფაქტორების არარსეობის გამო გამოძიების შემდეგი ეტაპები წინასწარი შეგონებით წარიმართა (იხ. კოლევი ბულგარეთის წინააღმდეგ, № 1108/02, §§ 208 და 212,         5 ნოემბერი 2009).

 

(β) თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ განხორციელებული ნაწილის შესახებ

250. თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ სასამართლო თვლის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ორგანოს მიერ განმცხადებლებისათვის მნიშვნელოვან საგამოძიებო ზომებში მონაწილეობის უფლებაზე უარის თქმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლები მუდმივად ცდილობდნენ ბოლომდე ჩართულები ყოფილიყვნენ მოცემულ საქმეში. სამწუხაროა, რომ შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით (იხ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 69-ე მუხლის (კ) პუნქტი) განმცხადებლებს გამოძიების პერიოდში მნიშვნელოვანი საქმის მასალებთან შეხების უფლება არ ჰქონდათ. სასამართლოსათვის საწყენია ის, რომ სახელმწიფო ბრალდების ორგანომ არც კი აცნობა განმცხადებლებს მათი არყოფნის დროს ჩატარებული საგამოძიებო ზომების რეზულტატების შესახებ (იხ. მაგ., §§ 94-97, §137 და §138). შედეგად, განმცხადებლები სრულ ვაკუუმში იყვნენ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც საკუთარი კანონიერი პროცედურული ინტერესების დაცვის საშუალება არ მიეცათ (იხ. სლიმანი საფრანგეთის წინააღმდეგ №57671/00, §§ 44 და 46-48, ECHR 2004 IX (ამონაწერები); ორჰანი თურქეთის წინააღმდეგ №25656/94, §346, 18 ივნისი 2002; ბეკერი თურქეთის წინააღმდეგ №27866/03, § 49, 24 მარტი 2009 და გულეჩი, აღნიშნულია ზემოთ, §82).

251. სასამართლო აცხადებს, რომ არც მეორე სამოქალაქო მხარეს, ლ.ბ.-ძესაც არ ჰქონია საგამოძიებო პროცესებში ეფექტურად მონაწილეობის შესაძლებლობა, ვინაიდან გარდა კვალიფიციური ადვოკატის კონსულტაციისა, გამოძიების ეტაპზე მასაც არ მიუწვდებოდა ხელი საქმის მასალებზე. თუმცა იმის გამო, რომ იგი დანაშაულის ერთადერთი გადარჩენილი და თვითმხილველი იყო, ლ.ბ.-ძე ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს და უდიდეს წყაროს წარმოადგენდა და სასამართლოს აზრით შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს ყველა ზომა უნდა მიეღოთ, რათა მისი პროცედურული უფლებები სრულად და ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო ყველა საშუალება ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

252. ლ.ბ.-ძის მდგომარეობის დაუცველობის თვალშისაცემი მაგალითი შემდეგ ეპიზოდში ჩანს. იმის გამო, რომ იმ დროს მან არ იცოდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ, რომელიც სანდო გირგვლიანთან დაძაბულობის თაობაზე კაფე შარდენის” შესასვლელში გ.ა.-აიას თეორიას ასახავდა, ლ.ბ.-ძემ არ იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზუსტად გაეხსენებინა, გამოვიდა თუ არა კაფეს კარებიდან სანდრო გირგვლიანთან ერთად და დაინახა თუ არა გამოსვლის დროს მის მეგობარსა და ვინმე ადამიანს შორის დაძაბულობის ფაქტი. შესაბამისად, ლ.ბ.-ძე სავსებით მოუმზადებელი იყო ამ კუთხით პროკურორის საეჭვო, მაგრამ დაჟინებული დაკითხვისათვის. სასამართლო თავისთავად აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მოხდა და მას შემდეგ, რაც ლ.ბ.-ძე საქმის მასალებს გაეცნო, იგი მიხვდა, თუ რატომ უჭერდა პროკურორი მხარს მისი და სანდრო გირგვლიანის კაფედან ცალ-ცალკე გამოსვლის ჰიპოთეზას (იხ. §65, §72, §§ 86-87, და §165).

253. სასამართლო უყურადღებოდ ვერ დატოვებს სხვა ეპიზოდებსაც, რომელიც თბილისის პროკურატურის მიერ გამოძიების აშკარად არასწორი მიმართულებით წაყვანაზე მეტყველებს. მაგალითად, როგორც 2006 წლის 8 მარტის ამოცნობის ღონისძიების ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს, ლ.ბ.-ძემ სავარაუდოდ აღნიშნა, რომ ო.მ.-ოვი ერთ-ერთ თავდამსხმელს ჰგავდა. თუმცა პროკურორმა ამ მსგავსების შესახებ წერილობით დოკუმენტში არ მიუთითა. შემდგომ, როცა ლ.ბ.-ძე 2006 წლის 10 მარტს ისევ დაიკითხა, მან ისევ აღნიშნა მისი ეჭვები ო.მ.-ოვის დანაშაულში ჩართულობის შესახებ, მაგრამ ამ სერიოზულ ბრალდებაზე საჭირო რეაგირების ნაცვლად (იხ. ბრეკნელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №32457/04, §§ 70 და 75, 27 ნოემბერი 2007) პროკურორმა მისი ნათქვამი წერილობით ჩანაწერებში ისე შეცვალა, რომ მიღებული ინფორმაციის ნამდვილი შინაარსი და მნიშვნელობა დაიკარგა (იხ. §80). ნათქვამსა და ჩაწერილს შორის მსგავსი შეუსაბამობა აღინიშნება ლ.ბ.-ძის მიერ მისი და სანდრო გირგვლიანის კაფე შარდენიდან” გამოსვლის შესახებ მონათხრობსა და პროკურორის მიერ 2006 წლის 6 მარტს გაკეთებულ ჩანწერს შორის. პროკურორმა არც ის ნათქვამი ჩაიწერა, როცა ლ.ბ.-ძემ აღნიშნა, რომ კაფეში ყოფნისას მასთან მივიდა და ჩამოჯდა მეგობარი სწორედ იმ დროს, როცა იგივე მაგიდასთან სანდრო გირგვლიანს დაძაბული საუბარი ჰქონდა თ.მ.-ძესთან (იხ. §63 და §65). სასამართლო ამას პროკურორის მიერ მოწმის ჩვენების წერილობით დამახინჯებად მიიჩნევს.

254. სასამართლოსათვის სამწუხაროა, რომ მიუხედავად განმცხადებლის განმეორებითი მოთხოვნებისა პროკურატურამ გამოძიების მიზნით არ გამოავლინა და არ დაკითხა ის ადამიანები, რომლებსაც როგორც ოთხი ბრალდებული, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრების ჯგუფი უკავშირდებოდა მოცემულ ღამეს. ამგვარი ზომა მეტად მნიშვნელოვანი იქნებოდა განმცხადებლების იმ ბრალდების შესამოწმებლად, რომ უშუალო თავდამსხმელებსა და კაფეში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს შორის გარკვეული თანამონაწილეობა არსებობდა. საქმის მასალებიდან სასამართლოსათვის ცხადია, რომ ერთ სატელეფონო ნომერზე – 877 79 89 60 – განსაკუთრებით ხშირად ირეკებოდა         გ.ა.-იას, ერთ-ერთი თავდამსხმელისა და კაფეში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ. დ.ა.-აიამ განაცხადა კიდეც, რომ ეს ნომერი საერთო მეგობარს,           მ-ელის ეკუთვნოდა. ეს განაცხადი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგებოდა შესაბამისი მობილური კავშირის კომპანიის მიერ ამოღებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს ნომერი შპს ფალკოს” წარმომადგენელ ვინმე კ.ნ.-ს ეკუთვნოდა. ამ აშკარა შეუსაბამობების მიუხედავად ადგილობრივ ორგანოებს ამ ნომრის ნამდვილი მფლობელის ვინაობის დადგენა და მისი, როგორც მოწმის გამოძახება არც უცდიათ, რათა გამოძიების ყველა მხარეს გაეგო რა საკითხზე მიდიოდა საუბარი კაფე შარდენში” მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და გ.ა.-იასთან იმ დროს, როცა ეს უკანასკნელი მის კოლეგებთან ერთად დანაშაულს სჩადიოდა სანდრო გირგვლიანისა და ლ.ბ.-ძის წინააღმდეგ.

255. რაც შეეხება მთავრობის ვერსიას, რომ სინამდვილეში საგამოძიებო ორგანოებმა ნამდვილად დაჰკითხეს ყველა ადამიანი, ვისთანაც ოთხ დამნაშავეს ჰქონდა სატელეფონო კავშირი მოცემულ პერიოდში, მაგრამ გადაწყვიტეს ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის აქმეში არ ჩაედოთ, სასამართლო თვლის, რომ ამ ვერსიის მიღების შემთხვევაში ის მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. მთავრობის პასუხი ნამდვილად ადასტურებს განმცხადებლების საჩივარს, რომლის მეშვეობითაც ისინი ადგილობრივად განუწყვეტლივ ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ გამომძიებლებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დამალეს (იხ. §186 და §224). სასამართლო თვლის, რომ ოთხ მსჯავრდებულთან მოცემულ პერიოდში კავშირში მყოფი ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია აშკარად მნიშვნელოვანი იქნებოდა საქმის სრული და ობიექტური გამოძიებისათვის. რაც შეეხება ამ ადამიანების კონფიდენციალურობის დაცვას, ამ ჩამოუყალიბებელი და ორაზროვანი ნათქვამიდან საჭიროების დადგენის სირთულის გარდა სასამართლო უბრალოდ ამბობს, რომ პროკურატურას განმცხადებლისა და ადგილობრივი სასამართლოებისათვის ამ პირების, როგორც ანონიმური მოწმეების დაკითხვის საშუალება უნდა მიეცა (იხ. კორნევი და კარპენკო უკრაინის წინააღმდეგ, № 17444/04, § 56, 21 ოქტომბერი 2010).

256. სასამართლო ასევე შეძრულია პროკურატურის მიერ იმ გარემოებების დაუდგენლობით, რომლის დროსაც სანდრო გირგვლიანმა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე აურაცხელი ჭრილობა მიიღო, განსაკუთრებით კი ყელზე. მაშინ, როცა სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამ ჭრილობებიდან უმეტესობა, მათ შორის, ხახაზე მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა მჭრელი, წვეტიანი და სახელურიანი საგნით, სავარაუდოდ დანით იქნა მიყენებული, პროკურატურამ საჭიროდ არ ჩათვალა გამოეძიებინა და აეხსნა საქმის სპეციფიური ფაქტების კონტექსტი და თუ კონკრეტულად როგორ, რა მჭრელი იარაღით და ოთხ ბრალდებულს შორის რომლის მიერ მოხდა ამ ჭრილობების მიყენება (იხ. ვაჩკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, №2747/02, §91, 8 ივლისი 2010). სასამართლოს ეჭვიც არ ეპარება, რომ გარდა სხვა ფაქტორებისა, ამ მნიშვნელოვანი ელემენტის დადგენა დანაშაულის შესაბამის კლასიფიკაციაზე მოახდენდა ზეგავლენას (იხ. §271 და §272). ამის მაგივრად, მიუხედავად სიფრთხილის გამოჩენის საჭიროების მქონე ნიშნების არსებობისა, პროკურატურამ დამაკმაყოფილებლად ჩათვალა და მიიღო ბრალდებულების ახსნა-განმარტება, რომ მათ რაიმე მჭრელი საგანი არ გამოუყენებიათ და სანდრო გირგვლიანმა ეს ჭრილობები „მავთულბადიან ღობეზე” ან „ეკალ-ბარდებში” მიიღო, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა კვალიფიცირებული სახელმწიფო ექსპერტის დასკვნას ამ ჭრილობების წარმოშობის თაობაზე (იხ. ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ, № 41488/98, §73, ECHR, 2000, VI).

257. სასამართლოსათვის ასევე აღელვებულია იმ ფაქტის გამო, რომ პროკურატურამ და საჯელაღსრულების დეპარტამენტმა (უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეორე სააგენტოს დ.ა.-აიას ძმა უძღვება (იხ. §§127-129)), ვერ მოახერხეს ოთხი ბრალდებულის ცალ-ცალკე საკნებში განთავსება, რაც ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს მოქმედი პატიმრობის შესახებ კანონის 86-ე მუხლის მეორე ნაწილით პირდაპირ იყო მოთხოვნილი. მიუხედავად იმისა, მოახერხეს თუ არა ბრალდებულებმა ვერსიების შეჯერება, სასამართლო უფრო დიდ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ კანონის ამგვარი უგულებელყოფა განმცხადებლებისა და საზოგადოების გამოძიებისადმი ნდობას ვერ გააღვივებდა.

258. ზემოთ მოყვანილი მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო შესაბამისი მდგომარეობის გამორკვევის გარეშეც ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას აშკარად აკლდა საჭირო ამომწურაობა, ობიექტურობა და რაც მთავარია, განუხრელობა. გარდა ამისა, განმცხადებლებისა და მეორე სამოქალაქო მხარისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობის შეზღუდვით ან გამოძიებაში მიმდინარე პროგრესის შესახებ რეგულარული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობით პროკურატურამ ვერ შეასრულა მისი მოვალეობა უფლებამონაცვლის უფლებები დაეცვა და გამოძიების პროცესში საზოგადოების შესაბამისი ჩართულობა დაეშვა (იხ. მედოვა, აღნიშნულია ზემოთ, §109).  

 

(γ) სასამართლო პროცედურების შესახებ

259. სასამართლო თვლის, რომ ადგილობრივ სასამართლო პროცესში ყველაზე დიდი დარღვევა ადგილობრივი სასამართლოს მიერ განმცხადებლებისათვის საქმის მასალების გასაცნობად საჭირო დროისა და შესაძლებლობის მიცემაზე განუწყვეტლივ უარის თქმა იყო, რაც განმცხადებლებს პროცესისათვის საკუთარი პოზიციის მომზადებისა და ეფექტური მონაწილეობის საშუალებას არ აძლევდა. მართლაც გასაკვირია, რომ ასეთ განსაკუთრებულად რთულ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსმენა მხოლოდ ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდა (იხ. §171). ამ დროში არამხოლოდ სამოქალაქო მხარეებისათვის, არამედ მოსამართლეებისთვისაც რთული იქნებოდა ურიცხვი საქმის მასალების შესწავლა. განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ განმცხადებლებს თოთხმეტი მტკიცებულების ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ, როცა ეს მასალები საქმის საყრდენ წერტილს წარმოადგენდა, და გამოქვეყნდა საჯაროდ და დაპირისპირების დროს. ვიდეო მასალებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და მხოლოდ მათი წერილობითი ოქმების გაცნობის საშუალების მიცემა კიდევ მეტად ამძიმებს სასამართლოს მიერ უკვე აღნიშნულ (იხ. § 252-253) პროკურორის მცდელობას წერილობით ჩანაწერებში შეეცვალა ფაქტები.

260. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქმის მასალებზე ხელი გამოძიების მთელი მიმდინარეობის დროს მიუწვდებოდათ, განმცხადებლები, როგორც სამოქალაქო მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სასამართლოს მიმდინარეობის დროს. თუმცა, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოვლენების ჩვეულებრივი მიმდინარეობის დროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის მეთაურობით წარმართული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი და დაპირისპირების პროცედურა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების დადგენის ეფექტური საშუალებაა (ბრეკნელი, ნახსენებია ზემოთ, §§ 65-66). სასამართლო იზიარებს განმცხადებლის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში ბრალდების მხარის პროცედურული უფლებები ვერ იქნება საქმეში სამოქალაქო მხარის მონაწილეობის შეზღუდვის კომპენსაცია, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, ბრალდების მხარეს გამოძიების ჩატარების დროს აშკარად აკლდა განუხრელობა და აშკარად არ იჩენდა ინტერესს განმცხადებლების მიმართ.

261. უფრო მეტიც, გარდა ზემოთ ნახსენები თოთხმეტი მტკიცებულების შესაბამისი განხილვის მოთხოვნისა, ადგილობრივმა სასამართლოებმა ასევე არ დააკმაყოფილეს განმცხადებლების არაერთი შუამდგომლობა იმ დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესახებ, რომელიც საქმეზე სიმართლის დადგენისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ინფორმაცია აუცილებელი იყო ოთხ თავდამსხმელსა და კაფე შარდენში” მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრებს შორის თანამონაწილეობის დასადგენად, ადგილობრივმა სასამართლოებმა უარი თქვეს შესაბამისი ყურადღებით გადაესინჯათ იმ სატელეფონო ზარების ჩანაწერები, რომელიც ზემოთ აღნიშნულმა ადამიანებმა მიიღეს ან გააკეთეს მოცემულ ღამეს. ასევე სამწუხაროა, რომ სასამართლოებმა უარყვეს განმცხადებლების ბრალდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის საქალაქო პროკურატურამ გაანადგურა ან დაფარა მტკიცებულებები, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში თავდამსხმელების სატელეფონო ზარების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი მაშინ, როცა ამ ორგანოებმა მობილური სატელეფონო კომპანიებისგან სრული ამონაწერები მიიღეს (იხ. სასამართლოს დასკვნები §254). სასამართლო ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტურად წარიმართოს, უფლებამოსილმა ორგანოებმა ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღონ ყველა სახის შესაბამისი მტკიცებულებების ამოღების მიზნით (იხ. მაგალითად, რანცევი, ნახსენებია ზემოთ, §241).

262. სასამართლო განსაკუთრებით გაოცებულია იმ ფაქტით, რომ როცა ლ.ბ.-ძემ მისი სასამართლო მოსმენებამდე გაკეთებული განცხადებების შესაბამისად სასამართლოზეც, და ამჯერად უფრო დამაჯერებლად და საგამოძიებო და სასამართლო მხარეების საყურადღებოდ განაცხადა, რომ ო.მ.-ოვი იყო თავდასხმაში მონაწილე მეოთხე პირი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მისი და სანდროს მიმართ, ამ უფლებამოსილმა ორგანოებმა, იმის მაგივრად, რომ საჭირო ყურადღება გამოეჩინათ, არჩიეს თვალი დაეხუჭათ ამ სერიოზულ და სანდო ბრალდებაზე. უფლებამოსილი ორგანოები აუხსნელად ინერტულები დარჩნენ მას შემდეგაც, რაც განმცხადებლებმა ო.მ.-ოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს ლ.ბ.-ძის, უშუალო მსხვერპლის განცხადების საფუძველზე (იხ. §200). სასამართლოს აზრით ო.მ.-ოვის, მინისტრის მეუღლის მაგიდასთან მყოფი ადამიანების ჯგუფის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აუცილებელ ზომას წარმოადგენდა იმის დასადგენად, მართლა იყო თუ არა რაიმე თანამონაწილეობა თავდამსხმელებსა თუ ჯგუფის წევრებს შორის, როგორც ამას განმცხადებლები ამტკიცებდნენ (იხ. საჭირო ცვლილებებით ბრეკნელი, ნახსენებია ზემოთ, §§ 70-71; კოლევი, ნახსენებია ზემოთ. §201; და სლიმანი, ნახსენებია ხემოთ, §29).

263. სასამართლო აცხადებს, რომ სხვა საეჭვო გარემოებებიც არსებობდა, რომელთა საჭირო დონეზე გამოვლენა და შეფასება ადგილობრივ სასამართლოებს განმცხადებლების მიერ აღნიშნული თანამონაწილეობის დადგენაში დაეხმარებოდა. კონკრეტულად, გ.ა.-იამ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში ახსენა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ოქროყანის სასაფლაოდან დაბრუნებისას მას ტელეფონზე გ.დ.-ძემ დაურეკა და ჰკითხა, შემოუერთდებოდა თუ არა კაფეში. თუმცა ამ უკანასკნელმა სასამართლო დაკითხვის დროს მსგავსი ფაქტი საეჭვოდ უარყო და განაცხადა, რომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, აპირებდა თუ არა გ.ა.-ია მათთან კაფეში შემოერთებას (იხ. §74 და §155). ამავდროულად, როგორც სისხლის სამართლის საქმეში მოცემული სატელეფონო ზარების ამონაწერიდან ჩანს, სასამართლო აცხადებს, რომ გ.დ.-ძე და გ.ა.-ია იმ ღამით ერთმანეთს დაუკავშირდნენ 1:50, 1:56, 2:01 და 2:05 საათზე. აქედან გამომდინარე, სასამართლოსათვის ძალიან სამწუხაროა, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს გ.ა.-იასა და გ.დ.-ძის ჩვენებებს შორის, ასევე სატელეფონო ზარების ამონაწერით დადგენილი ფაქტების აშკარა შეუსაბამობის გამოვლენა.

264. აღსანიშნავია, რომ გ.ა.-იას მიერ სანდრო გირგვლიანის მიერ დაძაბულობის შექმნის ისტორიიდან გამომდინარე ჩანს, რომ სანდრო გირგვლიანს უნდა სცოდნოდა და კონფლიქტი უნდა ჰქონოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ წარმომადგენლებთან მაინც, განსაკუთრებით კი გ.დ.-ძესთან. გ.ა.-იამ თქვა, რომ სანდრო გირგვლიანი აგინებდა „გ.დ.-ძის დედას” და კაფეში მყოფი „კაკებეშნიკების დედებს”. ყურადღებიანი დამკვირვებელი მიხვდება, რომ სანდრო გირგვლიანს უნდა სცოდნოდა ის ადამიანები, რომელსაც აგინებდა. განმცხადებლების შვილსა და გ.დ.-ძეს შორის  რაიმე კავშირისა და დაფარული მტრობის არსებობის ჰიპოთეზას აძლიერებს ის დეტალიც, რომ თ.მ.-ძესთან კერძო საუბარში სანდრო გირგვლიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი „იმ პიდარასტის“ სახელით მოიხსენია (იხ. §71, §101, §158).

265. სისხლის სამართლის საქმეში მოცემული სატელეფონო ზარების შესწავლის შემდეგ სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ძალადობა დაახლოებით ღამის 2:12 საათსა და 2:45 საათს შორის მოხდა, ვინაიდან სწორედ ამ დროს იმყოფებოდა გ.ა.-ია ოქროყანის სასაფლაოს სიახლოვეს. ეს ჩანაწერები აჩვენებს, რომ გ.დ.-ძეს დ.ა.-იას ნომრიდან დილის 2:08, 2:17, 2:23 და 2:25 სთ-ზე ვიღაც დაუკავშირდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო შეძრულია იმ ფაქტით, რომ არც პროკურატურას არც რომელიმე ადგილობრივ სასამართლოს არ უცდია გამოერკვია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფიდან ვინ – დ.ა.-აია, ტელეფონის მფლობელი, თუ ო.მ.-ოვი (იქედან გამომდინარე, რომ დ.ა.-აიას სიმ ბარათი ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონის აპარატში იყო მოთავსებული) – გ.ა.-იას ამგვარი საეჭვო დაჟინებით ურეკავდა, 9, 6 და 2-წუთიანი ინტერვალებით სწორედ იმ დროს, როცა გ.ა.-იამ მის კოლეგებთან ერთად სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე მოიტაცეს და ოქროყანისაკენ მიმავალ გზაზე იყვნენ, ან უკვე სცემდნენ მათ.

266. სასამართლო აცხადებს, რომ მიუხედავად ამ სერიოზული გარემოებებისა, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებდა, ხელისუფლების ორგანოებმა ყურადღება არ მიაქციეს განმცხადებლის საფუძვლიან ვერსიას კაფეში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის მეგობრების ჯგუფისა და დანაშაულის უშუალო განმახორციელებლებს შორის კავშირის შესახებ. ადგილობრივი ორგანოების ამგვარი სელექციური მიდგომა სასამართლოსათვის მიუღებელია, ვინაიდან გამოძიების ეფექტურობის მიზნით მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა საჭირო ელემენტის ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანის შეუძლებლობა ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მხარის უნარს დაადგინონ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და პასუხისმგებელი პირები (იხ. კოლევი, ნახსენები ზემოთ, §201 და ველიკოვა, ნახსენები ზემოთ §82).

267. ზემოთ მოცემული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებლებს თვითნებურად უთხრეს უარი სასამართლო პროცესებში ეფექტურად მონაწილეობაზე და ამ პროცესების წარმართვის სტილი ადასტურებდა ადგილობრივი ორგანოების სურვილის არარსებობას ობექტურად და ამომწურავად გამოვლენილიყო სიმართლე 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის მოტაცებასა და სიკვდილთან დაკავშირებით.

 

(δ) მსჯავრდებული პირების სასჯელის ადეკვატურობასთან დაკავშირებით

268. სასამართლო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობისა და უხეში მოპყრობისათვის სანქციების შერჩევისას ის ძირითადად ეროვნული სასამართლოების განსჯას ენდობა, მიუხედავად ამისა მას, როგორც კონვენციის მე-2 და მე-3 ნაწილების, ორი ყველაზე ფუნდამენტური რეგულაციის დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოს მაინც აქვს ზედამხედველობისა და საჭიროებისამებრ ჩარევის უფლებამოსილება იმ შემთხვევებში, თუ ქმედების სიმძიმესა და მისადაგებულ სასჯელს შორის აშკარა შეუსაბამობაა. ამის გარეშე სახელმწიფოს ვალდებულება ეფექტური გამოძიების წარმართვაზე მის მნიშვნელობას დაკარგავდა და ზემოთ აღნიშნული რეგულაციებით ოძებული უფლებები პრაქტიკაში არაეფექტური იქნებოდა (იხ. ნიკოლოვა და ველიჩკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ №7888/03, §61, 20 დეკემბერი 2007; ფადიმე და ტურან კარაბულუტი თურქეთის წინააღმდეგ №23872/04, §46, 27 მაისი 2010 და ოკალი თურქეთის წინააღმდეგ №52067/99, § 73-76, ECHR 2006; XII (ამონაწერები)).

269. ამ საქმეზე სასამართლო აუცილებლად თვლის არამხოლოდ ადგილობრივი სასამართლოების მიერ თავდაპირველად დაკისრებული სასჯელის სიმკაცრის, არამედ მათ შემდგომ განხორციელების საკითხსაც შეეხოს.

270. სასამართლო აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსნისათვის მიყენებული სასჯელი ძირითადად ადგილობრივი სასამართლოების მიერ მათი დანაშაულის კლასიფიკაციიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ, სასამართლო პასუხისმგებელი არ არის დაადგინოს რამდენად შეესაბამებოდა განაჩენი სისხლის სამართლის კანონმდებლობას ან გამოიტანოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ. თუმცა კონვენციის მე-2 მუხლით დაკისრებული მისი ვალდებულებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც მას სახელმწიფო ჩინოსნების მიერ ოფიციალური სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს ან მის გარეთ ჩადენილი მკვლელობების განხილვაზე განსაკუთრებულად მეტი ყურადღების გამოჩენა მართებს, სასამართლო თვალს ვერ დახუჭავს იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივმა საგამოძიებო ორგანოებმა ვერ მოახერხეს შესაბამისი მტკიცებულებათა ბაზის მომზადება და რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა საკუთარ გადაწყვეტილებებში დრო არ დაუთმეს სიკვდილის გამომწვევი მოპყრობის ხასიათის აღწერას (იხ. მაგ., ველიკოვა, ნახსენები ზემოთ, §73 და ოკალი, ნახსენები ზემოთ, §73).

271. სასამართლო აღნიშნავს, მაგალითად, რომ გვამის გაკვეთის ანგარიშსა და სხვა მტკიცებულებებში ნაჩვენებია, რომ სიკვდილამდე სანდრო გირგვლიანი წელს ზემოთ გახდილი იყო და არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი იარაღით, სავარაუდოდ დანით. პროკურატურამ და ადგილობრივმა სასამართლო ხელისუფლებამ დაადგინა, რომ მისი სიკვდილი ოთხი თავდამსხმელის მიერ მოპყრობის შედეგად დადგა. ერთადერთი შესძლო ლოგიკური კავშირი ამ ორ ფაქტს შორის არის ის, რომ ოქროყანის სასაფლაოზე თავდამსხმელებმა თავდაპირველად სანდრო გირგვლიანს ტანზე გახადეს, რაც თავისთავად დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს და შემდეგ ჯგუფის სულ მცირე ერთ-ერთმა წევრმა მისი ამოუცნობი მჭრელი იარაღით დაჭრა დაიწყო.

272. ამ ჭრილობებზე უფრო ყურადღებით დაკვირვების შემდეგ – 4-15 სანტიმეტრის სიგრძის ურიცხვი ჭრილობა ტანზე, მათ შორის, რამდენიმე ღრმა ჭრილობა ყელში და ნახვრეტი ხახაზე, რომელიც მსხვერპლისათვის სასიკვდილ აღმოჩნდა (იხ. §§ 20-22) – სასამართლო ასკვნის, რომ სანდრო გირგვლიანი განსაკუთრებით სასტიკი და სიცოცხლისათვის საშიში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. უფრო მეტიც, იქ, სადაც თავდამსხმელებმა მსხვერპლს მჭრელი იარაღით ურტყეს სხეულის ისეთ საფრთხილო ადგილას, როგორიც ყელია, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ თავდამსხმელები ნამდვილად აპირებდნენ სანდრო გირგვლიანის სიცოცხლის მოსპობას. კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში განზრახვით ჩადენილ თავდასხმაზე მიუთითებს, ერთი თავდამსხმელის მიერ იარაღის გასროლაა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით სასამართლო სინანულს გამოხატავს, რომ დანაშაულის კლასიფიკაციისა და 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის დროს, რომლის შესაბამისობა ნამდვილად საეჭვოა, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს გაეთვალისწინებინათ ის აშკარად დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა სახელმწიფო აგენტების მიერ მსხვერპლის განზრახ დამცირება და განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობა.

273. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარ პრობლემას არამხოლოდ პირველად შეფარდებული სასჯელი, არამედ მისი შემდგომი აღსრულება წარმოადგენს. სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა შეეწყალებინა ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფო მოხელეები და სასჯელი გაუნახევრა. მოგვიანებით კი, თითქოსდა ამგვარი რბილი ზომის არასაკმარისობს გამო 2009 წლის 5 სექტემბერს ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის ადგილობრივ სასამართლოს ამ მსჯავრდებულების პირობით გათავისუფლების რეკომენდაცია მისცა. მთავრობამ დამნაშავეების საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნა (იხ. §229). სასამართლო ფიქრობს, რომ ამით ქართულ საზოგადოებას მოეთხოვებოდა მიეღო ის ფაქტი, რომ სამი წლისა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა (იხ. §61 და §205) საკმარისი სასჯელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისათვის, რომლებმაც გამიზნულად სასტიკად აწამეს და მოკლეს უდანაშაულო ადამიანი.

274. თუმცა სასამართლო თვლის, რომ კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულისათვის სახელმწიფო მუშაკების, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის ამნისტიის ან შეწყალების გამოცემა ნამდვილად არ ემსახურება ადევატური დასჯის მიზნებს (იხ. საჭირო შესწორებებით ოკალი, ნახსენებია ზემოთ, §76 და აბდულსამეტ იამანი თურქეთის წინააღმდეგ №32446/96, §55, 2 ნოემბერი 2004). ამის საწინააღმდეგოდ სასამართლო სიცოცხლისთვის საშიში დანაშაულისათვის სახელმწიფოებისგან უფრო მეტი სიმკაცრის გამოხატვას ელის საკუთარი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების დასჯის დროს, ვიდრე სხვა დამნაშავების მიმართ, ვინაიდან ამ შემთხვევაში სასწორზე არამხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დევს, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება აღმოფხვრას დუსჯელობის შეგრძნება, რომელიც დამნაშავეებს შესაძლოა სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამო ჰქონდეთ (იხ. ნიკოლოვა და ველიჩკოვა, ნახსენები ზემოთ, §63). ამ თვალსაზრისით სასამართლო თვლის, რომ თუ ასეთი ძალიან სერიოზული დამნაშავეები საჯარო სამსახურში მუშაობის უფლებას შეინარჩუნებენ, ეს პრინციპულად შეუსაბამო ქმედება იქნება და საზოგადოებას არასწორ წარმოდგენას შეუქმნის (იხ. თუქრმენი თურქეთის წინააღმდეგ №43124/98, § 53, 19 დეკემბერი 2006; და აბდულასმეტ იამანი, ნახსენები ზემოთ, §55).

275. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ ადგილობრივი სასამართლოების მიერ მსჯავრდებულებისათვის თავდაპირველად დაკისრებული სასჯელი და მისი შემდგომი აღსრულება ადგილობრივი ორგანოების მიერ არ წარმოადგენდა ადევატურ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისათვის. ამ უსაფუძვლო შემწყნარებლობის გამო ოთხი ჩინოსნის სისხლის სამართლებრივი დევნა კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში რაიმე შემამსუბუქებელი ეფექტის გამოყენების საშუალებას აღარ ტოვებს (იხ. ნაკოლოვა და ველიჩკოვა, ნახსენები ზემოთ, §§ 58-64 და §75).

 

(ε) დასკვნითი შენიშვნები

276. ზემოთ მოყვანილი აღმოჩენებიდან გამომდინარე, სასამართლო აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიებას აშკარად აკლდა საჭირო დონის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და ამომწურავობა. ამის საპირისპიროდ, საქმის გარემოებები სასამართლოს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს, რომ ადგილობრივ ორგანოებს გამოძიების ჩატარების დროს გულწრფელობაც აკლდათ. გარდა იმისა, რომ ზოგიერთი ამ ორგანოს წარუმატებლობა ცალკე საკმარისი არ იქნებოდა გამოძიების არაადევატურობის დასადგენად, მათი ერთობლიობა და ჯამური ეფექტი ამ თვალსაზრისით საკმარისზე მეტია. სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მსჯავრდებულების იმავე საკანში არაკანონიერად განთავსებით, ადგლობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისაკენაა მიმართული.

277. თუმცა სასამართლო მისი აღმოჩენებიდან გამომდინარე, აცხადებს (იხ. §274), რომ როცა სიცოცხლის მოსპობა საეჭვო გარემოებებში სახელმწიფო მოხელის ხელიდან ხდება, შესაბამისმა ადგილობრივმა ორგანოებმა გამოძიების წარმართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის საშიში ამგვარი ქმედებების მიმართ ტოლერანტობის გამოჩენით სახელმწიფო რისკავს მის თანამშრომლებში დაუსჯელობის შეგრძნების ჩანერგვას, რამაც შესაძლოა მოცემული საქმეზე უფრო საშიში დანაშაულების ჩადენას შეუწყოს ხელი.

278. შესაბამისად, დარღვეულია კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი.

 

2. სიცოცხლის ხელყოფის ბრალდება მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ

 

(ა) მხარეთა არგუმენტები

279. მთავრობის განცხადებით კონვენციის მე-2 მუხლი დარღვეული არ ყოფილა იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების მიერ ჩატარებული დეტალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ რეგულაციის პირველი ნაწილის შესაბამისად განმცხადებლების შვილი განზრახვით” არ ყოფილა მოკლული. განზრახვის არარსებობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ როცა ოქროყანს სასაფლაოზე განმცხადებლების შვილი გაექცა მის თავდამსხმელებს, ერთ-ერთმა მათგანმა გასროლა ჰაერში მოახდინა და არა მისი მიმართულებით.

280. გარდა ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ თავდამსხმელები მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდნენ არა როგორც ოფიციალური უფლებამოსილების მქონე მოხელეები, არამედ როგორც ჩვეულებრივი სამოქალაქო პირები. მათ სხეულის განზრახ დაზიანება შურისძიების, ანუ მხოლოდ პირადი მოტივებით ჩაიდინეს და არაპოლიციური საქმიანობის ფარგლებში. ამის საწინააღმდეგოდ დანაშაული მეგობრის დაბადების დღეზე ვიზიტის კონტექსტში წარიმართა. შესაბამისად, მთავრობა აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავდებოდა ლეონიდის საბერძნეთის წინააღმდეგ (№43326/05, §§ 58-66, 8 იანვარი 2009) და კარაგიანოპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (№27850/03, §§ 56-64, 21 ივნისი 2007) საქმეებში აღწერილისგან.

281. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ.ა.-ია განმცხადებლების შვილსა და ლ.ბ.-ძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავის სახელით წარუდგა, 2008 წლის 28 იანვარს დაკითხვის დროს ლ.ბ.-ძემ აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს მუქი ფერის სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. შესაბამისად, აშკარაა, რომ მსხვერპლები ვერ შეძლებდნენ თავდამსხმელების, როგორც პოლიციის წარმომადგენლეის ამოცნობას. უფრო მეტიც, თავდამსხმელებს ოფიციალური იარაღი ან შინაგან საქმეთა სამინიტროს კუთვნილი რომელიმე ავტომანქანა არ გამოუყენებიათ – გ.ა.-იამ გამოიყენა დაყადაღებული ავტომანქანა, რომელიც კერძო პირის საკუთრება იყო და რის გამოც იგი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაისაჯა.

282. ამ ინფორმაციის პასუხად განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ მათი შვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, ვინაიდან თავდამსხმელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მსხვერპლებს თავი პოლიციის წარმომადგენლებად წარუდგინეს და ერთ-ერთი მათგანი მსხვერპლების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ამოღებასაც შეეცადა. უფრო მეტიც, დადგენილი ფაქტია, რომ თავდამსხმელები სამინისტროს ოფიციალურ ავტომანქანებს მართავდნენ და ამ დანაშაულის ჩადენის დროს ოფიციალურ იარაღსა და პროფესიულ კავშირებს იყენებდნენ. მაგალითად, გ.ა.-იამ საკუთარი იერარქიული უპირატესობა გამოიყენა კოლეგების მობილიზაციისა და ქმედების განხორციელებისათვის. განმცხადებლები აცხადებენ, რომ ამგვარად, სიცოცხლის მოსპობა სახელმწიფოს ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით მოხდა და ასეთ შემთხვევებში მოპასუხე სახელმწიფო არ უნდა გათავისუფლდეს კონვენციის მე-2 მუხლის ვალდებულებებისგან.

283. განმცხადებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი არ უნდა იქნს გაგებული, როგორც მხოლოდ განზრახ მკვლელობის არაკანონიერად გამომცხადებელი; ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია. მოცემული მკვლელობა მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უნდა განეკუთვნებოდეს, მიუხედავად ადგილობრივი სასამართლოების მიერ მათი კლასიფიკაციისა (იხ. ლეონიდისი, ნახსენები ზემოთ, §§58-59). განმცხადებლები ასევე ამბობენ, რომ მიუხედავად შიდა გამოძიების უარისა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ო.მ.-ოვის როლი გამოეძიებინათ, მთავრობის შეუძლებლობა სასამართლოსათვის მიეწოდებინათ შესაბამისი სისხლის სამართლის მასალები კიდევ უფრო ამყარებს იმ შეხედულებას, რომ მკვლელობა თავდამსხმელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა დაავალეს, რომლებიც მოცემულ ღამეს კაფე შარდენში” იმყოფებოდნენ.

 

(ბ) სასამართლოს შეფასება

 

i. ზოგადი პრინციპები

284. სასამართლო აცხადებს, რომ სიცოცხლის უფლების ფუნდამენტური ბუნებიდან გამომდინარე, ის გარემოებები, რომელიც სიცოცხლის ხელყოფას ამართლებს, მკაცრად უნდა იქნეს ჩამოყალიბებული. მე-2 მუხლი კარტ ბლანშს არ იძლევა. სახელმწიფო მოხელეების მხრიდან არარეგულირებული და თვითნებური მოქმედება ადამიანის უფლებების პატივისცემის შეუსაბამო ქმედებას წარმოადგენს. ეს ასევე ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უფლებამოსილების გადამეტებისა და თვითნებური მოქმედების საწინააღმდეგოდ ადეკვატური და ეფექტური დამცავი სისტემების შემოღებით უნდა უზრუნველყოს, რომ მის აგენტებს კარგად ესმით საკუთარი ძალაუფლების ზღვარი და საკუთარ საქმიანობაში არა მხოლოდ პროფესიონალური რეგულაციებით ხელმძღვანელობენ, არამედ საჭირო დონეზე პატივს სცემენ ადამიანის უფლებას, როგორც ფუნდამენტალური ღირებულების მქონე ინსტიტუტს (იხ. საჭირო შესწორებებით აბდულა ილმაზი თურქეთის წინააღმდეგ №21899/02, § 56, 17 ივნისი 2008; ლეონიდისი, ნახსენები ზემოთ, 54-57).

285. მტკიცებულებების შეფასების დროს სასამართლომ ზოგადად მტკიცების სტანდარტი “გონივრულ ეჭვს მიღმა” გამოიყენა (იხ. ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 18 იანვარი 1978, §161, series A №25). თუმცა ამგვარი მტკიცება საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანხვედრი დასკნების შედეგად ან ფაქტების მსგავსი პრეზუმპციის შედეგად ხდება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, როცა მოვლენების შესახებ მთლიანად ან მათი დიდი ნაწილის შესახებ მხოლოდ ხელისუფლების ორგანოებისთვისაა ცნობილი, როგორც, მაგალითად, მათი კონტროლის ქვეშ მყოფი დაპატიმრებული ადამიანების შემთხვევაში, ამგვარი დაკავების დროს მომხდარი დაზიანებებისა თუ სიკვდილის შემთხვევაში ფაქტის ძლიერი პრეზუმპცია წარმოიშვება. და მართლაც, მტკიცების სიმძიმე და დამარწმუნებელი ახსნა-განმარტების მოწოდების ვალდებულება ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ეკისრება (იხ, ერტაკი თურქეთის წინააღმდეგ, №20764/92, §32, ECHR 2000-V).

286. სასამართლო მისი, როგორც დამხმარე მექანიზმის როლიდან გამომდინარე, აცნობიერებს, რომ თავი უნდა შეიკავოს პირველი ინსტანციის ტრიბუნალის ფუნქციების შესრულებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამისი თავიდან აცილება შეუძლებელია კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, როცა ყველა ბრალდება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების ფარგლებში კეთდება, სასამართლომ ამ საქმეს განსაკუთრებული ყურაღება უნდა მიაქციოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა უკვე ჩატარდა გარკვეული ადგილობრივი პროცედურები და გამოძიება. სასამართლო ვალდებული არ არის ადგილობრივი სასამართლოს აღმოჩენები გაითვალისწინოს და დამაჯერებელი ელემენტების შემთხვევაში შესაძლოა გასცდეს და ყურადღება არ მიაქციოს ამგვარ აღმოჩენებს (იხ, აკტასი თურქეთის წინააღმდეგ № 24351/94, § 271, ECHR 2003-V (ამონაწერები) და ლეონიდისი, ნახსენები ზემოთ, §59).

 

 

 

ii. ამ პრინციპების მოცემულ საქმეში გამოყენება

287. მთავრობის მიერ განმცხადებლების შვილის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიების “დეტალურობასთან” დაკავშირებით სასამართლო გამოძიების დროს შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების მიერ დაშვებული მრავალმხრივი აუხსნელი შეუსაბამობისა და სერიოზული დარღვევების აღმოჩენებით ხელმძღვანელობს (იხ. §§ 245-276).

288. თუმცა სასამართლო აცნობიერებს, რომ მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, საეჭვო სიკვდილის შესახებ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ანგარიშგების შეუძლებლობა მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებებით უნდა შემოიფარგლოს.

289. სასამართლო, იზიარებს რა მთავრობის არგუმენტებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ სანდრო გირგვლიანი სახელმწიფო მოხელეების ხელიდან გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები მოცემულ მომენტში ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში არ მოქმედებდნენ. ადგილობრივი სასამართლოების მიერ დადგენილი საქმის გარემოებების მიხედვით დანაშაული თავდამსხმელების მიერ მათი მეგობრის დაბადების დღესთან დაკავშირებული კერძო თანამშრომლობით მოხდა. ისინი რაიმე დაგეგმილ ოპერაციასა თუ სპონტანურ დევნაში ჩართულები არ ყოფილან (კონტრასტისათვის იხ. ლეონიდისი, ნახსენები ზემოთ, §58). რაც შეეხება განმცხადებლების ვერსიას, რომ მათი შვილი თავდამსხმელების კაფეში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელობის შეკვეთით იქნა მოკლული (იხ. §283 ზემოთ), სასამართლო მის ხელთ არსებული მასალების გათვალისწინებით თვლის, რომ შესაბამისი “გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცებულების სტანდარტის გამოყენებით მოცემულ ფაქტზე ამგვარი მასშტაბური დასკვნის გამოტანისათვის არასაკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

290. სახელმწიფოებს საკუთარ სამართალდამცავ სტრუქტურებში მაღალი პროფესიული სტანდარტების შემოღება ევალებათ, რომელიც ამ სისტემაში მოღვაწე ადამიანების მაღალი კრიტერიუმებით შეფასებას უზრუნველყოფს (იხ. საჭირო შესწორებებით აბდულა ილმაზი, ნახსენები ზემოთ, §§ 56-57). თუმცა, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ გ.ა.-იას, ა.ა.-ურის, ა.ღ.-ავასა და მ.ბ.-ძის კერძო ქმედება მთლიანად უნდა მიეწეროს საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირები მისი აგენტები იყვნენ (იხ. საჭირო შესწორებებით ჩელიკი თურქეთის წინააღმდეგ (№ 2), № 39326/02, §33, 27 მაისი 2010). და მართლაც, ჩადენილი ქმედება იმდენად შემზარავად შეურაცხმყოფელი იყო და იმდენად აღემატებოდა თავდამსხმელების ოფიციალურ სტატუსს, რომ მათი სერიოზული კრიმინალური ქმედება ვერ წარმოშობს სახელმწიფოს არსებით საერთაშორისო პასუხისმგებლობას.

291. ამგვარად, კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას ადგილი არ აქვს.

 

II. კონვენციის 38-ე მუხლის დაცვა

292. კონვენციის 38-ე მუხლის პირველი ნაწილი მოცემული დროისათვის ასე იკითხებოდა:

„თუ სასამართლო აცხადებს განაცხადს დაშვებულად, ის:

ა) განაგრძობს საქმის განხილვას მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს გამოძიებას, რომლის ეფექტიანად წარმართვისათვის შესაბამისი სახელმწიფოები მას უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალებით.”

293. განმცხადებლები ამბობენ, რომ მთავრობამ საქმის სრულად განხილვისათვის საჭირო მასალების მხოლოდ ნაწილი წარადგინა და ესეც მნიშვნელოვანი დაგვიანებით მოხდა. კონკრეტულად, განმცხადებლები კიცხავენ მთავრობას იმის გამო, რომ მან თბილისი-კოჯრის გზაზე ბიზნესმენის სახლში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერით 2006 წლის 28 იანვრის დილის 2-დან 3 საათამდე გადაღებული მასალები არ წარადგინა (იხ. §48 ზემოთ).

294. 2010 წლის 26 აპრილს წარდგენილ წერილობით კომენტარში (იხ. §12 ზემოთ) მთავრობამ ახსნა, რომ თოთხმეტი მტკიცებულების დაგვიანებით წარდგენის მიზეზი შესაბამისი კომპაქტ დისკების ასლების გადაღება გახდა. რაც შეეხება სისხლის სამართლის 371-ე მუხლის მიხედვით ლ.ბ.-ძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების წარდგენას (იხ. §4 ზემოთ), ამ შემთხვევაში დაგვიანების მიზეზი იყო ის, რომ როცა სასამართლომ ეს მასალები მოითხოვა, შესაბამისი პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა გენერალურ პროკურატურაში. ნებისმიერ შემთხვევაში, იქდან გამომდინარე, რომ დროთა განმავლობაში სასამართლომ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი და მტკიცებულება მიიღო, მთავრობა აცხადებს, რომ ეს სიტუაცია გამოირჩეოდა მედოვა რუსეთის წინააღმდეგ (ნახსენები ზემოთ, §§126-133) საქმიდან და შესაბამისად კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

295. იმის გამო, რომ მოცემული განცხადების ფარგლებში კომუნიკაციისათვის იმ დროს მოქმედი კონვენციის 29-ე მუხლის მესამე ნაწილი იყო გამოყენებული (იხ. §4 ზემოთ), სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაშვებობის შესახებ ცალკე გადაწყვეტილების არარსებობის გამო შესაბამისი მოვლენების განხილვის შემდგომი პროცედურების დროს ძალაში კონვენციის 38-ე მუხლი დარჩა მოცემული დროისათვის არსებული რედაქციით.

     296. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით ინდივიდუალური პეტიციის წარდგენის შემთხვევაში ეფექტური საქმიანობის მიზნით სახელმწიფოებმა ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღონ ამ განაცხადების საჭირო დონეზე განხილვის უზრუნველსაყოფად (იხ. ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ [GC], №23763/94, §70, ECHR; 1999-IV). ეს ვალდებულება კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს სთხოვს სასამართლო ყველა საჭირო საშუალებებით უზრუნველყონ, ფატქების გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია იქნება თუ განცხადებების გადასინჯვასთან დაკავშირებული ვალდებულებები. მთავრობის მიერ მათ ხელთ არსებული ამგვარი ინფორმაციის მიუწოდებლობა დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტების გარეშე არა მხოლოდ განმცხადებლის არგუმენტების დასაბუთებულობაზე მიუთითებს, არამედ შესაძლოა უარყოფითად აისახოს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრები ვალდებულებების შესრულებაზე (იხ. მედოვა, ნახსენები ზემოთ, §76 და ტიმურთაში თურქეთის წინააღმდეგ,    №23531/94, § 66, ECHR; 2000-VI).

297. მოცემული საქმის შესაბამის პირობებთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილ ვადამდე, 2008 წლის 22 დეკემბრამდე მთავრობამ მკვლელობის საქმის მხოლოდ დოკუმენტური ნაწილი წარადგინა რვა ტომად. თუმცა თოთხმეტი მტკიცებულება, რომელიც 23 კომპაქტ დისკისა და ნახაზისგან (იხ. §159 ზემოთ) შედგებოდა, ასევე ლ.ბ.-ძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის მიხედვით აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები წარდგენილ ტომებს თან არ ახლდა. ეს დაღვევა ეწინააღმდეგებოდა სასამართლოს ნათელ მითითებას, რომ ორივე საქმის მასალები სრული სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ნებისმიერი წერილობითი თუ მონაცემთა შესანახ მოწყობილობებზე მოცემული მტკიცებულებების ჩათვლით (იხ. §4 ზემოთ).

298. სასამართლო ასევე აცხადებს, რომ მთავრობამ აღნიშნული მკტიცებულებების უმეტესი ნაწილი 2009 წლის 15 დეკემბერს წარადგინა, დაახლოებით ერთი წლის დაგვიანებით და ისიც მხოლოდ სასამართლოს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ. სასამართლო სერიოზულად ვერ აღიქვამს მთავრობის მიერ თოთხმეტ მტკიცებულებასთან დაკავშირებულ არგუმენტს, რომ 23 კომპაქტ დისკის ასლების გადაღებას ამდენი დრო ესაჭიროებოდა. რაც შეეხება ლ.ბ.-ძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მთავრობამ აღნიშნა, რომ მას არა მხოლოდ თბილისის საქალაქო პროკურატურა, არამედ გენერალური პროკურატურაც იძიებდა. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა მათი სისხლის სამართლის საქმის საქალაქო პროკურატურიდან გენერალური პროკურატურისათვის გადაცემა 2006 წლის 4 აგვისტოს დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დაკმაყოფილდა (იხ. §202 ზემოთ). მთავრობის მიერ 2008 წლის 22 დეკემბრის პასუხის შესაბამისად ეს პროცესი შეწყდა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ სასამართლოს მიერ ამ საქმის პირველი მოთხოვნის დროს, 2008 წლის 24 ივნისს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ ღია იყო ადგილობრივ დონეზე, სასამართლოსათვის მაინც გაუგებარია, რამ შეუშალა მთავრობას ხელი პროცესის შეწყვეტის შემდეგ, 2008 წლის 22 დეკემბრის პასუხთან ერთად წარედგინა მოცემული საქმე.

299. უფრო მეტიც, აღნიშნული თოთხმეტი მტკიცებულების ჩანაწერის ნახვის შემდეგ სასამართლო აცხადებს, რომ თბილისი-კოჯრის გზაზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერების მხოლოდ ნაწილი იყო წარდგენილი. ვიდეოკამერის ჩანაწერების საგამოძიებო ორგანოს მიერ ამოღების ოქმიდან ჩანს, რომ ეს ჩანაწერი 2006 წლის 28 იანვრის დილის 2 საათიდან 3 საათამდე მონაკვეთსაც მოიცავდა (იხ. §48 ზემოთ). თუმცა, მიუხედავად სასამართლოს მიერ სრული ჩანაწერების წარდგენის მოთხოვნებისა, მთავრობამ თბილისი-კოჯრის გზაზე მოძრაობის (მანქანების იშვიათი მოძრაობის) ამსახველი ათი ცალკეული და ძალიან მოკლე ჩანაწერი წარადგინა (დრო მოცემულია დილის საათებში): (i) 2:13:30 – 2:13:41, (ii) 2:17:16 – 2:17:30, (iii) 2:17:37 – 2:17:41, (iv) 2:24:36 – 2:24:37, (v) 2:41:03 – 2:41:08, (vi) 2:42:37 – 2:42:42, (vii) 2:45:42 – 2:45:53, (viii) 2:46:48 – 2:46:51, (ix) 2:46:58 – 2:47:07 და (x) 2:47:10 – 2:47:20. მთლიანი ჩანაწერის ხანგრძლივობა 68 წამს შეადგენს და არა მოთხოვნილ 1 საათს.

300. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა კაფე “შარდენში” მყოფი თანამშრომლებისა და ა.კ.-ძის დაკითხვის ვიდეო ჩანაწერების წარდგენა (იხ. §83 და §112 ზემოთ).

301. წინამდებარე ინფორმაციიდან გამომდიარე, სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნილი მტკიცებულებების დაგვიანებით წარდგენასთან და ნაწილობრივ წარუდგენლობასთან დაკავშირებული მთავრობის არგუმენტები დამაჯერებელი არ არის. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ მთავრობამ ვერ წარადგინა თბილისი-კოჯრის გზაზე დილის 2 საათიდან 3 საათამდე მთელი პერიოდის განმავლობაში ავტომანქანების მოძრაობის ჩანაწერი. სასამრთლოს აზრით, ამ კონკრეტული მტკიცებულების სრულად წარდგენა მნიშვნელოვანი იქნებოდა კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში დაყენებული საჩივრის განხილვისათვის, ვინაიდან ამ მასალებს შეეძლოთ დაემტკიცებინათ ან პირიქით, გაექარვებინათ განმცხადებლების ბრალდება, რომ ო.მ.-ოვმა კაფე “შარდენი” დატოვა და კოლეგებს შეუერთდა მისი შვილის საწამებლად და მოსაკლავად. წერილობით პასუხებში მთავრობამ ვერ მოახერხა გაემართლებინა ეს დარღვევა და სიჩუმე შეინარჩუნეს მას შემდეგაც კი, რაც განმცხადებლებმა მათ კიდევ ერთხელ დადეს ბრალი 2010 წლის 27 აპრილს გამართული საჯარო მოსმენის დროს.

302. მოპასუხე მთავრობის კონვენციასთან თანამშრომლობისა და ამგვარ რთულ საქმეზე ფაქტების დადგენის სირთულიდან გამომდინარე, მთავრობა თვლის, რომ მოცემულ საქმეში საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრები ვალდებულებების შესრულება.  

 

III. კონვენციის სხვა დარღვევები

 

ა. კონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიები

303. განმცხადებლები ჩივიან, რომ მოცემული მკვლელობის სისხლის სამართლის პროცესი თვითნებურად ტარდებოდა, როგორც ეს არაადევატური საგამოძიებო ზომების, თავდამსხმელების ქმედებების გაუმართლებელი ლმობიერი კვალიფიკაციითა და ხელისუფლების ორგანოების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების საქმეში ჩართვით დასტურდება. განმცხადებლების თქმით, სისხლის სამართლებრივი პროცესის ეს პრობლემები ხელს უშლიდა მათ მიერ სამოქალაქო ზარალის მოთხოვნის უფლების განხორციელებას.

304. განმცხადებლები რაიმე შესაბამისი განმარტების გარეშე ამბობენ, რომ მათ საზიანოდ დაირღვა თანასწორობის პრინციპი სამოქალაქო პროცესის მიმდინარეობის თვალსაზრისით (იხ. §§ 206-209).

305. მთავრობა არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საჩივარი სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებით (რატიონე მატერიაე) პრინციპის მიხედვით არ შეესაბამებოდა კონვენციის        მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, ვინაიდან განმცხადებლები, როგორც სამოქალაქო მხარე, მხოლოდ დასჯის მიზნებისათვის იბრძვიან (შდრ. პერესი საფრანგეთის წინააღმდეგ [GC], №47287/99, §§ 69-70, ECHR; 2004-I). ისინი განმცხადებლებს ასევე ადანაშაულებენ სამოქალაქო პროცედურების სისხლის სამართლის პროცესის დასრულებიდან ორი წლის დაგვიანებით დაწყებაში. ზემოთ აღნიშნული პერესის საქმის მაგალითად მოყვანით მთავრობა აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლის პროცესის გამოსავალი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და ფრანგული კანონმდებლობისგან განსახვავებით ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას სამოქალაქო ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით. მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განმცხადებლების სასარგებლოდ 40,000 ლარის (დაახლოებით 16,832 ევროს) გადახდა დაადგინა არამატერიალური ზარალისათვის, რომელიც, როგორც აღინიშნა, ქართული სასამართლოების მიერ ამგვარი ზიანისათვის ოდესმე დადგენილ თანხას აღემატება.

    306. უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებლების საჩივარი სისხლის სამართლის პროცედურების თვითნებურობის შესახებ იგივე ფაქტებს ეფუძნება, რომელიც კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში იქნა განხილული. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მისი დასაშვებობის საკითხი არსებით მხარესთან უნდა გაერთიანდეს. თუმცა მრავალმხრივი ფაქტობრივი და იურიდიული აღმოჩენებიდან გამომდინარე, და მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შეზღუდვის გარეშე სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლების ყველა საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში იქნა განხილული და ამ საკითხების  მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში განხილვის საჭიროება აღარ არის.

307. რაც შეეხება სამოქალაქო პროცესების სამართლიანობასთან დაკავშირებულ საჩივარს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი სწორად არ იყო ჩამოყალიბებული, ვინაიდან განმცხადებლებს მის მხარდასაჭერად რაიმე სპეციფიური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ (იხ. §304). შესაბამისად, განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტის ფარგლებში დაუსაბუთებელია და კონვენციის 35-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების მიხედვით ვერ დაკმაყოფილდება.

 

ბ. კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიები

308. კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით და მე-13 მუხლის მე-2 მუხლთან შეთავსებით განმცხადებლები ამბობენ, რომ მოკვლამდე მათი შვილი აწამეს და მისი სიკვდილის გამოძიება საკმარის კომპენსაციას არ წარმოადგენს. ამ საჩივართან დაკავშირებით განმცხადებელი ადგილობრივი ორგანოების მხრიდან რეაგირების არარსებობას აღნიშნავს მათი 2006 წლის 21 დეკემბრისა და 2007 წლის 16 თებერვლის სისხლის სამართლებრივ საჩივრებზე, სადაც მათ პასუხისმგებელი გამომძიებლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების გადანგურებისათვის.

309. მთავრობა არ დაეთანხმა.

310. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-3 და მე-13 მულების ფარგლებში აღძრული საჩივარი ახლო კავშირშია მე-2 მუხლის ფარგლებში განხილულ საკითხებთან და, შესაბამისად, დასაშვებად უნდა იქნას გამოცხადებული.

311. თუმცა, კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევების აღმოჩენილი ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მე-3 და მე-13 მუხლების ფარგლებში ცალკე საკითხები არ წარმოიშვება (იხ. ნიკლოაევა და ველიჩკოვა, ნახსენები ზემოთ, §§ 77-78 და ანგელოვა და ილიევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ნახსენები ზემოთ §106).

 

IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

კონვენციის 41-ე მუხლში ნათქვამია:

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”

 

ა. ზიანი

313. განმცხადებლები 300,000 ევროს ითხოვენ არამატერიალური ზიანისათვის.

314. მთავრობამ განაცხადა, რომ ამ თანხის გადახდის ვალდებულება არ არსებობს, ვინაიდან ამ საქმეში კონვენციის რეგულაციების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მთავრობა ასევე თვლის, რომ მოთხოვნილი თანხა ძალიან დიდია.

315. კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში გაკეთებული დასკვნების მიხედვით სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ განმცხადებლებმა დიდი სტრესი და მწუხარება გაიარეს, ვინაიდან სამხელმწიფომ ვერ მოახერხა გამოძიების სრულად ჩატარება მათი შვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად და დამნაშავეების სათანადოდ დასასჯელად. მიუკერძოებელი შეფასებით სასამართლო მეორე განმცხადებელს, ბ-ნ გურამ გირგვლიანს ამ პუნქტით 50,000 ევროს მიაკუთვნებს (იხ. §1).

 

 

 

ბ. გაწეული ხარჯები და დანახარჯები

316. განმცხადებლების ორმა წარმომადგენელმა განმცხადებლებისათვის გაწეული იურიდიული დახმარებისათვის 5,000 ევროს ოდენობის თანხა მოითხოვეს. მათი განაცხადიდან არ ჩანდა ეს თანხა ადგილობრივ დონეზე გაწეული მომსახურებისა თუ სასამართლოში წარმომადგენლობისთვის იყო განკუთვნილი. მოცემული თანხა პუნქტებად დაყოფილი არ იყო და მოთხოვნას თან არც რაიმე ინვოისი, კონტრაქტი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი ახლდა. წარმომადგენლებმა სასამართლოს საფოსტო, სატელეფონო, ფაქსისა და თარგმანისათვის საჭირო ქვითრებიც წარუდგინეს, რომლის მთლიანი ღირებულება 924 ლარია (დაახლოებით 388 ევრო ).

317. ამ მოთხოვნაზე მთავრობამ განაცხადა, რომ წარმომადგენლების მიერ იურიდიული დახმარებისათვის მოთხოვნილი თანხა სრულად დაუსაბუთებელი და ძალიან დიდი ოდენობის არის.

318. ამ საკითხზე კარგად დადგენილი პრეცენდენტული სამართლიდან გამომდინარე (იხ. ხავთაძე საქართველოს წინააღმდეგ № 23204/07, §§ 118 და 120, 3 მარტი 2009; საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ № 18768/05, § 164, 27 მაისი 2010) და წარმოდგენილი არასაკმარისი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ.-მ გურამ გირგვლიანს მხოლოდ 388 ევრო უნდა გადაეხადოს სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯებისათვის.

 

გ. საურავი

319. სასამართლოს მიაჩნია, რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო

1. ერთხმად, არსებითად უერთდება მთავრობის წინასწარ პრეტენზიას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დაყენებული საჩივრის შესახებ.

2. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დაყენებულ საჩივარს სამოქალაქო პროცესის შესახებ და დანარჩენ განაცხადს დასაშვებად აცხადებს.

3. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კოვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას განმცხადებლების შვილის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით.

4. ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ განმცადებლების შვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

5. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 38-ე მუხლი.

6. ერთხმად ადგენს, რომ განცხადების დანარჩენი ნაწილის განხილვის საჭიროება არ არსებობს;

7. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს,

(ა)   რომ მოპასუხე სახელმწიფომ მეორე განმცხადებელს, ბ-ნ გურამ გირგვლიანს კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ამ განჩინების საბოლოო ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა ადგილობრივ ვალუტაში გადახდის დღისათვის არსებული კურსით:

(i)    50,000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალური ზიანის სახით და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული

(ii)   388 (სამას ოთხმოცდარვა) ევრო ხარჯებისა და დანახარჯებიათვის და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული

(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.

8. ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ უარყოფს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

შესრულებულია ინგლისურად და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2011 წლის 15 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე (§2 და §3) მუხლების შესაბამისად.

 

სტენლი ნაისმითი                                                  ფრანსუაზ ტულკენსი

სხდომის მდივნის მოადგილე                                    თავმჯდომარე

 

      

კონვენციის 45-ე მუხლის მეორე ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე (§2) მუხლის შესაბამისად ამ განჩინებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:

 

(ა)   მოსამართლეების კაბრალ ბარეტოს, ჯოსინისა და პოპოვიჩის ერთიანი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი

 

(ბ)   მოსამართლე ადეიშვილის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი

F.T.

S.H.N.

 

მოსამართლეების კაბრალ ბარეტოს, ჯოშიენისა და პოპოვიჩის ერთიანი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი

 

ჩვენ, კოლეგების უმეტესობასთან ერთად მხარი დავუჭირეთ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ მხარეში დარღვევის არსებობას, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ მოცემულ საქმეში მე-2 მუხლის არსებითი მხარეც დარღვეულია. საამისოდ შემდეგი მიზეზები გაგვაჩნია:

ჩაკიცი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში ([Gჩ], №23657/94, § 86, ECHR1999-IV) სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს, კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამეტური რეგულაციაა და მე-3 მუხლთან ერთად ევროსაბჭოს შემადგენელი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას იცავს (იხ. მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1995 წლის 27 სექტემბრის განჩინება, §§ 146-47, შერიეს A №324). დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების მიერ ძალის გამოყენებით განზრახ მკვლელობას არ მოიცავს. მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება სახელმწიფოებს სიცოცხლის დაცვას კანონის მეშვეობითაც ავალდებულებს.

ამ თვალსაზრისით ჩვენ ვთვლით, რომ მე-2 მუხლის პირველი ნაწილი სახელმწიფოს არამხოლოდ სიცოცხლის განზრახ და არაკანონიერ მოსპობისგან თავის შეკავებას ავალდებულებს, არამედ ასევე საჭირო ნაბიჯებს დგამს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. შესაბამისად, სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაადგინოს, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი, რაც მოეთხოვებოდა, რათა განმცხადებლის სიცოცხლისათვის რისკი აერიდებინა (იხ. L.C.B. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №23413/94, § 36, ანგარიშები, 1998-III).

უფრო მეტიც, სასამართლომ ერთაკი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში (ECHR2000 V, §132) განაცხადა, რომ “ხელისუფლებას ევალება ანგარიშვალდებული იყოს მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ.”

მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბ-ნი სანდრო გირგვლიანის სიცოცხლე 2006 წლის 28 იანვარს ნამდვილად სახელმწიფო მოხელეების ხელში იყო, რომლებმაც მისი სიცოცხლე სასიკვდილო რისკის წინაშე დააყენეს და ამ დანაშაულის ჩამდენებად მოგვევლინენ.

ამ პოზიციის მხარდაჭერის მიზნით ჩვენ შემდეგ ფაქტებს ვუსვამთ ხაზს: (ა) იმ დანაშაულის ჩამდენები, რომლის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის სიცოცხლე იქნა მოსპობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ. (ბ) მოცემულ ღამეს სანდრო გირგვლიანსა და მეორე მსხვერპლთან პირველი კონტაქტის დროს დამნაშავეებმა მათ თავი პოლიციის მუშაკებად წარმოადგინეს. (გ) ერთ-ერთმა პოლიციელმა მსხვერპლების პირადობის მოწმობების მოპოვება სცადა. (დ) დამნაშავეებმა დანაშაულის ჩასადენად შინაგან საქმეთა სამინისტროს გარაჟში არსებული მანქანები გამოიყენეს. ამგვარი მანქანების გამოყენება მხოლოდ პოლიციის მუშაკებს შეეძლოთ. (ე) დანაშაულის ჩადენისას პოლიციელებს საკუთარი სამსახურებრივი იარაღი ჰქონდათ თან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს იარაღი არ გამოუყენებიათ მსხვერპლის სიცოცხლის მოსასპობად, დადგენილია, რომ იარაღით გასროლა მოხდა იმ ქმედებების დროს, რასაც შედეგად სანდრო გირგვლიანის სიკვდილი მოჰყვა. (ვ) ერთ-ერთმა დამნაშავემ თანამონაწილეების მობილიზაციისა და დანაშაულში ჩართვის მიზნით მისი იერარქიული უპირატესობა გამოიყენა. ამის ხასგასმა მიზანშეწონილია, ვინაიდან ის ამყარებს ჩვენს აღმოჩენას, რომ დამნაშავეებმა დანაშაულის ჩადენის მიზნით მათი ოფიციალური თანამდებობები გამოიყენეს. (ზ) სანდრო გირგვლიანმა სიცოცხლე პოლიციის მუშაკების მიერ დაუნდობელი ცემის შედეგად დაკარგა ისეთ ადგილას, სადაც რაიმე დახმარების მიღება შეუძლებელი იყო და სადაც მისი თავდამსხმელების როლში მყოფ ადამიანებს სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე სხვა, მსგავსი სიტუაციაში მყოფი მსხვერპლის დახმარება ევალებოდათ. ამ დანაშაულის ჩამდენები არამხოლოდ ძალაუფლების გადამეტებით (ულტრა ვირეს) მოქმედებდნენ; მათ განზრახ ჩაიდინეს დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ მათი უპირველესი მოვალეობა კონკრეტულად დანაშაულის აღკვეთა გახლდათ.

ასევე, მნიშვნელოვანი კითხვაა, შეიძლება თუ არა დამნაშავეების ქმედების მიწერა სახელმწიფოზე. ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის დადებითი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე.

საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო პასუხისმგებელია მისი მოხელეების ქმედებაზე. მოცემულ საქმეში თავდამსხმელები სახელმწიფო აგენტები, მაღალი რანგის პოლიციის ოფიცრები იყვნენ და ამგვარადაც მოქმედებდნენ. საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში სახელმწიფო თავს ვერ გაითავისუფლებს პახუსმგებლობისაგან იმისი თქმით, რომ ამ მოხელეების მოტივები სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. საერთაშორისო სამართლის მიერ სახელმწიფოზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მისი აგენტების ქმედებიდან გამომდინარეობს, მიუხედავად დამნაშავეების მოტივისა.

უფრო მეტიც, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდა კანონმდებლობითაც სახელმწიფოს ვალდებულება ეკისრება მისი მოხელეები ყურადღებით შეარჩიოს. ამ დროს სახელმწიფომ მკაცრი კრიტერიუმები უნდა გამოიყენოს და მოქალაქეებისა და საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ მისი მოვალეობებისა და ვალდებულებების მაღალი ხარისხით შესრულების მიზნით უმაღლესი პროფესიული სტანდარტები გაატაროს. სასამართლომ აბდულა ილმაზი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში (№21899/02, §57) ნათლად აღნიშნა, რომ მომსახურების გაწევის დროს “სახელმწიფოს ვალდებულება გააჩნია მისი პროფესიონალების კომპეტენციის უმაღლესი დონე უზრუნველყოს”. ჩვენ ამ წესს სრულად ვეთანხმებით და ვთვლით, რომ სასამართლოს ყველა შესაბამისი საქმისათვის იგი სავალდებულო უნდა იყოს.

ჩვენი აზრით, ნათლად სჩანს, რომ საქართველომ ვერ მოახერხა პოლიციის მუშაკების შესაბამისი ყურადღებით შერჩევა კონვენციით დაკისრებული სტანდარტის შესასრულებლად.

მოცემულ საქმეში დამნაშავეები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან, რომელთაც საკუთარი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის – სამუშაოს შესრულების მომენტში თუ მის გარეთ – სამაგალითო ქცევა მოეთხოვებოდათ, ვინაიდან ისინი წესრიგის დაცვაზე, სამოქალაქო უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციასა და გამოძიებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცავების სტატუსის მაატრებლები არიან. მათ ყველა ზომა უნდა მიეღოთ განმცხადებლების შვილის სიცოცხლისათვის საშიში რისკისგან დასაცავად.

შესაბამისად, შეუსაბამო სამართალდამცავი თანამშრომლების შერჩევით სახელმწიფომ კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარე დაარღვია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოცემულ მუშაკებს საკუთარი მოტივები ამოძრავებდათ, რაც, ჩვენის აზრით, საეჭვოა და ჯერ კიდევ დასადგენია, ჩანს, რომ სამართალდამცავი სისტემა ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს მოცემულ საქმეში. ეს გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ იმ პოლიციელების ქმედება, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულებული დანაშაული ჩაიდინეს, უშუალოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამის გამო ვთვლით, რომ კონვენციის მე-2 მუხლი, გარდა ამ საქმეში არსებული სხვა დარღვევებისა, მისი არსებითი თვალსაზრისითაც დაირღვა.

41-ე მუხლის სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ ვაცხადებთ, რომ კონვენციის მე-2 მუხლის ორმაგი დარღვევა ჩვენის აზრით უფრო მეტ გადასახდელს იმსახურებს მორალური ზიანის სახით.

 

 

 

მოსამართლე ადეიშვილის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი

მე ვწუხვარ, რომ კონვენციის მე-2 და 38-ე მუხლების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხზე სასამართლოს უმრავლესობას ვერ ვეთანხმები.

კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული მხარის ინტერპრეტაციისა და გამოყენების საკითხთან დაკავშირებით მე მჯერა, რომ უმრავლესობამ სუბსიდიარულობის პრინციპით, კონვენციის ქვაკუთხედით იხელმძღვანელა. მოცემულ საქმეში სასამართლოს მაინც მოუწია სააპელაციო ორგანოს როლის შესრულება, რომელსაც იგი თავდაპირველად არ აპირებდა. მის პრაქტიკაში სასამართლოს ხშირად უწევს ბალანსის დაცვა სუბსიდიარულობასა და ზედამხედველობას შორის. „ბელგიის განათლების სისტემაში ენების გამოყენების კანონმდებლობის ზოგი ასპექტების შესახებ ბელგიის წინააღმდეგ (არსებითი მხარე)” საქმეში სასამართლომ უარი თქვა “თავის თავზე აეღო კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების როლი, ვინაიდან ამგვარად იგი კონვენციის მიერ დაწესებულ კოლექტიური აღსრულების საერთაშორისო მექანიზმის სუბსიდიარულ ბუნებას დაკარგავდა” (§10, სასამართლოს მიერ მიღებული ინტერპრეტაცია, 1968 წლის 23 ივლისის განჩინებაა). მოცემული საქმე სწორედ იმ პრინციპს უქმნის საფრთხეს, რომელიც სისტემის ეფექტურობის გარანტიას წარმოადგენს.

მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დარღვევის დადგენის დროს სასამართლომ რამდენიმე სხვა ქმედებაც ადგილობრივ სასამართლოებს მიაწერა, რომელიც ვერ ჩაითვლება სასამართლო სისტემის ფუნქციებად და შესაბამისად, ვერ მიეწერება მას. მაგალითად, სასამართლოს მიერ 261-266 პუნქტებში აღწერილი დეფინიციები ადგილობრივი სასამართლოების ქმედებასთან კავშირში არ არის.

მოცემულ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იმ დროს სასამართლო მართლმსაჯულების დადგენის ერთადერთი ორგანო იყო. ადგილობრივ სასამართლოებს გამოძიების თავად დაწყების ან მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება არ გააჩნდათ. ეს პროკურატურის მოვალეობა იყო.

მოცემულ განჩინებაში სასამართლო აკრიტიკებს ადგილობრივი სასამართლოების ინერტულობას, მაგრამ ისმის კითხვა: ჰქონდათ თუ არა მოცემულ დროს ადგილობრივ სასამართლოებს ის მექანიზმები, რაც სასამართლოს მიერ სასამართლო სისტემისათვის დღეს წაყენებული ხარვეზების აღმოსაფხვრელადაა საჭირო. პასუხია, რომ სასამართლოს მიერ ზედა პუნქტებში მოყვანილი საკითხები საგამოძიებო ორგანოების მიერ უნდა ყოფილიყო ახსნილი და არა ადგილობრივი სასამართლოების მიერ, ვინაიდან მოცემულ დროს ადგილობრივ სასამართლოს საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნების უფლებამოსილებაც კი არ ჰქონდა პროკურორის თანხმობის გარეშე. ამგვარად, არასწორია ყველა ამ პრობლემის სასამართლო ხელისუფლებაზე დაკისრება, როცა ამ უკანასკნელს მათი გამოსწორების საშუალება არც ჰქონია.

რაც შეეხება 38-ე მუხლს, არ ვეთანხმები უმრავლესობის მიერ სასამართლოს პრეცენდენტების გამოყენებას. რამდენიმე შემთხვევაში სასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევას მიაგნო მაშინ, როცა მოთხოვნილი მასალები მას არასოდეს წარდგენია (იხ. იმაკაევა რუსეთის წინააღმდეგ №7615/02, §201; ლიანობა და ალიევა რუსეთის წინააღმდეგ nos. 12713/02 და 28440/03, §145; ნევმერჟიცკი უკრაინის წინააღმდეგ №54825/00 § 77).

ალიხაჟიევა რუსეთის წინააღმდეგ საქმეში (№68007/01) მოპასუხე მთავრობამ საქმის მასალები მხოლოდ განცხადების დასაშვებად გამოცადების შემდეგ (§99) იქნა მიღებული. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ პირდაპირ თქვა უარი საქმის მასალების კომუნიკაციის ეტაპზე წარდგენაზე (§102). თუმცა 104-ე პუნქტში სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება 38-ე მუხლს, სასამართლო აცხადებს, რომ იგი გამოყენებადია იმ საქმეებში, რომლებიც დასაშვებად არიან მიჩნეულები. სასამართლოს მიერ დასაშვებობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთავრობის მიერ პირობების შესრულების გათვალისწინებით სასამართლო აცხადებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით წარმოდგენას ფაქტების დადგენისათვის ან მოცემული საქმის შესაბამისად გასინჯვისათვის ხელი არ შეუშლია. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენასთან დაკავშირებით კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეული არ ყოფილა.”

სასამართლოს ამ განმარტებიდან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქმის მასალების დაგვიანებით წარდგენა 38-ე მუხლის დარღვევად ჩაითვლება, როცა: (1) დაგვიანება პროცესის ისეთ ეტაპზე უნდა მოხდეს, როცა საქმის არსებითად განხილვა ხდება; (2) დაგვიანების შედეგად ხელი უნდა ეშლებოდეს ფაქტების დადგენას; (3) დაგვიანება ისეთი სახის უნდა იყოს, რომ სხვაგვარად ხელს უშლიდეს საქმის სწორად განხილვას.

მოცემულ საქმეში არც ერთი ზემოთ ხსენებული პირობა არ ყოფილა. საქმის დასაშვებობა და არსებითი მხარე (§4) ერთსა და იმავე დროს იქნა განხილული და ამ განხილვის პერიოდში ყველა მოთხოვნილი მასალა სასამართლოს ხელქვეშ იყო. ამავდროულად, დაგვიანებას ისეთი სახე არ ჰქონია, რაც საქმეზე ფაქტების დადგენას ან სხვაგვარად განხილვას შეუშლიდა ხელს. ამ საქმეზე მიღებული განჩინება პირდაპირ აჩვენებს, რომ მიღებული მასლებიდან გამომდიანრე სასამართლომ შესაბამისი ფაქტობრივი მოსაზრება გამოიტანა და შესაბამისი იურიდიული დასკვნაც გააკეთა. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ ვერ მოახერხა მისი ფუნქციების შესრულება მთავრობის მიერ კონვენციით ნაკისრები უფლებების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, ამ საქმეში არ იყო არც ერთი ელემენტი, რომელსაც   38-ე მუხლის დარღვევა შეეძლო გამოეწვია.

ეს პრეცენდენტი კონვენციის 38-ე მუხლის გამოყენებისათვის საშიშ მიდგომას ქმნის, ვინაიდან მისი მეშვეობით მთავრობებს შესაძლოა არ მოუნდეთ სასამართლოსათვის მათ ხელთ არსებული მასალების წარდგენა, ვინაიდან იციან, რომ თუ ამ მასალებს გარკვეული დაგვიანებით წარადგენენ, სასამართლომ შესაძლოა 38-ე მუხლის დარღვევა მაინც დაადგინოს. ამგვარი მიდგომა შესაძლოა სასამართლოს საუკეთესო ინტერესს არ წარმოადგენდეს მისი უმთავრესი მიზნების შესრულების თვალსაზრისით.