დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პარლამენტის წევრის სიცოხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2244 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 02/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.001.269 |
საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევასთან, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.“.
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირი, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით;“.
4. მე-15 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით.
2. ყოფილ პარლამენტის წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება, თუ მას შეუსრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული საპენსიო ასაკი ან აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი.“;
ბ) მე-4 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირს, რომელიც პარლამენტის წევრი იყო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აგრეთვე პირს, რომელსაც უფრო ადრე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით.
5. პირს, რომელიც პარლამენტის წევრი იყო არა უმეტეს ერთი წლისა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს 50 პროცენტის ოდენობით.
6. ყოფილ პარლამენტის წევრს, თუ იგი ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების დანიშნულ პენსიამდე შევსების ოდენობით.“.
5. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის წევრის ინვალიდობის პენსიის ოდენობა გამოიანგარიშება მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობიდან და შეადგენს:
ა) I ჯგუფის ინვალიდისათვის – პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს 70 პროცენტს;
ბ) II ჯგუფის ინვალიდისათვის – პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს 50 პროცენტს;
გ) III ჯგუფის ინვალიდისათვის – პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს 30 პროცენტს.“.
6. მე-17 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია ენიშნება დაღუპული (გარდაცვლილი) პარლამენტის წევრის, ყოფილი პარლამენტის წევრის, აგრეთვე ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს, თითოეულს – თანაბარი პროპორციით. პენსიის ოდენობა პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში განისაზღვრება მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, ხოლო ყოფილი პარლამენტის წევრის ან ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში – მისი საპარლამენტო პენსიის (ან იმ პენსიის, რომელიც მას დაენიშნებოდა, თუ ამ დროისათვის პენსია ჯერ არ ჰქონდა დანიშნული) სრული ოდენობით.“.
7. მე-18 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით და რომელიც არ ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას და ჯერ არა აქვს საპარლამენტო პენსიის მიღების უფლება, უფლებამოსილების ვადის გასვლის დღიდან ანაზღაურებადი საქმიანობის დაწყებამდე ან საპარლამენტო პენსიის დანიშვნამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში, ეძლევა ყოველთვიური სადეპუტატო კომპენსაცია პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით და უნარჩუნდება შრომითი სტაჟი.
2. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადეპუტატო კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ზემოაღნიშნულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით.“.
8. მე-20 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კანონით განსაზღვრული საპარლამენტო პენსიისა და სადეპუტატო კომპენსაციის ოდენობები შეიცვლება მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს ცვლილების შესაბამისად.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფა
მუხლი 211. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია
1. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია არის სახელმწიფო პენსია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ შემთხვევებში ენიშნება საქართველოს პარლამენტის აპარატის როგორც ყოფილ მოხელეს, ისე იმ მოხელეს, რომელიც პენსიის დანიშვნის მომენტისათვის მუშაობს პარლამენტის აპარატში და აქვს 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი, თუ მას შეუსრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული საპენსიო ასაკი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი საფუძვლების არსებობისას პირებს საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია არ მიეცემა, თუ ისინი ეწევიან ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია ენიშნება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის პარლამენტის აპარატის შესაბამისი რანგის, თანამდებობისა და საკლასო ჩინის მქონე მოქმედი მოხელის საშუალო შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) სრული ოდენობით.
4. საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსია იცვლება შესაბამისი რანგის, თანამდებობისა და საკლასო ჩინის მქონე მოქმედი მოხელის საშუალო შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ოდენობის ცვლილების შესაბამისად.
მუხლი 212. პენსიის სახეობის არჩევის უფლება
1. ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს სხვა სახის სახელმწიფო პენსია, მათ შორის, ინვალიდობისა და მარჩენალის დაკარგვის გამო, აუნაზღაურდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ პირს წარმოეშვა როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის პენსიის, ისე სხვა სახის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, მას სურვილისამებრ ენიშნება ერთი სახეობის პენსია.
მუხლი 213. პენსიის დანიშვნის წესი
პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებას პენსიის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს პარლამენტის აპარატს, რომელიც სათანადო დოკუმენტაციის შესაბამისად 10 დღის ვადაში აფორმებს ბრძანებას და ნიშნავს პენსიას განცხადების რეგისტრაციის დღიდან.
მუხლი 214. პენსიით უზრუნველყოფის წყარო
საქართველოს პარლამენტის აპარატის ყოფილი მოხელის პენსიით უზრუნველყოფის ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხარჯებში. პენსიის ოდენობის გამოანგარიშებას და გადახდას აწარმოებს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.“.
10. 22-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის მოტივით, საპარლამენტო პენსია მიეცემა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით.“.
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-15 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-17 მუხლით, მე-20 მუხლითა და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საპარლამენტო პენსიის ოდენობის გამოანგარიშება პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს შესაბამისად ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მანამდე მისი გამოანგარიშება მოხდეს მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მიხედვით.
7. ამ კანონის III1 თავი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
№2244–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები