დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება შპს „სოხუმის პროფესორის აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი“-ს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/9850-11 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 03/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111013001, 13/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2011 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი” (ს/კ 251716807);
წარმომადგენელი: ნუცა არდაშელია (დირექტორი);
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ დირექტორმა ნუცა არდაშელიამ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და განისაზღვრა ვადა მის შესავსებად. 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, აღნიშნული ვადა გაგრძელდა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღით.
დადგენილ ხარვეზთა აღმოფხვრის მიზნით 2011 წლის 28 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ დირექტორმა ნუცა არდაშელიამ.
სასამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, 20-ე, მე-21, 25-ე, 26-ე, 29-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;
3. აეკრძალოს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
4. შეჩერდეს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;
5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის – საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;
7. განემარტოს შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის“ დირექტორს ნუცა არდაშელიას, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;
9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 18 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23);
10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე;
11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები