დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2226 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 21/05/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.05.001.001.266 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ.16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილება ვალდებულია, გაწვევამდე ერთი თვით ადრე შეკითხვით მიმართოს წვევამდელს მის მიერ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლების გამოყენების თაობაზე.“.
2. მე-13 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„11. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილება მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ სრული მონაცემების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, აგრეთვე ამ მონაცემებს აცნობებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და ფინანსთა სამინისტროს.“.
3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიას ამტკიცებს შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების უფროსი;
გ) კომისიის წევრები: საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებას;
დ) კომისიის მდივანი.“.
4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. გაწვევის საფუძველი
1. მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროსებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტების მოთხოვნები.
2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სამსახურში. პირი სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი.“.
5. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. წვევამდელი, რომელსაც სურს, გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლება, ვალდებულია, ამის შესახებ გაწვევამდე ერთი თვით ადრე აცნობოს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას.“.
6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოები მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.“.
7. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) გამწვევი კომისია. კომისიას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) კომისიის მდივანი.“.
8. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისია წვევამდელს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) შემდეგ ადგენს წვევამდელის ვარგისიანობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ სამხედრო ძალების სახეობასა და გვარეობას, სადაც მან უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, განსაზღვრავს შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელზე ზედამხედველობა
1. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღებ და მიღებულ შემოსავალზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული გაწვევის ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრო დასკვნას წარუდგენს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალებს გადაუგზავნის შესაბამის ორგანოებს.“.
10. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამედიცინო კომისიას ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში მოქალაქის მიწერისა და გაწვევის პერიოდში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის წარდგინებით ამტკიცებს ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.“.
11. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;
ბ) მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და სამხედრო სწავლებას გადის შესაბამის სამხედრო კათედრაზე – სასწავლებლის დამთავრებამდე;
დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;
ე) არის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, დაწყებითი პროფესიული ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე, თუ მას სასწავლებელში ჩარიცხვამდე არ ჰქონდა საშუალო განათლება;
ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
თ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;
მ) არის დედისერთა;
ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.“.
12. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სამხედრო სამსახურში გადავადების საფუძვლებს, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, წარმოადგენს:
ა) ერთი ან ერთზე მეტი შვილის ყოლა იმ პირთათვის, რომლებიც სარგებლობდნენ ან შეეძლოთ ესარგებლათ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით;
ბ) 2002 წლის 15 ივლისამდე წვევამდელის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა – სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 24 წლის ასაკისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 7 მაისი.
№2226–IIს
დოკუმენტის კომენტარები