დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2234 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 21/05/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.264 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1963 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1963. სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.“.
2. 197-ე, 1971 და 198-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა
სამხედროვალდებულთა მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში გამოძახებაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე, ან იმ სააღრიცხვო ორგანოსათვის, სადაც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, განათლების, სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის შესახებ ცნობების დადგენილი ვადის დარღვევით შეტყობინება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მუხლი 1971. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა, –
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღის ვადით.
მუხლი 198. სამხედრო ბილეთის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა
სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტების (სამხედრო ბილეთებისა და გასაწვევ უბანზე მიწერის მოწმობების) განზრახ გაფუჭება ან დაუდევრად შენახვა, რასაც მოჰყვა მათი დაკარგვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 7 მაისი.
№2234–IIს
დოკუმენტის კომენტარები