„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111006024, 06/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016253
  • Word
521
06/10/2011
ვებგვერდი, 111006024, 06/10/2011
200090000.22.033.016253
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 521

2011 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის            2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.გადასახადების ადმინისტრირების შესახებ  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ კვების ობიექტში კვების მომსახურების („საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობის სახეები სეკ 001-2004“-ის 55.3 – 55.5 ჯგუფებით გათვალისწინებული საქმიანობა) გამწევი პირის მიერ, ამ მომსახურებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტის შესყიდვაზე გაწეული ჯამური ხარჯი, მიუხედავად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა, შესაძლებელია გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან, არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

 ა) თუ პირის  მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი;

 ბ) თუ პირის  მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული  ხარჯი არ აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს და მას ასევე გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, მაგრამ არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის  20%-ისა.

მაგალითი 1

პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში  სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა  45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები (თევზი, კარტოფილი, პომიდორი და სხვა), მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში

პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯი მხოლოდ  30 000 (150 000 X 20%) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 15 000 ლარი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.

მაგალითი 2

პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა  45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები. საიდანაც მას მხოლოდ 35 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში

პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მხოლოდ კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული  ხარჯი 35 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 10 000 ლარის ოდენობის ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.

მაგალითი 3

პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა  29 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, საიდანაც მას მხოლოდ  15 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში

პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითოს 29 000 ლარი, მათ შორის, როგორც  დოკუმენტურად  დადასტურებული ხარჯი 15 000 ლარი, ასევე  დანარჩენი 14 000 ლარი, რომელიც დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. ვინაიდან მოცემულ  შემთხვევაში ნებადართული გამოქვითვადი ხარჯების ოდენობა არ აღემატება 30 000  ლარს – 150 000 ლარის 20%-ს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დ. გვინდაძე