დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-39 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110929006, 03/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120000.35.156.016069 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16-39
2011 წლის 29 სექტემბერი
ქ. დმანისი
I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის დადგენილების) 65-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე და საქართველოს მთავრობის დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით შესაძლებელია დმანისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული ტერიტორიისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დადგენილებით კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალული ან შეზღუდული არ არის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი.
2. თუ შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა ან დემონტაჟი ხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დამატებითი დოკუმენტაციის სახით სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრებისა) გამგეობაში წარმოდგენილ იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობის ფასადის მდებარეობის ამსახველი ადგილის ტოპოგრაფიული რუკა ფასადის მდებარეობის ადგილის ჩვენებით;
ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
მუხლი 2
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა), თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:
ა) ქ.დმანისის ამ დადგენილების №1, №2, №3, №4 და №5 დანართით გათვალისწინებულ ზონაში;
ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის და დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებაში გამავალი „დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №4-16 დადგენილებით გათვალისწინებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;
გ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);
დ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა დმანისის მიმდებარე ტერიტორიაზე (დანართი №6);
ე) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი ტბებისა და წყალსაცავების გარშემო 100-მეტრიან ზოლში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟის შემთხვევაში, თუ ანტრესოლი, კიბე, ვიტრინა, კარი, ფანჯარა და სხვა ღიობები არ უკავშირდება შენობის ფასადის ცვლილებას, მათი მოწყობა/დემონტაჟი ხორციელდება შესაბამისი ნებართვის აღების გარეშე, საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
მუხლი 3
აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსება, ამ დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სახეობის (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-13 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე






უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები