ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110920003, 22/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
191
16/09/2011
ვებგვერდი, 110920003, 22/09/2011
300300000.22.025.016040
ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/09/2011 - 05/10/2011)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №191

2011 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების  დამტკიცების შესახებ

ელექტოენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ხეთაგური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესები

კარი I

ზოგადი დებულებები და უსაფრთხოების საერთო წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესები ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას (შემდგომში _ წესები) მოიცავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამუშაოთა შესრულებისას მოქმედი და სარეკონსტრუქციო ელექტროსადგურების თბოძალური, მექანიკური, წყალმომზადების მოწყობილობების, წყალმომარაგების სისტემების მოწყობილობების ექსპლუატაციის, შეკეთების, გაწყობისა და გამოცდის დროს, სათბობ-სატრანსპორტო, საქვაბე, სატურბინო და ქიმიური საამქროების თბური ავტომატიკისა და გაზომვების ჩატარებისას.

2. ყველა საწარმო უფლებამოსილია აწარმოოს შესაბამისი საქმიანობა ისეთი უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება წესებს.

    მუხლი 2. გამოყენების სფერო

1. წესები სავალდებულოა პერსონალისათვის, რომელიც დაკავებულია მოქმედი და სარეკონსტრუქციო ელექტროსადგურების საქვაბე-სატურბინო, სათბობ-სატრანსპორტო და ქიმიური საამქროების თბოძალოვანი, მექანიკური და წყალმომზიდების მოწყობილობების ექსპლუატაციით, შეკეთებით, გაწყობითა და გამოცდით, ასევე თბური ავტომატიკითა და გაზომვებით.

2. ელექტრომოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროდანადგართა მოწყობის წესებს და მათი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისას ტექნიკური უსაფრთხოების წესების მიხედვით.

3. თბური ავტომატიკის, თბოტექნიკური გაზომვებისა და დაცვის მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს და მისი ექსპლუტაცია წარმოებდეს წინამდებარე წესების და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციისას ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

4. საწარმოებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მუშა-მომსახურეთათვის შრომის დაცვის ინსტრუქციები.

5. ელექტროსადგურების საექსპლუატაციო საწარმოს პასუხისმგებელმა პირებმა (საამქროს ხელმძღვანელებმა) აუცილებელი, ორგანიზაციულდა ტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად უნდა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა. ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესების მოთხოვნებს.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი – ხელმძღვანელები, საამქროსა და უბნის უფროსები, ლაბორატორიებისა და საწარმოს უფროსები, მათი თანაშემწეები, ინჟინრები, ტექნიკოსები, ოსტატები, რომლებიც ეწევიან მოწყობილობათა ექსპლუატაციას და სარემონტო მომსახურებას.

2. მორიგე პერსონალი – პირები, რომლებიც მორიგეობენ ცვლაში და დაშვებული არიან მოწყობილობათა ოპერატიული მართვისათვის და ოპერატიული გადართვისათვის.

3. მოწყობილობის მომსახურება მოწყობილობების ექსპლუატაცია, შეკეთება, გაწყობა და გამოცდა, აგრეთვე მათზე გაშვება-გამართვის სამუშაოების ჩატარება.

4. თბომექანიკური მოწყობილობა თბოძალური, მექანიკური და წყალმომზადების მოწყობილობები, ასევე ამ მოწყობილობებზე დაყენებული თბური ავტომატიკისა და თბოტექნიკური გაზომვების ხელსაწყოები.

5. დასაშვებია” აღნიშნავს, რომ წესების პირობები შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც გამონაკლისი ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

    მუხლი 4. მოთხოვნები პერსონალის მიმართ

1. ობიექტებზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა შესასრულებელი სამუშაოებისათვის.

2. სამუშაოების წარმოებისას პასუხისმგებელია შემსრულებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი.

3. პირებმა, რომლებიც მიიღებიან სამუშაოზე თბოტექნიკური მოწყობილობების მომსახურეობისათვის უნდა გაიარონ წინასწარი სამედიცინო შემოწმება და შემდგომში, საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, პერიოდული სამედიცინო შემოწმება, დადგენილი წესის შესაბამისად.

4. პირებს, რომელთაც არ შესრულებია 18 წელი, არ დაიშვებიან მძიმე და მავნე სამუშაოების შესასრულებლად. კერძოდ:

ა) ქვაბის გაწმენდით სამუშაოებზე;

ბ) საქვაბე-სატურბინო და სათბობის მტვერმომზადების საამქროების მოწყობილობების შეკეთებაზე;

გ) აირტურბინული დანადგარების, სათბობის მტვერმომზადებისა და მიწოდების, თბოელექტროსადგურების საქვაბე და სატურბინო საამქროების მოწყობილობების ექსპლუატაციაზე;

დ) თბოელექტროსადგურების გამზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის მომსახურება-კონტროლზე;

ე) მიწისქვეშა კომუნიკაციების მომსახურებაზე;

ვ) მაიონიზირებელი გამოსხივების ზონაში მოწყობილობათა ექსპლუატაციაზე და შეკეთებაზე;

ზ) გაზოელექტროშედუღებაზე;

თ) საქლორატორო მოწყობილობების მომსახურებაზე;

ი) ტვირთამწე მოწყობილობების მომსახურებაზე, მემანქანედ, ჩამბმელად (მეჯამბარედ) და სატაკელაჟო სამუშაოებზე;

კ) მაღალი წნევისა და ტემპერატურების ჭურჭლებისა და მილსადენების მომსახურებაზე;

ლ) რენტგენო-გამა დეფექტოსკოპიაზე;

მ) მაღლივ სამუშაოებზე;

ნ) ფეთქებადსაშიში მასალების შენახვაზე, გამოყენებასა და ტრანსპორტირებაზე;

ო) პნევმატური ინსტრუმენტისა და სამშენებლო-სამონტაჟო რევოლვერების გამოყენებაზე;

პ) ღია ვერცხლისწყალთან;

ჟ) სპეციალიზირებული საწყობების მომსახურებაზე, რომლებშიც ინახება საწვავ-საცხები და ფეთქებადსაშიში მასალები, შხამქიმიკატებთან, მჟავებთან, ტუტეებთან, ქლორთან და ქლორის კირთან სამუშაოდ;

 რ) მოზარდებისათვის დადგენილ ნორმებზე მეტად მძიმე ტვირთების აწევასა და გადაადგილებაზე.

5. ქალები არ დაიშვებიან საწარმოთა სიით განსაზღვრულ სამუშაოებზე, რომლებიც დაკავშირებულია მძიმე და მავნე სამუშაოების შესრულებასთან, ასევე, იმ სამუშაოებზე, რომლებზეც კანონმდებლობით აკრძალულია ქალთა შრომის გამოყენება.

6. პირებმა, რომლებიც მომსახურებას უწევენ ელექტროსადგურების საამქროების და თბური ქსელების მოწყობილობებს უნდა იცოდნენ და ასრულებდნენ წინამდებარე წესების მოთხოვნებს.

7. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეც-ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით იმგვარად, რომ სპეც-ტანსაცმელი არ უნდა ქმნიდეს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს.

8. საწარმოს ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს სპეც-ტანსაცმლის სავალდებულობისა და უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია სხვადასხვა საშიში სამუშაოების შესაბამისად და უზრუნველყოს პერსონალის მიერ მათი ცოდნა.

9. საწარმოს პერსონალი უნდა ფლობდეს ძაბვის ქვეშ ჩავარდნილი ადამიანების განთავისუფლების მეთოდებს და უნდა შეეძლოს ელექტრული დენის ზემოქმედებისაგან და სხვა უბედური შემთხვევებისაგან დაზარალებული ადამიანების პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.



 

თავი II

უსაფრთხოების საერთო წესები

    მუხლი 5. ტერიტორია, შენობა და სამუშაო ადგილი

1. საპროექტო, სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოებს ახორციელებენ იურიდიული ან/და ფიზიკური პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საწარმოს ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს ავარიის ლიკვიდაციისა და ევაკუაციის გეგმა და უზრუნველყოს მისი გაცნობა და შესაბამისი ინსტრუქტაჟის პერიოდული ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის.

3. აკრძალულია აირსავლების ქვეშ სახელოსნოების, საყოფაცხოვრებო-სანიტარიული და სხვა დანიშნულების შენობების მოწყობა.

4. გადახურვები სართულებს შორის, იატაკები და არხები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. იატაკზე ყველა ღიობი უნდა იყოს შემოღობილი. ჭის სახურავები, კამერებისა და არხების გადახურვები შესრულებული უნდა იყოს პროფილირებული ფოლადისაგან, იატაკის ან მიწის პირზე და მყარად უნდა იქნეს დამაგრებული.

გადახურვების ჭრილები, ლუქებახდილი ჭები, თავღია არხები, ქვაბულები, თბური კამერები და სხვა სახიფათო ზონები შემოღობილ უნდა იქნეს მთლიანად პერიმეტრის გარშემო. დროებითი შემოღობვის ელემენტები მჭიდროდ უნდა იქნეს დამაგრებული. ღობეები უნდა იყოს მყარი და უძლებდეს ადამიანის მასის ზემოქმედებას. კარგად უნდა ჩანდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. შემოღობვებზე გაკრული უნდა იყოს გამაფრთხილებელი პლაკატები.

5. კამერებსა და არხებში აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული სისუფთავე. რეგულარულად უნდა ამოიტუმბოს წყალი და არ მოხდეს გასასვლელების ჩახერგვა.

6. დაუშვებელია სამშენებლო კონსტრუქციების გადაკეთება და მათში ღიობების მოწყობა წინასწარი გაანგარიშების საფუძველზე მიღებული დასაბუთების გარეშე.

7. ყველა საწარმოში, საამქროებსა და უბნებზე უნდა იყოს გეგმა, რომელზეც მითითებული იქნება სარემონტო მოედანი და მათზე დატვირთვის ზღვრული მნიშვნელობები. საამქროებსა და უბნებზე ნათლად უნდა იყოს მონიშნული სარემონტო მოედნების საზღვრები, ხოლო ფირნიშზე მითითებული დატვირთვის ზღვრული მნიშვნელობები.

8. სავენტილაციო სისტემები, ჰაერის კონდენცირება, ვენტილაცია, კონდენცირებისა და გათბობის სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებს და მათზე ცვლილებები არ უნდა აუარესებდეს დამამზადებლის მოთხოვნებს ექსპლუატაციისადმი ისე, რომ საწარმოში შენარჩუნებული იყოს შრომის ჯანსაღი პირობები

9. მჟავეები, ტუტეები, მარილები ან სხვა რეაგენტები უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ საწყობში.

10. ვერცხლისწყალი უნდა ინახებოდეს შეფუთულ მდგომარეობაში, საწარმო-დამამზადებლების სპეციალიზებულ საწყობში, უსაფრთხოების ყველა პრევენციული ზომის დაცვით. ვერცხლისწყლის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ არამტვრევადი ჭურჭლით.

11. საწარმოო შენობებში აკრძალულია ბენზინის, ნავთის, სპირტის, საღებავების, გამხსნელების და სხვა ადვილადაალებადი მასალების შენახვა, ყოველდღიური მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობის გარდა, რომელიც შეიძლება დაშვებულ იქნეს როგორც გამონაკლისი. ამ მასალების რაოდენობა და შენახვის ადგილი შეთანხმებულ უნდა იქნეს საწარმოს სახანძრო დაცვის სამსახურთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მასალების რაოდენობა და შენახვის ადგილი შეთანხმებულ უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფებთან. მასალები უნდა ინახებოდეს საამქროების სპეციალურ საწყობებში, რომელთა კარებზე უნდა იყოს გაკრული სიგარეტის მოწევისა და ღია ცეცხლის გამოყენების ამკრძალავი უსაფრთხოების ნიშნები.

სამუშაო ადგილებთან ახლოს დასაშვებია საცხებ-საპოხი მასალების შენახვა სპეციალურ მეტალის ქილებსა (კასრებსა) და საზეთურებში.

12. მცირე რაოდენობის (2-3 ლიტრამდე) ტუტეები და მჟავეები, (ფლუორმჟავას გარდა) აუცილებლად უნდა ინახებოდეს ვენტილაციით აღჭურვილ ცალკე შენობებში, საცობებით მჭიდროდ დაცულ მინის ჭურჭელში (ბოცებში).

ფლუორმჟავა უნდა ინახებოდეს პოლიეთილენის ჭურჭელში ან პარაფინირებულ ბოცებში. ბოცები მოთავსებული უნდა იყოს ხის ყუთებში. ბოცებს შორის სივრცე შევსებული უნდა იყოს ნამჯით ან ხის ბურბუშელით. გოგირდისა და აზოტის მჟავეებიანი ბოცების შესანახად ხის ყუთების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მათი ხანძარსაწინააღმდეგო დამუშავების შემდეგ. ბოცების ამოღება კალათებიდან და ყუთებიდან შესაძლებელია მხოლოდ მათი დაცლის შემდეგ.

ყუთები და კალათები, რომლებშიც მოთავსებულია მჟავეები უნდა იდგეს იატაკზე ერთ რიგად და ყოველ მათგანზე უნდა იყოს მჟავას აღმნიშვნელი ფირფიტა.

მჟავეებისაგან დაცლილი ბოცები უნდა ინახებოდეს ანალოგიურ პირობებში.

13. ელექტროსადგურების საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილები ელექტროშედუღების დანადგარების დადგმისათვის, ასევე უნდა იყოს განშტოებები ცენტრალიზებელი აირშედუღებითი სამუშაოების ჩასატარებლად.

14. ტვირთების დაშტაბელება დროებითი დასაწყობების ადგილას უნდა გახორციელდეს უსაფრთხო დატვირთვა-გადმოტვირთვით.

15. საწარმო შენობებში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 25 დეკემბრის №346/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

16. უნდა შედგეს ყველა გაზსაშიში ადგილებისა და იმ შენობების ნუსხა, რომლებშიც ინახება მავნე ნივთიერებები. გაზსაშიში ადგილებისა და მავნე ნივთიერებებით შენობების ნუსხას ამტკიცებს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელი. შენობების შესასვლელებზე გაკრულ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მათში მავნე ნივთიერებების არსებობას, ასევე ხანძრისა და აფეთქების საშიშროებას.

17. საწარმოებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს. შენობებსა და ტერიტორიაზე უნდა იყოს ხანძრის ჩაქრობისათვის საჭირო საშუალებები, სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესაბამისად.

 18. ტერიტორიაზე და საწარმოო შენობებში მოწევა შეიძლება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. მოწევა რეზერვუარებში, კამერებში, ჭებში, არხებში და ღია ლიუკებთან აკრძალულია.

19. საწარმოო შენობებში უნდა იყოს სააფთიაქო ყუთები დაკომპლექტებული გადასახვევი მასალებითა და მედიკამენტებით.

    მუხლი 6. მოთხოვნები მოწყობილობებისადმი

1. მოწყობილობათა ყველა ცხელი ნაწილები, მილსადენები, ავზები და სხვა ელემენტები, რომელთანაც შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს პერსონალის დამწვრობა უნდა იყოს დაფარული თბოიზოლაციით. იზოლაციის ზედაპირის ტემპერატურა 250 C გარემო ტემპერატურის დროს არ უნდა აჭარბებდეს 450C. შეღებვა და წარწერა მილსადენებზე უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სტანდარტს –გოსტ 14202-69 „სამრეწველო საწარმოების მილგაყვანილობები, საცნობი შეღებვა, გამაფრთხილებელი ნიშნები და სანიშანდებო დაფები.

2. მოწყობილობათა და მილსადენების ცხელი ზედაპირები, რომლებიც იმყოფებიან ადვილადაალებადი, წვადი, ფეთქებადსაშიში ან მავნე ნივთიერებების შესაძლო მოხვედრის ზონაში, ამ ნივთიერებების თბოიზოლაციაზე მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს დაფარული მეტალის გარსაცმით.

3. აგრესიული, ადვილადაალებადი, წვადი, ფეთქებადსაშიში ან მავნე ნივთიერებების მილსადენები უნდა იყოს ჰერმეტული. შესაძლო გაჟონვების ადგილებში (ურდულები, ონკანები, მილტუჩური შეერთებები) დაყენებული უნდა იყოს დამცავი გარსაცმები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალური მოწყობილობა გაჟონვის პროდუქტების უსაფრთხო ადგილას ჩასაღვრელად.

4. მოწყობილობათა ელემენტები, არმატურა და ხელსაწყოები, რომლებიც საჭიროებენ პერიოდულ შემოწმებას განთავსებული უნდა იყოს მომსახურეობისათვის მოსახერხებელ ადგილას.

 5. იატაკიდან (სამუშაო მოედნიდან) 1,5 მ-ის ზემოთ განლაგებული მოწყობილობათა საკვანძო ელემენტების მომსახურება უნდა განხორციელდეს შემოღობვებითა და კიბეებით მოწყობილი სტაციონარული ბაქნებიდან. კიბეები და მოედნები შემოღობილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მ სიმაღლის, 14 სმ-იანი სიმაღლის ქვედა საბორტო მოაჯირებით. მანძილი მოედნის ზედაპირიდან სახურავამდე არ უნდა იყოს 2 მ-ზე ნაკლები.

6. საწარმოო მოწყობილობათა მბრუნავი ნაწილები, რომლებთანაც შეიძლება შეხება მოუწიოთ მომსახურე პერსონალს, აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის საშუალებებითა და შემოღობვებით. აუცილებლობის შემთხვევაში, ისინი ბლოკირებული უნდა იყოს მანქანებისა და მექანიზმების ამძრავების შემოღობვის მოხსნის და კარებისა და ხუფების გაღების შემთხვევაში. აკრძალულია მანქანა-მექანიზმების კარკასზე შემოღობვების მოწყობა ლითონის ზოლოვანებისა და ღეროების დადუღებით. ნახევარქუროების ხუფები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მბრუნავი ღერძის დაუფარავი ნაწილი არ აღემატებოდეს 10 მმ-ს.

    მუხლი 7. მოწყობილობათა მომსახურება

1. ახალი საწარმოო პროცესებისა და ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა, ახლად დამუშავებული მოწყობილობისა და ავტომატიზაციის საშუალებების ნიმუშების გამოცდა ხორციელდება მწარმოებელი ქარხნის ინსტრუქციების შესაბამისად, ტექნიკური პირობების მიხედვით.

2. ყოველ სამუშაო ადგილზე უნდა იყოს საწარმოო და თანამდებობრივი ინსტრუქციები, ასევე შრომის დაცვის ინსტრუქციები, მოცემული თანამდებობისა და პროფესიისათვის აუცილებელი მოცულობით.

3. სამუშაოს დაწყებამდე შემოწმებულ უნდა იქნეს წინამდებარე წესების მოთხოვნები, რომელიც შეეხება შესასრულებელ სამუშაოს. წინამდებარე წესების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურე პერსონალს უფლება არა აქვს შეუდგეს სამუშაოს შესრულებას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გასცა განკარგულება მის შესრულებაზე.

     4. ქვაბიდან წიდების მოცილების, ქვაბის და მისი ქვედა წერტილების გაქრევის, არამდგრადი და ავარიული რეჟიმების დროს დაცულ უნდა იქნეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების მოთხოვნები.

5. ხურების ზედაპირების მილებზე, ორთქლის მილსადენებზე, კოლექტორებზე, მკვებავ მილსადენებზე, არმატურის და სხვა მაღალი წნევისა და ტემპერატურის მქონე მოწყობილობის კორპუსებზე ნახვრეტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ ხალხის გამოყვანა ავარიული მოწყობილობის სიახლოვიდან. სახიფათო ზონა უნდა შემოიღობოს სასწრაფოდ და გამოიკიდოს ფირნიშები ფრთხილად! სახიფათო ზონაა“!

6. ყოველი გამშვები მოწყობილობის ქვეშ (გარდა დისტანციურისა), ასევე 1000 ვოლტამდე და 1000 ვოლტის ზემოთ ელექტროძრავებთან, თუ ისინი განთავსებულია მომეტებული ან განსაკუთრებული საფრთხეების შემცველ შენობებში, უნდა იყოს დიელექტრიკული ხალიჩები, ხოლო ნესტიან შენობებში მათი განთავსებისას – იზოლირებული ქვესადგამები.

7. აკრძალულია გაუმართავი დანადგარების ექსპლუატაცია ან მათი ექსპლუატაცია გაუმართავი ავარიული გამორთვის მოწყობილობით, ასევე მოწყობილობების ექსპლუატაცია გაუმართავი სიგნალიზაციით, ბლოკირებისა და დაცვის მოწყობილობებით.

8. აკრძალულია მოწყობილობათა შეკეთება იმ ტექნიკური ღონისძიებების შესრულების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს მათ მუშაობაში შეცდომით ჩართვისაგან, (ძრავების გაშვება, ორთქლის ან წყლის მიწოდება და ა.შ.) თვითნებური გადაადგილების ან მოძრაობის დაწყებისაგან დაცვას.

9. იმ სარემონტო სამუშაოების ზონებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მეტია 320С-ზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს გადასატანი ჰაერმაშხეფი მოწყობილობები.

     10. მოწყობილობათა ცხელ ნაწილებთან ადამიანების ყოფნის აუცილებლობის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს ზომები მათი დამწვრობის მიღებისაგან და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით (მოწყობილობათა შემოღობვა, ვენტილაცია, სპეცტანსაცმელი და სხვა).

11. აკრძალულია მოწყობილობათა და მათი დეტალების გარეცხვისა და გაუცხიმოვნებისათვის ნავთის, ბენზინის, ბენზოლის, აცეტონისა და სხვა წვადი და ადვილადაალებადი ნივთიერებების, ასევე ტრიქლორეთილენის, დიქლორეთილენისა და სხვა ქლორისაგან ნაწარმოები ნახშირწყალბადების გამოყენება.

12. წვადი, ფეთქებადსაშიში და მავნე ნივთიერებათა მილსადენებისა და არმატურის გაყინვისას მათი გალხობა შესაძლებელია მხოლოდ ტენიანი ორთქლით ან ცხელი წყლით. ღია ცეცხლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ წყლის მილსადენების, ორთქლისა და პულპოსადენების შესათბობად, რომელიც განთავსებულია არაცეცხლსაშიშ შენობებში და ღია ცის ქვეშ.

13. ადგილები, სადაც საშიშია ხალხის ყოფნა ან მათ სიახლოვეს გავლა, შემოღობილ უნდა იქნეს ბაგირებით ან სტაციონარული დამცავი ფარებით და მოწყობილ უნდა იქნეს უსაფრთხოების ნიშნები დანართი 2-ის შესაბამისად.

14. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილების განათება მომსახურე პერონალის უსაფრთხო გადაადგილებისა და მუშაობისათვის.

15. ხელით გადასატანი სანათი ხელსაწყოები უნდა იკვებებოდეს არა უმეტეს 42 ვოლტი ძაბვის ქსელიდან. იმ ადგილებში, სადაც მომატებულია ტენიანობა, მტვრიანობა, მეტალის დამიწებულ ზედაპირებთან შეხების შესაძლებლობა და შექმნილია ელექტროდენით დაზიანების გაზრდილი საფრთხეები, სანათი მოწყობილობები უნდა იკვებებოდეს არა უმეტეს 12 ვოლტი ძაბვის ქსელისაგან.

16. გაზსაშიშ შენობებში შესვლამდე აუცილებელია ჩატარდეს ჰაერის ანალიზი მასში გაზების შემცველობაზე. გაზების არსებობის შემოწმება უნდა ჩატარდეს აფეთქებისაგან დაცული ტიპის გაზოანალიზატორის საშუალებით. შენობის დაგაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მასში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ განიავებისა და ხელახალი ანალიზის ჩატარების შემდეგ, მასში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის არსებობის შემთხვევაში (არანაკლებ 20%-ისა მთლიანი მოცულობიდან).

17. გაზსაშიში სამუშაოების შესრულების დროს ასევე დაცულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) გადასატან სანათებად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ აფეთქებაუსაფრთხო სანათები. აკრძალულია სანათების ჩართვა და გამორთვა გაზსაშიშ ადგილებში, ასევე ღია ცეცხლის გამოყენება განათებისათვის;

ბ) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთი ხელსაწყოები და სამარჯვები, რომლებიც გამორიცხავენ ნაპერწკლის წარმოქმნას;

გ) აკრძალულია ელექტროდრელის და სხვა ელექტროხელსაწყოებისა და სამარჯვების გამოყენება, რომლებიც იწვევენ ნაპერწკალს;

დ) პერსონალის ფეხსაცმელი უნდა იყოს ლითონის ნალებისა ლურსმნების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს რეზინის ფეხსაცმელით.

    მუხლი 8. უსაფრთხოების ზომები მოწყობილობათა დეფექტოსკოპიის დროს

 დეფექტოსკოპიის ყველა სამუშაოები, რომელთა შესრულებისას გამოიყენება ხელსაწყოები მაიონიზირებული გამოსხივების წყაროებით, უნდა წარმოებდეს რადიაციული უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 9. თბომცვლელი აპარატებისა და მილსადენების მომსახურება

1. თბომცვლელი აპარატების ექსპლუატაცია აკრძალულია მათი შემოწმების ვადის გასვლის ან დეფექტების გამოვლენის, დონეების რეგულირებისა და დაცვის სისტემების გაუმართაობის ან არ არსებობის შემთხვევაში, რაც საფრთხეს შეუქმნის თბომცვლელი აპარატების უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, რაზეც უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერი თბომცვლელი აპარატის პასპორტში აკრძალვის მითითებით.

2. ყველა მილსადენსა და თბომცვლელ აპარატს ზედა წერტილში უნდა ჰქონდეს ჰაერის გამომშვები, ხოლო ქვედა წერტილებში და შეგუბების ზონებში – სადრენაჟო მოწყობილობები, რომელიც უშუალოდ მიერთებული იქნება ატმოსფერულ გარემოსთან. სადრენაჟო მილსადენებიდან წყლის ჩამოღვრის ადგილი გატანილ უნდა იქნეს პერსონალისათვის უსაფრთხო მანძილზე.

3. თბომცვლელი აპარატების უსაფრთხოების სარქველების, მანომეტრებისა და სხვა არმატურის შემოწმება უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ სპეციალურად არჩეული მომსახურე პერსონალის მიერ თბომცვლელი აპარატების მომსახურეობის ინსტრუქციების შესაბამისად.

4. ორთქლსვალ ტრაქტში გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში საამქროს ცვლის უფროსმა დაუყოვნებლივ უნდა განსაზღვროს სახიფათო ზონა, და არ დაუშვას პერსონალი სახიფათო ზონაში, მათ შორის,, გამაფრთხილებელი ნიშნების გამოყენებით.

5. თბომცვლელი აპარატებისა და მილსადენების გათიშვა უნდა განხორციელდეს სულ მცირე ორი, მიმდევრობით დაყენებული საკვალთით. მათ შორის, უნდა იყოს უშუალოდ ატმოსფეროსთან შეერთებული სადრენაჟო მოწყობილობა. აღნიშნული მოთხოვნიდან გამონაკლისი დაიშვება საწარმოს შესაბამისი, დადგენილი პასუხისმგებელი ინჟინერ-ტექნიკური მომსახურე პერსონალის გადაწყვეტილებით, ცალკეული შემთხვევების დროს რისკის ანალიზის საფუძველზე, ზემოთ ხსენებული ობიექტების სარემონტო სამუშაოების განხორციელების ინსტრუქციის შესაბამისად. აღნიშნული ინსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ორთქლდენისა და გაჟონვისგან მომდინარე საფრთხეებისგან მომსახურე პერსონალის დაცვის ღონისძიებებს.

6. ორთქლისა და წყლის მილსადენების შეკეთების, გასინჯვისა და ექსპლუატაციისას მილტუჩური შეერთებები უნდა იყოს გერმეტული და დაცული გაჟონვისგან.

7. მილსადენების შეთბობა და გაშვება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ინსტრუქციის ან სპეციალურად შემუშავებული პროგრამის შესაბამისად.

8. ორთქლის მილსადენების გაქრევა უნდა განხორციელდეს სამონტაჟო, სარემონტო ან გაშვება-გაწყობის ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ დამტკიცებული სპეციალური პროგრამის შესაბამისად.

    მუხლი 10. თბოსაიზოლაციო და ამოკირვის სამუშაოები

1. ანტიკოროზიული, შეღებვითი და საიზოლაციო სამუშაოები მოწყობილობებსა და კონსტრუქციებზე უნდა შესრულდეს საწარმოს მიერ შემუშავებული შესაბამისი სამუშაოების უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

2. აკრძალულია თბოსაიზოლაციო სამუშაოების შესრულება მუშა მოწყობილობებზე, მათ შორის, მილსადენებზე, გარდა თბური იზოლაციის დამცავ ფენაზე და გარსაცმზე სამუშაოებისა.

3. მოწყობილობებზე, მათ შორის, მილსადენებზე იზოლაციის სამუშაოების დაწყების წინ აუცილებელია ჟონვისა და ორთქლვის არარსებობაში და მეზობელ მუშა მოწყობილობებზე მდგრადი რეჟიმის არსებობაში დარწმუნება.

4. აკრძალულია საიზოლაციო სამუშაოების შესრულება მოწყობილობებზე მათი ჰიდრავლიკური და პნევმატიკური გამოცდის დროს, ასევე გამოსაცდელი მოწყობილობის სახიფათო ზონის ახლოს.

5. თბოსაიზოლაციო და სხვა მასტიკისმაგვარი მასალებით მუშაობისას, რომელთა შემადგენლობაშიც შედის თხევადი მინა, ასევე კირით შელესვისას, პერლიტით, ვერმიკულიტური ხსნარებისა და მასტიკების გამოყენებით საიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას, მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით და დამცავი სათვალეებით და საჭიროების შემთხვევაში სხვა დამცავი აღჭურვილობით.

    მუხლი 11. მიწის სამუშაოები

1. მიწის სამუშაოები უნდა შესრულდეს სამშენებლო ნორმების, წესებისდა უსაფრთხოების წესების მოთხონათა შესაბამისად.

2. ენერგოსაწარმოს ტერიტორიაზე, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების დაცვის ზონებში (ელექტროკაბელები, გაზსადენები და სხვა) მიწის სამუშაოები სრულდება მხოლოდ საამქროს უფროსის ან საწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ კომუნიკაციების ექსპლუატაციაზე. ნებართვაში მითითებული უნდა იყოს კომუნიკაციების გეგმა (სქემა) და მისი ჩალაგების სიღრმე. სამუშაოს დაწყებამდე დაყენებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების ნიშნები ან წარწერები, რომლებიც მიუთითებენ მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობას.

3. მოქმედი მიწისქვეშა კომუნიკაციების ზონაში მიწის სამუშაოები უნდა შესრულდეს სამუშაოთა ხელმძღვანელის უშუალო მეთვალყურეობით. ძაბვის ქვეშ მყოფი კაბელის დაცვის ზონაში, მოქმედ გაზსადენებსა და თბოტრასაზე მუშაობისას – დამატებით იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მეთვალყურეობით, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ამ კომუნიკაციებს.

4. ფეთქებადსაშიში ან საბრძოლო მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მიწისქვეშა ნაგებობათა გეგმაზე (სქემაზე), მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პერსონალი გაყვანილ იქნეს სახიფათო ზონიდან და მიღებულ იქნეს ზომები სახიფათო ზონაში უცხო პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით. სამუშაოს გაგრძელება აკრძალულია შესაბამისი ორგანიზაციებიდან ნებართვის მიღებამდე.

5. თხრილებსა და ქვაბულებში მავნე აირების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა, ხოლო პერსონალი გაყვანილ იქნეს სახიფათო ზონიდან. სამუშაოს გაგრძელება შესაძლებელია სამუშაო ზონიდან მავნე აირების გამოდინების შეწყვეტისა და გაზებისაგან სრული გათავისუფლების შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში დაგაზიანებულ ზონაში სამუშაოთა წარმოება უნდა განხორციელდეს წინამდებარე წესების მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. აკრძალულია ღია ცეცხლის გამოყენება თხრილებში, რომელთა ახლოს გადის გაზსადენი ან შესაძლებელია გაზის დაგროვება.

7. ქვაბულები და ტრანშეები, რომელთა დამუშავება ხდება ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილების ზონაში უნდა შემოიღობოს და შემოღობვებზე აუცილებელია დადგეს გამაფრთხილებელი პლაკატები/ფირნიშები და უსაფრთხოების ნიშნები, ხოლო ღამის საათებში სასიგნალო განათება.

8. შემოღობვიდან რკინიგზის უახლოესი რელსის ღერძამდე უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი.

9. გაუმაგრებელი კედლებიანი თხრილის პრიზმის რღვევის ფარგლებში აკრძალულია სამშენებლო მანქანებისა და ავტოტრანსპორტის დგომა ან გადაადგილება, ასევე ჯალამბრების, მასალებისა და სხვა მანქანა-მოწყობილობების განთავსება. სამშენებლო მანქანებისა და ავტოტრანსპორტის გაჩერება და გადაადგილება, გამაგრებულ კედლებიანი თხრილის პრიზმის რღვევის ფარგლებში, დასაშვებია (დატვირთვის მნიშვნელობისა და დინამიურობის გათვალისწინებით) სამუშაოთა წარმოების პროექტში მოცემული გამაგრების სიმტკიცის შესაბამისობის წინასწარი შემოწმების შემდეგ.

10. ექსკავატორების მუშაობის დროს აკრძალულია:

ა) მისი დამაგრებისათვის ისეთი საგნების გამოყენება, რომლებიც ამისთვის არ არის განკუთვნილი. დამაგრებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ინვენტარული საბჯენები;

ბ) ყოფნა ექსკავატორის მოქმედების ზონიდან არანაკლებ 5 მ მანძილზე;

 გ) ჩამჩის გაწმენდა აწეულ მდგომარეობაში.

11. მიწისმთხრელი მანქანებისა და მექანიზმების ელექტროგადამცემი ხაზის სიახლოვეს მუშაობისას დაცული უნდა იყოს წინამდებარე წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

კარი II

ენერგეტიკული მოწყობილობის მომსახურება

თავი III

სათბობ-სატრანსპორტო მოწყობილობათა მომსახურება

    მუხლი 12. სარკინიგზო მეურნეობის მომსახურება

 მომსახურება უნდა განხორციელდეს რკინიგზის სფეროში მოქმედი რეგლამენტების მიხედვით.

    მუხლი 13. სამაზუთე მეურნეობის მომსახურება

1. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შენობებსა თუ სამაზუთე მეურნეობის ტერიტორიებზე, მაზუთის რეზერვუარებში, მიმღებ-ჩამომღვრელ მოწყობილობებში, არხებში, სატუმბოებში და ა.შ. საცეცხლე სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულება.

2. სატრანსპორტო საშუალებების რეზერვუარების პარკის ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გამოსაბოლქვ მილებზე ნაპერწკლის ჩამხშობების დაყენების შემდეგ.

3. აკრძალულია მაზუთის ჩამოსაცლელ უბნებზე ცისტერნების დამუხრუჭება ისეთი ბუნიკებით, რომლებსაც შეუძლია ნაპერწკლის წარმოქმნა.

4. მაზუთის ჩამოცლისა და ცისტერნების გარეცხვის შემდეგ სახურავებისა და ლიუკების დახურვა უნდა განხორციელდეს ცისტერნის გარე ზედაპირის 40 0C - მდე გაცივების შემდეგ.

5. მაზუთისა და სხვა საწვავ-საპოხი მასალების სინჯების აღება ცისტერნებიდან და რეზერვუარებიდან უნდა განხორციელდეს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სინჯის ასაღები სპეციალური მოწყობილობებით, სინჯის აღების მეთოდების შესაბამისად.

 6. რეზერვუარებში მაზუთის კლაკნილამილებიანი გამათბობელით გათბობისას, მაზუთის დონე უნდა იყოს გამათბობელზე 50 სმ-ით მაღლა.

7. აკრძალულია რეზერვუარებში მაზუთის გათბობა 90 0C ტემპერატურაზე მეტად.

8. ელექტროსადგურში მაზუთის ნაცვლად ერთჯერადად სხვა სახის თხევადი სათბობის (დიზელის, სოლარის და სხვა) მიწოდების შემთხვევაში უნდა შესრულდეს მათი უსაფრთხოდ გამოყენების სპეციალური მითითებები.

9. დათვალიერება, გაწმენდა და სარემონტო სამუშაოების წარმოება ტევადობებისა და რეზერვუარების შიგნით უნდა განახორციელოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილმა მომსახურე პერსონალმა, სამუშაოები უნდა შესრულდეს ღია ლიუკებით, აუცილებლობის შემთხვევაში – ჰაერის ხელოვნური ცირკულაციით, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერში მავნე ნივთიერებების დასაშვებ კონცენტრაციას.

სამაზუთე ტევადობებში მუშაობისას აუცილებელია მაშველი ქამრების გამოყენება.

10. დაუშვებელია ტევადობებში (რეზერვუარებში) კიბეების გარეშე ხალხის ჩაშვება. მუდმივი სტაციონარული კიბეების არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია გადასატანი ხის მოუჭედავი კიბეების გამოყენება, ნაპერწკლის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით.

თავი IV

საქვაბე დანადგარების მოწყობილობების მომსახურება

    მუხლი 14. გაზის მეურნეობის მომსახურება

 გაზის მეურნეობაში მომსახურება უნდა შესრულდეს ამ სფეროში მოქმედი რეგლამენტების შესაბამისად.

    მუხლი 15. საქვაბე დანადგარების მომსახურება

1. საქვაბე დანადგარების შემოვლის პერიოდულობა დგინდება და მასზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საწარმოს მიერ.

2. შემოვლის დროს აკრძალულია ქვაბზე ლიუკებისა და საძრომების გაღება.

3. აკრძალულია სანთურების ანთება საჭვრეტებისა და საძრომების ღია პირობებში. ალის სათვალთვალო ლიუკები დახურული უნდა იყოს შუშით. იმ ქვაბებზე, რომლებიც მუშაობენ შებერვით, გათვალისწინებული უნდა იყოს შუშის დამცავი მოწყობილობა.

4. ქვაბის დანთებამდე დამთავრებული უნდა იყოს ქვაბზე მიმდინარე სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო პერსონალი, რომელსაც არა აქვს შეხება ქვაბის დანთებასთან, გამოყვანილი უნდა იქნეს საამქროს (ბლოკის) უფროსის მიერ. უნდა შეწყდეს მეზობელ ქვაბებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს საცეცხლეებისა და აირსავალების გარეთ და მიმართულია დასანთები ქვაბისაკენ ან მდებარეობს მისგან პირდაპირი ხედვის ზონაში. ქვაბზე სარემონტო სამუშაოების განახლება შესაძლებელია მორიგე პერსონალის მითითების შემდეგ.

5. სტაციონარული მექანიზირებული მოწყობილობებით ქვაბის შებერვა უნდა განხორციელდეს სპეციალური ინსტრუქციების შესაბამისად.

6. წიდისა და ნაცრის პერიოდული მოცილების მოწყობილობებით აღჭურვილ ქვაბებზე აკრძალულია ერთდროულად შებერვა და წიდისა და ნაცრის ჩამოშვება.

7. წყლის მაჩვენებელი ხელსაწყოების გაქრევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.

    მუხლი 16. სამუშაოები საცეცხლეების, აირსავალების, ჰაერსატარების, ქვაბების დოლების შიგნით და საკვამლე მილებზე

1. სამუშაოები საქვაბე დანადგარების ელემენტებში, ასევე ჰაერსატარებსა და გაზსავალებში უნდა შესრულდეს სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.

 2. საკვამლე მილებისა და აირსავლების შიგნიდან შეკეთება უნდა განხორციელდეს ნამწვი აირების არარსებობისა და საკმარისი ვენტილაციის პირობებში.

 3. ისეთი სამუშაოების დროს, რომელთა შესრულებისას მომუშავე იმყოფება გრუნტის, გადახურვის ან ფიცარნაგის ზედაპირიდან 1,3 მეტრზე ან უფრო მეტ სიმაღლეზე და 2 მეტრზე ნაკლებ მანძილზე სიმაღლის სხვა დონიდან, უნდა მოეწყოს ხარაჩოები და კალათები.

თავი V

ორთქლის ტურბინების მოწყობილობების მომსახურება

    მუხლი 17. ტურბოაგრეგატების მომსახურება

 1. ტურბოაგრეგატების შემოვლის პერიოდულობა დგინდება და მასზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საწარმოს მიერ.

2. აკრძალულია ტურბინის გაშვება რეგულირებისა და ორთქლის მიწოდების სისტემებში არსებული დეფექტების დროს.

 3. გენერატორებთან, გაზისა და ზეთის სისტემების აპარატებთან ახლოს უნდა გამოიკიდოს გამაფრთხილებელი პლაკატები ფრთხილად! აფეთქების საშიშროებაა

    მუხლი 18. უსაფრთხოების ზომები ცეცხლგამძლე ზეთებთან მუშაობისას

1. ცეცხლგამძლე ზეთებთან მუშაობის დროს დაცულ უნდა იქნეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მორიგე და სარემონტო პერსონალის სამუშაო ადგილას უნდა იყოს სპეციალური (ცეცხლგამძლე ზეთის, ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მარკის) აირწინაღები ან შესაბამისი რესპირატორები.

3. პერსონალმა, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს ცეცხლგამძლე ზეთებთან, უნდა იმუშაოს სპეციალური ინსტრუქციის (ქარხანა-დამამზადებლის) მიხედვით, სპეცტანსაცმლით, სპეცფეხსაცმლით, ხელთათმანებით და ა.შ.

4. ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ცეცხლგამძლე ზეთებთან მომუშავე პერსონალის ტოქსიკური მოწამვლისგან/დაზიანებისგან დაცვა.

5. საწარმოს უნდა ქონდეს სპეცტანსაცმლის გამოყენება/მოვლის ინსტრუქცია/განაწესი.

6. არა უგვიანეს თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს სატურბინო შენობის ჰაერის შემოწმება ცეცხლგამძლე ზეთის ორთლის არსებობაზე.

    მუხლი 19. თბური ავტომატიკის, თბოტექნიკური გაზომვებისა და დაცვის მოწყობილობების მომსახურება

1. ავტომატიკის გადამწოდების, საკონტროლო გამზომი ხელსაწყოებისა და დაცვების პირველადი ჩამკეტი ვენტილების ჩართვა და გამორთვა უნდა აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციის მომსახურე პერსონალმა.

2. ქიმიურ საამქროში განთავსებულ დანადგარებზე დაყენებული ავტომატიკის, თბური გაზომვებისა და დაცვის მოწყობილობებზე მუშაობისას დაცული უნდა იყოს წინამდებარე წესებისა და ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნები.

თავი VI

წყალმომარაგების სისტემის მომსახურება

    მუხლი 20. ცირკულაციური წყალმომარაგების წყალაღების მოწყობილობების მომსახურება

1. საწარმოს ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს ცირკულაციური წყალმომარაგების წყალაღების მოწყობილობების მომსახურების უსაფრთხოების წესების შემუშავება.

2. ტუმბოების შემწოვი ხაზის შეკეთება, ძირზე 30 სმ სისქის ნალექის არსებობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ფიცარნაგებიდან.

3. გაყინული მილსადენების ცხელი წყლით გალხობისას მიღებულ უნდა იქნეს ზომები პერსონალის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად.

4. აკრძალულია წყალმიმღები ნაგებობების მიმყვან არხებში მცურავი საშუალებების განთავსება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ნაგებობების მომსახურებასთან.

5. აკრძალულია არხებში გაჭუჭყიანებული წყლის ჩაშვება.

6. აკრძალულია სადაწნეო მილსადენების გალერეები უნდა იყოს სათანადოდ განათებული. მილსადენებს შორის გასასვლელების ჩახერგვა.

    მუხლი 21. სალექარ-გამციებლების, საშხეფი აუზებისა და შხეფსაცივრების ექსპლუატაცია

1. საწარმოს ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა უზრუნველყოს სალექარ-გამაციებლებისა და შხეფსაცივრების ტერიტორიებზე გარეშე პირების არასანქცირებული შეღწევისაგან დაცვა. ომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სამუშაო პირობების შესაბამისი სპეცტანსაცმლით და საჭირო ინდ. აცვის საშუალებებით.

2. შხეფსაცივრების წყლის გამფრქვევი საქშენების, თეფშებისა და ჩამდინარე წყლის საცმების, დანალექებისაგან (შლამი, მინადუღი და სხვა) და სხვა სამუშაოების განხორციელებისას ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში (მაგ.: მარილმჟავას ან გოგირდმჟავას ხსნარი ან სხვა) მომსახურე პერსონალი უნდა ფლობდეს ამგვარ ნივთიერებებთან უსაფრთხოდ მოპყრობის წესებს. მომსახურე პერსონალის აღნიშნული ცოდნით უზრუნველყოფა ევალება საწარმოს ხელმძღვანელებს. ქიმიურად საშიში სამუშაოების შესრულებისას საწარმოს ხელმძღვანელების მიერ მომსახურე პერსონალი აღჭურვილ უნდა იქნეს შესაბამისი დამცავი საშუალებებით.

3. აზბესტის შემცველი მასალების გამოყენება შხეფსაცივრების გამწოვი კოშკების შემოსვისათვის აკრძალულია.

4. წყლის, სპილენძის აჯასპით დამუშავებისას მომუშავეებმა უნდა იცოდნენ მისი თვისებები. ისინი უნდა მუშაობდნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით.

თავი VII

ქლორატორული დანადგარების მომსახურება

    მუხლი 22. თხევად ქლორთან მუშაობა

 თხევად ქლორთან მუშაობის დროს პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი რეგლამენტებით და შესაბამისი ინსტრუქციებით.

    მუხლი 23. მუშაობა ქლორიან კირთან

 ქლორიან კირთან მუშაობის დროს პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი რეგლამენტებით და შესაბამისი ინსტრუქციებით.

    მუხლი 24. უსაფრთხოების ზომები მოწყობილობათა ქიმიური გაწმენდის დროს

 თბოძალური მოწყობილობების ქიმიური გაწმენდის სამუშაოები წარმოებს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამუშავებული სპეციალური ინსტრუქციით.

    მუხლი 25. რეაგენტული მეურნეობისა და წყლის ჰიდრაზინული დამუშავების მოწყობილობების მომსახურება

 რეაგენტული მეურნეობისა და წყლის ჰიდრაზინული დამუშავების მოწყობილობების მომსახურება უნდა განხორციელდეს მოქმედი რეგლამენტების შესაბამისად.