საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა და საქორწინო და საოჯახო კანონთა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა და საქორწინო და საოჯახო კანონთა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 23/05/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270000000.05.001.000282
  • Word
23/05/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991
270000000.05.001.000282
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა და საქორწინო და საოჯახო კანონთა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა და საქორწინო და საოჯახო კანონთა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

 

საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შემდეგი ცვლილებები:

1. 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 159. შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევათ შვებულება მშობიარობამდე სამოცდაათი კალენდარული დღის ხანგრძლივობით და მშობიარობის შემდეგ ორმოცდათექვსმეტი (გართულებული მშობიარობის ან ორი ან მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – სამოცდაათი) კალენდარული დღის ხანგრძლივობით. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება გამოიანგარიშება შეჯამებულად და ქალს მიეცემა მთლიანად, მშობიარობამდე ფაქტიურად გამოყენებული დღეების რაოდენობის მიუხედავად. ქალს, სურვილისამებრ, თუ მას აქვს არანაკლებ ერთი წლის მუშაობის საერთო სტაჟი (თვრამეტ წლამდე ასაკის ქალებს, მუშაობის სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად), მიეცემა ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო, სანამ ბავშვი წლინახევრისა გახდება. ამ ხნის განმავლობაში ქალს სახელმწიფო სოციალური დაზღვევის წესით ეძლევა დახმარება. მომუშავე ქალებს, რომელთაც არა აქვთ ერთი წლის მუშაობის სტაჟი, დახმარება ბავშვის მოვლის გამო მიეცემათ ნახევარი ოდენობით.

ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვი წლინახევრისა გახდება. ეს შვებულება ჩაითვლება მუშაობის საერთო და უწყვეტ სტაჟში, აგრეთვე სპეციალობის მიხედვით მუშაობის სტაჟში, მაგრამ არ ჩაითვლება მუშაობის იმ სტაჟში, რომელიც იძლევა მომდევნო ყოველწლიური შვებულების უფლებას.

ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება და დამატებითი უხელფასო შვებულება ბავშვის მოვლის გამო (მუხლი 161-ე) შეიძლება მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს აგრეთვე ბავშვის მამამ, ბებიამ, პაპამ ან სხვა ნათესავმა, რომლებიც ფაქტიურად უვლიან ბავშვს.

ქალის ან ამ მუხლის მესამე ნაწილში ჩამოთვლილ პირთა სურვილით ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მათ შეუძლიათ იმუშაონ არასრული სამუშაო დროის პირობებში ან სახლში, ამასთან მათ შეუნარჩუნდებათ დახმარების მიღების უფლება ბავშვის მოვლისათვის ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულების პერიოდში“.

2. 161-ე მუხლში:

სათაურში სიტყვები „წლინახევრამდე ასაკის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამ წლამდე ასაკის“;

პირველ ნაწილში სიტყვები „ქალს, მისი განცხადების თანახმად“ შეიცვალოს სიტყვებით „ქალს და 159-ე მუხლის მესამე ნაწილში აღნიშნულ პირებს, მათი განცხადების თანახმად“;

პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვა „წლინახევრის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი წლის“.

3. 162-ე მუხლში: პირველ ნაწილში სიტყვები „ერთი წლისა“ შეიცვალოს სიტყვით „წლინახევრისა“; მეორე ნაწილში სიტყვა „წლინახევრის“ შეიცვალოს სიტყვებით „სამი წლის“.

4. 231-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ერთი წლისა“ შეიცვალოს სიტყვით „წლინახევრისა“.

II. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96) 72-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს ალიმენტის ოდენობა ან ალიმენტის გადახდისაგან გაათავისუფლოს მშობელი, თუ შვილები სახელმწიფოს ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის სრულ კმაყოფაზე არიან. სახსრები, რომელთა გადახდა ეკისრებათ მშობლებს სახელმწიფო საბავშვო დაწესებულებაში მყოფი შვილების შესანახად, ჩაირიცხება აღსაზრდელის პირად ანგარიშზე შემნახველ ბანკში, ამ მუხლის პირველ ნაწილში დადგენილი ოდენობით“.

III. ეს კანონი სამოქმედოდ იქნეს შემოღებული გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი           ზ. გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 23 მაისი.