დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, პირობით მიღებისა და სწავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 511 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110913011, 13/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170000.08.002.016315 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №511
2011 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, პირობით მიღებისა და სწავლის წესის დამტკიცების შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, პირობით მიღებისა და სწავლის წესი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, პირობით მიღებისა და სწავლის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს წესი განსაზღვრავს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირის მიღებისა და სწავლის პირობებს.
მუხლი 2. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, პირობით მიღება და სწავლა
1. სრულწლოვან აბიტურიენტს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგულ ჩამონათვალში მითითებული აქვს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა და ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გაიარა შესაბამისი კონკურსი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციის მიხედვით სწავლის უფლება ვერ მოიპოვა, ან უარი თქვა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვს მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, პირობით ისწავლოს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ აბიტურიენტს უფლება აქვს შესაბამისი წლის 15 სექტემბრამდე მიმართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამაზე პირობითი სწავლის მოთხოვნით.
3. მისაღებ პირთა რაოდენობა და მიღების დამატებითი პირობები ყოველი სასწავლო წლისათვის განისაზღვრება სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მიღება ხორციელდება მის მიერ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მიღების შემდეგ.
მუხლი 3. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პირის სტატუსი
1. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პირი სარგებლობს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის უფლება-მოვალეობებით.
2. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პირი მსმენელის სტატუსს და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მხოლოდ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცნობს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ წესის შესაბამისად მიღებული პირის მიერ ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებულ კრედიტებს.
მუხლი 4. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები
სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები