მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი (სტრასბურგი, 18.XΙΙ.1997)

  • Word
მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი (სტრასბურგი, 18.XΙΙ.1997)
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 07/08/2000
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 480008000.00.000.000357
  • Word
18/12/1997
ვებგვერდი, -, 07/08/2000
480008000.00.000.000357
მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი (სტრასბურგი, 18.XΙΙ.1997)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ

კონვენციის დამატებითი ოქმი

(სტრასბურგი, 18.XΙΙ.1997)

პრეამბულა

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და ამ ოქმზე ხელმომწერი სხვა სახელმწიფოები.

 სურთ რა ხელი შეუწყონ მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციის გავრცელებას, რომელსაც ხელი მოეწერა 1983 წლის 21 მარტს ქ. სტრასბურგში (შემდგომში „კონვენციდ“ წოდებული) და კერძოდ, ისწრაფვიან რა უზრუნველყონ მსჯავრდებულთა სპეციალური რეაბილიტაცია;

 ითვალისწინებენ რა, რომ ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ექსტრადაცია;

 მიაჩნიათ რა, რომ სასურველია კონვენციის სრულყოფაში მოყვანა,

 შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1 – ზოგადი დებულებანი

1. ოქმში გამოყენებული სიტყვები და ტერმინები განმარტებული იქნა მხოლოდ კონვენციიდან გამომდინარე.

2. კონვენციის დებულებანი გამოიყენება მოცემული ოქმის დებულებების შესაბამისად.

    მუხლი 2 – პირები, რომლებიც გაიქცნენ განაჩენის გამომტან სახელმწიფოდან.

1.თუ ერთერთი მხარის მოქალაქე, რომელსაც გამოუტანეს საბოლოო განაჩენი მეორე მხარის ტერიტორიაზე, გაიქცა განაჩენის გამომტან სახელმწიფოდან განაჩენის სისრულეში მოყვანამდე, ამ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს განაჩენის სისრულეში მოყვანა იმ მხარის ტერიტორიაზე.

2. განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს მოთხოვნის შესაბამისად, განაჩენის სისრულეში მომყვან სახელმწიფოს, მოთხოვნის შესახებ დოკუმენტის მიღებამდე ან ამ მოთხოვნის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლია დააპატიმროს მსჯავრდებული ან უზრუნველყოს მისი თავის ტერიტორიაზე ყოფნა. დროებითი ზომების მოთხოვნა მოიცავს ამ კონვენციის მე–4 მუხლის მე–3 პარაგრაფში აღნიშნულ ინფორმაციას,ზემოაღნიშნული პარაგრაფი არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესებას მის მიერ პატიმრობაში გატარებული დროის გამო.

3.განაჩენის სისრულეში მოყვანა მეორე მხარის ტერიტორიაზე არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ თანხმობის მიცემას.

    მუხლი 3 – პირები რომლებიც ექვემდებარებიან გაძევებას ან დეპორტაციას.

1.განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს მოთხოვნის შესაბამისად, განაჩენის სისრულეში მომყვან სახელმწიფოს, მოცემული მუხლის დებულებების შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს მსჯავრდებულის გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე, თუ განაჩენი ან განაჩენის შემდეგ მიღებული ადმინისტრაცული გადაწყვეტილება ითვალისწინებს გაძევებას ან დეპორტაციას ან რაიმე სხვა ზომას, რომლის მიხედვითაც ციხიდან გამოშვებულ მსჯავრდებულს ეკრძალება განაჩენის გამომტან სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნა.

2პარაგრაფ 1–ის მიზნებისათვის განაჩენის სისრულეში მომყვანი სახელმწიფო არ განაცხადებს თავის თანხმობას მსჯავრდებულის აზრის გაუთვალიწინებლად.

3.მოცემული მუხლის განხორციელების მიზნით, განაჩენის გამომტანი სახელმწიფო განაჩენის სისრულეში მომყვან სახელმწიფოს მიაწოდებს:

ა) დეკლარაციას, რომელიც შეიცავს გადაყვანაზე მსჯავრდებულის აზრს;

ბ) გადასახლებაზე ან დეპორტაციაზე ბრძანების ასლს, რომლის მიხედვითაც ციხიდან გამოშვებულ მსჯავრდებულს ეკრძალება განაჩენის გამომტან სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნა.

4.არ შეიძლება იმ პირის დაკავება ან მის მიმართ განაჩენის გამოტანა, რომლის გადაყვანა განხორციელდა ამ მუხლის დებულებების თანახმად, დაკავების ან განაჩენის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვინაიდან ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ჩადენილ იქნა იმ დანაშაულამდე, რომელზეც გამოტანილია განაჩენი და ითვალისწინებს მის გადაყვანას, არ ითვალისწინებს მისი პირადი თავისუფლების შეზღუდვას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა)როცა განაჩენის გამომტანი სახელმწიფო იძლევა ამის უფლებას: მოთხოვნა ნებართვაზე წარდგენილ იქნება სასამართლოში მიცემული პირის მიერ ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის და იურიდიული ოქმის დართვით; ნებართვა გაიცემა როცა დანაშაული, რომლის გამოც წარედგინა მოთხოვნა, ექვემდებარება ექსტრადაციას განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან როცა ექსტრადაციის განხორციელება შეუძლებელია სასჯელის ხარისხის გამო;

ბ)როცა მსჯავრდებულმა, რომელსაც ჰქონდა განაჩენის სისრულეში მომყვანი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა, არ განახორციელა ეს განთავისუფლებიდან 45 დღის განმავლობაში, ან ხელმეორედ დაუბრუნდა ამ ტერიტორიას.

5.მიუხედავად მე–4 პარაგრაფის დებულებებისა, განაჩენის სისრულეში მომყვან სახელმწიფოს შეუძლია თავის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს ნებისმიერი ზომები, დაუსწრებლად სასამართლო პროცესის დაწყების ჩათვლით.

6.ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ევროპი საბჭოს გენარალური მდივნის სახელზე განცხადების წარდგენით შეუძლია არ მოიყვანოს განაჩენი სისრულეში, ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით.

    მუხლი 4. – ხელმოწერა და ძალაში შესვლა

1.წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და კონვენციის ხელმომწერი სხვა სახელმწიფოებისათვის. ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებასა და მოწონებას. ხელმომწერ სახელმწიფოს არ შეუძლია ოქმის რატიფიცირება, მიღება ან მოწონება, თუ მას მანამდე ან იმავდროულად არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება, მიღება ან მოწონება. რატიფიკაციის , მიღების ან მოწონების შესახებ სიგელები დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

2. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების შესახებ მესამე სიგელის დეპონირებიდან სამთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს.

3. იმ ხელმომწერ სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებას, ოქმი ძალაში შევა ამ თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველ დეღს.

    მუხლი 5 –მიერთება

1. ნებისმიერ არაწევრ სახელმწიფოს, რომელიც მიუერთდა კონვენციას, შეუძლია მიუერთდეს წინამდებარე ოქმს, მისი ძალაში შესვლის შემდეგ.

2. ნებისმიერი ზემოაღნიშნული სახელმწიფოსათვის, ოქმი ძალაში შევა მიერთების შესახებ სიგელის გენერალურ მდივანთან დეპონირების დღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ პირველი თვის პირველ დღეს.

    მუხლი 6 – მოქმედება ტერიტორიებზე

1.ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან რატიფიკაციის , მიღების, მოწონების ან მიერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს შეუძლია განსაზღვროს ოქმის მოქმედების ტერიტორია.

2.ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შემდგომში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით, გააფართოოს მოცემული ოქმის მოქმედების საზღვრები. ამ ტერიტორიაზე ოქმი ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ამ განცახდების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლი შემდეგ პირველი თვის პირველ დღეს.

3.წინა ორი პარაგრაფის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ამ განცხადებაში განსაზღვრულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შეიძლება გაუქმებულ იქნას გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინებით. გაუქმება ძალაში შევა გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლი შემდეგ პირველი თვის პირველ დღეს.

    მუხლი 7 – დროებითი მოქმედება

 წინამდებარე ოქმი ვრცელდება იმ განაჩენების სისრულეში მოყვანაზე, რომლებიც გამოტანილ იქნა ოქმის ძალაში შესვლამდე ან მის ძალაში შესვლის შემდეგ

    მუხლი 8 – დენონსირება

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის დენონსირება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. ეს დენონსირება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ პირველი თვის პირველ დღეს.

3. წინამდებარე ოქმი ვრცელდება აგრეთვე იმ მსჯავრდებულთა მიმართ განაჩენის სისრულეში მოყვანაზე, რომლებიც გადაყვანილ იქნენ კონვენციის და ოქმის დებულებების თანახმად ძალაში შესვლის თარიღამდე.

4. კონვენციის დენონსირება ავტომატურად იწვევს ოქმის დენონსირებას.

    მუხლი 9 – შეტყობინება

1. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებს, აგრეთვე ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ მხარეს და ნებისმიერ იმ სხვა ქვეყანას, რომელიც მიუერთდება კონვენციას შემდეგზე:

ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

ბ) სარატიფიკაციო, მიღების, მოწონების ან მიერთების შესახებ სიგელის დეპონირების შესახებ;

გ)მე–4 და მე–5 მუხლების თანახმად, წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

დ) წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტის, განცხადების, შეტყობინებისა და ინფორმაციის შესახებ.

 ამის დასტურად ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, შესაბამისად უფლებამოსილნი ხელს ვაწერთ წინამდებარე ოქმს.

შესრულებულია ქ. სტრასბურგში 1997 წლის 18 დეკემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს, ერთ ეგზემპლიარად, რომელიც დეპონირდება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის ყველა წევრ–სახელმწიფოებს, კონვენციის ხელმომწერ სხვა სახელმწიფოებსა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც უერთდებიან ამ კონვენციას.