დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110804015, 04/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260020.08.002.016293 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №428
2011 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2011 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:
1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა განხორციელდეს 2011 წლის 10 აგვისტოდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1400 წვევამდელით.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1300 წვევამდელით.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 4891 წვევამდელით.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში განუსაზღვროს თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისთვის.
8. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე თვითმმართველ ერთეულებს, ხოლო ქალაქ თბილისში რაიონებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
10. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები