განჩინება სს "საქართველოს აბრეშუმი"-ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

  • Word
განჩინება სს "საქართველოს აბრეშუმი"-ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5769-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 20/07/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110803009, 03/08/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/5769-11
20/07/2011
ვებგვერდი, 110803009, 03/08/2011
განჩინება სს "საქართველოს აბრეშუმი"-ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

  განჩინება

       საქართველოს სახელით

  გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2011 წლის   20 ივლისი                

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: სს „საქართველოს აბრეშუმი”

საიდენტიფიკაციო კოდი: 202051340

წარმომადგენელი: ეთერ მინაძე (დირექტორი)

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;

სასამართლომ განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2011 წლის 01 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „საქართველოს აბრეშუმის” დირექტორმა ეთერ მინაძემ და ითხოვა სს „საქართველოს აბრეშუმის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
2011 წლის 06 ივნისის განჩინებით განცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. 2011 წლის 15 ივნისს სს „საქართველოს აბრეშუმის” წარმომადგენელმა ეთერ მინაძემ შეავსო დადგენილი ხარვეზი და სასამართლოს წარმოუდგინა ხარვეზების შესავსებად საჭირო დოკუმენტი.
     სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს „საქართველოს აბრეშუმის” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნას სასამართლოს წარმოებაში.
     სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მე-7, მე-17, მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 29-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოვალე – სს „საქართველოს აბრეშუმის” დირექტორის ეთერ მინაძის (ს/კ 202051340) განცხადება მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. სს „საქართველოს აბრეშუმის” (ს/კ) 202051340) მეურვედ დაინიშნოს გილერ ენდელაძე –  მცხოვრები: ქ. თბილისში, ნუცუბიძის III მკრ-ნი; მე-2 კორპუსი, ბ. 35;

3. მოვალე სს „საქართველოს აბრეშუმს” მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო;

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა;
5. შეჩერდეს სს „საქართველოს აბრეშუმის” წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

7. განემარტოს მოვალე სს ,,საქართველოს აბრეშუმის“ დირექტორს ეთერ მინაძეს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნენ ეროვნულ ვალუტაში;

9.კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 5 სექტემბერს 1100 (თერთმეტ) საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ, №6, დარბაზი №24;

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2011 წლის 3 აგვისტომდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე            თ. ჭუნიაშვილი