დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1906 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 22/01/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.001.193 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან (მიღებიდან) 7 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი – ხელმოწერიდან (მიღებიდან) მე-2 დღეს, ხოლო ყველა სხვა ნორმატიული აქტი – ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის ვადაში. საქართველოს ნორმატიული აქტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა), აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები არ შეიძლება გამოქვეყნდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე.“.
2. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 54
1. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში, სარეგისტრაციოდ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. ნორმატიული აქტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ამ ნორმატიულ აქტებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა, თან უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა.
3. იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს: საქართველოს ნორმატიულ აქტებს – ამ მუხლით დადგენილი წესით სამინისტროსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებს – გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 2 უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს).
4. საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტები (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების პროექტებისა), აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები შესაბამისი ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანამდე საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, არ შეიტანოს სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტი (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა).
5. ნორმატიული აქტის რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ:
ა) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა;
ბ) კანონმდებლობაში შეტანილია ცვლილებები ან/და დამატებები, რომლებიც სხვაგვარად აწესრიგებენ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებს;
გ) ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლისა და ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
6. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ არ გამოიყენება რეგისტრაციაზე უარის თქმის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 28 დეკემბერი.
№1906–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები