დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1904 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 22/01/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.05.001.001.192 |
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 28-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება „დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და ორგანული კანონის მიღება გამარტივებული წესით.“ და სიტყვები „გამარტივებული ან“.
2. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება, კერძოდ, ნორმატიული აქტის სათაური, იმ ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს სახელწოდება, რომელშიც აღნიშნული ნორმატიული აქტია გამოქვეყნებული, გამოქვეყნების თარიღი და მუხლი (გვერდი).
4. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით.“.
3. 45-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ანდა განსაზღვრავს მოსაკრებლის ან ტარიფის სახეებს, სტრუქტურას, ოდენობას, შემოღებისა და გადახდის წესს, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საკანონმდებლო აქტი, რომელიც აწესებს ან აუქმებს გადასახადს ანდა ზრდის ან ამცირებს მის ოდენობას, მიიღება საბიუჯეტო პროცესის პირველ ეტაპზე (მომდევნო წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებამდე) და ძალაში შედის მომდევნო წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის პირველი მარტისა.“.
4. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში, თვის ბოლო სამშაბათს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სპეციალურ ნომერში აქვეყნებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს იმ დროისთვის მოქმედი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში ძალადაკარგული ნორმატიული აქტების მითითებით.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 28 დეკემბერი.
№1904-რს
დოკუმენტის კომენტარები