დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1422 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110727010, 27/07/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016093 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/07/2011 - 28/12/2011)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1422
2011 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 28 ივლისს.
ვ. ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის კადრების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური სისტემის თავისებურებათა გათვალისწინებითა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, განთავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება. სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო ცნობების გაფორმება. სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების კადრების სამსახურების მუშაობისათვის კოორდინაციისა და მეთოდური ხელმძღვანელობის გაწევა;
ვ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტაჟირების და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო-სამობილიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/განახლება. ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, მიღებული ანგარიშებისა და შეფასების ანალიზი. სამინისტროში არსებული წახალისების სისტემის ანალიზი, საჯარო მოსამსახურეთა მოტივაციისა და წახალისების ახალი სისტემის შემუშავება, დანერგვა და განხორციელების კონტროლი;
ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს, სამუშაო პირობების ანალიზი სამუშაოს მოცულობის და სირთულის, სტრუქტურული ერთეულის რაოდენობასა და შემადგენლობასთან შესაბამისობის შესახებ, ასევე სამუშაო დროის გამოყენებისა და მართვის ანალიზი;
მ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროში სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება;
ნ) სამინისტროში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, წლიური და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, ტრეინერების შერჩევა, ტრეინერ-ინსტრუქტორების მომზადება;
ო) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემის ორგანიზება;
პ) სასწავლო პროცესების ორგანიზება და მართვა, გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირების ჩატარების ორგანიზება. სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა;
ჟ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრეინინგ-კომპონენტების, ტრეინინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის ფარგლებში ტრეინინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზება და წარმართვა;
რ) საერთაშორისო და ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
ს) სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
8. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები