საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 19/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 480060000.22.300.007415
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
70
11/05/2005
სსმ, 61, 19/05/2005
480060000.22.300.007415
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/05/2005 - 02/10/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.060.000.22.030.007.415

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2005 წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძ­ველზე და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და მე-21 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძა­ნებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამი­ნისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანდართუ­ლი დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ს. ზურაბიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის

დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქ­ტურუ­ლი ქვედანაყოფია.

    მუხლი 2 

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინის­ტროს დებულებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მი­მართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4

დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშ­ტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

 

თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5

დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორ­ციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულ­ყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იური­დიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინ­ტერესების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულ­ტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრა­ციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პრო­ცესების მართვაში მონაწილეობა;

ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავში­რებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონ­მდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომ­ზა­დებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუ­შავება;

ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართვე­ლოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქარ­თველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;

თ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებ­რივი პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

ი) საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმა­ვალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვა­დის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზ­ღვრო-საკონტროლო პუნქტებში არსებული საკონ­სულო-სავიზო პუნქტების საქმიანობის ხელმძღვა­ნელობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალა­ქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა;

ნ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზა­ცია;

ო) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებათა შემუშავება;

პ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუ­მენ­ტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან გამოთ­ხოვნა;

ჟ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზე­კვატურის მომზადება, მათი გადაცემის ორგანიზება;

რ) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწსებუ­ლებების მუშაკთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნ­ქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

    მუხლი 6

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრუ­ლებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის კოორდინაცია, გაუწიოს მათ დახმარება მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში;

ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საკონსულო სფეროში სხვა სახელმწი­ფოებთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების შესახებ;

გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებები საქართველოს საკონსულო პოლიტიკის შესახებ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლა­პარაკებები და გამართოს კონსულტაციები;

ე) შეიმუშაოს წინადადებები საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა გახსნაზე;

ვ) გააფორმოს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მეთაურების საკონსულო პატენტი;

ზ) გააფორმოს ეგზეკვატურა საქართველოში საზ­ღვარ­გარეთის ქვეყნების საკონსულო დაწესებულე­ბების მეთაურებისათვის;

თ) გაუკეთოს ანალიზი საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების და საკონსულო სამსახუ­რების ანგარიშებს და სხვა საინფორმაციო მასალას, მოამზადოს დასკვნები, განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება მათი განხორციელებისათვის;

ი) განახორციელოს ღონისძიებები საზღვარგარეთ საქარ­თველოს საკონსულო დაწესებულებათა და საკონ­სულ­ო სამსახურთა თანამდებობის პირების უფლებების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დასაცავად;

კ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პასპორ­ტების, სამგზავრო დოკუმენტების, სავიზო ეტიკეტების, აგრეთვე სხვა საკონსულო დოკუმენტაციის ფორმების ნიმუშების შემუშავებაში;

ლ) მოახდინოს საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთ­ვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენ­ტებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დოკუ­მენტები სხვადასხვა უწყებიდან;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს საზღვარ­გარეთის სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოე­ბისათვის მიმართვისას.

თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 8

დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, კურა­ტორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 9

დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფ­ლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხის­მგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დე­პარ­ტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარ­ტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონ­ტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუ­მენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ წერილებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარ­ტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრუ­ლებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამარ­თლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზ­ღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

    მუხლი 10

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგი­ლე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.

3. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემ­თხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის გა­და­წყვეტილებით, უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე.

4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები:

ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვა­ლისწინებით წარმართავენ და ზედამხედველობენ დე­პარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ დეპარ­ტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობენ დე­პარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვა­ლეობების შესრულებას;

დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 11

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელ­მძღვა­ნელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფ­როსი:

ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

3. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რო­მელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  

    მუხლი 12

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საპასპორტო და სამსახურებრივი მივლინებით მიმავალ პირთა მომსახურების სამმართველო;

ბ) სავიზო სამმართველო;

გ) საკონსულო ურთიერთობების სამმართველო;

დ) საკონსულო-სამართლებრივი სამმართველო.

    მუხლი 13

საპასპორტო და სამსახურებრივი მივლინებით მი­მავალ პირთა მომსახურების სამმართველო ახორციე­ლებს:

ა) საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების გაცემას, ჩამორთმევას, შენახვას, მათში ცვლილებების შეტანასა და გაუქმებას;

ბ) საზღვარგარეთ სამსახურებრივ-მივლინებით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;

გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, სამგზავ­რო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელე­ბაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლო­ბებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმა­რებას.

    მუხლი 14

სავიზო სამმართველო ახორციელებს:

ა) საქართველოს საკონსულო-სავიზო პუნქტებში საქარ­თველოს ვიზების გაცემას, საქართველოში მყოფ უცხოელთათვის ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათ გაუქმებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და გაუქმების საკითხის შეთანხმებას საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებთან;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესე­ბულებათა სავიზო საქმიანობის ზოგად კოორდინაციას;

დ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ე) საქართველოში უკანონო მიგრანტთა გამოსავლენად შესაბამის უწყებებთან დადგენილი წესით თანამშრომ­ლობას;

ვ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირებას იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალე­ბათ საქართველოში შემოსვლა.

    მუხლი 15

საკონსულო ურთიერთობების სამმართველო ახორ­ციელებს:

ა) წინადადებების შემუშავებას საქართველოს საკონ­სულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის გან­სახორ­ციელებელ ღონისძიებათა შესახებ;

ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის ანალიზს;

გ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინ­ფორმაციის მოპოვებას და საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად საინ­ფორ­მაციო მასალისა და წინადადებების მომზადებას;

ე) საკონსულო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს მიერთების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ვ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრა­ციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლასა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრა­ციული პროცესების მართვაში მონაწილეობას;

ზ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესე­ბულებების გახსნასა და დახურვის მიზანშეწონი­ლობის შესახებ საკითხების შესწავლასა და რეკო­მენდაციების მომზადებას;

თ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზსა და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადებას;

ი) საკონსულო დაწესებულებებში საკონსულო მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების ინფორმირებას;

კ) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და არსებული საინფორმაციო ბაზის სისტემატურ განახლე­ბას;

ლ) სავიზო საკითხების შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების ანალიზს.

    მუხლი 16

საკონსულო-სამმართლებრივი სამმართველო ახორ­ციელებს:

ა) საკონსულო სფეროში საქართველოს საერთა­შორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;

ბ) საკონსულო სფეროში არსებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთა­შორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვა­ნის მიზნით წინადადებების შემუშავებას;

გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთოებების სახელშეკრულებო, სამართლებრივი ბაზის განვითარებას და სრულყოფას საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

დ) საკონსულო სამართლის სფეროში შემავალ ნორმატიულ აქტებზე დასკვნების მომზადებას;

ე) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და დახურვის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ვ) საკონსულო პატენტის მომზადებას;

ზ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადებას;

თ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქარ­თველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და საქარ­თველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოთა საკონ­სუ­ლო დაწესებულებების ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალა­ქეობის საკითხებზე მუშაობას;

კ) საპატიო კონსულთა საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ლ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგ­ვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალ­დამცავი ორგანოებისათვის მიწოდებას;

მ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარ­დაც­­ვალების შემთხვევაში, გადმოსვენების ორგანიზე­ბაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენ­ლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახ­მარე­ბას;

ნ) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობას, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დახმა­რების უზრუნველყოფას.

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17

დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.