საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 30/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.011029
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
611
24/10/2007
სსმ, 152, 30/10/2007
120010000.22.026.011029
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/10/2007 - 13/01/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.011.029

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №611

2007 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს“ თანდართული დებულება.

 მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტები და წინამდებარე დებულება.

3. სამმართველო, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს-ს), კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

4. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინაშე.

5. სამმართველოს აქვს გერბიანი ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო – Ministry of Defence of Georgia. Central Division of the NATO Classified Information“ და შტამპები, აგრეთვე ტიტულოვანი ბლანკი, რომელიც გამოიყენება შიდა და გარე მიმოწერისთვის.

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

1. სამმართველოს ამოცანებს განეკუთვნება:

ა) საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის დასაცავად ,,ნატო“-სთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება;

ბ) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელება და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისის (NATO Office of Security) რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობაზე კოორდინაციისა და კონტროლის გაწევა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა.

2. სამმართველოს ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში ,,ნატო“-ს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებადი საკანონმდებლო ბაზის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება;

ბ) გაუწიოს კოორდინაცია და კონტროლი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებული ქვერეგისტრების საქმიანობას და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას;

გ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით იმ თანამდებობების განსაზღვრა, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ მოიცავენ ,,ნატო“-სთან თანამშრომლობის საკითხებს და საჭიროებენ დაშვებას ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან;

დ) უზრუნველყოს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის დადგენილი პროცედურის თანახმად გაცემა: მოიპოვოს საჭირო დოკუმენტაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ, დაადგინოს განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობა, მოამზადოს დაშვების სპეციალური სერტიფიკატები (NATO/EAPC(PfP) Personnel Security Clearance) და წარუდგინოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად;

ე) განახორციელოს ,,ნატო“-ს საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციისა და ,,ნატო“-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პერსონალის ცენტრალიზებული აღრიცხვა;

ვ) გაუწიოს კონტროლი ცენტრალურ რეგისტრში და ქვერეგისტრებში არსებული ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ,,სიცოცხლის ციკლის“ (lifecycle) მიმდინარე მდგომარეობას: ინფორმაციას მიღებული, გავრცელებული, გაგზავნილი, თარგმნილი, გამრავლებული ან განადგურებული კლასიფიცირებული დოკუმენტების და მათთან დაშვებული პერსონალის შესახებ;

ზ) ჩაატაროს ქვერეგისტრების ყოველწლიური ინსპექტირება და აცნობოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს შემოწმების შედეგები;

თ) ჩაატაროს საქართველოს კანონმდებლობითა და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული ღონისძიებები კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევებში და აცნობოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები;

ი) შეიმუშაოს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის ევაკუაციის გეგმები და სამოქმედო ინსტრუქციები;

კ) შეიმუშაოს ე.წ. ,,საგანმანათლებლო პროგრამა“ და ჩაატაროს რეგულარული ტრეინინგები კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირებისათვის ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების ცოდნის გავრცელების მიზნით;

ლ) აცნობოს ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ქვერეგისტრებში განხორციელებული ნებისმიერი ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ;

მ) ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების დროს ჩააბაროს ანგარიში კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ;

ნ) უზრუნველყოს ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული რეკომენდაციების შესრულება.

    მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა

1. სამმართველოს ხელმძღაველობს სამმართველოს უფროსი.

2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, მათ მიმართ წახალისების ან დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;

დ) კონტროლს უწევს საიდუმლოების დაცვის ნორმების უზრუნველყოფას;

ე) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოში ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებებულებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვას;

ი) აბარებს ანგარიშს საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ,,ნატო“-ს უსაფრთხოების ოფისს ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ;

კ) შუამდგომლობს თავდაცვის მინისტრთან სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე.

    მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა და უფლებამოსილება

1. სამმართველოს სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2. სამმართველოს საქმიანობას უზრუნველყოფენ საშტატო განრიგით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ,,ნატო“-ს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებითა და აღნიშნული დებულებით.

3. საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას და მათი განხორციელებისას უზრუნველყოფენ საიდუმლოების რეჟიმის დაცვას და სამმართველოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ, მაკონტროლებელ, საკონსულტაციო და ორგანიზაციულ საქმიანობას, ასევე მონაწილეობენ ,,ნატო“-ს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებადი საკანონმდებლო ბაზის, პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში.

4. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

სამმართველოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.