საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 05/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.330.010054
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
171
02/03/2007
სსმ, 29, 05/03/2007
010320010.22.330.010054
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2007 - 02/07/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.054

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №171

2007 წლის 2 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულება.

2. ძალადაკრგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანება.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის  5 მარტს.

ა. ალექსიშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციების ტიპური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საგადასახადო ინსპექციის სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს.

2. ინსპექციის საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

3. ინსპექციას აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.

4. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძ-ველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივი-დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

1. ინსპექცია თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

2. ინსპექციას უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღონ მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

    მუხლი 4. მინდობილი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა

ინსპექციის თანამშრომლებს ეკრძალებათ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლებისათვის გადაცემა.

    

თავი II. ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 5. ინსპექციის ამოცანა

საგადასახადო ინსპექციის ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

    მუხლი 6. ინსპექციის საქმიანობის სფერო

ინსპექცია საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    

თავი III. ინსპექციის სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 7. ინსპექციის სტრუქტურა

1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

ბ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;

გ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

დ) იურიდიულ საკითხთა სამმართველო;

ე) ადმინისტრაცია (აპარატი).

    მუხლი 8. ინსპექციის ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი

1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

3. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

5. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ინსპექციის საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;

დ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე საგადასახადო სანქციის (ჯარიმის) დარიცხვის თაობაზე.

6. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.

7. ინსპექციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:

ა) ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.

    თავი IV. ინსპექციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

    მუხლი 9. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:

1. გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);

ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, უზრუნველყოფს სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;

დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;

ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;

ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას.

თ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოებას;

ი) უზრუნველყოფს მოცემული პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ე“-,,თ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.

2. გადასახადის გადამხდელთა მონაცემთა დამუშავების უზრუნველსაყოფად:

ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;

ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადების გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;

დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;

ე) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს წინადადებებს სავარაუდო დარიცხვის შესახებ. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე ამზადებს მასალებს და რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო ორგანოს;

ვ) დადგენილი წესით ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;

ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს ,,საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;

კ) ადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;

ლ) იცავს კომპიუტერულ სისტემებს გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათ დაბრუნებას გადამხდელთათვის;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის;

ო) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

3. გადასახადის გადამხდელთა მომსახურების მიზნით:

ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას (აპარატს);

ბ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;

დ) უწევს კონსულტაციებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ე) აწვდის გადასახადის გადამხდელებს ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ვ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;

თ) უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების (მათ შორის, ქონების გადასახადზე) არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;

ი) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;

კ) უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;

ლ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციების ფორმების გაცემას, შევსებული ფორმების მიღებას და მათი შენახვის ორგანიზებას.

    მუხლი 10. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო

გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას;

ბ) ადგენს საგადასახადო შემოწმებების წლიურ სამუშაო გეგმას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში და დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად ამოწმებს გადასახადის გადამხდელების საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

დ) ახდენს საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;

ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს კამერალურ და გასვლით (მათ შორის, საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტებს და დადგენილი წესით და ვადებში წარუდგენს განსახილველად ინსპექციის უფროსს/მოადგილეს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 11. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო

1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

ა) სწავლობს საგადასახადო ვალდებულებათა მიხედვით საგადასახადო დავალიანებების წარმოშობის მიზეზებს;

ბ) ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;

გ) შეისწავლის საგადასახადო ვალდებულების ვადის შეცვლის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ინსპექციის ხელმძღვანელობას.

2. სამმართველო გადასახადის გადამხდელის მიმდინარე კონტროლისა და მის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

ბ) აგროვებს ინფორმაციას შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ;

გ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;

დ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიულ საკითხთა სამმართველოსათვის;

ვ) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, გამოვლენილ დარღვევებზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებს და შესაბამისი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს;

ზ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 12. იურიდიულ საკითხთა სამმართველო

იურიდიულ საკითხთა სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ინსპექციის თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;

ბ) განიხილავს ,,გადამხდელთა მოთხოვნებს“;

გ) მონაწილეობს საგადასახადო და სხვა სახის სასამართლო დავებში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ე) აწარმოებს საგადასახადო და ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის განხორციელების თაობაზე;

ვ) შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ.

    მუხლი 13. ინსპექციის ადმინისტრაცია (აპარატი)

ადმინისტრაცია (აპარატი):

ა) აწარმოებს ინსპექციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;

დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.