„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1759
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 10/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240.110.010.05.001.001.151
  • Word
1759
21/11/2002
სსმ, 31, 10/12/2002
240.110.010.05.001.001.151
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

        მუხლი 1

 „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

1. დამამზადებელი (გამყიდველი) ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევანის შესაძლებლობას.

2. მომხმარებელს პროდუქციის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროდუქციის დასახელება და სახე;

ბ) პროდუქციის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქცია;

გ) იმ საქონლის ვარგისობის ვადა (საქონლის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები უარესდება დროთა განმავლობაში (საკვები, კოსმეტიკური, სამკურნალო და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია);

დ) საქონლის წონა ან/და მოცულობა;

ე) იმ ტექნიკური რეგლამენტის ან/და სტანდარტის დასახელება, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქცია;

ვ) პროდუქციის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა, საკვები პროდუქციისათვის – ასევე კალორიულობა, ვიტამინიზებულობა, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შემცველობისას მათ შესაძლო უკუჩვენებებზე მითითება ცალკეული დაავადების დროს გამოყენების შემთხვევაში, დამზადების პროცესში გამოყენებული საკვებდანამატების სია;

ზ) პროდუქციის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები;

თ) პროდუქციის ფასი და შეძენის სხვა პირობები;

ი) დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიერ დათქმის შემთხვევაში საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები;

კ) საქონლის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობისას მოსალოდნელი შედეგები;

ლ) მომხმარებელთა პრეტენზიის მისაღები ადგილის რეკვიზიტები, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების საწარმოო ერთეულის მისამართი;

მ) პროდუქციის სერტიფიკაციის შესახებ, თუ მოცემული სახის პროდუქცია სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება;

ნ) სამუშაოს (მომსახურების) შესრულების (გაწევის) პროცედურები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მისი მოთხოვნის მიხედვით უნდა მიეწოდოს წერილობით ან/და ზეპირად, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. საკვები, კოსმეტიკური, სამკურნალო და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ხოლო საყოფაცხოვრებო-ტექნიკური პროდუქციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე და განთავსდეს პროდუქციის შეფუთვაზე, ეტიკეტზე ან იარლიყზე, ხოლო თუ მათი ზომის სიმცირის გამო ან სხვა პატივსადები მიზეზით ეს შეუძლებელია, იგი უნდა განთავსდეს პროდუქციის ყოველ ერთეულზე თანდართულ ფურცელზე ან წარმოებაში მიღებული ნებისმიერი სხვა ფორმით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ცნება „საკვები პროდუქცია“ არ მოიცავს გადაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის, მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის) პროდუქციას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა მომხმარებლისათვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების თაობაზე არ ზღუდავს მის სხვა ენაზეც მიწოდების შესაძლებლობას. ამასთან, ქართულ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით უცხო ენაზე შესრულებულ წარწერაზე მცირე არ უნდა იყოს.

7. თუ საქართველოს სხვა სპეციალური საკანონმდებლო აქტებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი სპეციალური საკანონმდებლო აქტის მოთხოვნები.

8. დამამზადებელს (შემსრულებელს, გამყიდველს) უფლება აქვს თავისი სამეწარმეო, მათ შორის, საექსპორტო მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

 

„თავი IV. გარდამავალი დებულება

    მუხლი 35. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა მომხმარებლისათვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების თაობაზე ამოქმედდეს 2003 წლის                    1 მარტიდან, ხოლო სამკურნალო პროდუქციის მიმართ – 2003 წლის 1 იანვრიდან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ნოემბერი.

№1759–Iს