საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 12/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.300.009939
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
02/02/2007
სსმ, 19, 12/02/2007
010240030.22.300.009939
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/02/2007 - 27/02/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.939

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №20

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №43 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №50 ბრძანება;

გ) ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №51 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა      დეპარტამენტის            

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, რუსეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების პოლიტიკის შემუშავება. მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან, რუსეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების პოლიტიკის შემუშავება. მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა დაფარვის რეგიონების სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;

გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალის და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

2. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს რეკომენდაციები კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით საგარეო- პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტის თანამშრომელს ავალებს დაფარვის რეგიონის კონკრეტულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინაციას, რომელიც:

ა) განაახლებს მონაცემთა ბაზას მითითებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომელშიც აისახება შიდაპოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული პროცესები, მათი განვითარების პროგნოზი და თითოეული საკითხის მიმართ საქართველოს მიდგომა;

ბ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე ამზადებს შესაბამისი მიმართულებით საქართველოს საგარეო ურთიერთობების რეკომენდებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახულია ღონისძიებათა გრაფიკი და კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა განხორციელება მიზანშეწონილია დასახული ამოცანის შესასრულებლად;

გ) სისტემატურად განაახლებს ზოგად სასაუბროს, რომელშიც მოცემულია შესაბამისი მიმართულებით ურთიერთობების ყოველ საკითხზე მოლაპარაკებების რეკომენდებული გეგმა; ასევე მონაწილეობს მოლაპარაკებებში შესაბამისი მიმართულებების და დონის მიხედვით;

დ) სისტემატურად ამზადებს შესაბამის რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობისა და განვითარების მოკლე ანოტაციას სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;

ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

5. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

 7. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული საქმიანი კორესპონდენციის განაწილებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

8. დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. ამერიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგარეო ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან;

ბ) აშშ-ს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების და სასაუბროების მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტსა და მთავრობისათვის;

გ) ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკების მომზადება და მონაწილეობა. მოლაპარაკებათა მომზადების პერიოდში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლობა საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან;

დ) აშშ-სთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება;

ვ) უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებთან ორმხრივი ფორმატის საფუძველზე თანამშრომლობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით;

თ) კანადასთან და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება და ამ მიმართულებით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;

ი) საქართველოს საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის, მისი საინვესტიციო კლიმატისა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ში, კანადას და ლათინურ ამერიკის ქვეყნებში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;

კ) აშშ-სთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის განვითარება;

ლ) სამმართველოს საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება;

მ) დეპარტამენტისა და შემდგომ სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა აშშ-სთან, კანადასთან, მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაციის თაობაზე;

ნ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების გაგზავნა იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება სამმართველოს ფუნქციებსა და ამოცანებს.

2. აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, შორეული აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანიის ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა აღნიშნული რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების გზით;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა დაფარვის რეგიონის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;

გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისათვის რეკომენდაციების დაგზავნა, კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით, საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე.

3. რუსეთის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ბ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის წინადადებათა და რეკომენდაციათა წარდგენა;

გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით;

დ) რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკებების მომზადება და, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობის მიღება;

ე) რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

ვ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების კოორდინაცია, მათ შორის, საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ზ) რუსეთის ფედერაციასთან საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სამომავლო პერსპექტივების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის, საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული კომისიის ქართული მხარის საქმიანობის კოორდინაცია;

თ) რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების, ბიზნეს-კონფერენციებისა და ფორუმების მუშაობაში მონაწილეობის მიღება და სათანადო ცნობების მომზადება;

ი) რუსეთის ფედერაციასთან კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის შესწავლა, სამომავლო პერსპექტივების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

კ) რუსეთის ფედერაციაში ქართული კულტურის, სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა;

ლ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დღეების ორგანიზების, ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროებში გამოფენების, ასევე სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების ხელშეწყობა;

მ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს კულტურული ცენტრების დაარსებისა და მათი შემდგომი ფუნქციონირების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ნ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის თანმიმდევრული გატარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ო) კომპეტენციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მუშაობის კოორდინაცია;

პ) საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან თანამშრომლობა;

ჟ) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს წლიური ანგარიშის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

რ) დსთ-ის საწესდებო და სხვა ორგანოებთან და დსთ-ის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ს) საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დსთ-ის საწესდებო და სხვა ორგანოებთან ურთიერთობებისა და დსთ-ს ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესწავლის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება;

ტ) დსთ-ის საწესდებო და სხვა ორგანოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

უ) დსთ-ის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ფ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომელიც დსთ-ის ფარგლებში საქართველოს ურთიერ-თობის სფეროს განეკუთვნება;

ქ) დსთ-ის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ღ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე.

    მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (შემდგომში – სამმართველოებს) ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.