საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 12/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.300.009938
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19
02/02/2007
სსმ, 19, 12/02/2007
010240030.22.300.009938
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/02/2007 - 27/02/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.938

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №19

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №42 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ და 2006 წლის №47 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვის და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის ზრუნვა და ქართულ დიასპორასთან კავშირურთიერთობის გაღრმავება; საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციის, აღდგენისა და დაცვის სფეროში შესაბამისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით;

ბ) მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაცია;

ვ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, იუნესკოს ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; იუნესკოს შტაბბინასა და იუნესკოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა;

ი) დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში მათი დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებათა მომზადება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა.

2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;

დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო-ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.

6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

7. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

1. რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება, ასევე რეგიონალური საერთაშორისო ეკონომიკური ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის, როგორც რეგიონალური სატრანზიტო ცენტრის, პოზიციების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და სხვ.) ანალიზი რეგიონალურ ჭრილში. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ოფიციალური ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სუამ-ისა და დსთ-ის ფარგლებში ეკონომიკური პრობლემატიკის დამუშავება, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესახებ წინადადებების მომზადება და მათი შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობა;

ე) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში (BSEC) თანამშრომლობის კოორდინაცია. მის ფარგლებში რეგიონალური პროექტების შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ქსელებში სრულყოფილი ჩართვის ხელშეწყობა. TRACECA-ს და INOGATE-ის რეგიონალური პროგრამების, NATO-ს ეკონომიკური დირექტორატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიზნით საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით ახალი წინადადებების შემუშავება;

ზ) კასპიის მდიდარი ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის ხელშეწყობა.

2. მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაერო-ს (ECOSOC, UNECE, UNESCAP, UNDP), OECD-ს, ეუთო-ს (ეკონომიკური განზომილება) თანამშრომლობის კოორდინაცია, მათში მიმდინარე პროცესების ანალიზი და მის საფუძველზე საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკისა და პრიორი-ტეტების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონვენციებში ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

გ) ძირითად ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება;

დ) საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

ე) რეკომენდაციების შემუშავება საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე;

ვ) საქართველოს შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის სრულყოფის მიზნით მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებებისათვის და ამ სისტემაში ჩართვის მსურველ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის.

3. კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კოორდინაცია;

ბ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა;

დ) იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, იუნესკოს ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; იუნესკოს შტაბ-ბინასა და იუნესკოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა;

ე) დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში მათი დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებათა მომზადება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა.

    მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;

ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.