საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 17/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.011610
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
69
17/03/2008
სსმ, 40, 17/03/2008
010240020.22.027.011610
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/03/2008 - 20/01/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.011.610

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №69

2008 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 2

დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 5

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 6

1. ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულების ოპტიმიზაციის მიზნით;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

    მუხლი 7

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 8

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;

ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ვ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანგარიშს წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ი) წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 9

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.

5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 10

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის მრჩევლები;

ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეები დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი IV

დასკვნითი დებულება

    მუხლი 11

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.