საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 24/10/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.009457
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1166
10/10/2006
სსმ, 145, 24/10/2006
010240030.22.034.009457
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/10/2006 - 18/01/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.009.457

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1166

2006 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართვე­ლოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამ­ტკი­ცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამ­ტკი­ცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა”, ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტა­მენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებებს, საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, პრინციპებსა და მიმართულებებს.

    მუხლი 2.

დეპარტამენტი არის სამართალდამცავი სტატუსის მქონე საგამოძიებო ორგანო, რომელიც სამინისტროს სის­ტემაში შედის სტრუქტურული ქვედანაყოფის სა­ხით. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში უზრუნველყოფს დანაშაულთა გამოძიებას.

    მუხლი 3.

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი სა­ფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ეს დებულება და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 4.

1. დეპარტამენტის საქმიანობა ემყარება კანონიე­რების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროო­ბის, დეპარტამენტის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.

2. დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალა­ქეობრივი, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტი­კური და სხვა შეხედულებებისა.

    მუხლი 5.

დეპარტამენტი საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკ­რუ­ლებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების სამარ­თალ­დამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზა­ციებთან.

თავი II

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები

    მუხლი 6.

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ქვემდებარე განსაკუთ­რებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოძიებას და ამ მიზნით შესაბამის ოპერა­ტიულ-სამძებრო ღონისძიებების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალის­წინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 7.

დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანების შესრუ­ლებისას უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარ­გლებში:

ა) დანაშაულზე აწარმოოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება;

ბ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპ­როცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამო­ძიებო მოქმედება;

გ) ჩააბას სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისცეს წერილობითი დავალებები ოპერატიულ-სამძებრო ქვე­და­ნა­ყოფებს მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ;

ვ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა;

ზ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრუ­ლი სხვა უფლებამოსილებანი.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები

    მუხლი 8.

დეპარტამენტის შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქ­ტურული დანაყოფები:

ა) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა I საგამოძიებო სამმართველო;

ბ) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა II საგამოძიებო სამმართველო;

გ) დეპარტამენტის საერთო განყოფილება.

    მუხლი 9.

დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოები უზრუნველ­ყოფენ სამინისტროს ქვემდებარე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიებას და ამ მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებენ ოპერა­ტიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს.

    მუხლი 10

1. საერთო განყოფილების ამოცანაა კომპეტენციის ფარ­გლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეუ­ლების ორგანიზაციული კუთხით კოორდინირება, დეპარ­ტამენტის დირექტორისთვის ორგანიზაციულ-ტექ­ნიკური, საინფორმაციო და სამართლებრივი საკით­ხების უზრუნველყოფა.

2. დეპარტამენტის საერთო განყოფილება კომპეტენ­ციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქ­მისწარმოების) ორგანიზაციას;

ბ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვას, მათი შესრულების კონტროლს (ვადების მიხედვით);

გ) კორესპოდენციის მიღება-გაგზავნის, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაციასა და ადრესატამდე დაგზავ­ნას;

დ) დადგენილი წესით მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, აღრიცხვას, მათი ხელმძღვანე­ლო­ბისათვის და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავ­­ნას, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონ­ტროლს (ვადების შესაბამისად);

ე) დეპარტამენტში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვას;

ვ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური კუთხით უზრუნველყოფის ორგანიზაციული საკითხების მოგვარე­ბას;

ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში არსებული სა­ჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ორგა­ნიზაციული საკითხების მოგვარებას;

თ) ორგანიზებას უკეთებს ოპერატიული თათბირების მომზადებას და შესაბამისი ოქმების გაფორმებას;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

თავი IV

დეპარტამენტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა

    მუხლი 11.

1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურუ­ლი ქვედანაყოფი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

2. დეპარტამენტი დაკისრებულ მოვალეობებს ასრუ­ლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციო­ნირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით.

3. დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ დეპარტამენტის სტრუქტურული დანა­ყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დეპარტამენტის დირექტორს.

    მუხლი 12.

1. დეპარტამენტის მართვას, კოორდინაციასა და ხელ­მძღვანელობას ახორციელებს დეპარტამენტის დი­რექ­ტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, აწესრიგებს დეპარ­ტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნე­ბულ საკითხებს, პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულე­ბისათვის;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვე­ტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტუ­რული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას დეპარტამენტის თანამშრომელთა საქ­­მიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილე­ბებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს ან დისციპლინურ პასახუხისმგებლობას აკისრებს თანამ­შრომ­ლებს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) შუამდგომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე დეპარტამენტის თანამშრომლე­ბისათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭე­ბის თაობაზე;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პერიო­დუ­ლად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას დეპარ­ტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართუ­ლებების თაობაზე;

ზ) დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებით აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის თანამშრომელთათვის;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილეები.

4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა უფ­ლებამოსილებების გამიჯვნა და საქმიანობის სფეროების განსაზღვრა ხორციელდება დეპარტამენტის დირექტო­რის მიერ.

5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემ­თხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერ­თი მოადგილე საქართველოს შინაგან საქმეთა მინის­ტრის ბრძანებით.

6. დეპარტამენტის გამომძიებლად ინიშნებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ უმაღლე­სი იურიდიული განათლება.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13.

1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმია­ნობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.