საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4995-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110715028, 15/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.016424
  • Word
4995-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110715028, 15/07/2011
090000000.05.001.016424
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 163-ე−165-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 163. ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველი

საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, ბრალდებულია (მსჯავრდებულია) ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის/ დოკუმენტის გამოყენებით იგი შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.

    მუხლი 164. გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ

1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, აღასრულოს განჩინება; პასპორტის/დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; პასპორტის/დოკუმენტის ნომერი, პასპორტის/დოკუმენტის გამცემი ორგანო და პასპორტის/დოკუმენტის გაცემის თარიღი. 

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლისათვის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.

    მუხლი 165. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების ვადა

1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეჩერდება განაჩენის აღსრულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.

2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ დადგენილება პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

4. პირს, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზვრო დოკუმენტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლება აქვს, აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№4995-რს