დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5012-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110715014, 15/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260020.05.001.016418 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-18 პუნქტები:
„4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ახორციელებს დამფუძნებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე შესაბამისი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
5. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდება მსმენელი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი (გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მსმენელთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.
7. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის წინაპირობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის გარდა, შესაძლებელია იყოს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. კონტრაქტის ხელმოწერაზე უარის თქმის ან კონკურსის გაუვლელობის შემთხვევაში პირი არ ჩაირიცხება სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული პირის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
8. პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გახდეს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მსმენელი მშობლების თანხმობით.
9. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურეს და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.
10. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.
11. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებანი, გრანტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
12. მსმენელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და წესი განისაზღვრება შესაბამისი სადისციპლინო წესდებით.
13. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობა. თუ აკადემიური პერსონალის ნაშრომები და კვლევები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცული უნდა იქნეს გამჟღავნებისაგან.
14. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ სამხედრო ან სპეციალური წოდების თანამდებობაზე შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეს ან სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე.
15. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე, თუ პირი არ აირჩევა კონკურსის წესით და მას არ გაუგრძელდა დანიშვნის ვადა.
16. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და სპეციალური წოდების მქონე პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
17. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მსმენელის მიმართ, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, მოქმედებს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა ან სპეციალური წოდების მქონე პირთა დისციპლინური დევნის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებსაც აქვს უპირატესობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების მიმართ.
18. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მსმენელი, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, ვალდებულია შეასრულოს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური წოდების მქონე პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.“.
მუხლი 2. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს სამხედრო ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.“.
2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მსმენელს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურება, თუ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეა და სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№5012-რს
დოკუმენტის კომენტარები