დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5015-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/07/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110714028, 14/07/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040040030.05.001.016406 |
საქართველოს კანონი
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები − შემოქმედი მუშაკის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, რომელიც განსაზღვრულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით;
გ) შემოქმედებითი კავშირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ლიტერატურისა და ხელოვნების ერთი ან რამდენიმე დარგის არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანება, რომელში გაწევრებაც ნებაყოფლობითია და რომლის მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება, ამ გაერთიანების წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელება;
დ) შემოქმედებითი კავშირის ფილიალი − შემოქმედებითი კავშირის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს კავშირის ადგილსამყოფლის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ ასრულებს მის ფუნქციებს, მოქმედებს კავშირის მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე და არ არის იურიდიული პირი;“.
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. შემოქმედებითი კავშირის სტატუსი
შემოქმედებითი კავშირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია და მასზე ვრცელდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესები.“.
3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შემოქმედებით კავშირში დამფუძნებლების გაწევრებას და კავშირის წევრთა აღრიცხვას ახორციელებს კავშირის მართვის ორგანო/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი კავშირის წესდებით განსაზღვრული წესით.“.
4. მე-17−მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. შემოქმედებითი კავშირის შექმნა
1. შემოქმედებითი კავშირი იქმნება არანაკლებ 5 პირის მიერ ჩატარებულ დამფუძნებელ ყრილობაზე (კონფერენციაზე) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო).
2. შემოქმედებითი კავშირის მართვის ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისა და დამოწმებისათვის გამოიყენება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისა და დამოწმებისათვის განსაზღვრული წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 18. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია
1. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
3. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის ვადები და მომსახურების საფასური განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.
4. შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის სხვა წესები და რეესტრიდან ამონაწერის ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.
მუხლი 19. შემოქმედებითი კავშირის წესდება
1. შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის წესი და ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია კავშირის წესდებით.
2. შემოქმედებითი კავშირის წესდება უნდა შეიცავდეს:
ა) შემოქმედებითი კავშირის სრულ სახელწოდებას, ასევე შემოკლებულ სახელწოდებას (მისი არსებობის შემთხვევაში);
ბ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს;
გ) შემოქმედებით კავშირში გაწევრების, კავშირიდან გასვლისა და გარიცხვის წესებს;
დ) შემოქმედებითი კავშირის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს;
ე) შემოქმედებითი კავშირის მართვის ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, მათ უფლებამოსილებებს და მათი გადაწყვეტილებების მიღების წესს;
ვ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის კონტროლის წესს;
ზ) შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს/პირის დასახელებას და ამ გადაწყვეტილების მიღების წესს, თუ იგი განსხვავდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესისაგან;
თ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). თუ შემოქმედებით კავშირს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორი ან მეტი პირი ჰყავს, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს, როგორ არის მათ შორის უფლებამოსილებანი გადანაწილებული;
ი) მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესს.
3. შემოქმედებითი კავშირის წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა საკითხებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“.
5. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესები
შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება შემოქმედებითი კავშირის ყრილობის (წევრთა საერთო კრების) საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისათვის/ლიკვიდაციისათვის დადგენილი წესით.“.
6. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. შემოქმედებითი კავშირის სამეწარმეო, საფინანსო და სხვა სამეურნეო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი
შემოქმედებითი კავშირის სამეწარმეო, საფინანსო და სხვა სამეურნეო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მაკონტროლებელი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და მასზე გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით შემოქმედებითი კავშირისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისა და საქმიანობისათვის დადგენილი წესები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№5015-რს
დოკუმენტის კომენტარები