დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი №6 სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/04/1983 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 18/05/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000330 |
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის ოქმი №6
სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ
სტრასბურგი, 1983 წლის 28 აპრილი
1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელმოწერილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში მოხსენიებულია, როგორც „კონვენცია“) ამ ოქმის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები
ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოში განხორციელებული წინსვლა გამოხატავს სიკვდილით დასჯის გაუქმების საერთო ტენდენციას და
თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1. სიკვდილით დასჯის გაუქმება
სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შეიძლება, ვინმეს შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან ვინმეს მიმართ აღსრულდეს ასეთი განაჩენი.
მუხლი 2. სიკვდიით დასჯა ომიანობის დროს
სახელმწიფოს შეუძლია, თავის კანონმდებლობაში გაითვალისწინოს სიკვდილით დასჯა ომის ან ომის გარდაუვალი საფრთხის დროს ჩადენილი ქმედებებისათვის; ამგვარი სასჯელი გამოიყენება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში და მისი დებულებების შესაბამისად. სახელმწიფო აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ასეთი კანონის შესაბამისი დებულებების შესახებ.
მუხლი 3. გადახვევის აკრძალვა
დაუშვებელია კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე ამ ოქმის დებულებებიდან გადახვევა.
მუხლი 4. დათქმების აკრძალვა
დაუშვებელია კონვენციის 57-ე მუხლის საფუძველზე ამ ოქმის დებულებათა მიმართ დათქმების გაკეთება.
მუხლი 5. ტერიტორიული გამოყენება
1. ოქმის ხელმოწერის, მისი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების დროს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდება ეს ოქმი.
2. ყოველ სახელმწიფოს მოგვიანებით, ნებისმიერ დროს, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი განცხადებით გაავრცელოს ამ ოქმის გამოყენება განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ტერიტორიის მიმართ. ასეთი ტერიტორიის მიმართ ოქმი ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი განცხადების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ამგვარ განცხადებაში განსაზღვრული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ, შეიძლება უკან იქნეს გატანილი გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი შეტყობინებით. განცხადების უკან გატანა ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 6. კონვენციასთან მიმართება
მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ ოქმის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების დებულებები განიხილება, როგორც კონვენციის დამატებითი მუხლები, და კონვენციის ყველა დებულება გამოიყენება შესაბამისად.
მუხლი 7. ხელმოწერა და რატიფიცირება
წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას. იგი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირება, მიღება ან დამტკიცება, თუ მას იმავდროულად ან მანამდე არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 8. ძალაში შესვლა
1. ეს ოქმი ძალაში შედის მისი სავალდებულოდ აღიარებაზე ევროპის საბჭოს ხუთი წევრი სახელმწიფოს მიერ მე-7 მუხლის დებულებების შესაბამისად თანხმობის გამოხატვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს თანხმობას ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე, ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 9. დეპოზიტარის ფუნქციები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:
a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
b) რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ნებისმიერი სიგელის დეპონირების შესახებ;
c) მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ამ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს;
d) ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან მიმოწერის შესახებ.
ამის დასტურად ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელი მოაწერეს ამ ოქმს.
შესრულებულია სტრასბურგში, 1983 წლის 28 აპრილს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტიკურ ტექსტებად, ერთადერთ ეგზემპლარად, რომელიც დაცულია ევროპის საბჭოს არქივში. გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს უგზავნის თითოეულ ხელმომწერ მთავრობას.
დოკუმენტის კომენტარები