საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

  • Word
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/1966
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/1994
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000334
  • Word
-
16/12/1966
გაურკვეველი, -, 25/05/2000
430003000.00.000.000334
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საერთაშორისო პაქტი

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად, სარატიფიკაციოდ და შესაერთებლად გენერალური ასამბლეის 1966 წლის 16 დეკემბრის 2200A(XXI) რეზოლუციით ძალაშია: 1976 წლის 23 მარტიდან, 49-ე მუხლის შესაბამისად

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები,

ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანდაყოლილი ღირსების, განუყოფელი და თანასწორი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობის და მშვიდობის საფუძველია,

აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან,

აღიარებენ, რომ ეს უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, შიშისა და გაჭირვებისაგან თავდახსნილი თავისუფალი პიროვნების იდეალის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ისეთი პირობები, სადაც ყველას შეეძლება თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით, ისევე როგორც სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობა;

ითვალისწინებენ რა, გაერთიანებული ერების წესდებით ნაკისრ სახელმწიფოთა ვალდებულებას წაახალისონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემა და დაცვა;

აცნობიერებენ, რომ პიროვნება, რომელსაც გააჩნია მოვალეობები სხვა პიროვნებებისა და იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც იგი მიეკუთვნება, ვალდებულია, იღვწოდეს ამ პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემისა და დაცვისთვის,

ნაწილი I

    მუხლი 1

1. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების საფუძველზე ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისკენ.

2. ყველა ხალხს შეუძლია საკუთარი მიზნებისთვის თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრე და რესურსები ურთიერთ სარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომელიმე ხალხს ჩამოერთვას საარსებო საშუალებები.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა, მათ შორის, რომელთაც ეკისრებათ არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვის პასუხისმგებლობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყონ თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივი უნდა სცენ ამ უფლებას.

ნაწილი II

    მუხლი 2

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

2. თუკი უკვე გათვალისწინებული არ არის მოქმედი საკანონმდებლო ან სხვა ზომებით, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას მიიღოს აუცილებელი ზომები თავისი კონსტიტუციური პროცედურებისა და წინამდებარე პაქტის დებულებების შესაბამისად, რათა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელებისათვის.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:

a) ნებისმიერი პირი, რომლის წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებებიც დაირღვა, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა ჩაიდინეს ოფიციალურად მოქმედმა პირებმა;

b) უზრუნველყოს თითოეული პირის იურიდიული დაცვის უფლება, ვინც კი ასეთ დაცვას მოითხოვს, რომელიც დადგენილია კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის შესაბამისად და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობები;

c) უზრუნველყოს კომპეტენტური ორგანოების მიერ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება.

    მუხლი 3

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ მამაკაცთა და ქალთა თანასწორი უფლება, ისარგებლონ წინამდებარე პაქტით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებით.

    მუხლი 4

1. საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს და რაც ოფიციალურად არის გამოცხადებული, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაუხვიონ პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მდგომარეობის სიმძაფრე, იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები შეუთავსებელი არ იქნება მათ მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან და არ მოიცავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

2. დაუშვებელია ამ მუხლის მიხედვით მე-6, მე-7, მე-8 (1 და2 პუნქტები), მე-11, მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების შეზღუდვა.

3. წინამდებარე პაქტის თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, რომელიც იყენებს შეზღუდვის უფლებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს წინამდებარე პაქტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს, თუ რომელი დებულებები შეზღუდა და შეზღუდვის მიზეზები. ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით უნდა შეატყობინოს ასეთი შეზღუდვის შეწყვეტის თარიღი.

    მუხლი 5

1. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ჩაიდინოს რაიმე მოქმედება, რომლებიც მიმართულია წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების მოსპობის ან უფრო მეტი მოცულობითი შეზღუდვისაკენ, ვიდრე ეს ამ კონვენციით არის გათვალისწინებული.

2. არ შეიძლება ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც აღიარებულია ან არსებობს რომელიმე სახელმწიფოში კანონის, კონვენციების, წესებისა და ჩვეულებების ძალით, შეიზღუდოს ან შემცირდეს იმ მიზეზით, რომ წინამდებარე პაქტი არ აღიარებს ასეთ უფლებებს ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.

ნაწილი III

    მუხლი 6

1. თითოეულ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის განუყოფელი უფლება. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის შეიძლება თვითნებურად წაერთვას სიცოცხლე.

2. ქვეყნებში, რომლებსაც არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა, სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოიტანონ მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის შესაბამისად და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე პაქტისა და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებასა და დასჯის შესახებ კონვენციის დებულებებს. ეს სასჯელი შეიძლება სისრულეში მოყვანილ იქნას მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის შესაბამისად.

3. როცა სიცოცხლის წართმევა წარმოადგენს გენოციდის დანაშაულს, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ამ მუხლში არაფერი აძლევს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს უფლებას, რომ რაიმე ფორმით გადაუხვიონ თავიანთ ვალდებულებებს, რომელიც იკისრეს სახელმწიფოებმა გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯის შესახებ კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეულ სიკვდილმისჯილ პირს, ვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, უფლება აქვს ითხოვოს შეწყალება ან განაჩენის შემსუბუქება. ამინისტია, შეწყალება ან სიკვდილით დასჯის განაჩენის შეცვლა შეიძლება ნაბოძები იყოს ყველა შემთხვევაში.

5. სასიკვდილო განაჩენის გამოტანა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინეს თვრამეტ წელს მიუღწეველმა პირებმა, და არ უნდა იქნას სისრულეში მოყვანილი ფეხმძიმე ქალების მიმართ.

6. ამ მუხლში არაფერი შეიძლება გახდეს წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯის გადავადების ან გაუქმების საფუძველი.

    მუხლი 7

არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოქცევას ან სასჯელს. კერძოდ, არავინ, მისი ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე, არ შეიძლება დაექვემდებაროს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტებს.

    მუხლი 8

1. არავინ უნდა იმყოფებოდეს მონობაში, აკრძალულია მონობა და მონათვაჭრობა, მისი ყველა გამოვლინების ფორმით.

2. არავინ უნდა იმყოფებოდეს დამონებულ მდგომარეობაში.

3. a) არავინ უნდა აიძულონ ასრულებდეს იძულებით ან სავალდებულო სამუშაოს;

b) ამ მუხლის 3(a) პარაგრაფი არ უნდა იქნეს გაგებული როგორც აკრძალვა, იმ ქვეყნებისთვის, სადაც დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეიძლება გამოტანილ იქნეს თავისუფლების აღკვეთა კატორღული სამუშაოებით. ასეთი განაჩენი გამოტანილ უნდა იქნას კომპეტენტური სასამართლოს მიერ;

c) ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ მოიცავს:

I) ნებისმიერ სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც ნახსენები არ არის (b) ქვეპუნქტში და რომელიც, როგორც წესი, უნდა შეასრულოს სასამართლოს კანონიერი განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში მყოფმა, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითად გათავისუფლებულმა პირმა.

II) სამხედრო სამსახურს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც რწმენის საფუძველზე აღიარებულია სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესაძლებლობა, ნებისმიერი სამოქალაქო სამსახური, რომელიც მოეთხოვება ასეთ პირობებს;

III) ნებისმიერ სამსახურს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის ან უბედურების დრს, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების სიცოცხლესა და კეთილდღეობას;

IV) ნებისმიერ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობების ნაწილს.

    მუხლი 9

1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას ან დაპატიმრებას. არავის არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და პროცედურისა.

2. თითოეულ პირს დაკავებისას უნდა ეცნობოდეს მისი დაპატიმრების მიზეზები და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ.

3. სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებული ან დაკავებული ყოველი პირი დაუყოვნებლივ უნდა წარსდგეს მოსამართლის ან სხვა პირის წინაშე, რომელსაც კანონით უფლებამოსილია განახორციელოს სასამართლო ხელისუფლება ან უფლება აქვს გონივრული ვადის მანძილზე მოითხოვოს სასამართლო გარჩევა ან გათავისუფლება. სასამართლო გარჩევაზე პირის დაკავება ზოგადწესად არ უნდა იქცეს, მაგრამ მათი გათავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების, სასამართლო გარჩევის ყველა სტადიაში გამოცხადებისა და, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის შესასრულებლად გამოცხადების გარანტიების არსებობაზე.

4. თითოეულ პირს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთება დაკავების ან პატიმრობის შედეგად, უფლება აქვს მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს გადაწყვეტილება მისი დაკავების კანონიერების ან უკანონო დაკავების შემთხვევაში გათავისუფლების თაობაზე.

5. თითოეულ პირს, რომელიც უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება.

    მუხლი 10

1. ყველა თავისუფლება აღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას.

2. a) ბრალდებული პირები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, განცალკევებული უნდა იყვნენ მსჯავრდებული პირებისაგან და ექვემდებარებიან ცალკე რეჟიმს, რომელიც შეესაბამება არა მსჯავრდებულ პირთა სტატუსს;

b) არასრულწლოვანი ბრალდებულები მოთავსებულნი უნდა იქნენ სრულწლოვანებისაგან განცალკევებით და უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე გადაწყვეტილების მისაღებად.  

3. პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანია მატი გამოსწორება და სოციალური რეაბილიტაცია. არასრულწლოვანი სამართალდამრღვევები განცალკევებული უნდა იყვნენ სრულწლოვანებისაგან და უნდა იმყოფებოდნენ პირობებში, რომლებიც შეესაბამება მათ ასაკს და სამართლებრივ სტატუსს.

    მუხლი 11

არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

    მუხლი 12

1. თითოეულ პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს ამ ტერიტორიის ფარგლებში თავისუფლად გადაადგილების და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც.

3. ზემოთ აღნიშნული უფლებები არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევევისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად და შესაბამისობაშია წინამდებარე პაქტით აღიარებულ სხვა უფლებებთან.

4. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას უფლება შევიდეს საკუთარ სახელმწიფოში.

    მუხლი 13

უცხოელი, რომელიც კანონიერად იმყოფება წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება გააძევონ მხოლოდ კანონის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად და თუ მას უფლება აქვს წარმოადგინოს უდაო საბუთები თავისი გასაცლების წინააღმდეგ, მოითხოვოს, რომ მისი საქმე გადასინჯოს კომპეტენტურმა ორგანომ და ამ მიზნით კომპეტენტური ხელისუფლების მიერ სპეციალურად დანიშნულმა პირმა ან პირებმა.

    მუხლი 14

1. ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას, მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნას დაშვებული სასამართლო გარჩევაზე ან მის ნაწილზე, მორალის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უშიშროებისა მოსაზრებებით ან როცა ამას მოითხოვს მხარეთა კერძო ინტერესები ან, როდესაც, სასამართლოს აზრით, საჯაროობა შელახავს მართლმსაჯულების ინტერესებს; მაგრამ ყოველი სისხლის სამართლის სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან როცა საქმე ეხება ოჯახურ დავებს ან ბავშვთა მეურვეობას.

2. თითოეულ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

3. თითოეულ პირს უფლება აქვს მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი, სრული თანასწორობის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გარანტიები:

a) სასწრაფო წესით და დაწვრილებით მისთვის გასაგებ ენაზე განემარტოს მისთვის წაყენებული ბრალდების ხასიათი და საფუძველი;

b) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს;

c) გაასამართლონ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;

d) გაასამართლონ მისი თანდასწრებით და დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის საშუალებით; თუ არ ჰყავს დამცველი, შეატყობინოს ასეთი უფლების შესახებ და ჰყავდეს მისთვის დანიშნული დამცველი ყველა შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, რიგ შემთხვევებში უსასყიდლოდ როცა არა აქვს დამცველის ასანაზღაურებლად საკმარისი სახსრები;

e) დაიკითხონ მოწმეები, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას, ან ჰქონდეს უფლება, რომ ეს მოწმეები სხვამ დაკითხოს, ასევე გამოიძახონ და დაკითხონ მისი მოწმენი იმავე პირობით, როგორც მის წინააღმდეგ გამოსული მოწმეები;

f) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით თუ არ ესმის სამართალწარმოების ენა;

g) არავინ აიძულოს, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი სცნოს დამნაშავედ.

4. არასრულწლოვანთა მიმართ პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ გათვალისწინებულ იქნას მათი ასაკი და მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობის სურვილი.

5. თითოეულ მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, მისი ბრალდება და განაჩენი კანონის შესაბამისად გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლომ.

6. თუ რომელიმე პირს საბოლოო გადაწყვეტილებით მსჯავრი დასდეს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გაუქმდა ან იგი იქნა შეწყალებული ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, რომლებიც უცილობლად ამტკიცებს, სასამართლო შეცდომას, მაშინ ასეთი მსჯავრდადების შედეგად, დასჯილ პირს უნდა მიეცეს კომპენსაცია კანონის შესაბამისად, თუ არ დამტკიცდა, რომ აღნიშნული უცნობი გარემოება თავის დროზე ვერ აღმოაჩინეს მისი ან ნაწილობრივ მისი მიზეზით.

7. არავინ შეიძლება მეორედ გაასამართლონ ან დასაჯონ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე იყო საბოლოოდ მსჯავრდადებული ან გამართლებული რომელიმე ქვეყნის კანონისა და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად.

    მუხლი 15

1. არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მოქმედების ან დაუდევრობის შედეგად, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე დაუშვებელია უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება, ვიდრე ის, რომელიც უნდა გამოეყენებინათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომენტში. თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონით დადგენილი უფრო მსუბუქი სასჯელი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ დამნაშავეზეც.

2. ამ მუხლში არაფერი არ უნდა უშლიდეს ხელს, პირის სასამართლოსთვის გადაცემას ან დასჯას იმ მოქმედების თუ დაუდევრობისათვის, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად ჩადენის მომენტში წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს.

    მუხლი 16

თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი უფლება აქვს, ცნონ მისი სამართალსუბიექტობა.

    მუხლი 17

1. არავინ უნდა დაექვემდებაროს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებურ ან უკანონო ჩარევას ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფას.

2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, იყოს კანონით დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.

    მუხლი 18

1. თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიას და მრწამსს, როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძოდ, ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით და მოძღვრებითა და სწავლებით.

2. არავინ უნდა დაექვემდებაროს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას ჰქონდეს ან მიიღოს საკუთარი არჩევანის რელიგია და მრწამსი.

3. რელიგიისა და მრწამსის აღიარების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ, კანონით დადგენილ შემთხვევებში და საზოგადოების უშიშროების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე, როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა და, შესაბამისად კანონიერი მეურვეების თავისუფლებას საკუთარი მრწამსის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა.

    მუხლი 19

1. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება;

2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია:

a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად;

b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.

    მუხლი 20

1. ომის ყოველგვარი პროპაგანდა უნდა აიკრძალოს კანონით.

2. ყოველგვარი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ მიმართული გამოსვლა, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას, უნდა აიკრძალოს კანონით.

    მუხლი 21

მშვიდობიანი შეკრებების უფლება აღიარებულია. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

    მუხლი 22

1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის უფლება, მათ შორის უფლება თავისი ინტერესების დასაცავად შექმნას და შევიდეს პროფესიულ კავშირებში.

2. დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობისათვის შეზღუდვების დაწესება, იმათ გარდა, რომლებსაც ითვალისწინებს კანონი და, რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვისა თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის, შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში მყოფ პირთათვის ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვების დაწესებას.

3. ამ მუხლში არაფერი აძლევს უფლებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდს, მიიღონ საკანონმდებლო ზომები ან კანონი გამოიყენონ ისე, რომ ზიანი მიადგეს ამ კონვენციით გათვალისწინებულ.

    მუხლი 23

1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს, დაცული იქნას საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ.

2. ქორწინების ასაკს მიღწეულ მამაკაცთა და ქალთა უფლება შექმნან ოჯახი უნდა იქნას აღიარებული.

3. ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე.

4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

    მუხლი 24

1. თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უფლება აქვს დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც მას, როგორც მცირეწლოვანს, უნდა გაუწიოს მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ ან სახელმწიფომ.

2. თითოეული ბავშვი დაბადების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იყოს რეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს სახელი.

3. თითოეულ ბავშვს აქვს მოქალაქეობის მიღების უფლება.

    მუხლი 25

თითოეულ მოქალაქეს მე-2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციისა და დაუსაბუთებელ შეზღუდვების გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა:

a) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში, როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების საშუალებით.

b) მისცეს ხმა და არჩეულ იქნას საყოველთაო პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც წარმოებს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების სურვილის გამოვლინებას.

c) თავის ქვეყანაში თანასწორ პირობებში შეეძლოს სახელმწიფოს სამსახურში შესვლა.

    მუხლი 26

თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან.

    მუხლი 27

იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას განეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ და აღასრულონ თავიანთი რელიგია, ან გამოიყენონ მათი მშობლიური ენა.

ნაწილი IV

    მუხლი 28

1. უნდა შეიქმნას უფლებათა კომიტეტი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომიტეტი“). იგი შედგება თვრამეტი წევრისაგან და განახორციელებს ამ პაქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

2. კომიტეტი შედგება წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეებისაგან, რომელთაც აქვთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში აღიარებული კომპეტენცია, ამასთანავე გათვალისწინებული უნდა იქნას იურიდიული გამოცდილების მქონე პირთა მონაწილეობის სასარგებლოდაც.

3. კომიტეტის წევრები აირჩევიან და მუშაობენ პირადად.

    მუხლი 29

1. კომიტეტის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ 28-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებიც ამ მიზნით დაასახელეს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა.

2. ამ პაქტის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია არაუმეტეს ორი პირის დასახელება. ეს პირები უნდა იყვნენ ამ სახელმწიფოს მოქალაქენი.

3. ყველა პირს აქვს უფლება, რომ განმეორებით დაასახელონ.

    მუხლი 30

1. პირველი არჩევნები ეწყობა წინამდებარე პაქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში.

2. კომიტეტის არჩევნების თითოეულ თარიღამდე, 34-ე მუხლის შესაბამისად ვაკანსიათა შესავსებად გამოცხადებული არჩევნებისა გარდა, სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წერილობით სთხოვს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს, სამი თვის ვადაში წარმოადგინონ კომიტეტის წევრთა კანდიდატურები.

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანბანური წესით ადგენს ამგვარად დასახელებულ პირთა სიას, სადაც აღნიშნულია წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებმაც ეს პირი დაასახელეს, და უგზავნის მას წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე.

4. კომიტეტის წევრებს ირჩევენ წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს გაერთიანებული ერების სათაო დაწესებულებებში. ასეთ სხდომაზე, რომლის კვორუმი წარმოადგენს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორ მესამედს, არჩეულად ითვლება პირი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენელთა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას.

 

    მუხლი 31

1. დაუშვებელია კომიტეტის შემადგენლობაში იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს ერთზე მეტი მოქალაქე.

2. კომიტეტის არჩევნების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას წევრთა სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ძირითადი იურიდიული სისტემების წარმომადგენლობის პრინციპი.

    მუხლი 32

1. კომიტეტის წევრებს აირჩევენ ოთხი წლის ვადით. მათ უფლება აქვთ ხელახლა იყვნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. თუმცა პირველ არჩევნებზე არჩეული ცხრა წევრის ვადა იწურება ორ წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. პირველი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ ამ ცხრა წევრის წილისყრით განსაზღვარავს 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სხდომის თავჯდომარე.

2. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ არჩევნები ტარდება წინამდებარე პაქტის ამ ნაწილის წინა მუხლების შესაბამისად.

    მუხლი 33

1. თუ სხვა წევრთა ერთსულოვანი მოსაზრებით, კომიტეტის რომელიმე წევრმა რაიმე მიზეზით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, გარდა დროებით არყოფნის მიზეზისა, კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ამ ადგილს აცხადებს ვაკანტურად გარდაცვალების დღიდან, ან იმ დღიდან, როდესაც გადადგომას აქვს ადგილი.

    მუხლი 34

1. როდესაც 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდება ვაკანსია, და თუ შესაცვლელი წევრის უფლებამოსილების ვადა არ იწურება ამ ვაკანსიის გამოცხადებიდან ექვსი თვის მანძილზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამის შესახებ ატყობინებს წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს, რომლებსაც შეუძლიათ ორი თვის მანძილზე 29-ე მუხლის ამ ვაკანსიის შესავსებად შესაბამისად წარმოადგინონ კანდიდატურები.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანბანური წესით ადგენს ამგვარად წარმოდგენილ პირთა სიას და წარუდგენს მას წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს. შემდეგ არჩევნები ვაკანსიის შესავსებად ეწყობა ამ პაქტის ამ ნაწილის დებულებათა შესაბამისად.

3. 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული ვაკანსიის შესავსებად არჩეული კომიტეტის წევრი თანამდებობრივ მოვალეობებს ასრულებს იმ წევრის უფლებამოსილების ვადის დარჩენილი ვადით, რომლებმაც გაათავისუფლა ადგილი კომიტეტში აღნიშნული მუხლის დებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 35

კომიტეტის წევრები იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ანაზღაურებას გაერთიანებული ერების სახსრებიდან გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით.

    მუხლი 36

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი კომიტეტის მიერ წინამდებარე პაქტის შესაბამისად ფუნქციათა ეფექტური განხორციელებისათვის უზრუნველყოფს საჭირო პერსონალით და პირობებით.

    მუხლი 37

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის პირველ სხდომას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო დაწესებულებებში.

2. პირველი სხდომის შემდეგ კომიტეტი იკრიბება პროცედურული წესებით გათვალისწინებულ დროს.

3. ჩვეულებრივ კომიტეტი იკრიბება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო დაწესებულებებში ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის განყოფილებაში.

    მუხლი 38

კომიტეტის თითოეული წევრი, სანამ თავის მოვალეობას შეუდგებოდეს, ღია სხდომაზე აკეთებს საჯარო განცხადებას, რომ იგი თავისი ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

    მუხლი 39

1. კომიტეტი საკუთარი თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით. შეიძლება მათი ხელახლა არჩევა.

2. კომიტეტი ადგენს საკუთარ პროცედურულ წესებს, რომლების inter alia, უნდა ითვალისწინებდეს, რომ

a) კომიტეტის თორმეტი წევრი შეადგენს კვორუმს;

b) კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

    მუხლი 40

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას წარმოადგინონ მოხსენებები, წინამდებარ პაქტით აღიარებულ უფლებათა განხორციელებისათვის მათ მიერ მიღებული ზომების და პროგრესის შესახებ, რომელსაც ამ უფლებათა გამოყენებაში მიაღწიეს:

a) დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოებისათვის ამ პაქტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში;

b) მას შემდეგ როდესაც კომიტეტი მოითხოვს.

2. ყველა მოხსენება წარედგინება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, რომელიც მას განსახილველად უგზავნის კომიტეტს. მოხსენებაში უნდა აღნიშნოს ის ფაქტორები და სიძნელეები, თუ ასეთი არსებობს, რომლებიც გავლენას ახდენენ წინამდებარე პაქტის განხორციელებაზე.

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ, შეუძლია დაინტერესებულ სპეციალიზებულ დაწესებულებს გაუგზავნოს მოხსენებათა იმ ნაწილების ასლები, რომლებიც შეიძლება მათი კომპეტენციის სფეროს ეხებოდეს.

4. კომიტეტი შეისწავლის წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს. იგი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის თავის მოხსენებებსა და ზოგადი ხასიათის ისეთ შენიშვნებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. კომიტეტს ასევე შეუძლია ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებისაგან მოხსენებებთან ერთად გადაუგზავნოს ეს შენიშვნები.

5. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ კომიტეტს წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებანი ნებისმიერი შენიშვნის თაობაზე, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს მე-4 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 41

1. ამ მუხლის შესაბამისად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, რომ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ინფორმაცია, სადაც რომელიმე მონაწილე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს წინამდებარე პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებები კომიტეტმა შეიძლება მიიღოს და განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგინა მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას. კომიტეტი არ მიიღებს არცერთ შეტყობინებას, თუ იგი ეხება იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული შეტყობინებების განხილვა ხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით:

a) თუ წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს წინამდებარე პაქტის დებულებებს, მას შეუძლია ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოს. ამ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში მიმღებმა სახელმწიფომ წერილობით უნდა წარუდგინოს ასეთი შეტყობინების გამომგზავნ სახელმწიფოს განმარტება ან რაიმე სხვა განცხადება, სადაც განმარტებული იქნება ეს საკითხი, რომელიც შესაძლებლობის ან მიზანშეწონილობის ფარგლებში უნდა შეიცავდეს, მითითებას შიდა პროცედურებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფომ მიიღო, მიიღებს ან შეიძლება მიიღოს ამ საკითხზე;

b) თუ საკითხი ექვსი თვის ვადაში არ გადაწყდა ორივე დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოსთვის დამაკმაყოფილებლად მას შემდეგ, რაც მეორე სახელმწიფომ მიიღი პირველი შეტყობინება, თითოეულ ამ სახელმწიფოს უფლება აქვს ეს საკითხი გადასცეს კომიტეტს, ამასთან უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოს.

c) კომიტეტი მისთვის გადაცემულ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად მიღებული და ამოწურული იქნა ყველა ხელმისაწვდომი შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებები. ეს წესი არ მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როცა ამ საშუალებათა გამოყენება გაუმართლებლად ყოვნდება;

d) ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომას;

e) კომიტეტი (c) ქვეპუნქტის დებულებათა დაცით კეთილ სამსახურს უწევს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, რათა მეგობრულად გადაწყვიტონ საკითხი წინამდებარე პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე;

f) მის განსახილველად გადაცემულ ყველა საკითხზე კომიტეტმა (b) პუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს შეიძლება სთხოვოს წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია;

g) (b) პუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს უფლება აქვთ საკითხის განხილვისას წარმოდგენილი იყვნენ კომიტეტში და გააკეთონ წარდგინება ზეპირად ან წერილობით;

h) შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის ვადაში კომიტეტი (b) პუნქტის შესაბამისად წარადგენს მოხსენებას:

I) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტი თავის მოხსენებაში შემოიფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსით;

II) თუ გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში მიღწეული არ არის, მაშინ კომიტეტი თავის მოხსენებაში იფარგლება ფაქტების მოკლე შინაარსით; მოხსენებას თან ერთვის დაინტრესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობითი წარდგინებანი და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერი. თითოეულ ამ საკითხზე მოხსენება ეგზავნება დაინტრესებულ მონაწილე სახელმწიფოებს.

2. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც წინამდებარე პაქტის მონაწილე ათი სახელმწიფო გააკეთებს განაცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ეს განცხადებები მონაწილე სახელმწიფოების მიერ დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელიც განცხადებების ასლებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადება შეიძლება უკან იქნას გაწეული ნებისმიერ დროს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გზით. ეს გაწვევა ხელს არ უნდა უშლიდეს რომელიმე საკითხის განხილვას, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული შეტყობინების საგანია. მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას, რომ განცხადება უკან წაიღეს, აღარ მიიღება მონაწილე სახელმწიფოს არავითარი შემდგომი შეტყობინება, თუ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს არ გაუკეთებია ახალი განცხადება.

    მუხლი 42

1. a) თუ 41-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტისთვის გადაცემული რომელიმე საკითხი, დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებისათვის დამაკმაყოფილებლად არ გადაწყდება, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წინასწარი თანხმობით დანიშნოს სპეციალური ad hoc მომრიგებელი კომისია (შემდგომში მოხსენიებული როგორც "კომისია"). კომისია სამსახურს უწევს მონაწილე სახელმწიფოებს, წინამდებარე პაქტის დებულებათა დაცვის საფუძველზე საკითხების მეგობრულად გადაწყვეტის საქმეში.

b) კომისია შედგება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებისათვის მისაღები ხუთი პირისაგან. თუ სამი თვის განმავლობაში დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ვერ შეთანხმდენენ კომისიის მთელი შემადგენლობისა თუ შემადგენლობის ნაწილის თაობაზე. კომისიის იმ წევრებს წევრებს, რომელთა დანიშვნის თაობაზე ვერ მიაღწიეს თანხმობას, ირჩევენ ფარული კენჭისყრით კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე კომიტეტის წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.

2. კომისიის წევრები მოვალეობას ასრულებენ პირადად. ისინი არ უნდა იყვნენ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოების ან იმ სახელმწიფოს მოქალაქენი, რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. კომისია ირჩევს თავმჯდომარეს და ადგენს საკუთარ პროცედურულ წესებს.

4. კომისიის სხდომები ჩვეულებრივ იმართება გაერთიანებულუ ერების ორგანიზაციის სათაო დაწესებულებაში ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის განყოფილებაში, ასევე შეიძლება გაიმართოს სხვა მოსახერხებელ ადგილებში, რომლებიც კომისიამ შეიძლება განსაზღვროს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან და შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციით.

5. 36-ე მუხლით განსაზღვრული სამდივნო ასევე ემსახურება ამ მუხლის საფუძველზე დანიშნულ კომისიებს.

6. კომიტეტის მიერ მიღებული და შესწავლილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომისიისთვის, და კომისიას შეუძლია სთხოვოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, წარუდგინონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.

7. კომისიის მიერ საკითხის სრულად განხილვის შემდეგ, მაგრამ საკითხის გადაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა, იგი კომიტეტის თავჯდომერეს დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოებისთვის გასაგზავნად წარუდგენს მოხსენებას:

a) თუ კომისიას არ შეუძლია დაამთავროს ამ საკითხის განხილვა 12 თვის მანძილზე, იგი მოხსენებაში მოკლედ აღნიშნავს, რომ თუ რა მდგომარეობაშია ამ საკითხის განხილვა;

b) თუ მიღწეულია ამ საკითხის მეგობრული გადაწყვეტა წინამდებარე პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე, კომისია თავის მოხსენებაში შემოიფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსით;

c) თუ (b) ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღწეული არ არის, კომისიის მოხსენება შეიცავს მის დასკვნებს ფაქტობრივი ხასიათის ყველა საკითხის შესახებ, რომელიც ეხება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა დაცვას, და კომისიის მოსაზრებებს ამ საკითხის მეგობრულად მოგვარების შესაძლებლობების შესახებ, ეს მოხსენება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობით წარდგინებასა და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერს;

d) თუ კომისიის მოხსენება წარდგენილია (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ამ მოხსენების მიღებიდან სამი თვის ვადაში ატყობინებენ კომიტეტის თავმჯდომარეს ეთანხმებიან თუ არა კომისიის მოხსენების შინაარსს.

8. ამ მუხლის დებულებები არ უნდა ლახავდეს 41-ე მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის მოვალეობებს.

9. დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები თანაბრად ანაზღაურებენ კომისიის წევრთა ყველა ხარჯს იმ ხართაღრიცხვის შესაბამისად, რომელსაც წარადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

10. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, აანაზღაუროს კომისიის წევრთა ხარჯები, მანამ სანამ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად აანაზრაურებენ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები.

    მუხლი 43

კომიტეტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული ad hoc მომრიგებელი კომისიის წევრები, სარგებლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიაში მყოფ ექსპერტთა შეღავათებით, პრივილეგიებით და იმუნიტეტების კონვენციის შესაბამის ნაწილებში.

    მუხლი 44

წინამდებარე პაქტის განხორციელების დებულებები გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ ადამიანის უფლებათა პროცედურებს, რომლებსაც ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა დამფუძნებელი აქტები და კონვენციები, ან ეს დებულებები ხელს არ უნდა უშლიდეს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს მიმართონ დავის გადაწყვეტის სხვა პროცედურებს მათ შორის მოქმედ საერთო და სპეციალურ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე.

    მუხლი 45

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საშუალებით კომიტეტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ მოხსენებას.

ნაწილი V

    მუხლი 46

წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიადგეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა სხვადასხვა ორგანოების შესაბამის მოვალეობათა განმსაზღვრელი წესდებების დებულებებს იმ საკითხებში, რომლებსაც ეს პაქტი ეხება.

    მუხლი 47

წინამდებარე პაქტში არაფერი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიადგეს ხალხის განუყოფელ უფლებას მთლიანად და თავისუფლად ფლობდნენ და სარგებლობდნენ თავისი ბუნებრივი სიმდიდრითა და რესურსებით.

ნაწილი VI

    მუხლი 48

1. წინამდებარე პაქტი ხელმოსაწერად ღიაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ან მისი ნებისმიერი სპეციალიზებული დაწესებულების წევრისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოსა და ყველა იმ სახემწიფოსათვის, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მოიწვია წინამდებარე პაქტის მონაწილედ გასახდომად.

2. წინამდებარე პაქტი ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე პაქტი შესაერთებლად ღიაა ამ მუხლის პირველ პარაგრაფში მითითებული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.

4. შეერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეერთების დოკუმენტების დეპონირებით.

5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა აცნობოს წინამდებარე პაქტის ხელმომწერ ან მასთან შეერთებულ ყველა სახელმწიფოს თითოეული სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტების დეპონირების შესახებ.

    მუხლი 49

1. წინამდებარე პაქტი ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს წინამდებარე პაქტის რატიფიცირებას ან შეერთებას ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე პაქტი ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ გართიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საკუთარი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების დღიდან სამი თვის შემდეგ.

    მუხლი 50

წინამდებარე პაქტის დებულებები ფედერაციული სახელმწიფოს ყველა ნაწილზე ვრცელდება რაიმე შეზღუდვისა ან გამონაკლისის გარეშე.

    მუხლი 51

1. წინამდებარე პაქტის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შემოთავაზება დაწარუდგინოს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შემოთავაზებულ შესწორებებს უგზავნის წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და თხოვნასთან ერთად შეატყობინოს მას, მხარს უჭერენ თუ არა, ამ წინადადების განახილველად და კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევას. თუ ასეთი კონფერენციის მოწვევას მხარს დაუჭერს მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ ერთი მესამედი, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერენციის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული ყველა შესწორება, დასამტკიცებლად წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.

2. შესწორებები ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მათი დამტკიცების და წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი მიერ მათი სათანადო კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიიღებს შემდეგ.

3. ძალაში შესვლის შემდეგ, შესწორებები სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ისინი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება წინამდებარე პაქტის დებულებები და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორება.

    მუხლი 52

48-ე მუხლის მე-5 26-ე 5 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინების მიუხედავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი პაქტის იმავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს აცნობებს შემდეგს:

a) 48-ე მუხლის თანახმად ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და შეერთებების შესახებ;

b) 49-ე მუხლის თანახმად წინამდებარე პაქტის ძალაში შესვლის თარიღს და 51-ე მუხლის თანახმად ყოველგვარი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს.

    მუხლი 53

1. წინამდებარე პაქტი, რომლის ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად აუთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივში.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წინამდებარე პაქტის დამოწმებულ პირებს უგზავნის პაქტის 48-ე მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.