რეზოლუცია (90)6 ევროპული კომისიის „დემოკრატია სამართლის მეშვეობით” ევროპული კომისიის წესდება

  • Word
რეზოლუცია (90)6 ევროპული კომისიის „დემოკრატია სამართლის მეშვეობით” ევროპული კომისიის წესდება
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/05/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 16/11/1999
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/1999
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000299
  • Word
-
10/05/1990
გაურკვეველი, -, 16/11/1999
430003000.00.000.000299
რეზოლუცია (90)6 ევროპული კომისიის „დემოკრატია სამართლის მეშვეობით” ევროპული კომისიის წესდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

,,დემოკრატია სამართლის მეშვეობით” ევროპული კომისიის

წესდება

მუხლი 1

1. „დემოკრატია სამართლის მეშვეობით” ევროპული კომისია იქნება საკონსულტაციო ორგანი, რომელიც ითანამშრომლებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან და ასევე არა-წევრ სახელმწიფოებთნ, კერძოდ კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. მისი მოქმედების სპეციფიკურ სფეროში შევა კანონით დადგენილი გარანტიები დემოკრატიის სამსახურისთვის. ის შეასრულებს შემდეგ ამოცანებს:

– სამართლებლივი სისტემების შესწავლა, იმ თვალსაზრისით, რომ დაუახლოვოს ეს სისტემები ერთმანეთს;

– სამართლებრივი კულტურის შეცნობა;

– იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც წარმოიშობა დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობისა და მათი განხორციელებისა და განვითარების პროცესში.

2. კომისია პრიორიტეტულ ადგილს დაუთმობს მუშაობას, რომელიც შეეხება:

a. საკონსტიტუციო, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრინციპებსა და ტექნიკას, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობასა და მათ გაძლიერებას, ისევე როგორც კანონის უზენაესობის პრინციპს;

b. საჯარო უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეების მონაწილეობასთან ინსტიტუტების საქმიანობაში;

c. ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის წვლილს დემოკრატიის განვითარებაში.

მუხლი 2

1. ევროპის საბჭოს ორგანოების კომპეტენციის შეულახავად, კომისიას შეუძლია საკუთარი ინიციატივით ჩაატაროს გამოკვლევა და თუ საჭიროა, შეიმუშაოს კანონების, რეკომენდაციებისა და საერთაშორისო შეთანხმებების პროექტები. კომისიის ნებისმიერი წინადადება შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოების მიერ.

2. კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებებს იმ თხოვნის პასუხად, რომლითაც მას მიმართავს საპარლამენტო ასამბლეა, გენერალური მდივანი ან ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტის იმ შემადგენლობის მეშვეობით, რომელიც შემოფარგლული იქნება ნაწილობრივი შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მინისტრთა კომიტეტი”)

3. ნებისმიერმა არაწევრმა სახელმწიფომ, ისევე, როგორც ნებისმიერმა სამთავრობათშორისო ორგანიზაციამ, შეიძლება ისარგებლოს კომისიის ღონისძიებებით მინისტრთა კომიტეტში თხოვნის შეტანით მისი თანხმობის მიღების მიზნით.

4. თავისი საქმიანობის პროცესში კომისია ითანამშრომლებს დემოკრატიისათვის საერთაშორისო ინსტიტუტთან, რომელიც შექმნილია საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ სტრასბურგის კონფერენციის ეგიდით.

5. გარდა ამისა, კომისიას შეუძლია დაამყაროს კავშირები დოკუმენტაციის, სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებთან.

მუხლი 3

1. კომისიის შემადგენლობაში შევლენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება თავიანთი გამოცდილებით დემოკრატიულ ინსტიტუტებში ან თავიანთი წვლილით სამართლებრივი და პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაში.

2. ევროპის საბჭოს თითოეული სახელმწიფო, რომელიც არის ნაწილობრივი შეთანხმების მონაწილე დანიშნავს კომისიის წევრ ერთ ექსპერტს. ისინი თანამდებობას დაიკავებენ ოთხი წლის ვადით და შესაძლებელი იქნება მათი ახალი ვადით არჩევა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან მათი წარმომადგენლები და ვენეტოს რეგიონის ჯუნტას პრეზიდენტი შეიძლება დაესწრონ კომისიის მუშაობას.

3. მინისტრთა კომიტეტს ერთხმოვანი გადაწყვეტილებით შეუძლია დართოს ნება ევროპის საბჭოს არაწევრ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში. კომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, ამ სახელმწიფომ კომისიაში შეიძლება დანიშნოს ასოცირებული წევრი ან დამკვირვებელი.

4. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო შეიძლება მოწვეული იყოს იმავე პირობებით დამკვირვებლის დანიშვნის უფლებით.

5. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც დანიშნა წევრი ან ასოცირებული წევრი, შეუძლია დანიშნოს მისი შემცვლელი. კომისიის მუშაობაში შემცვლელების მონაწილეობის პირობები განისაზღვრება კომისიის საპროცედურო წესებით.

მუხლი 4

1. კომისია თავისი წევრებიდან აირჩევს ბიუროს, რომელიც შედგება პრეზიდენტის, სამი ვიცე-პრეზიდენტისა და ოთხი სხვა წევრისაგან. პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და სხვა წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით; თუმცა პირველი არჩევნების დროს კენჭისყრის გზით არჩეული ერთი ვიცე -პრეზიდენტისა და ორი სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება ერთი წლის შემდეგ. ბიუროს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და სხვა წევრები შეიძლება ახალი ვადით იყვნენ არჩეულნი.

2. პრეზიდენტი თავმჯდომარეობს კომისიის მუშაობას და წარმოადგენს მას მის ფარგლებს გარეთ. ვიცე-პრეზიდენტები შეცვლიან პრეზიდენტს, როდესაც იგი ვერ შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

3. კომისიის პლენარულ სესიას, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევს პრეზიდენტი, რომელიც განსაზღვრავს შეხვედრის ადგილს. სპეციფიკური საკითხების განსახილველად კომისიას ასევე შეუძლია შექმნას შეზღუდული პალატები.

4. კომისია დაადგენს თავის პროცედურებსა და მუშაობის მეთოდებს საპროცედურო წესებით და გადაწყვეტს მისი ღონისძიებების საჯაროობის საკითხს. კომისიის სამუშაო ენები იქნება ინგლისური და ფრანგული.

მუხლი 5

1. როდესაც ამას მიიჩნევს აუცილებლად, კომისიამ შეიძლება დაიხმაროს კონსულტანტები, რომლებიც კომპეტენტური იქნებიან, შესაბამისი ქვეყნის ან ქვეყნების სამართალსა და ინსტიტუციონალურ პრაქტიკაში.

2. კომისიამ შეიძლება ასევე გამართოს მოსმენები ან მოიწვიოს თავის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, პრეცედენტებზე დაფუძნებით, ნებისმიერი კვალიფიციური პირი ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს კომისიის კომპეტენციის სფეროში და შესწევს უნარი დაეხმაროს კომისიას მისი ამოცანების განხორციელებაში.

მუხლი 6

1. ხარჯები დაკავშირებული ღონისძიებათა პროგრამის იმპლემენტაციასთან და სამდივნოს საერთო ხარჯები დაიფარება ნაწილობრივი შეთანხმების ბიუჯეტიდან, რომელიც დაფინანსდება ნაწილობრივი შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოთა მიერ და მასზე გავრცელდება იგივე საფინანსო წესები, რომლებიც გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს სხვა ბიუჯეტებისთვის.

2. დამატებით, კომისიამ შეიძლება მიიღოს ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, რომლებიც შეიტანება ევროპის საბჭოს საფინანსო წესების მე-4.2. მუხლის პირობების შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე. სხვა ნებაყოფლობითი შემოწირულობანი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკეული გამოკვლევებისათვის.

3. ვენეტოს რეგიონი კომისიას უფასოდ გადასცემს ადგილსამყოფელს ოფისისათვის. ადგილობრივ სამდივნოსთან და ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ვენეტოს რეგიონი და იტალიის მთავრობა, მათთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

4. კომისიის ყოველი წევრის მგზავრობისა და ყოფნის ხარჯებს გაიღებს ამ წევრის დამნიშვნელი სახელმწიფო.

მუხლი 7

წელიწადში ერთხელ კომისია წარუდგენს მინისტრთა კომიტეტს მოხსენებას ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, რომელშიც ასევე დასახული იქნება მომავალში ჩასატარებელი ღონისძიებები.

მუხლი 8

1. კომისიას დახმარებას გაუწევს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კავშირს პერსონალთან, რომელსაც კომისიის ოფისში მუშაობის მიზნით მოავლენს იტალიის ხელისუფლება.

2. პერსონალი, რომელსაც კომისიის ოფისში მოავლენს იტალიის ხელისუფლება, არ ეკუთვნის ევროპის საბჭოს პერსონალს.

3. კომისიის ადგილსამყოფელი იქნება ქ. ვენეციაში.

მუხლი 9

1. მინისტრთა კომიტეტმა, კომისიასთან კონსულტაციის შემდეგ, შეიძლება შესწორებები შეიტანოს ამ წესდებაში ხმათა უმრავლესობით, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს წესდების მე-20.დ. მუხლში.

2. კომისიას შეუძლია წარუდგინოს შესწორებები წინამდებარე წესდების მიმართ მინისტრთა კომიტეტს, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს ზემოაღნიშნული უმრავლესობით.

 

 

 

რეზოლუცია (90)6

ევროპული კომისიის „დემოკრატია სამართლის მეშვეობით” დამფუძნებელი ნაწილობრივი შეთანხმების შესახებ

(მიღებულია მინისტრთა კომიტეტის 86-ე სესიაზე 1990 წლის 10 მაისს)

მინისტრთა კომიტეტში ავსტრიის, ბელგიის, კვიპროსის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, მალტის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სან-მარინოს, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და თურქეთის წარმომადგენლები,

ითვალისწინებენ რა, „დემოკრატია სამართლის მეშვეობით” კომისიის დასაფუძნებლად გამართული კონფერენციის მიერ (ვენეცია, 19-20 იანვარი, 1990) მიღებულ რეზოლუციას, რომელმაც შექმნა კომისია „დემოკრატია სამართლის მეშვეობით” ორწლიანი გარდამავალი პერიოდით;

ითვალისწინებენ რა, რომ კონფერენციის მონაწილეებმა მოიწვიეს ევროპის საბჭოს კომპეტენტური სტრუქტურები, რათა კომისიასთან კონსულტაციებით განეხილათ წინადადებები, ამ უკანასკნელსა და ევროპის საბჭოს შორის ინსტიტუციონალური კავშირის უზრუნველსაყოფად და განსავითარებლად;

მიესალმებიან რა იმ ფაქტს, რომ მრავალმა წევრმა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში;

ითვალისწინებენ რა, რომ კომისია იქნება ძირითადი ინსტრუმენტი ევროპაში დემოკრატიის განვითარებისთვის;

ითვალისწინებენ რა, 1990 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მინისტრთა კომიტეტმა ერთხმად მიანიჭა უფლება შესაბამისი სურვილის მქონე წევრ სახელმწიფოებს ემოქმედათ ამ ამოცანების მისაღწევად ევროპის საბჭოში ნაწილობრივი შეთანხმების საშუალებით;

გადაწყვიტეს დააფუძნონ ევროპული კომისია „დემოკრატია სამართლის მეშვეობით”, რომელიც იხელმძღვანელებს თანდართული წესდებით;

შეძენილი გამოცდილებიდან გამომდინარე, თანახმანი არიან 1992 წლის 31 დეკემბრამდე გადასინჯონ ინსტიტუციონალური კავშირები კომისიასა და ევროპის საბჭოს შორის, კერძოდ კი მათი გაძლიერების მიზნით, და თუ ეს საჭიროა, კომისიის საქმიანობის შეტანით ევროპის საბჭოს ღონისძიებების სამთავრობათაშორისო პროგრამაში.

(90)6 რეზოლუციის დანართი