დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ოქმი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/07/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 29/03/1999 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/07/1992 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000267 |
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგში მხარეებად წოდებულნი,
ესწრაფვიან რა ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას და ამის საფუძველზე ქართველ და სომეხ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას,
თვლიან რა სასარგებლოდ ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად კონსულტაციების ჩატარებასა და აზრთა გაცვლას სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო პრობლემების საკითხებზე,
სურთ რა ხელი შეუწყონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების და სხვა დონეებზე საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებზე, რომლებიც ორივე მხარის ერთობლივ ინტერესებს წარმოადგენენ, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე.
კონკრეტული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას საექსპერტო და სამუშაო ჯგუფები.
მუხლი 2
მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების დღის წესრიგს, ჩატარების ადგილსა და ვადებს. საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ან მათი დავალებით სხვა პირების შეხვედრები ჩატარდება არანაკლებ წელიწადში ორჯერ რიგრიგობით თბილისსა და ერევანში.
მუხლი 3
მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო -ეკონომიკურ, სამეცნიერო -ტექნიკურ, ეკოლოგიურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებასა და გაღრმავებას.
მუხლი 4
მხარეები შექმნიან სასურველ პირობებს პირდაპირი კონტაქტებისა და ერთმანეთის გამოცდილების უკეთ გაცნობის მიზნით, სტაჟირების, კონსულტაციების, დელეგაციებისა და თანამშრომლების ურთიერთგაცვლის საფუძველზე.
მუხლი 5
მხარეთა დელეგაციები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების მუშაობაში მონაწილეობისას კონსტრუქციული თანამშრომლობის სულისკვეთებით ჩაატარებენ კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარის ერთობლივ ინტერებს წარმოადგენენ.
მუხლი 6
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ამ ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები და ცვლილებები.
მუხლი 7
ეს ოქმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ოქმის მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდეგი ხუთი წლის ვადით, თუ არცერთი მხარე არ გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას მისი შეწყვეტის შესახებ შემდეგი ხუთწლიანი ვადის დამთავრებამდე 6 თვით ადრე.
შესრულებულია ქ. ერევანში 1992 წლის 17 ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და სომხურ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე (ხელმოწერილია)
| სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რაფფი კ. ოვანესიანი (ხელმოწერილია)
|
დოკუმენტის კომენტარები