დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირლანდიის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/03/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 09/12/1997 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000012 |
ხელშეკრულება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირლანდიის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში
სარჩევი
მუხლი სათაური
1. ცნებათა განსაზღვრა
2. საჰაერო მიმოსვლის უფლებების მინიჭება
3. ავიასაწარმოების დანიშვნა
4. ტევადობა
5. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
6. ტარიფები
7. კანონებისა და წესების გამოყენება და მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
8. უბედური შემთხვევების გამოძიება
9. ავიაციის უშიშროება
10. აეროპორტის გადასახადები და ბეგარა
11. საბაჟო გადასახადები და პროცედურები
12. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა, ბილეთების გაფორმება, რეალიზაციებისათვის ხელშეწყობა
13. თანხების გადარიცხვა
14. კონსულტაციები
15. სადავო საკითხების მოგვარება
16. ცვლილებები
17. რეგისტრაცია
18. მრავალმხრივ შეთანხმებებთან და კონვენციებთან შესაბამისობა
19. ხელშეკრულების დენონსირების შეტყობინება
20. ძალაში შესვლა
ხელშეკრულება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირლანდიის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ირლანდიის მთავრობა შემდგომში წოდებულნი „ხელმომწერ მხარეებად“
ირიცხებიან რა 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის წევრებად
ავიაციის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და საკუთარ ტერიტორიებსა და მათ ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით –
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. ცნებათა განსაზღვრა
1. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის:
ა) ტერმინი „ავიაციის ხელმძღვანელობა“ საქართველოს რესპუბლიკასთან მიმართებაში ნიშნავს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, ირლანდიასთან მიმართებაში კი ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სამინისტროს, ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პირსა თუ ორგანიზაციას, რომელიც აღჭურვილია უფლებამოსილებით შეასრულოს ამ უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი ფუნქცია;
ბ) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციას, რომელიც 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში გაიხსნა ხელმოსაწერად და მოიცავს მის ნებისმიერ დანართს, მიღებულს ამ კონვენციის 90 მუხლის თანახმად და აგრეთვე, 90–ე და 94–ე მუხლების შესაბამისად მიღებულ დანართებისა და კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, რამდენადაც ეს დანართები და შესწორებები მიღებულია ორივე ხელმომწერი მხარეების მიერ;
გ) ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების მე–3 მუხლის დებულებების თანახმად არის დანიშნული და აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით;
დ) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგის და ტვირთის გადატანის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს, სააგენტო და სხვა დამხმარე მომსახურეობის ჩათვლით და გამორიცხავს საფოსტო გადაზიდვების გადასახადსა და მის პირობებს;
ტერმინებს: „ტერიტორია“, „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ ავიასაწარმო“ და „დაჯდომა არაკომერციული მიზნით“ – აქვთ კონვენციის მე–2 და 96–ე მუხლებში ჩამოყალიბებული მნიშვნელობა.
წინამდებარე ხელშეკრულების დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ხელშეკრულების ნებისმიერი დამოწნება გულისხმობს დანართის დამოწმებასაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის გათვალისწინებული.
მუხლი 2. საჰაერო მიმოსვლის უფლებების მინიჭება
ხელშეკრულების დანართში მოცემულ მარშრუტებზე საერთაშორისო საჰაერო ხაზების ამოქმედების მიზნით ხელმომწერი მხარეები ანიჭებენ ერთმანეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს. ეს ხაზები და მარშრუტები შემდგომში შესაბამისად მოხსენიებულ იქნებიან, როგორც „შეთანხმებული ხაზები“ და „დაწესებული მარშრუტები“.
ამ ხელშეკრულების შესაბამისი დებულებების თანახმად, თითოეული ხელმომწერი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით:
განახორციელონ მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომიდ გარეშე;
განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით;
მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციისას ჩასვან ან გადმოსვან მგზავრები, ჩატვირთონ ან გადმოტვირთონ ტვირთი და ფოსტა, რომლებიც საერთაშორისო მიმართულებით მიემგზავრებიან და შეასრულონ ეს ოპერაციები ცალ–ცალკე ან კომბინირებულად.
ავიასაწარმოებს, რომლებიც ხელმომწერი მხარეების მიერ არ არიან დანიშნული ამ ხელშეკრულების მე–3 მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ ისარგებლონ წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში განსაზღვრული უფლებებით.
წინამდებარე ხელშეკრულება არც ერთ ხელმომწერ მხარეს არ ანიჭებს უფლებას გასამრჯელოს საფასურად ან არენდით ბორტზე აიყვანოს ის მგზავრი, ან აიტანოს ის ტვირთი და ფოსტა, რომლებიც მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე სხვა პუნქტია გადასაყვანი.
მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა
თითოეული ხელმომწერი მხარე უფლებამოსილია მეორე ხელმომწერ მხარეს წერილობით წარუდგინოს დანიშნული ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისათვის. მეორე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობა, ექვემდებარება რა წინამდებარე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებს, ამ დანიშვნის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მიანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს ექსპლუატაციის უფლებამოსილებას.
თითოეული ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელმომწერი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მტკიცება იმისა, რომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს უნარი შესწევთ შეასრულონ ის პირობები, რომელბიც დაწესებულია იმ კანონებითა და წესებით, რომლებიც ჩვეულებრივ გონივრულად გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციისას ამ ხელმძღვანელთა მიერ კონვენციის დებულებათა შესაბამისად.
თითოეული ხელმომწერი მხარე უფლებამოსილია უარყოს მეორე ხელმომწერი მხარის მიერ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების დანიშვნა. მან შეიძლება ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს არ მიანიჭოს ან გაუუქმოს წინამდებარე ხელშეკრულების მე–2 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, ან ამ უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, თუ მას არ აქვს საკმარისი მტკიცება იმისა, რომ ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ცენტრალური მმართველობა და კომერციული საქმიანობის ძირითადი ადგილი მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზეა; უპირატესი მფლობელობა მეორე ხელმომწერი მხარის მოქალაქეებსა და მთავრობას გააჩნიათ და ისინი, რეალურად აკონტროლებენ ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საქმიანობას.
როდესაც ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები აგვარად იქნებიან უფლებამოსილნი, მათ შეეძლებათ ნებისმიერ დროს დაიწყონ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ პირობით, რომ ეს ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები ექვემდებარებიან ამ ხელშეკრულების დებულებებს და ამ ხაზებისათვის მე–6 მუხლით დადგენილი ტარიფები უკვე ძალაშია.
თითოეულ ხემომწერ მხარეს აქვს უფლება მეორე ხელმომწერი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს გაუუქმოს ექსპლუატაციის უფლებამოსილება, შეუჩეროს 2 მუხლში მოცემული უფლებებით სარგებლობა ან წაუყენოს ისეთი პირობები, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, თუ:
ეს ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები არ ექვემდებარებიან იმ ხელმომწერი მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც ეს უფლებები მიანიჭათ მათ;
ეს ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები სხვა რაიმე ასპექტით არღვევენ წინამდებარე ხელშეკრულებასა და დანართის პირობებს.
თუ წინამდებარე მუხლის მე–5 პუნქტში ჩამოყალიბებული უფლებამოსილების გაუქმება, შეჩერება ან პირობების წაყენება დაუყოვნებლივ არ არის საჭირო, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, რაზედაც ამ მუხლის მე–5 პუნქტში იყო ლაპარაკი, მაშინ ამ პუნქტში მოცემული უფლება გამოყენებულ იქნება ხელმომწერ მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების მე–14 მუხლის თანახმად კონსულტაციების ჩატარების შემდეგ.
მუხლი 4. ტევადობა
თითოეულ ხელმომწერ მხარის ავიაციის ხელმძღვანელი მეორე ხელმომწერი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს არ შეუზღუდავენ ფრენის სიხშირეს, ტევადობასა და იმ საჰაერო ხომალდის ტიპებს, რომლებითაც ეს ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები აპირებენ ექსპლუატაციის განხორციელებას. ხელმომწერი მხარეები იტოვებენ უფლებას მოითხოვონ ერთმანეთთან კონსულტაციების ჩატარება, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ მეორე ხელმომწერი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ დაწესებული ტევადობა ზიანს აყენებს მისი ავიასწარმოს ან ავიასაწარმოების ინტერესებს განსაზღვრულ მარშრუტზე ან მარშრუტებზე.
შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას თითოეული ხელმომწერი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ძირითადი მიზანი იქნება შემდეგი პირობის შესრულება–ტევადობის გონივრული დატვირთვის კოეფიციენტის არსებობის პირობებში, უზრუნველყონ ისეთი მოცულობა, რომელიც უპასუხებს მგზავრების, ტვირთის და ფოსტის გადაყვანისათვის აუცილებელ გონივრულად განსაზღვრულ მოთხოვნებს. მგზავრების, ტვირთის და ფოსტისა, რომლებიც იმ ხელმომწერი მხარის ტერიტორიიდან მოემგზავრებიან ან მიემგზავრებიან, რომელმაც ეს ავიასაწარმო ან ავიასაწარმოები დანიშნა.
მუხლი 5. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
1. თუ ერთი ხელმომწერი მხარის ხელმძღვანელობა მეორე ხელმომწერ მხარეს გონივრულობის ფარგლებში მოსთხოვს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა:
ა) ამ ხელმომწერი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებულ ხაზებზე განხორციელებული გადაზიდვების ოდენობის დასადგენად; და
ბ) ასეთი ხაზებისათვის შემოთავაზებული ტევადობის განსახილველად.
ასეთი ინფორმაცია მიწოდებული იქნება ამ უკანასკნელის მიერ.
ეს ინფორმაცია შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოიცავდეს განხორციელებული გადაზიდვების საწყისი ადგილებისა და დანიშნულების საბოლოო პუნქტების დეტალურ მონაცემებს.
მუხლი 6. ტარიფები
1. ტარიფები, რომელბიც დაწესებული იქნება შეთანხმებულ ხაზებზე ხელმომწერი მხარეების მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ, გონივრულად უნდა იქნეს შეჯერებული იმ ავიაგადამზიდველის გრძელვადიან სრულად განაწილებულ ხარჯებთან, რომელმაც გააკეთა განაცხადი. ამავე დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, მათ შორის: მომხმარებელთა მოთხოვნილებებები; კაპიტალზე საკმარისი მოგების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამაკმაყოფილებელ სტანდარტებს; ბაზარზე არსებული კონკურენცია; ამასთანავე, სხვა ავიაგადამზიდველის ტარიფები, რომლებიც დაწესებულ მარშრუტების ექსპლუატაციას ახორციელებენ; და ასევე, დემპინგის თავიდან აცილების საჭიროება. ის ფაქტი, რომ მგზავრების საჰაერო გადაყვანის ტარიფი, რომელიც წარდგენილია დასამტკიცებლად, დაბალია ვიდრე ავიაგადამზიდველის ტარიფი, რომელიც ამ დაწესებულ მარშრუტზე ახორციელებს ექსპლუატაციას, არ იქნება საკმარისი საფუძველი იმისა, რომ წარდგენილი ტარიფი უარყოფილ იქნეს.
2. ორივე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობა გამოიყენებს შემდეგ დებულებებს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატაციის ტარიფების დასამტკიცებლად:
ა) ნებისმიერი დანიშნული ავიასაწარმოს, ან მისი სახელით წარდგენილი, ტარიფი რეგისტრირებულ იქნება ორივე ავიაციის ხელმძღვანელობის მიერ მისი ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღამდე არა ნაკლებ 45 დღით ადრე. ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს ავიაციის ხელმძღვანელობის მიერ ურთიერთშეთანხმების შედეგად.
ბ) ექვემდებარება რა (გ) და (დ) ქვეპუნქტებს, ამგვარად რეგისტრირებული ტარიფი განხილულ იქნება როგორც დამტკიცებული, თუ ტარიფის რეგისტრაციიდან 30 დღის განმავლობაში ხელმომწერი მხარეების ავიაციის ხელმძღვანელები წერილობით არ შეატყობინებენ ერთმანეთს, რომ უარყოფენ შემოთავაზებულ ტარიფს. ორივე ხელმომწერი მხარის ხელმძღვანელები შეიძლება შეთანხმდნენ ამ პერიოდის შემცირებაზე.
გ) (ბ) ქვეპუნქტი არ შეუშლის ხელს ნებისმიერი ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელებს ცალმხრივად უარყონ მათი საკუთარი დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ნებისმიერი ტარიფი. მათ შეუძლიათ ცალმხრივად იმოქმედონ, თუ ავიაციის ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ შემოთავაზებული ტარიფი ძალიან მაღალია ან მისი გამოყენება იქნება კონკურენციის თანაბარი პირობების დარღვევა, რომელიც სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მიაყენებს ზიანს.
დ) თუ ხელმომწერი მხარეების ავიაციის ხელმძღვანელები ჩათვლიან, რომ მათ მიერ რეგისტრირებული ტარიფი არის ან ძალიან მაღალი, ან მისი გამოყენება კონკურენციის თანაბარ პირობებს არღვევს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, მათ შეუძლიათ ტარიფის რეგისტრაციიდან 30 დღის განმავლობაში მოითხოვონ კონსულტაციები მეორე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობასთან. ეს კონსულტაციები დასრულდება მათი ჩატარების შესახებ მოთხოვნის წაყენებიდან 30 დღის განმავლობაში და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ტარიფი შევა ძალაში, თუ ორივე ხელმომწერი მხარის ხელმძღვანელობები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
ე) თუ ერთი ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ტარიფი, რომელიც შევიდა ძალაში წინამდებარე მუხლის საფუძველზე, სერიოზულ ზიანს აყენებს სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ინტერესებს გარკვეულ მარშრუტზე ან მარშრუტებზე, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები მეორე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობასთან.
3. ხელმომწერი მხარეების ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ საჰაერო მიმოსვლის ამგვარ ექსპლუატაციას ახორციელებენ, შესაბამისი შეტყობინების გაკეთების შემთხვევაში ეძლევათ უფლება თავისი ტარიფები შეუთანხმონ ნებისმიერ უკვე მოწონებულ ტარიფს, რომელიც იმავე წყვილ ქალაქებს შორის მოქმედებს. ეს დებულება არ ვრცელდება იმ არაპირდაპირ ხაზებზე, რომლებიც ყველაზე მოკლე პირდაპირ ხაზზე გრძელია 20%–ზე უფრო მეტით.
მუხლი 7. კანონებისა და წესების გამოყენება
1. ერთი ხელმომწერი მხარის ის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მის ტერიტორიაზე იმ საჰაერო ხომალდის შესვლას და გასვლას, რომელიც ასრულებს საერთაშორისო გადაზიდვებს; და არეგულირებენ ამ ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას მისი ამ ხელმომწერი მხარის ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, გამოიყენება, აგრეთვე, მეორე ხელმომწერ მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიმართ.
2. ერთი ხელმომწერი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის შესვლას, გაჩერებას მის ტერიტორიაზე და გაგზავნას მისი ტერიტორიიდან; ისეთი ფორმალობები, რომლებიც ეხება საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარულ წესებს, გამოყენებულ იქნება მეორე ხელმომწერი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრების , ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი აღნიშნულ ტერიტორიის საზღვრებში ყოფნისას.
3. მოწმობებს ფრენის ვარგისიანობაზე, კვალიფიკაციის მოწმობებს და ლიცენზიებს, რომლებიც გაცემულია ან აღიარებულია ერთი ხელმომწერი მხარის მიერ, მეორე ხელმომწერი მხარე მიიჩნევს ვარგისიანად იმ პირობით, თუ მოთხოვნები, რომლის შესაბამისად ეს მოწმობები და ლიცენზიები იყო გაცემული და აღიარებული, იმ მინიმალური სტანდარტების დონეზე ან მათზე მაღლა იქნება, რომლებიც კონვენციის შესაბამისად უკვე დადგენილია ან შეიძლება დრო და დრო დადგინდეს.
4. თუმცა, თითოეული ხელმომწერი მხარე იტოვებს უფლებას არ აღიაროს თავის საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით მეორე ხელმომწერი მხარის ან სხვა ქვეყნის მიერ თავის საკუთარ მოქალაქეებზე გაცემული და აღიარებული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები.
მუხლი 8. უბედური შემთხვევების გამოძიება
1. ერთ–ერთი ხელმომწერი მხარის თვითმფრინავის მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე იძულებით დაფრენის ან უბედური შემთხვევის დროს იმ ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა იძულებით დაჯდომა ან უბედური შემთხვევა, დაუყოვნებლივ შეატყობინებს მომხდარი ფაქტის შესახებ მეორე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობას და მიიღებს სასწრაფო ზომებს, რათა დაეხმაროს ეკიპაჟს და მგზავრებს, უზრუნველყოს თვითმფრინავის და მისი ბორტზე არსებული ფოსტის, ბარგისა და ტვირთის უსაფრთხოება; განახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს იძულებითი დაფრენის და უბედური შემთხვევის დეტალებისა და გარემოებების გამოსაკვლევად.
2. ხელმომწერი მხარის ავიაციის ის ხელმძღვანელობა, რომელიც აწარმოებს იძულებით დაფრენის ან უბედური შემთხვევის დეტალებისა და გარემოებების გამოძიებას, მეორე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობას მიაწოდებს გამოძიების შესახებ ინფორმაციას და შეუქმნის მას გამოძიების პროცესზე დასწრების ყველა პირობას.
ხელმომწერი მხარის ავიაციის ის ხელმძღვანელობა, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, გაუგზავნის გამოძიების მსვლელობის ანგარიშს მეორე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობას, როგორც კი ასეთი ანგარიში მას ხელთ ექნება.
მუხლი 9. ავიაციის უშიშროება
1. საერთაშორისო სამართლის უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ მათ მიერ აღებული ურთიერთვალდებულება, უკანონო ხელყოფისაგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება, წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. მოთხოვნის შემთხვევაში ხელმომწერი მხარეები აუცილებელ დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო თვითმფრინავების უკანონოდ ხელში ჩაგდება, და აგრეთვე, თვითმფრინავების, მათი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების წინააღმდეგ მიმართული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა საშიშროება, რომელიც დაემუქრება ავიაციის უშიშროებას.
3. ხელმომწერი მხარეები მოქმედებენ შემდეგი კონვენციების დებულებების თანახმად: 1963 წლის 14 სექტემბერს ქ. ტოკიოში ხელმოწერილი კონვენცია საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულისა და სხვა ზოგიერთი ქმედებების შესახებ; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ; 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ, აგრეთვე, ნებისმიერი სამოქალაქო ავიაციის კონვენციების თანახმად, რომლის წევრებიც ორივე ხელმომწერი მხარეა.
4. ხელმომწერი მხარეები ურთიერთობებს ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ავიაციის უშიშროების დებულებების საფუძველზე, რომლებიც 1944 წ. 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის დანართებშია ჩამოყალიბებული იმდენად, რამდენადაც ეს დებულებები გამოიყენება ხელმომწერი მხარეების მიერ. ისინი მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, აგრეთვე, ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე, და ამასთანავე მათ ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო აეროპორტების ექსპლუატანტებს, იმოქმედონ ავიაციის უსაფრთხოების ამ დებულების შესაბამისად. თითოეული ხელმომწერი მხარე შეატყობინებს მეორე ხელმომწერ მხარეს თავის განზრახვას, ოფიციალურად განაცხადოს ნებისმიერი განსხვავების არსებობის შესახებ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის სტანდარტებთან.
5. თითოეული ხელმომწერი მხარე თანახმაა დაიცვას მეორე ხელმომწერი მხარის მიერ წამოყენებული უშიშროების დებულებები, რომლებიც საჭიროა ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე შესასვლელად და განახორციელოს საჭირო ღონისძიიებები თავის ტერიტორიის ფარგლებში, რათა დაიცვას საჰაერო ხომალლდი, შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ტვირთი, ბორტზე არსებული მარაგი, საჰაერო ხომალდში მგზავრების ჩასხდომამდე, ჩასხდომის დროს და ხომალდის დატვირთვის დროს. თითოეული ხელმომწერი მხარე აუცილებლად განიხილავს მეორე ხელმომწერი მხარის ნებისმიერ თხოვნას სპეციალური უსაფრთხოების ღონისძიების გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
6. საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარისა, მისი ხელში ჩაგდების დროს ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მიმართულია მგზავრების, ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდის, აეროპორტისა და ნავიგაციის საშუალებების წინააღმდეგ, ხელმომწერი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებით და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთისათვის.
7. როდესაც ერთ ხელმომწერ მხარეს აქვს საფუძვლიანი მტკიცება იმისა, რომ მეორე ხელმომწერმა მხარემ დაარღვია წინამდებარე მუხლის დებულებები, პირველი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობას შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება მეორე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნის წაყენებიდან 15 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული დამაკმაყოფილებელი შეთანხმება მხარეებს შორის, მაშინ მოხდება ამ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის უფლებამოსილების ან ტექნიკური ნებართვის შეჩერება, ანულირება, შეზღუდვა და გარკვეული პირობების წაყენება. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ხელმომწერ მხარეებს შეუძლიათ 15 დღის გასვლამდე განახორციელონ შუალედური ღონისძიება.
მუხლი 10. აეროპორტის გადასახადები და ბეგარა
თითოეული ხელმომწერი მხარიის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის მიერ მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე აეროპორტით და სხვა ავიაციის საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადები და ბეგარა არ იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს იმ საჰაერო ხომალდის გადასახადები და ბეგარა, რომელიც იმავე საერთაშორისო საჰაერო ხაზებზეა ექსპლუატირებული.
მუხლი 11. საბაჟო გადასახადები და პროცედურები
1. საჰაერო ხომალდები, რომლებიც ექსპლოატირებული არიან საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ერთი ხელმომწერი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ, ასევე საწვავი, საცხები მასალები, სათადარიგო ნაწილები, მოწყობილობები, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, ალკოჰოლური და არალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჩათვლით) მეორე ხელმომწერი მხარის სახელმწიფო კანონისა და ევრო–კავშირის კანონების საფუძველზე შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადებისა, შემოწმებისათვის დაწესებული გადასახადებისა და სხვა გადასახადებისა და ბეგარისაგან ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე შესვლისას იმ პირობით, რომ ეს მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.
2. საწვავი, საცხები მასალები, სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობები, ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჩათვლით), რაც შეტანილია ან იქნება შეტანილი ხელმომწერი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე და ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლოატაციის განხორციელებისთვისაა საჭირო, სახელმწიფო კანონისა და ევრო–კავშირის კანონების საფუძველზე შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისა, შემოწმებისათვის დაწესებული გადასახადებისა და სხვა გადასახადებისა და ბეგარისაგან მათი მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე შეტანისას, ამ ტერიტორიაზე ყოფნისას და გატანისას.
3. ხელმომწერი მხარეების სახელმწიფო კანონისა და ევრო–კავშირის კანონების საფუძველზე შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად თავისუფლდება ასეთივე საბაჟო გადასახადისა, სხვა გადასახადებისა, ანაკრებებისა და ბეგარისაგან მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადების გამოკლებით:
ა) საერთაშორისო საჰაერო ხაზზე ექსპლოატირებული საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჩათვლით), რომელიც ხელმომწერი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზეა შეტანილი საჰაერო ხომალდში, და განკუთვნილია საჰაერო ხომალდის ბორტზე მოსახმარად.
ბ) ის სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობა, რომელიც შეტანილია ერთი ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელმომწერი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ექსპლოატირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისათვის.
გ) საწვავი, საცხები მასალა, რომელიც განკუთვნილია მეორე ხელმომწერი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლოატაციისათვის მაშინაც კი, როდესაც ეს საწვავი და საცხები მასალა გამოიყენება მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული მგზავრობის იმ მონაკვეთზე, რომელზეც ისინი ატანილია ბორტზე.
4. ობიექტები, რომლებიც წინამდებარე მუხლის 1–3 მუხლებშია ჩამოთვლილი, მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება მოთავსებულ იქნეს საბაჟო ზედამხედველობის ან კონტროლის ქვეშ.
5. ბორტის სატაბელო ქონება, აგრეთვე, მასალები და მარაგი, რომლებიც ხელმომწერი მხარეების მიერ ექსპლოატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზეა, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი საბაჟო ხელმძღვანელობების თანხმობით. ამ შემთხვევაში ისინი მოთავსებული იქნება ამ საბაჟო ხელმძღვანელობის ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ ისევ უკან არ იქნებიან გატანილნი, ან სხვაგვარად არ იქნებიან გამოყენებული საბაჟო წესების შესაბამისად.
6. მგზავრები, ბარგი, ტვირთი და ფოსტა, რომლებიც იმყოფება ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტით და არ ტოვებს აეროპორტის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიას, გაივლის გამარტივებულ კონტროლს, რაც არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საჭიროა უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება ძალადობის, საჰაერო მეკობრეობის, ნარკოტიკების კონტრაბანდის ფაქტების აღსაკვეთად. პირდაპირი ტრანზიტის ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისა და სხვა მსგავსი ბეგარებისაგან.
მუხლი 12. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა, ბილეთების გაფორმება, რეალიზაციისთვის ხელისშეწყობა
1. ერთი ხელმომწერი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ექნება იგივე უფლებები, რაც ამ უკანასკნელის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, კერძოდ მეორე ხელმომწერი მხარის კანონებისა და წესების საფუძველზე დადგენილ მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლოატაციის მიზნით ამ ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე, სამსახურში აიყვანოს ტექნიკური და კომერციული მომსახურე პერსონალი, შექმნას და აამუშაოს შესაბამისი დაწესებულებები.
2. გარდა ამისა, თითოეული ხელმომწერი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება დაბეჭდოს დოკუმენტები გადაზიდვების შესახებ, რეკლამა გაუკეთოს და ხელი შეუწყოს რეალიზაციებს მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 13. თანხების გადარიცხვა
1. დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ყოველგვარი ანგარიშსწორება მოხდება კონვერტირებული ვალუტით.
2. თითოეული ხელმომწერი მხარე მისცემს მეორე ხელმომწერი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს უფლებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ვალუტის გაცვლის კონტროლის წესებისა და დადგენილების შესაბამისად, გადარიცხოს თავის მთავარ ოფისში მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე ხაზების ექსპლოატაციის შედეგად მიღებული მოგება.
3. ეს ხელშეკრულება არ მოახდენს გავლენას ხელმომწერი მხარის უფლებებზე, საკუთარი დაბეგვრის კანონმდებლობის საფუძველზე დააწესოს საშემოსავლო გადასახადი და დაადოს ბეგარა კაპიტალიდან მიღებულ მოგებას.
მუხლი 14. კონსულტაციები
1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული ორივე ხელმომწერი მხარის ავიაციის ხელმძღვანელობა დრო და დრო კონსულტაციებს გაუწევს ერთმანეთს წინამდებარე შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ხელმომწერი მხარეების ავიაციის ხელმძღვანელობამ შეიძლება მოითხოვოს კონსულტაციები განხილვების ან მიმოწერის სახით, რომელიც დაიწყება კონსულტაციების ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ორივე ავიაციის ხელმძღვანელობა არ შეთანხმდა ამ პერიოდის გაზრდაზე.
მუხლი 15. სადავო საკითხების მოგვარება
1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება წინამდებარე ხელშეკრულების ან მისი დანართის განმარტებასა და გამოყენებას, გადაჭრილი იქნება ხელმომწერი მხარეების ავიაციის ხელმძღვანელობის მიერ პირდაპირი მოლაპარაკების გზით. ეს მოლაპარაკებები ჩატარდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკების ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღისა, თუ არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება ავიაციის ხელმძღვანელობებს შორის.
2. თუ ხემომწერი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, ისინი შეთანხმდებიან მიმართონ რომელიმე პიროვნებას ან ორგანიზაციას, ან დავა რომელიმე ხელმომწერი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა სასამართლოს, რომელიც სამი არბიტრისაგან შედგება. თითოეული ხელმომწერი მხარე ნიშნავს თითო არბიტრს, ხოლო მესამეს – ამგვარად შერჩეული ორი არბიტრი. თითოეული ხელმომწერი მხარე ნიშნავს არბიტრს სამოცი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დიპლომატიური არხის მეშვეობით მიიღებს მეორე ხელმომწერი მხრიდან მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაცემის შესახებ, მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი სამოცი დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელმომწერი მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს, ან მესამე არბიტრი არ იქნება დანიშნული დადგენილ ვადაში, ნებისმიერ ხელმომწერ მხარეს შეუძლია მიმართოს საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით, დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში მესამე არბიტრი იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.
3. ხელმომწერი მხარეები კისრულობენ შეასრულონ ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით იქნება მიღებული.
მუხლი 16. ცვლილებები
1. თუ რომელიმე ხელმომწერი მხარე შესთავაზებს მეორე ხელმომწერ მხარეს შეიტანოს წინამდებარე ხელშეკრულებაში და მის დანართში გარკვეული ცვლილებები, შესაძლოა საჭირო გახდეს ხელმომწერ მხარეთა ავიაციის ხელმძღვანელობებს შორის კონსულტაციების ჩატარება ამ საკითხზე. ეს კონსულტაციები დაიწყება მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში. ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება შევა ძალაში, როდესაც ხელმომწერ მხარეებს შორის დიპლომატიური არხებით დიპლომატიური ნოტების გაცვლის შედეგად დადასტურებულ იქნება ამ ცვლილებების მიღება.
2. დანართის ცვლილებები შეიძლება მიღებულ იქნეს ხელმომწერ მხარეთა ავიაციის ხელმძღვანელთა შორის პირდაპირი შეთანხმების გზით და ისინი შევლენ ძალაში, როდესაც დადასტურება მათი მიღების შესახებ მოხდება ხელმომწერ მხარეებს შორის დიპლომატიური არხებით დიპლოამტიური ნოტების გაცვლის გზით.
მუხლი 17. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში რეგისტრაცია
წინამდებარე ხელშეკრულება და მისი ყველა შესწორებები რეგისტრირებული იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოში.
მუხლი 18. მრავალმზრივ შეთანხმებებთან და კონვენციებთან შესაბამისობა
1. წინამდებარე ხელშეკრულება და დანართი შესწორდება ხელმომწერი მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით რათა იგი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი ნებისმიერ მრავალმხრივ შეთანხმებასთან ან კონვენციებთან, რომლის წევრებიც არიან ხელმომწერი მხარეები.
2. თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება ეწინააღმდეგება ერთ–ერთი ხელმომწერი მხარის ვალდებულებებს, რომელიც მას მესამე მხარესთან აქვს, ორივე ხელმომწერი მხარე ჩაატარებს კონსულტაციებს მე–15 მუხლის საფუძველზე, რათა შესწორდეს წინამდებარე ხელშეკრულება და გადაიჭრას არსებული წინააღმდეგობა რაც შეიძლება სწრაფად.
მუხლი 19. ხელშეკრულების დენონსირების შეტყობინება
1. თითოეული ხელმომწერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეატყობინოს მეორე ხელმომწერ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმება. იმავდროულად ეს შეტყობინება გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელმომწერი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული შეტყობინება ხელმომწერი მხარეების მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად არ იქნება უკან გამოთხოვილი.
2. თუ ერთ–ერთმა ხელმომწერმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან 14 დღის შემდეგ.
მუხლი 20. ძალაში შესვლა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. დუბლინში 1995 წლის 2 მარტს ორ ეგზემპლარად, ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს.
ამ ორ ტექსტს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ინგლისურ ტექსტს ენიჭება.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ირლანდიის მთავრობის სახელით
დოკუმენტის კომენტარები