დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 243 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 18/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.007245 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.007.245
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №243
2005 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე და 22-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №153 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
იურიდიული დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კურატორი მინისტრის მოადგილე.
მუხლი 4.
დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 5.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;
ე) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
ვ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი;
ზ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია;
ი) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.
მუხლი 6.
დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი (მათ შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებული) ინფორმაცია;
ბ) სათანადო მინდობილობის საფუძველზე წარმოადგინოს სამინისტრო საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;
ე) ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით საპარლამენტო მდივანზე დაკისრებული ამოცანების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია სამინისტროს სისტემაში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 7.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 8.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) წელიწადში ერთხელ მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 10.
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 11.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 12.
პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
დ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
ე) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფას;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობაში წარდგენის პროცედურების კოორდინაციას;
ზ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაციას;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან სამინისტროში კანონშემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვას;
ი) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 13.
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:
ა) სამინისტროს წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში და კერძო არბიტრაჟში;
ბ) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გამოთხოვას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან;
გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზს;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ე) კანონმდებლობით და მინისტრის დავალებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 14.
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე და ასრულებენ მათ დავალებებს.
მუხლი 15.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 16
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები