დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დროებითი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 24/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.40.036.011785 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/04/2008 - 20/01/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.40.036.011.785
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №1
2008 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დროებითი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დროებითი რეგლამენტი.
2. დროებითი რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დროებითი რეგლამენტის მოქმედების ვადა განისაზღვროს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს მიერ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს რეგლამენტის დამტკიცებამდე.
გ. ქადაგიძე
დანართი
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დროებითი რეგლამენტი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სააგენტოს სტატუსი და შექმნის საფუძველი
1. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზანია საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.
2. სააგენტო დამოუკიდებელი ორგანოა და თავის საქმიანობაში არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების“, „დაზღვევის შესახებ“, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ რეგლამენტით.
3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, თავისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ასევე ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, ბლანკი და შტამპი, რომელთა ფორმას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
6. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საფინანსო სექტორზე.
7. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობის, სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.
8. არავის არა აქვს უფლება მოახდინოს სააგენტოზე რაიმე ზეგავლენა ან ჩაერიოს მის საქმიანობაში გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მიზნით.
9. დადგენილი წესით სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
10. სააგენტო უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა იმ მოვალეობათა შესრულებისას, რომელიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.
11. სააგენტოს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. №3/5.
თავი II
სააგენტოს საქმიანობის მიზნები და ფუნქციები
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები
სააგენტოს მიზნებია:
ა) საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება, საქართველოში საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების განვითარების ხელშეწყობა, საბანკო, არასაბანკო სადეპოზიტო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის მექანიზმების სრულყოფა, საკრედიტო ბაზრის რეგულირება და დაცვის ხელშეწყობა, საბანკო, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია, საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო ორგანიზაციების ქმედუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების და კლიენტების უფლებების დაცვა;
ბ) საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ემიტენტთა მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას მათი ინფორმაციისა და ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება;
გ) სადაზღვევო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება, საქართველოში დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა, სადაზღვევო მექანიზმების სრულყოფა, სადაზღვევო ბაზრის რეგულირება და დაცვის ხელშეწყობა, სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია, სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მზღვეველთა, დამზღვევთა და დაზღვეულთა უფლებების დაცვა.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები
1. საბანკო, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობის მიზნით სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობას. იგი მოიცავს: ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;
ბ) ახორციელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგულირებას მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, შემოწმებისა და მათ მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო შემოსავლების ლეგალიზების აღკვეთის ხელშეწყობასთან;
გ) აწარმოებს საბანკო, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეესტრს;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად აწესებს ლიცენზიის მისაღებად აუცილებელი კაპიტალის მინიმალურ ოდენობას (მათ შორის ფულადი ფორმით), მისი გაანგარიშების წესს და სხვა პირობებს;
ე) მოითხოვს და იღებს ინფორმაციას კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;
ვ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგენს ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებს;
ზ) ლიცენზიის გაცემისას ადგენს გარკვეულ პირობებსა და შეზღუდვებს, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
თ) აკონტროლებს საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების გადახდისუნარიანობას; ამ მიზნით უკრძალავს აქტიურ ოპერაციების განხორციელებას, მოგების განაწილებას, დივიდენდების დარიცხვასა და გაცემას, შრომის ანაზღაურების გაზრდას, პრემიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურების გაცემას, ითხოვს დამატებითი კაპიტალის მოზიდვას, უზრდის აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმებს;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ანგარიშგებების ფორმებს და მათი წარდგენის ვადებს;
კ) შეიმუშავებს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების აქტივებსა და აღებულ სადეპოზიტო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის განმსაზღვრელ მეთოდიკებსა და ადგენს ნორმატიულ მოცულობებს;
ლ) ადგენს ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრულ თანაფარდობას;
მ) საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ლიცენზირებისა და მათი რეგულირების მიზნით გამოსცემს ნორმატიულ და მეთოდურ დოკუმენტაციას – რეგულირების წესებს, სახელმძღვანელოებს, ინსტრუქციებს და მოთხოვნებს;
ნ) შეიმუშავებს კომერციული ბანკების და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციებს, დირექტივებს და სხვა სახის ნორმატიულ აქტებს;
ო) პერიოდულად აანალიზებს და აფასებს თითოეული კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ფინანსურ მდგომარეობას, და იღებს მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ზომებს;
პ) ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს მოქმედი კანონმდებლობის, სააგენტოს მიერ გამოცემული წესების, სახელმძღანელოების, ინსტრუქციების და მითითებების დაცვის, მათი დროულად და სრულყოფილად შესრულების მიზნით;
ჟ) ამოწმებს როგორც წინასწარ განსაზღვრული გეგმით, ასევე მოულოდნელად, კომერციულ ბანკებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს, მათ შვილობილ საწარმოებს. ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტს, ითხოვს მათგან ნებისმიერ ინფორმაციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამოწმებს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საანგარიშსწორებო და სააღრიცხვო სისტემებს, სალაროს მეურნეობას და სხვა მასალებს, გამოითხოვს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას; ასევე, ამოწმებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ ნორმებთან;
რ) მოქმედი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და სააგენტოს მოთხოვნების უგულვებელყოფისა და არასწორი ოპერაციების წარმოების ფაქტების დადგენის შემთხვევაში იღებს ბანკების, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ, მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ზომებს – სანქციებს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში;
ს) იხილავს საბანკო, არასაბანკო სადეპოზიტო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციას, განცხადებებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში;
ტ) იღებს გადაწყვეტილებებს კომერციულ ბანკებში და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებში დროებითი ადმინისტრაციის მმართველობის რეჟიმის შემოღების, მათი გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის თაობაზე;
უ) მოქმედი კანონმდებლობის, სააგენტოს ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესაბამისად ზედამხედველობას უწევს კომერციული ბანკების და საკრედიტო კავშირების ლიკვიდაციის პროცესს, ადგენს კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ლიკვიდაციის წესს;
ფ) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელს უწყობს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გადაცემას მის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით;
ქ) აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს შესაძლო კანონდარღვევებთან დაკავშირებით და იმ ორგანიზაციების თაობაზე, რომლებიც საბანკო, არასაბანკო სადეპოზიტო, მიკროსაფინანსო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილებით მომსახურების საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის (რეგისტრაციის) გარეშე;
ღ) ქმნის და მართავს დროებით ბანკს;
ყ) ამზადებს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო, არასაბანკო სადეპოზიტო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობასთან;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ზედამხედველობის ორგანოებთან;
ჩ) ახორციელებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებისა და ბაზრის მონაწილეთა, აქტივების მმართველისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის კონტროლის მიზნით სააგენტო კანონით დადგენილი წესით:
ა) არეგულირებს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევისას წარმოშობილ ურთიერთობებს;
ბ) ამტკიცებს ემისიის პროსპექტებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისათვის;
გ) გასცემს ან გამოითხოვს ლიცენზიებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეებისაგან, ახორციელებს თავისი კომპეტენციის შესაბამისად ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგლამენტირებასა და რეგულირებას;
დ) უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენას, თავიდან აცილებას და აღკვეთას;
ე) განახორციელებს მონიტორინგს, შემოწმებებს, გამოკვლევებს და ზედამხედველობას უწევს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობას, მათი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
ვ) დადგენილი წესით გამოიყენებს სანქციებს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის, აქვეყნებს ინფორმაციას ასეთი დარღვევებისა და მათზე პასუხისმგებლობის შესახებ, აგრეთვე ავლენს, თავიდან იცილებს და აღკვეთს დარღვევებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში და ამ მიზნით ატარებს შემოწმებებს სააგენტოს წესების შესაბამისად;
ზ) იყენებს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობითა და სხვა იმ კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, რომლებიც ეხება ინვესტიციებს, ფასიან ქაღალდებს ან ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებებს;
თ) კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვა ხორციელდება;
ი) იღებს, ცვლის და აუქმებს წესებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ზედამხედველობს მათ შესრულებას;
კ) კანონით დადგენილ შემთხვევებში ცვლის, აჩერებს ან შეაქვს დამატება თვითრეგულირებადი ორგანიზაციების წესებში;
ლ) ხელს უწყობს ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების შესახებ საჭირო საინფორმაციო ბაზის შექმნას;
მ) იყენებს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ინვესტორებისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა კანონიერი ინტერესების დასაცავად;
ნ) ორგანიზებას უწევს სასწავლო კურსებს, გამოსცემს ან მონაწილეობას იღებს სპეციფიკური ლიტერატურის გამოცემაში, რომელიც შინაარსობრივად ზოგადი ხასიათისაა ან კონკრეტულად შეეხება საქართველოში ფასიანი ქაღალდების ფუნქციონირებასა და რეგულირებას;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ზედამხედველობის ორგანოებთან;
პ) ახორციელებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
3. სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო კანონით დადგენილი წესით:
ა) მზღვეველის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო:
ა.ა) ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირებას;
ა.ბ) აწარმოებს მზღვეველის, არაკომერციული დაზღვევის ორგანიზაციის (ურთიერთდაზღვევის საზოგადოება) რეესტრს;
ა.გ) კანონმდებლობის შესაბამისად აწესებს ლიცენზიის მისაღებად აუცილებელი კაპიტალის მინიმალურ ოდენობას (მათ შორის, ფულადი ფორმით);
ა.დ) მზღვეველების ლიცენზირებისა და მათი ზედამხედველობის მიზნით გამოსცემს ნორმატიულ და მეთოდურ დოკუმენტაციას – რეგულირების წესებს, სახელმძღვანელოებს, ინსტრუქციებს და მოთხოვნებს;
ა.ე) აკონტროლებს მზღვეველთა გადახდისუნარიანობას;
ა.ვ) განსაზღვრავს სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების ნუსხას, გამოსცემს მათი შექმნის, განთავსებისა და ინვესტირების წესებს;
ა.ზ) პერიოდულად აანალიზებს და აფასებს მზღვეველის ფინანსურ მდგომარეობას და იღებს მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ზომებს;
ა.თ) ამოწმებს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის, სხვა ეკონომიკური ლიმიტების მოთხოვნათა დაცვას და მის მიერ განხორციელებული ანგარიშგების უტყუარობას, რისთვისაც ადგენს ანგარიშგების ფორმებსა და მათი წარდგენის ვადებს და ახორციელებს მზღვეველის ადგილზე შემოწმებას;
ა.ი) იხილავს მზღვეველის საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციას, განცხადებებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში;
ა.კ) მოქმედი კანონმდებლობის, სააგენტოს ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ზედამხედველობას უწევს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესს, ადგენს ლიკვიდაციის წესს;
ა.ლ) აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს შესაძლო კანონდარღვევებთან დაკავშირებით და იმ ორგანიზაციების თაობაზე, რომლებიც სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებენ ლიცენზიის გარეშე;
ა.მ) მიმართავს სასამართლოს იმ ორგანიზაციის ლიკვიდაციის მოთხოვნით, რომელიც სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე;
ა.ნ) ამზადებს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტებს, რომლების დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობასთან;
ა.ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის ზედამხედველობის ორგანოებთან;
ა.პ) ახორციელებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
ბ) არასახელმწიფო საპენსიო საქმის დამფუძნებლის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო:
ბ.ა) ახორციელებს საპენსიო სქემების დამფუძნებელთა, როგორც საპენსიო დაზღვევის მონაწილეთა, ლიცენზირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.ბ) ახორციელებს ზედამხედველობას დამფუძნებელთა საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ.გ) ამტკიცებს ეკონომიკურ ლიმიტებს;
ბ.დ) ამოწმებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;
ბ.ე) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას;
ბ.ვ) ადგენს საპენსიო სქემების მიმართ მოთხოვნებს და ამ სქემების რეგისტრაციის წესებს;
ბ.ზ) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემის შეწყეტის შესახებ;
ბ.თ) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას;
ბ.ი) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესრულებაზე;
ბ.კ) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ;
ბ.ლ) ამოწმებს საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;
ბ.მ) უგზავნის დამფუძნებელს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციებს;
ბ.ნ) ასრულებს „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო:
ა) თანამშრომლობს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა საზედამხედველო ორგანოებთან;
ბ) ამოწმებს „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შესაბამისი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს დარღვევის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და დამრღვევ პირს აკისრებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს.
თავი III
სააგენტოს მართვა
მუხლი 4. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. პირი სააგენტოს უფროსად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. სააგენტოს უფროსი საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას ან შეუთავსებელი საქმიანობისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;
ე) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
ვ) გარდაცვალებისას.
4. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი.
6. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას სააგენტოს უფროსის დავალებით ასრულებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
7. სააგენტოს უფროსის მოადგილეები:
ა) ახორციელებენ სააგენტოს უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფენ სააგენტოსათვის ამ რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას;
ბ) სააგენტოს უფროსის მითითებით ხელმძღვანელობენ და ზედამხედველობას (კურატორობას) უწევენ თავიანთი ზედამხედველობის ქვეშ შემავალი სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;
გ) აკონტროლებელ სააგენტოს უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.
8. სააგენტოს უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიული ხასიათის ბრძანებას და ინდივიდუალური ხასიათის განკარგულებას.
9. სააგენტოს საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, სააგენტოს საბჭოს შექმნამდე, ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
10. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
11. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს უფროსს და კურატორ სააგენტოს უფროსის მოადგილეს.
12. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;
დ) სააგენტოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.
13. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
14. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ბ) დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტი;
გ) დოკუმენტური ზედამხედველობის დეპარტამენტი;
დ) სარევიზიო ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ე) იურიდიული, მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
ზ) ლიცენზირების სამმართველო;
თ) ლიკვიდაციის სამმართველო;
ი) არასაბანკო ზედამხედველობის სამმართველო;
კ) ფულის გათეთრების ინსპექტირების სამმართველო;
ლ) ფასიანი ქაღალდებისა და არასაბანკო დაწესებულებების ინსპექტირების სამმართველო;
მ) ადმინისტრაციული სამმართველო;
ნ) დაზღვევისა და საბანკო ინსპექტირების სამმართველო.
15. სააგენტოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
თავი IV
სააგენტოს ქონება, დაფინანსება და ანგარიშგება
მუხლი 5. სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სააგენტოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა–ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, სხვა ქონებითა და ფინანსური სახსრებით, რასაც სააგენტო განკარგავს დამოუკიდებლად.
მუხლი 6. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს ბიუჯეტს, სააგენტოს საბჭოს შექმნამდე, ამტკიცებს სააგენტოს უფროსი და წარუდგენს მას ეროვნული ბანკის საბჭოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
2. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს პირველი წლის ბიუჯეტის ოდენობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიუჯეტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და სადაზღვევო საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამისა, ამასთანავე ეროვნული ბანკის საბჭოს შეუძლია სააგენტოს განუსაზღვროს უფრო დიდი ბიუჯეტი.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სააგენტოს ბიუჯეტი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.
მუხლი 7. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები
1. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს, რასაც ერთპიროვნულად ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმებას ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.
3. სააგენტო, სააგენტოს საბჭოს შექმნამდე, ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
თავი V
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 8. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები