დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 161, 07/11/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060010.22.027.012357 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/11/2008 - 25/12/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.012.357
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №257
2008 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს წესი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2
სტაჟირების ძირითად მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება საპროკურორო-საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
მუხლი 3
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალგაზრდა მუშაკებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობებს.
თავი II
სტაჟირების კომისია
მუხლი 4
სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში იქმნება საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი).
მუხლი 5
1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან.
2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ პროკურატურის მუშაკები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
3. კომისიაში პროკურატურის მუშაკთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.
მუხლი 6
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, მთავარ პროკურორთან შეთანხმებით.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
8. კომისია სტაჟირების პერიოდში:
ა) საქართველოს პროკურატურის შესაბამის ორგანოსთან (სტრუქტურულ დანაყოფთან) ერთად უზრუნველყოფს სტაჟიორად დანიშნული პირის მიერ პროკურატურის მუშაკისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული და ორგანიზაციული ჩვევების შესწავლას;
ბ) აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობის სპეციფიკის, მის მიერ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავების, დანაშაულის გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის განხორციელებაში მისი მონაწილეობის პროცესს;
გ) ახორციელებს სტაჟიორის მიერ დანაშაულის გამოძიებისას კრიმინალისტიკური ტექნიკის საშუალებათა გამოყენების შესწავლას;
დ) ხელმისაწვდომს ხდის სტაჟიორთათვის იურიდიულ მეცნიერებათა ახალ მიღწევებს და კანონმდებლობის სიახლეებს.
თავი III
სამდივნო და კონკურსი
მუხლი 7
პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
მუხლი 8
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მთავარი პროკურორი.
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს მთავარი პროკურორი.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ან/და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობების ასლები;
გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);
დ) დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
ე) ორი რეკომენდაცია;
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ორი ფოტოსურათი;
თ) სერთიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
გ) სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი;
დ) სერთიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 9
1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი და მეორე ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მესამე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
2. კონკურსის პროგრამას ამტკიცებს მთავარი პროკურორი.
მუხლი 10
1. კონკუსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს მთავარი პროკურორი.
5. წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 11
1. კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების (ტესტირების) გავლის პირობები ქვეყნდება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს.
3. კონკურსის მესამე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) მეორე ეტაპს.
მუხლი 12
სტაჟიორობის კანდიდატს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თიოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.
მუხლი 13
კომისიის თავმჯდომარე წერილობითი კონკურსის (ტესტირების) თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების შედეგებს.
მუხლი 14
წერილობითი კონკურსის (ტესტირების) ორივე ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან გონივრულ ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.
მუხლი 15
სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.
მუხლი 16
გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს წერილობითი კონკურსის მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
მუხლი 17
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.
მუხლი 18
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
მუხლი 19
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის სამივე ეტაპი.
2. მთავარი პროკურორი განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, ნიშნავს სტაჟიორებად პროკურატურის ორგანოებში.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება დაინიშნოს სტაჟიორად საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.
4. სტაჟიორს მთავარი პროკურორის მიერ სტაჟირების ვადით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი.
5. მთავარი პროკურორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს საქართველოს პროკურატურის იმ ორგანოს (სტრუქტურული დანაყოფის) ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.
6. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში მას განესაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.
თავი IV
სტაჟირების ვადა
მუხლი 20
1. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
2. სტაჟიორს კომისიის თავმჯდომარე განუსაზღვრავს სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ პროგრამას.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არა უადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.
4. სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება.
5. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის განხილვის პროცესში სტაჟიორის მონაწილეობა სავალდებულოა.
6. სამუშაოზე ხანგრძლივად არყოფნის პერიოდი (ხანგრძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება, სასწავლო შვებულება და სხვა) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
7. სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.
მუხლი 21
სტაჟიორი, რომელიც გადის სტაჟირებას საქართველოს პროკურატურის სისტემაში, მისი თანხმობის შემთხვევაში მთავარი პროკურორის ბრძანებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს საქართველოს პროკურატურის ნებისმიერ სხვა ორგანოში.
თავი V
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
მუხლი 22
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსაურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებები და ღონისძიებები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;
ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები.
თავი VI
საქართველოს პროკურატურის მოვალეობები
მუხლი 23
1. საქართველოს პროკურატურა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. საქართველოს მთავარი პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში _ საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი) უზრუნველყოფს სტაჟირების ვადით სტაჟიორებზე შესაბამისი პირადობის მოწმობების გაცემას.
მუხლი 24
1. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას. სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
4. სტაჟირების ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა, ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.
მუხლი 25
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან ათი დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა სტაჟიორზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კომისიის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს.
მუხლი 26
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) ამ წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;
ე) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პროკურორი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე იმ დოკუმანტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
თავი VII
სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება და საქართველოს პროკურატურის რეზერვი
მუხლი 27
1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ერთი თვის გამავლობაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.
2. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:
ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევბით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები მთავარი პროკურორის მიერ ინიშნებიან შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ირიცხებიან საქართველოს პროკურატურის რეზერვში (შემდგომში _ რეზერვი).
4. რეზერვის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანდიდატების შერჩევა საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილი ვაკანსიების დასაკავებლად.
5. პროკურატურის ორგანოებში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში, რეზერვში ჩარიცხული პირის თანხმობით, კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს რეზერვში ჩარიცხულ იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. მთავარი პროკურორის მიერ კანდიდატის მოწონების შემთხვევაში რეზერვში ჩარიცხული პირი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე.
6. პირი, რომელმაც გაიარა სტაჟირება, საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ინიშნება, ხოლო რეზერვში ჩარიცხული პირი რეზერვიდან ამოირიცხება:
ა) გარდაცვალების ან უგზოუკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიის, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;
ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ რეზერვში ჩარიცხული პირი, თავისი მიზეზით, ორი წლის განმავლობაში არ დაინიშნა პროკურატურის ორგანოებში.
7. პირის რეზერვიდან ამორიცხვა ხდება მთავარი პროკურორის ბრძანებით.
8. რეზერვში ჩარიცხული პირი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ატესტაციას.
9. რეზერვში ჩარიცხული პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარამენტი.
10. რეზერვში ჩარიცხულ პირს, რეზერვში ყოფნის პერიოდი ეთვლება საერთო შრომის სტაჟში.
თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 28
ამ წესის III თავი და მე-20 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამ წესის ამოქმედებამდე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში დანიშნულ სტაჟიორებზე.
მუხლი 29
დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 30
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები