დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110609028, 09/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.016394 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №234
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071) მე-2 მუხლით დამტკიცებულ „კომისიის საქმიანობის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლეები არიან:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;
ბ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ქულა არ აღემატება 70 000-ს, და რომელთაც სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებიათ, ან/და, რომელთა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იფარება დაზღვევით ან სხვა სახელმწიფო პროგრამებით;
დ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა – პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების ოდენობა არ აღემატება 900 ლარს;
ე) არასრულწლოვანი, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ ხორციელდება;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პოლიციელი ან სამხედრო მოსამსახურე, თუ სახელმწიფოს მიერ მათთვის განკუთვნილი შესაბამისი სადაზღვევო პირობებით საჭირო სამედიცინო დახმარება არ იფარება ან ამოწურულია დაფარვის ლიმიტი;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების საფუძველზე საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომელთათვის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს აუცილებელი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;
თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიძლება დაფინანსდნენ შემდეგი პირები:
თ.ა) არასრულწლოვანი, თუ მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მიღება საქართველოში ვერ ხერხდება;
თ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პოლიციელი ან სამხედრო მოსამსახურე;
თ.გ) საზოგადო მოღვაწე.“.
2. მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მიზნებისათვის სიტყვები „სახელმწიფო პროგრამა“, ,,დაზღვევა“ გულისხმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებულ პროგრამებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პოლიციელის ან სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი უწყების მიერ დაფინანსებულ სადაზღვევო პირობებს.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები