კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 25/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 450190000.22.028.000728
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/175
20/04/2004
სსმ, 49, 25/04/2005
450190000.22.028.000728
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2005 - 07/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.22.028.007.282

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/175

2005 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის მინისტრის 2002 წლის 29 მარტის №3/86 ბრძანება ,,კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია (შემდგომში – საექსპერტო კომისია) არის „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის და ამ დებულების საფუძველზე საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – ეროვნული კინოცენტრი) შექმნილი კოლეგიური ორგანო.

2. საექსპერტო კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული კინოცენტრის დებულებითა და ამ დებულებით.

3. საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება არა აქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორსა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.

4. საექსპერტო კომისიის დებულების პროექტს შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.

    მუხლი 2. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა

1. საექსპერტო კომისია შედგება 9 წევრისაგან, რომელთაც ირჩევს ეროვნული კინოცენტრის სამეთვალყურეო საბჭო და ნიშნავს კინოცენტრის დირექტორი 2 წლის ვადით.

2. საექსპერტო კომისიის წევრთა დანიშვნისას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მათთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამის მხარეთა უფლებები და მოვალეობები.

3. საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მისი შეცვლა ხდება დარჩენილი ვადის დასრულებამდე.

4. საექსპერტო კომისიის წევრი ტოვებს კომისიის შემადგენლობას, თუ მისი ავტორობით ან სხვა სახის მონაწილეობით შექმნილი კინოპროექტი განიხილება საექსპერტო კომისიის მიერ.

5. საექსპერტო კომისიის წევრის გათავისუფლება, გამოწვევა ან უფლებამოსილების სხვა სახით შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 3. საექსპერტო კომისიის საქმიანობის ორგანიზაცია

1. საექსპერტო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ხმების უბრალო უმრავლესობით.

2. თუ თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ვადაზე ადრე ტოვებს თანამდებობას, საექსპერტო კომისიამ უნდა ჩაატაროს ახალი არჩევნები დარჩენილი ვადისთვის, არა უგვიანეს 10 დღისა.

3. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების საშუალებით.

4. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

5. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს სულ ცოტა ხუთი წევრი.

6. საექსპერტო კომისია საკონკურსო კენჭისყრას აწარმოებს კენჭისყრის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ცენტრის დირექტორი.

7. საექსპერტო კომისიის სხდომებს უძღვება საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. მისი ხმა გადამწყვეტია ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მოადგილე.

8. საექსპერტო კომისიის დასკვნას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მოადგილე.

9. საექსპერტო კომისიის სხდომებს იწვევს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

10. საექსპერტო კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ეროვნული კინოცენტრის დირექტორი შრომითი ხელშეკრულებით იყვანს ექსპერტ-ფინანსისტს და სამდივნოს.

    მუხლი 4. საექსპერტო კომისიის მიზნები და ფუნქციები

1. საექსპერტო კომისიის მიზანია, კონკურსის წესით გამოავლინოს საუკეთესო კინოპროექტები მათი რეალიზების მიზნით სახელმწიფო მიზნობრივი და სხვა სახის დაფინანსების დადგენილი წესით განაწილების გზით.

2. დასახული მიზნების მისაღწევად საექსპერტო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკონკურსო დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობა:

ა. განიხილოს და გასცეს დასკვნა ეროვნული ფილმის სცენარის შექმნის მხარდაჭერის შესახებ;

ბ. განიხილოს და გასცეს დასკვნა ეროვნული ფილმის პროექტის დამუშავების დაფინანსების შესახებ;

გ. განიხილოს ეროვნული ფილმის პროექტი და გასცეს დასკვნა მისი წარმოების დაფინანსების შესახებ;

დ. განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული ფილმის გაქირავების დასაფინანსებლად;

ე. სახელმწიფო დაკვეთის შემთხვევაში განიხილოს და გასცეს დასკვნა ფილმის ან კინომატიანის დაფინანსების შესახებ.

3. საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ექსპერტ-ფინანსისტის დასკვნის საფუძველზე.

4. საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომლის მიღებაში მონაწილეობენ მხოლოდ კომისიის წევრები.

5. საექსპერტო კომისიის დასკვნა დაფინანსების შესახებ საბოლოოა და იგი არ შეიძლება გადაისინჯოს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ.

6. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ეროვნულ კინოცენტრსა და ეროვნული ფილმის პროდიუსერს, დისტრიბუტორს, დემონსტრატორს ან ავტორს (ავტორებს) შორის ფორმდება ხელშეკრულება ეროვნული ფილმის სცენარის შექმნის, წარმოების ან გაქირავების დაფინანსების თაობაზე. ყველა აღნიშნული ხელშეკრულება დადგენილი წესით ინახება ეროვნულ კინოცენტრში და ექვემდებარება სრულ საჯაროობას.

7. საექსპერტო კომისია დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს, რომ:

ა) სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოებისას, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75 პროცენტს;

ბ) სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის გაქირავებისას არ უნდა აღემატებოდეს დისტრიბუციის ხარჯების 50 პროცენტს;

გ) ეროვნული ფილმის სცენარის დასამუშავებლად გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სცენარის საერთო ღირებულების 25 პროცენტს.

8. სახელმწიფო დაფინანსების განაწილებისას საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს ამ დებულებითა და საკონკურსო დებულებით.