კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 25/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 490490000.22.028.007281
  • Word
3/176
20/04/2005
სსმ, 49, 25/04/2005
490490000.22.028.007281
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 490.190.000.22.028.007.281

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის

მინისტრის ბრძანება №3/176

2005 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე

,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული საკონკურსო დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის მინისტრის 2002 წლის 29 მარტის №3/85 ბრძანება ,,კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე”.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო                            

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. კონკურსის გამოცხადების წესი

1. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – კინოცენტრი) დირექტორი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით აცხადებს კონკურსს.

2. კონკურსის გამოცხადების თაობაზე კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომელშიც განსაზღვრულია საკონკურსო პირობები და პროექტთა წარდგენის ვადები.

3. კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ბეჭდვით ორგანოში.

4. კონკურსი ცხადდება შემდეგ კატეგორიებში:

ა) ეროვნული ფილმის სცენარის შექმნის მხარდასაჭერად;

ბ) ეროვნული ფილმის პროექტის დამუშავების დაფინანსების მიზნით;

გ) ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით;

დ) ეროვნული ფილმის დისტრიბუციის დაფინანსების მიზნით.

5. კონკურსი ცხადდება სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების პროექტების დაფინანსების მიზნით.

6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

7. საექსპერტო კომისიაში პროექტის განხილვის მოთხოვნა უნდა იყოს წარდგენილი ავტორის ან პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

8. საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს კინოცენტრის საექსპერტო კომისია, რომლის საქმიანობის წესი განსაზღვრულია ,,კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებით”.

    მუხლი 2. ეროვნული ფილმის სცენარის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მოთხოვნის წესები

ეროვნული ფილმის სცენარის დამუშავებაზე დაფინანსების მოთხოვნისას ავტორმა ან ავტორებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება (აპლიკაცია);

ბ) სცენარის სინოპსისი:

8 - 10 გვერდი (სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვის),

3 - 5 გვერდი (მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის);

გ) ავტორის (ავტორების) ბიოფილმოგრაფია;

დ) სამუშაო გეგმა;

ე) ხელშეკრულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც გამოყენებული იქნება სცენარში.

    მუხლი 3. ეროვნული ფილმის პროექტის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მოთხოვნის წესები

ეროვნული ფილმის პროექტის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მისაღებად პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება (აპლიკაცია);

ბ) ფილმის სინოპსისი;

გ) ფილმის ლიტერატურული სცენარი;

დ) პროექტის განვითარების გეგმა;

ე) ფინანსური გეგმა;

ვ) ბიუჯეტი;

ზ) ხელშეკრულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც გამოყენებული იქნება სცენარში.

    მუხლი 4. ეროვნული ფილმის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მოთხოვნის წესები

ეროვნული ფილმის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მისაღებად პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება (აპლიკაცია);

ბ) განმცხადებლის და ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) ბიოფილმოგრაფია;

გ) ფილმის სინოპსისი:

3 - 5 გვერდი (სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვის),

2 - 3 გვერდი (მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის);

დ) ფილმის ლიტერატურული სცენარი;

ე) ფინანსური გეგმა;

ვ) ბიუჯეტი;

ზ) სრული საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტპროდუქციის ვადებსა და სავარაუდო პრემიერის თარიღს;

თ) ძირითადი მსახიობების სია;

ი) როლები და სამუშაოები, რომელთათვისაც უცხოური მომსახურების გამოყენებაა გათვალისწინებული;

კ) შერჩეულ თანაპროდიუსერთან ან თანაპროდიუსერებთან (თუ ეს შემთხვევაა), არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ლ) ხელშეკრულებები, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც გამოყენებული იქნება ფილმში;

მ) პროდუსერის მიერ მოზიდული თანხის (არანაკლებ 25%) დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მუხლი 5. ეროვნული ფილმის დისტრიბუციის დაფინანსების მოთხოვნის წესები

ეროვნული ფილმის დისტრიბუტორი და პროდიუსერი დაფინანსების მისაღებად ვალდებულნი არიან წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განაცხადი (აპლიკაცია);

ბ) ფილმის ერთი ასლი;

გ) წერილობითი დასაბუთება ამ ფილმის დისტრიბუციის მიზანშეწონილობის შესახებ;

დ) ხელშეკრულება პროდიუსერსა და დისტრიბუტორს შორის.

    მუხლი 6. ხელშეკრულების დადების წესები

1. საექსპერტო კომისია გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების შესახებ იღებს პროექტის წარდგენის ვადის დასრულებიდან 2 (ორი) თვის ვადაში.

2. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე კინოცენტრის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების შესახებ.

3. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კინოცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება განმცხადებლისათვის თანხის გადარიცხვის თაობაზე და განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.