დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 03/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.008848 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/07/2006 - 17/03/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.848
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №645
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 11 თებერვლის №57 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №14, მუხლი 97).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
გენერალური ინსპექციის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება იუსტიციის სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) წარმოადგენს სამინისტროს სისტემის (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 3
ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4.
გენერალური ინსპეციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობის და საჯაროობის პრინციპებს.
მუხლი 5.
გენერალური ინსპექციის საქმიანობის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, საქართველოს ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და იუსტიციის მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტების განუხრელი შესრულების, სამინისტროს თანამშრომელთა შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, სამსახურებრივი ეთიკის დადგენილი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ასევე სამინისტროს მატერიალური სახსრების მიღებისა და განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლი.
მუხლი 6
გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება იუსტიციის მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი II
გენერალური ინსპექციის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 7
1. იუსტიციის სამინისტროში საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი.
2. იუსტიციის სამინისტროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, პიროვნების თავისუფლების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება.
3. იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეების მიერ მათი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და იუსტიციის მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
4. იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, დაწესებულების სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით იუსტიციის მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.
5. საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მიღებისა და განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლი.
6. იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
7. იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.
თავი III
გენერალური ინსპექციის უფლება-მოვალეობები
მუხლი 8.
1. თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაწესებულების სისტემის მოსამსახურეს მიმართავს მოთხოვნით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით:
ა) მისთვის აუცილებელი ინფორმაციის და დოკუმენტური მასალის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე;
ბ) გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე.
2. ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ანდა მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს დაწესებულების ხელმძღვანელს, აგრეთვე დაწესებულების სისტემის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს რეკომენდაციით შესაბამისი დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმების, მეთოდების, პროცედურების სრულყოფის შესახებ.
4. ჩაატაროს სამსახურებივი შემოწმება დაწესებულების სისტემის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმეგო ქმედებების ფაქტებზე.
5. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის ადგილზე გაცნობით) იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
6. საჭიროებისამებრ განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოიძახოს იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება.
7. სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მოითხოვოს იუსტიციის სამინისტროს (მოსამსახურის) ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახ-მარებით საქართველოს ზოგადი ადმისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
8. ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
9. სამახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით იუსტიციის მინისტრს წარუდგინოს გადაც-დომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ.
10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები.
11. იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გაანალიზოს მის მიერ განხორციელებული კონტროლის პროცესში მოპოვებული მასალები და იუსტიციის მინისტრს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები.
12. წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
13. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები იუსტიციის სამინისტროს სისტემის ორგანოების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში არსებული საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში.
14. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. განახორციელოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები.
მუხლი 9
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) წინასწარ წერილობით განუმარტოს პირს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
ბ) ჩაატაროს იუსტიციის სამინისტროში და იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება;
გ) უზრუნველყოს მოქალაქეებთან მუდმივი, პირდაპირი საინფორმაციო კავშირი და განიხილოს შემოსული შეტყობინებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) აწარმოოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელისადმი, აგრეთვე პროფილაქტიკური ხასიათის მითითებები იუსტიციის სამინისტროსა და მოსამსახურეთა მიმართ;
ე) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
ვ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ზ) წელიწადში ორჯერ წარუდგინოს იუსტიციის მინისტრს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
თ) უზრუნველყოს იუსტიციის სამინისტროში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებებისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების მოთხოვ-ნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლი;
ი) შეასრულოს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი IV
გენერალური ინსპექციის საქმიანობის პრინციპები
მუხლი 10
1. თანახმად ამ დებულებისა, დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით.
2. გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
3. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.
მუხლი 11
1. იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვლებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.
2. გენერალური ინსპექციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 12
1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები იუსტიციის სამინისტროს მო-სამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები, ცხელი ხაზით შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმური შემოწმებების გრაფიკი.
2. გადაწყვეტილებას სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.
მუხლი 13
1. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
2. ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა.
3. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის მინისტრთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ იუსტიციის მინისტრი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.
მუხლი 14
1. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნული მასალების შენახვა და არქივისათვის გადაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გენერალურ ინსპექციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტაციის გაცნობისა და ასლების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონით გათვალისწინებული წესით.
3. სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას, საქმის წარმოების პროცესში შედგენილი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15
გენერალური ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაწესებულების სისტემის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის, კანონმდებლობის დამრღვევი პირის მიმართ პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე.
მუხლი 16.
გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17.
1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობექტი არის მისი ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოსამსახურის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, თუ არ არის სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს იუსტიციის მინისტრი.
თავი V
გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული მოწყობა, ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 18
გენერალურ ინსპექციაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;
ბ) ოპერატიული რეაგირების სამმართველო;
გ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო.
მუხლი 19
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი პასუხისმგებელია გენერალურ ინსპექციაზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე.
4. გენერალური ინსპექციის უფროსი კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის საქმიანობას.
მუხლი 20
გენერალური ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია:
ა) მოქმედებს იუსტიციის მინისტრის სახელით და წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) შეიმუშავებს და იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს;
დ) ზედამხედველობს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და დაწესებულების სისტემის მოსამსახურეების სამსახურებრივ შემოწმებას, ხოლო იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით შეაჩერებს ან შეწყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას;
ე) ხელს აწერს გენერალური ინსპექციის მოთხოვნას, წარდგინებას, რეკომენდაციას და დასკვნას;
ვ) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
ზ) კანონით დადგენილი წესით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს იუსტიციის მინისტრს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 21
გენერალური ინსპექციის უფროსი წელიწადში ორჯერ – არა უგვიანეს 15 ივლისისა და 15 იანვრისა, იუსტიციის მინისტრს წარუდგენს გასული ექვსი თვის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.
მუხლი 22
1. გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად, განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ბ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაწესებულების სისტემის ორგანოებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების, დაწესებულების სისტემის მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის კორუფციის ფაქტების თაობაზე;
გ) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, დაწესებულების სისტემაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით;
დ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების თაობაზე;
ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ამ საქმეების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;
ვ) ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად დაწესებულების სისტემის მოსამსახურეების მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ოდენობის, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 23
1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში, ასრულებს მის დავალებებს, ვიზირებას უკეთებს ჩატარებული შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით და მინისტრის თანხმობით.
მუხლი 24
სამმართველოს უფროსი:
ა) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში;
გ) ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მრჩევლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) ეცნობა სამმართველოს მრჩევლების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს ინსპექციის უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ გენერალური ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ;
ი) ყოველთვიურად, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) ინპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მრჩევლებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
ლ) ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
მ) ინსპექციის უფროსთან შუამდგომლობს მრჩეველთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ნ) სამმართველოს უფროსის სხვა, დამატებით უფლება-მოვალეობას განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი;
ო) შემოწმების პერიოდში სამმართველოს უფროსის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალური ინსპექციის უფროსთან;
პ) სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 25
1. გენერალური ინსპექციის მრჩეველი:
ა) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;
ბ) ატარებს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებში სამსახურებრივ და ფინანსურ შემოწმებას. შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
გ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
დ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
ე) საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, პასუხისმგებელი პირისაგან ან საკითხით დაინტერესებული მოქალაქისაგან ითხოვს შესაბამის ახსნა-განმარტებას, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით;
ვ) შემოწმების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, მიმართავს თხოვნით, რათა სამინისტროს სისტემიდან ან სისტემის გარედან მოწვეულ იქნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები კომისიური წესით შემოწმებაში მონაწილეობის მისაღებად ან შესაბამისი კონსულტაციისათვის;
ზ) შემოწმების დასრულების შემდეგ ინსპექციის უფროსთან ერთად განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
თ) ჩატარებული შემოწმებების შედეგების გაანალიზების გზით შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ;
ი) პერსონალურად პასუხისმგებელია ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სისრულეზე და სრულყოფილებაზე.
2. გენერალური ინსპექციის მრჩევლის სხვა დამატებით ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი.
მუხლი 26
გენერალური ინსპექციის სპეციალისტი:
ა) სპეციალისტი ახორციელებს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საარქივო საქმის წარმოებას და პასუხისმგებელია დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვაზე;
ბ) ახორციელებს სამინისტროს მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ მოქალაქეთა წერილობითი საჩივარ-განცხადებების, ,,ცხელი ხაზით“ მიღებული შეტყობინებების, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებების (დადგენილებების), სამინისტროს თანამშრომელთა მოხსენებითი ბარათების და ინფორმაციების, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების და მასალების, ცნობების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას;
გ) ყოველდღიურად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს მონაცემებს კორესპონდენციის აღრიცხვასა და მოძრაობის თაობაზე.
მუხლი 27
ინსპექციის სამმართველოს მრჩევლებს და სპეციალისტებს გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 28
გენერალური ინსპექციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები